x
გენდერული დისფორია
image

ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოების (DSM-5 & ICD-10) მიხედვით, გენდერული დისფორია მოიცავს კონფლიქტს ადამიანის ბიოლოგიურ სქესსა (მის ფიზიკურ და „მიწერილ“ გენდერსა) და იმ გენდერს შორის, რომელთანაც ადამიანი ახდენს იდენტიფიცირებას. გენდერული დისფორიის მქონე ადამიანები შესაძლოა ძალზე არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს საკუთარ სხეულთან (განსაკუთრებით პუბერტატის ასაკში) ან იყვნენ არაკომფორტულად იმ როლებთან, რასაც დაბადების დროს „მიწერილი“ გენდერი უწესებს. მაგრამ რითი განსხვავდება სქესი და გენდერი ერთმანეთისგან? შესაძლოა თუ არა ადამიანის გენდერი არ ემთხვეოდეს მის სქესს? სქესი გულისხმობს ადამიანთა კლასიფიცირებას ქალად ან მამაკაცად მათ ანატომიურ, ბიოლოგიურ, ჰორმონაურ, ფუნქციონალურ და ქრომოსომულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ხოლო გენდერი არის „ფსიქოლოგიური ტიპის“ პიროვნული, სოციალური ან ლეგალური სტატუსი. მისი საფუძველი არის ადამიანის სხეულსა და ქცევაში და არა გენიტალიებში.

თავდაპირველად, სადიაგნოსტიკო სახლმძღვნელოებში გენდერული დისფორია გენდერული იდენტობის აშლილობად იწოდებოდა, თუმცა DSM-ის ბოლო გამოცემაში სახელწოდება შეიცვალა, რათა ეს ტერმინი არ ყოფილიყო მასტიგმატიზებელი და მომხდარიყო გენდერული იდენტობების განსხვავებების დეპათოლოგიზაცია. ფსიქიატრები თანხმდებიან, რომ ტრანსგენდერობა არ არის ფსიქიკური აშლილობა, რომლისგანაც ადამიანი უნდა „განიკურნოს“. თუმცა მხოლოდ იმ ადამიანთა ნაწილის დასახასიათებლად, რომლებიც იტანჯებიან საკუთარი ფიზიკური მახასიათებლებისა და გენდერული იდენტობის შეუსაბამობით, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იყენებენ ტერმინს - „გენდერული დისფორია“, რათა წარმოადგინონ კლინიკურ სიმპტომატიკა და დიაგნოზის არსებობა.

გენდერული დისფორიის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან დისტრესს და/ან აქვთ პრობლემები ფუნქციონირებაში, რაც დაკავშირებულია კონფლიქტთან: იმასთან თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ ისინი საკუთარი თავის შესახებ (გამოხატული გენდერი) და მათ ფიზიკურ თუ საზოგადოების მიერ დაბადების დროს „მიწერილ“ გენდერს შორის.


DSM-ის (ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელო) მიხედვით, გენდერულ დისფორია ახასიათებთ როგორც მოზარდებსა და მოზრდილებს, ისე ბავშვებსაც. ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები კი ეხმარებათ ჯანმრთელობის სპეციალისტებს დასვან გენდრეულ დისფორიის დიაგნოზი.

  • მოზარდებსა და მოზრდილებში
გენდერული დისფორიის დიაგნოზი მოიცავს განსხვავებას ადამიანის გამოხატულ გენდერსა და „მიწერილ“ გენდერს შორის და ხასიათდება მნიშვნელოვანი დისტრესითა და პრობლემებით ეფექტურ ფუნქციონირებაში. DSM-ის მიხედვით, ის 6 თვე მაინც გრძლედება და წარმოჩენილია როგორც მინიმუმ 2 ქვემოთ მოცემული სიმპტომის სახით:

1) მნიშვნელოვანი არაკონგრუენტულობა ადამიანის გამოხატულ და პირველად და/ან მეორად სქესობრივ მახასიათებლებთან;

2) საკუთარი პირველადი და/ან მეორადი სქესობრივი მახასიათებლების მოშორების ძლიერი სურვილი;

3) სხვა გენდერის პირველადი და/ან მეორადი სქესობრივი მახასიათებლების ქონის ძლიერი სურვილი;

4) სხვა გენდერად ყოფნის ძლიერი სურვილი;

5) ძლიერი სურვილი იმას, რომ მოგექცნენ, როგორც სხვა გენდერის მქონე ადამიანს;

6) ძლიერი რწმენა იმისა, რომ ადამიანს აქვს სხვა გენდერისთვის დამახასიათებელი ტიპური გრძნობები და რეაქციები.


  • ბავშვებში
მოიცავს მინიმუმ 6 ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს და ასოცირებულია მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესსა ან ფუნქციონირების გაუარესებასთან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

1) სხვა გენდერის ქონის ძლიერი სურვილი ან დაჟინება, რომ ადამიანს სხვა გენდერი აქვს;

2) სხვა გენდერისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლის ჩაცმისთვის უპირატესობის მინიჭება;

3) კროს-გენდერული როლების გამოხატვის ძლიერი სურვილი თამაშებში;

4) სხვა გენდერისთვის სტერეოტიპულად დამახასიათებელი სათამაშოების, თამაშებისა და აქტივობებისთვის უპირატესობი მინიჭება;

5) სხვა გენდერის თანამოთამაშეებისთვის უპირატესობის მინიჭება;

6) თავისი „მიწერილი“ გენდერისთვის სტერეოტიპული სათამაშოების, თამაშებისა და აქტივობების უარყოფა;

7) საკუთარი სექსუალური ანატომიისადმი ძლიერი ანტიპათია;

8) იმ ფიზიკური სქესობრივი მახასიათებლების ქონის ძლიერი სურვილი, რომელიც ემთხვევა მის გამოხატულ გენდერს.

ბავშვებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ გენდერული დისფორიის კრიტერიუმებს, შესაძლებელია გააგრძელონ ან არ გააგრძელონ ამის განცდა მოზარდობასა და მოზრდილობაში. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ უფრო მწვავე სიმპტომები და დისტრესი, რომელბიც იყვნენ უფრო მეტად პერსისტენტულები, დაჟინებულები და კონსისტენტურები თავიანთი კროს-გენდერული განცხადებებისა და ქცევის მიმართ და ვისაც ჰქონდა დეკლარილებული განცხადებები („მე ვარ გოგო (ბიჭი)", ვიდრე „ მე მინდა ვიყო გოგო (ბიჭი)“) უფრო ალბათური იყო, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ ტრანსგენდერ მოზრდილებად (Sherer, I, et al. 2015; Steensma, TD, et al. 2013).

განცდილი დისტრესისა და სტიგმის გამო ბევრი გენდერული დისფორიის მქონე ადამიანი თავს მიიჩნევს სოციუმიდან იზოლირებულად, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება და მიგვიყვანოს ახალგაზრდებში სკოლის გაცდენასა თუ საერთოდ თავის დანებებამდე.

გენდერული დისფორიის ზუსტი მიზეზი უცნობია. გენდერული განვითარება ძალიან კომპლექსური საკითხია და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. თუმცა ცნობილია, რომ გენდერული დისფორია არ არის დაკავშირებული სექსუალურ ორიენტაციასთან. შესაძლებელია დავუშვათ, რომ გენდერული დისფორია დაკავშირებულია საშვილოსნოზე გენების, ჰორმონების, გარემო ფაქტორების გავლენასთან. კროს-გენდერული ინტერესები და აქტივობები იწყება 2-4 წლის ასაკში, თუმცა ბავშვების მცირე ნაწილი აგრძელებს გენდერული დისფორიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოხატვას მოზრდილობაში (psychologytoday.com).

რაც შეეხება მკურნალობას, გენდერული დისფორიის მქონე ადამიანებმა შესაძლოა მიმართონ ინდივიდუალურ და ოჯახურ თერაპიას, ჰორმონალურ თერაპიას, სქესის შეცვლის ოპერაციას. მაშინ როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ გადალახონ აღნიშნული სიმპტომები, ფსიქოთერაპია ეხმარება მათ აღმოაჩინონ საკუთარი თავი, იპოვონ საკუთარ იდენტობასთან კომფორტი და გაუმკლავდნენ ძლიერ ემოციებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სტიგმისგან, ვიქტიმიზაციისგან და ა.შ.


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0