x
მოწმის ეფექტი
image

ადამიანების უმრავლესობას, როდესაც ეკითხებიან თუ რას მოიმოქმედებენ გადაუდებელ სიტუაციებში, რომელსაც შეესწრებიან, ალბათ, უპასუხებენ, რომ აუცილებლად მიმართავდნენ გარკვეულ ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი საკუთარ თავებს გმირებად წარმოვიდგენთ, ფაქტია, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები თავს იკავებენ სხვების დახმარებისგან, განსაკუთეებით კი მაშინ, როდესაც სხვებსაც ხედავენ იმ კონკრეტულ ვითარებაში. მოწმის ეფექტი (იგივე ჯენოვეზეს სინდრომი) ჩნდება მაშინ, როდესაც საგანგებო სიტუაციებში ადამიანის ინდივიდუალურ ჩარევას ხელს უშლის სხვა პირების ირგვლივ ყოფნა. სოციალურმა ფსიქოლოგებმა ბიბ ლატანმა და ჯონ დარლიმ შეისწავლეს ის კონცეპტი, რომელიც უკავშირდება კიტი ჯენოვეზეს გახმაურებულ მკვლელობას (ქ. ნიუ-იორკი, 1964). სახლის გარეთ მკვლელმა ჯენოვეზეს სამჯერ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა და გააუპტიურა, თუმცა მეზობლებმა „ვერ შეძლეს“ დახმარება ან პოლიციაში დარეკვა.

1964 წლის 13 მარტს კიტი ჯენოვეზეს სასტიკად დაესხნენ თავს და მოკლეს. მსოფლიო განაცვიფრა არა თავად მკვლელობამ, არამედ იმ ფაქტმა, რომ 38 მეზობელი უყურებდა ამ საზარელ შემთხვევას და არც ერთმა მათგანმა არაფერი გააკეთა.

image


ჟურნალ-გაზეთების სათაურებმა ცივი, გულგრილი ნიუ-იორკელების შესახებ, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს და არ დაეხმარნენ კიტი ჯენოვეზეს, დასვეს საკითხი სოციალური ღირებულებების და ურბანული ცხოვრების საფრთხეების შესახებ. ჯენოვეზეს სიკვდილმა შთააგონა ფსიქოლოგებიც, რათა შეესწავლათ ეს ფენომენი. ნიუ-იორკის სტუდენტების დახმარებით ბიბ ლატენმა და ჯონ დარლიმ გამოიკვლიეს ფაქტორები, რომლებიც გაზრდიდნენ ცოდნას „მოწმის ეფექტის“ შესახებ. მათ რამდენიმე კლასიკური ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც სხვადასხვა საგანგებო სიტუაცია შეიქმნეს, დაწყებული უბრალო ქურდობიდან დამთავრებული გვერდითა ოთახიდან გამომავალი განწირული ყვირილით. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები მით უფრო ნელა რეაგირებენ, რაც უფრო მეტი ადამიანი ესწრება იმ სიტუაციას. მონაწილეები, რომლებიც მარტო იყვნენ ოთახში სიმულაციური საგანგებო სიტუაციის დროს (მაგ: კვამლი ოთახში) უფრო სწრაფად რეაგირებდნენ, ხოლო რეაქციის დრო საგრძნობლად იმატებდა, როდესაც ოთახში დამსწრეთა რაოდენობა 2-დან 6-მდე იზრდებოდა. ლატანმა და დარლიმ ეს ფენომენი ახსნეს იმით, რომ ადამიანები ხშირად აკვირდებიან სხვებს თუ როგორ იქცევიან კრიტიკულ სიტუაციაში და თავადაც მსგავსად რეაგირებენ (პასუხისმგებლობის დიფუზია). თუ სხვა მოწმეები გულგრილები არიან, მაშინ უფრო მოსალოდნელია, რომ ადამიანები უფრო ნაკლებად მოახდენენ რეაგირებას კრიტიკულ სიტაუციაზე (მრავლობითი უგუვებელყოფა).

ეს პატერნი ნაკვლევია სერიოზული შემთხვევების დროს, არაკრიმინალურ სიტუაციებში, ინტერნეტსა და ბავშვებშიც კი. ძირითადად მიზეზად სამი ფსიქოლოგიური ფაქტორია მიჩნეული, რომელიც შესაძლოა იწვევდეს მოწმის ეფექტს: პასუხისმგებლობის დიფუზია (ნაკლები პასუხიმგებლობის განცდა, როდესაც ბევრი ადამიანი ესწრება სიტაუციას); შეფასების შიში (საზოგადოების მხრიდან განსჯის შიში დახმარების გამო) და პლურალისტური უგულვებელყოფა (რწმენა იმისა, რომ თუ არავინ უწევს დახმარებას ადამიანს, ესე იგი სიტუაცია არ არის საკმარისად სერიოზული/კრიტიკული). მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიციული ახსნები ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, მოწმის ეფექტის შესწავლისას მაინც არის დარჩენილი გარკვეული აუხსნელი, უცნობი ან იგნორირებული ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად, ნერვული მექანიზმი, მოტივაციური ასპექტები და პიროვნების გავლენა (https://journals.sagepub.com). ქვემოთ სწორედ ამ ფაქტორებს განვიხილავთ მოკლედ.

image

  • მოწმის ეფექტის ნერვული მექანიზმი
ტრადიციული ახსნების მიხედვით, მოწმის ეფექტი დაკავშირებულია ტვინის ისეთ უბნებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გადაწყვეტილების მიღებაზე. მაგრამ უკვე ბოლოდროინდელი კვლევები გვიჩვენებს, რომ დახმარების ქცევა არის ავტომატური ან რეფლექსური რეაქცია. (Rand, 2016; Zaki & Mitchell, 2013)

მაშასადამე, ისმის კითხვა - დახმარების ქცევის არარსებობა არის კოგნიტური გადაწყვეტილება თუ იგი ავტომატური რეფლექსური პროცესიდან გამომდინარეობს? ერთ-ერთი კვლევის მონაწილეები უყურებდნენ ასაკოვან ქალბატონს, რომელიც დაეცა მიწაზე მარტო ან 1, 2, ან 5 მოწმის წინაშე. შედეგად, ნერვული აქტივობა გაიზარდა მხედველობასა და ყურადღებასთან დაკავშირებულ უბნებში, მაგრამ არა მენტალურ ქსელში. როდესაც მონაწილეები უყურებდნენ ისეთ საგანგებო სიტუაციებს, სადაც რადმენიმე მოწმე იყო, შეინიშნებოდა აქტივობის დაწევა იმ უბნებში, რომელიც პასუხისმგებელნი არიან დახმარების ქცევაზე: პრე და პოსტცენტრალური ხვეული და მედიალური პრეფრონტალური კორტექსი. (Hortensius & de Gelder, 2014)

საერთო ჯამში, კვლევები მიუთითებენ იმ ნერვულ მექანიზმზე, რომელიც ხაზს უსვამს მოწმის ეფექტს და მიანიშნებენ იმ შესაძლო მექანიზმზე, რომელიც ჰგავს რეფლექსს, იგი, თავის მხრივ კი, განსაზღვრავს დახმარების ქცევის ალბათობას.

  • დისპოზიციური ფაქტორების გავლენა
მოწმის ეფექტის პირველმა ექსპერიმენტულმა კვლევამ დისპოზიციური დონის ვერანაირი ეფექტი ვერ გამოავლინა მოწმის აპათიის მიმართ (Darley & Latané, 1968) და მას შემდეგ პიროვნული ფაქტორები დიდი ხნის განმავლობაში იყო იგნორირებული. მოგვიანებით, სიმპათია და პიროვნული დისტრესი გამოვლინდა, როგორც ორი დისპოზიციური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს დახმარების ქცევაზე (Batson, Fultz, & Schoenrade, 1987; Eisenberg & Eggum, 2009). სიმპათია გულისხმობს სხვაზე ორიენტირებულ პასუხს, რომელიც მოიცავს თანაგრძნობას და ზრუნვას, ხოლო პიროვნული დისტრესის ავტომატური რეაქცია დაკავშირებულია საკუთარ თავზე ორიენტირებულ დისკომფორტთან. დახმარების ქცევა აღიძვრება უფრო სიმპათიის გამო, რომელზეც გავლენას არ ახდენს ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა სოციალური შეფასება ან ჯილდო.

მოწმის ეფექტის შესახებ არსებული კვლევებიდან ჩანს, რომ სიმპათია და პიროვნული დისტრესი(ძლიერი უარყოფითი სტრესი) დაკავშირებული იყო საგანგებო სიტუაციებში სწრაფ რეაქციასთან, როდესაც მოწმე არ არსებობდა. თუმცა მომავალმა ტესტირებებმა აჩვენა, რომ ეს ასოციაცია პიროვნულ დისტრესსა და მოწმის ეფექტს შორის დაკავშირებულია დახმარების რეფლექსურ მზაობასთან.

  • მოწმის აპათია, როგორც მოტივაციური სისტემის შედეგი
საგანგებო სიტუაციებზე მყისიერი პასუხი ქმნის დისტრესს და ააქტიურებს ბრძოლა-გაყინვა-გაქცევის სისტემას (fight-freeze-flight system). საგანგებო პირობებიდან გამომდინარე დახმარების ქცევა არ ჩნდება და ქცევითი პასუხი შემოფარგლულია თავის არიდებითა და უმოქმედობით.

აღსანიშნავია, რომ მაღალი პიროვნული დისტრესი ამცირებს დახმარების ქცევას, მაშინ როდესაც სიტუაციიდან თავის დაღწევა მარტივია (Batson et al., 1987). მოწმის ეფექტი აღმოცენდება, როგორც შეფერხებული რეაქციის შედეგი, რომელსაც ადამიანები მიჰყავს სიტუაციისადმი თავის არიდებამდე, მაგრამ ეს არ არის ცნობიერი გადაწყვეტილება.

  • ინტეგრაციული მიდგომა.
კოგნიტური, სიტუაციური და დისპოზიციური ახსნები არ არის ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა მულტიფაქტორული მიდგომა უმნიშვნელოვანესია დახმარების ქცევის გაგებისთვის. ყოველი მოწმისთვის დამახასიათებელია გარკვეული ფიქრები, გრძნობები და მოტივაციური პროცესების აღწერამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს დახმარების გადაწყვეტილებაზე. ლატანმა და დარლიმ (1970) აღწერეს ხუთსაფეხურიანი პროცესი მოწმის სიტუაციის დროს - 1. პოტენციური საგანგებო სიტუაცია, რომელიც ადამიანის ყურადღებას იქცევს, 2. სიტუაციის შეფასება, 3. გადაწყვეტილების მიღმა პასუხისმგებლობის შესახებ, 4. საკუთარ კომპეტენციაში დარწმუნება და 5. მყისიერი გადაწყვეტა დაეხმარება თუ არა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა არ აღმოცენდეს კოგნიტურ დონეზე.


ამრიგად, მოწმის ეფექტი არის ის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანები არ ეხმარებიან დაშავებულებს საგანგებო სიტუაციებში მაშინ, როდესაც გარშემო სხვა ადამიანებიც არიან. არსებობს ჯენოვეზეს სინდრომის ტრადიციული ახსნები, რომელიც ძირითადად ხაზს უსვამს პასუხისმგებლობის დიფუზიას და სოციალურ გავლენებს, მაგრამ ბოლო დროს მეცნიერები დაინტერესდნენ მოწმის ეფექტის კოგნიტური, დისპოზიციური და მოტივაციური ფაქტორების ახსნებითაც.


0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0