x
ბილინგვიზმი და მეტყველების განვითარება
image

დღესდღეობით მსოფლიო ძალიან მრავალფეროვანი და მულტიკულტურულია. შესაბამისად, ბილინგვიზმიც იზრდება. ბილინგვიზმი არის უნარი, ფლობდე და საუბრობდე ორ განსხვავებულ ენაზე, ისე როგორც მშობლიურზე. ეს არის უნარი, რომელიც მოითხოვს იმ ორი განსხვავებული ენის ათვისებას, რომელთაც აქვთ განსხვავებული ბგერათა ჟღერადობა, ლექსიკონი და გრამატიკა. კვლევები აჩვენებს, რომ დღეს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ორენოვანი პოპულაციისგან შედგება. შესაძლოა ბავშვი სკოლაში და მეგობრებთან ერთ ენაზე ლაპარაკობდეს, სახლში კი - მეორეზე.

ბილინგვალი ბავშვების მეტყველების განვითარება ძალიან ჰგავს მონოლინგვალი ბავშვებისას, მაგრამ არსებობს გარკვეული განსხვავებებიც.

  • 1 წლამდე - ბავშვების ცნობენ და ასხვავებენ ხმასა და ბგერებს, ყურადღებას აქცევენ ინტონაციას. იწყებენ სპეციფიკური ხმებისა და ადამიანების ხმის დაკავშირებას. იწყებენ გარკვეული ხმების გამოცემას. 5თვის ბავშვს შეუძლია გაიგონოს ორივე ენა, მათი მსგავსებისდა მიუხედავად.
  • 1-2 წელი - იყენებს 5-20 სიტყვას, კარგად ვერ იაზრებენ სიტყვათა მნიშვნელობებს, ცნობენ სახელებს, 2 სიტყვიან წინადადებებს ამბობენ (წვენი მინდა), ნაცნობი ცხოველების ხმებს გამოსცემენ. ზრდასთან ერთად ორენოვანმა ბავშვებმა შეიძლება შეურიონ ენები, ან წინადადების ასაწყობად გამოიყენონ სიტყვები ორივე ენიდან. თუმცა ეს სავსებით ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება გამოიყენონ ორივე ენის სიტყვები, მათ შეუძლიათ განასხვაონ, რომ ეს სიტყვები სხვადასხვა ენიდანაა. ბილინგვალი ბავშვების ტვინი ძალზე მოქნილია და შეუძლია ორი სხვადასხვა ენის სპეციფიკის გარჩევა.
  • 2-3 წელი - მეტყველების განვითარება შენელებულია ბილინგვალ ბავშვებში. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში იზრდება სიტყვათა მარაგი(450 სიტყვა, ნელ-ნელა იყენებს მარტივ წინადადებებს), საკუთარ თავს ეძახის „მე“-ს სახელის ნაცვლად, განასხვავებს სხეულის ნაწილებს, 3-4 ფერს.
  • 3-4 წელი - შეუძლია მოთხრობების მოყოლა, ამბობს 4-5 სიტყვისგან შემდგარ წინადადებას, სიტყვათა მარაგია-1000.
  • 4-5 წელი - იყენებს წარსულ დროს, სიტყვათა მარაგი შეადგენს 1500 სიტყვა, განასხვავებს ფერებს, სვმას კითხვებს: რატომ? ვინ?
  • 6 წელი და ზემოთ - წინადადებაში სიტყვების რაოდენობა შეადგენს 5-6. ბავშვის ლექსიკა შედგება 10000 სიტყვისგან, იცის ურთიერთკავშირები და საპირისპირო/საწინააღმდეგო, იყენებს ყველა ტიპის წინადადებას. ვითარდება მეტალინგვისტური ცნობიერება, რომელიც ასაკთან ერთად იხვეწება.

საბედნიეროდ, მეორე ენის სწავლა პირველი ენის გაგებას არ ერევა. ფაქტობრივად, რაც უფრო სრულყოფილად იცის ადამიანმა პირველი ენა, მით უფრო სწრაფად ეუფლება მეორეს (Cummins, 1984, 1994). ბევრი ბავშვისთვის, რომლებიც ახალგაფეხადგმულ ასაკში ერთდროულად 2 ენას სწავლობენ, 2-3 წლამდე მეტყველების განვითარების პროგრესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვინაიდან ისინი ვერ აფიქსირებენ, რომ ორ სხვადასხვა ენას სწავლობენ. შესაძლოა, რომ მათ ორი ენის გრამატიკა აერიოთ. მაგრამ მკვლევრებს სჯერათ, რომ თუ ბავშვზე 4 წლისთვის ორივე ენას საკმარისი ზეგავლენა აქვს. ისინი საგნებს პირდაპირ იღებენ და უცხო ენაზე ისევე ლაპარაკობენ, როგორც მშობლიურზე (Baker, 1993; Reich, 1986). უცხო (მეორე) ენის რეალურად დაუფლებისთვის 3-დან 5 წლამდეა საჭირო (Berk, 2002; Bhatia & Richie, 1999).



ხშირად გვსმენია, რომ ორ ენაზე საუბარი ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს, ხელს უშლის ორივე ენის სრულყოფილ ათვისებას, იწვევს შეფერხებას მეტყველების განვითარებაში, ბილინგვალებს უჭირთ ხალხთან კომუნიკაცია. გარკვეულწილად, შესაძლოა ბილინგვიზმმა მართლაც ნეგატიურად იმოქმედოს ადამიანზე, მაგალითად, თუ ბავშვს არ უნდა მეორე ენის სწავლა და მშობელი აძალებს ამას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბილინგვიზმი მნიშვნელოვან უპირატესობებთანაა დაკავშირებული, რასაც ქვემოთ განვიხილავთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ჩატარებული კვლევებიდან, რომლებიც ეყრდნობოდნენ ჰიპოთეზას, რომ ბილინგვალიზმს ნეგატიური გავლენა ჰქონდა ბავშვის ინტელექტუალურ თუ ემოციურ განვითარებაზე, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა აღმოაჩინა ან ნულოვანი, ან პოზიტიური ეფექტი.


ბილინგვიზმის ძლიერი მხარეები:

  • ორენოვან ბავშვებს შეუძლიათ კოდების გადანაცვლება (code switch). ეს ნიშნავს, რომ შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა სიტყვები სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, ინგლისურ-ფრანგულად მოლაპარაკე ბავშვმა თუ ვერ გაიხსენა რომელიმე სიტყვა ინგლისურად შეიძლება ის თქვას ფრანგულად, რაც არ არის უარყოფითი მოვლენა, რადგან ბავშვს შეუძლია ამ ორი ენის განსხვავება.
  • კოგნიტური განვითარების მხრივ ორ ენაზე საუბარს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის - რაც ყველაზე შესამჩნევია მეტალინგვისტურ ცნობიერებაში. (ეს ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია იფიქროს მოქნილად და აბსტრაქტულად ენის შესახებ). მაგალითად ისინი აფიქსირებენ გრამატიკულ შეცდომებს უკეთესად, ეს ნიშნავს იმას, რომ ორ ენაზე მოლაპარაკე ბავშვებს უკეთ შუძლიათ გაიგონ ენაში არსებული აბსტრაქტული რეპრეზენტაციები, მაგალითად, ისინი ამჩნევენ კავშირს ობიექტსა და მის კატეგორიას შორის, ასევე, უფრო ადვილად ეგუებიან და იგებენ საგნის ახალ, არატრადიციულ მნიშვნელობას. ასევე ბილინგვიზმი ისეთ მაღალი ხარისხის კოგნიტურ შესაძლებლობებს უკავშირდება, როგორიცაა ცნებების ჩამოყალიბება, კრეატიულობა და კოგნიტური მოქნილობა.
  • რამდენიმე კვლევამ (ბიალისტოკის კვლევები მიუთითებს ბილინგვალების აშკარა უპირატესობაზე მონოლინგვალებთან შედარებით, გონებრივად რთული საკითხების გადაწყვეტის პროცესში (მაგ: “საიმონის დავალება“, “თვალის რეაგირების დავალება“)) აჩვენა, რომ ბილინგვალი ბავშვები უფრო მაღალ ქულებს აგროვებენ IQ ტესტებში, ვიდრე ერთ ენაზე მოლაპარაკე ბავშვები. ბილინგვალები უფრო მაღალ ქულებს აგროვებდნენ კოგნიტურ მოქნილობაში, ანალიტიკურ მსჯელობაში, სელექციურ ყურადღებასა და მეტალინგისტურ ცნობიერებაში. ეს კვლებვები ჩატარდა საშუალო კლასებზე, რაც საინტერესოა, რადგან ეს შეიძლება ვერ განზოგადდეს მთელ პოპულაციაზე.
  • აღსანიშნავია, რომ ბილინგვალებს უკეთესი მეხსიერებაც აქვთ. კვლევები აჩვენებს, ბილინგვალიზმი პოზიტიურად მოქმედებს ეპიზოდურ, სემანტიკურ და მუშა მეხსიერებაზე.
  • სემანტიკური განვითარების ეტაპების თვალსაზრისით, ბილინგვალები ორი-სამი წლით უსწრებენ მონოლინგვალებს.

მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ ორ ენაზე საუბარს შესაძლოა იშვიათად (სფეციფიკური შემთხვევების დროს), მაგრამ მაინც ჰქონდეს გარკვეული ნეგატიური ეფექტი, შეუძლებელია უგულვებელვყოთ ბილინგვიზმის უპირატესობები.

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0