x
ფიზიკური დასჯის გავლენა ბავშვზე

image

“მშობლები უნდა მიხვდნენ, რომ ბავშვები შეიძლება კარგად მოიქცნენ, იყვნენ კოოპერატიულები და ზრდილობიანები მათი ფიზიკურად დასჯის გარეშე“ - ბენჯამინ სპოკი (ამერიკელი პედიატრი).

დღეს ძალიან ბევრი ბავშვი განიცდის ოჯახში ძალადობას. ხშირად მშობლები ფიზიკურად სჯიან შვილებს, იმისდა გაუცნობიერებლად, თუ რა შედეგები მოაქვს ამას ბავშვისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ ფიზიკურ დასჯა დაუშვებელია? რა პრობლემებს უქმნის ასეთი ძალადობრივი ქმედებები ბავშვს?

ბავშვის აღზრდა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს როგორც წახალისებას (მაგ; შექება), ისე დასჯას (მაგ; შენიშვნის მიცემა). მშობლები ხშირად ბავშვის ქცევის გასაკონტროლებლად ფიზიკურ დასჯას იყენებენ, თუმცა, არ იციან, რა ზიანს აყენებენ ამით შვილებს. მაშასადამე, ბავშვის ფიზიკური დასჯა სავსებით გაუმართლებელია. მას დიდი გავლენა აქვს ბავშვის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებაზე:

  • არასწორი სოციალიზაცია

ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბავშვის არასწორ სოციალიზაციას. ბავშვები, რომლებსაც სცემენ, აღარ სურთ სხვებთან ურთიერთობა, საკუთარ თავში იკეტებიან, ხალისი ეკარგებათ, უფრო ეგოცენტრულები, ანტისოციალურები და აგრესიულები ხდებიან. ყოველივე ამას აქვს გრძელვადიანი შედეგი ბავშვზე. ერთ-ერთი ლონგიტიდური კვლევის მიხედვით, ის ბავშვები (6-9წლის), რომელბსაც მშობლები ფიზიკურად სჯიდნენ, ორი წლის შემდეგ უფრო აგრესიულები და ანტისოციალურები გახდნენ. ასევე, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები უფრო მეტად ახორციელებენ იმავე ძალადობრივ ქმედებას თანატოლების, და-ძმების ან მშობლების მიმართ.

  • კოგნიტური განვითარების შეფერხება

სოციალური ასპექტების გარდა, ფიზიკურ დასჯას გავლენა აქვს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზეც. 1998 წელს მ. შტრაუსის მიერ ჩატერებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც სცემდნენ თავიანთ ქრონოლოგიურ ასაკთან შედარებით გონებრივად ნაკლებად იყვნენ განვითარებული, შესაბამისად, IQ-ს მაჩვენებელიც დაბალი ჰქონდათ. გარდა ამისა, კოგნიტური განვითარების შეფერხება ხელს უშლის ენის ათვისებას. ბავშვების ცემა 5-ჯერ ამცირებს ვერბალური უნარების განვითარებას, ვიდრე ამ ქცევის განუხორციელებლობა.

  • მშობლისა და შვილის ურთიერთობის გაუფასურება

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიზიკური დასჯა აუფასურებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობას. ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება აკნინებს მშობლის როლს, ავტორიტეტს უკარგავს შვილის თვალში და იწვევს უნდობლობას. მაგალითად, გერშოფის 13 კვლევაც ადასტურებს საკაოდ მჭირდო და დადებით კორელაციას ფიზიკურ დასჯასა და მშობელი-შვილის უარყოფით ურთერთობას შორის. მაშასადამე, ფიზიკური დასჯა, როგორი „მსუბუქიც“ არ უნდა ეჩვენებოდეს უფროსს, ასწავლის ბავშვს, რომ მისაღებია ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა, როდესაც ზრდასრულს შუძლია დაარტყას პატარას, ანუ ძლიერმა სუსტს.

  • ხელს უშლის ნორმალურ ფსიქოლოგიურ განვითარებას

ფიზიკური დასჯა მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვაა. იგი რთულ და გრძელვადიან ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს. კვლევის თანახმად, ბავშვებში 2-7% მენტალური პრობლემებისა გამოწვეულია, სწორედ, ფიზიკური დასჯით. გარდა ამისა, ფიზიკურმა ძალადობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სუიციდის, მკვლელობების, ცხოვრებისეული დისფუნქციების განვითარებას. შესაბამისად, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მომავალში უფრო მიდრეკილნი არიან კრიმინალური ქცევებისკენ. მაგალითად, პატიმრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე საშიში დამნაშავეების 70% გაიზარდა ძალადობრივ ოჯახში.

ამრიგად, ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია. ცემას, შეურაცხყოფას თუ უდიერ მოქცევას შეუძლია დააქვეითოს ბავშვის კოგნიტური შესაძლებლობები, ხელი შეუწყოს არასწორ სოციალიზაციას და მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები შუქმნას, რომელთაგან ზოგი ფატალურადაც კი სრულდება.

1
452
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
452
  
2018, 21 ივლისი, 19:19
საშინელი ჭეშმარიტებაა ის ფაქტიც, რომ ასეთ თემაზე დაწერილ სტატიებს მხოლოდ 22 ნახვა აქვს...
0 1 1