x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
300 წელიწადში, შესაძლოა, ტყეები განადგურდეს - რა არის გამოსავალი?
image


ზუსტი მონაცემების შეგროვება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქაღალდის დასამზადებლად, ყოველწლიურად დაახლოებით, 3 მილიარდიდან 6 მილიარდამდე ხე იჭრება, დღიურად კი დაახლოებით - 42, 000, 000.


ერთი ხისგან მზადდება დაახლოებით, 8, 333.3 ფურცელი, რომელიც თუ გადამუშავებას არ ექვემდებარება, გარემოს დამაბინძურებლად იქცევა. დღეს, მწარმოებელთა უმეტესობა ცდილობს, მაქსიმალურად დაზოგოს ბუნებრივი რესურსები და ნაკლები ზიანი მიაყენოს ეკოსისტემას, შესაბამისად, აქცენტი გადამუშავებად მასალებზეა გადატანილი. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, გარემოზე მოფრთხილება თითოეულმა ჩვენგანმა დავიწყოთ.


კვლევების თანახმად, დედამიწაზე დარგული ხეების რაოდენობა გაჩეხილის რაოდენობას ვერ აბალანსებს, ამიტომ ტყეების მასივების შემცირება შეუქცევად პროცესად იქცა. ალბათ, გახსოვთ ცოტა ხნის წინ ციმბირისა და ამაზონის ტყეების ხანძრები. მკვლევართა ნაწილი განმარტავდა, რომ აღნიშნული მასშტაბური ხანძრები სწორედ ტყის მრავალწლიანი ჩეხვის შედეგი იყო.



აქვე, ერთი საინტერესო კვლევის შესახებ უნდა გითხრათ: იელის უნივერსიტეტის მკვლევარის დოქტორ თომას ქროუთერის ინფორმაციით, თუ ტყეების ჩეხვა ახლანდელი ტემპით გაგრძელდა, 300 წელიწადში დედამიწაზე ისინი სრულად განადგურდება.


როგორ შეიძლება შევაჩეროთ ტყეების გაუჩინარების პროცესი?


უპირველესად, გამოსავალი მათი დარგვაა. გაჩეხილი ხის ადგილას ახალი სიცოცხლე უნდა აღმოცენდეს, რომ ეკოსისტემა არსებული სახით მაინც შევინარჩუნოთ.


თუ გვსურს, ამისთვის მეტი გავაკეთოთ, მაკულატურის არა ნაგვის ყუთში გადაყრა, არამედ მათი სწორ ადრესატამდე მიტანა უნდა ვისწავლოთ. გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტმა „მაკულიტერატურამ“ 2012 წლიდან დღემდე 150 000-ზე მეტი ხე გადაარჩინა გაჩეხვას, ამაში კი იმ თითოეული ადამიანის წვლილია შეტანილი, რომელმაც მაკულატურა პროექტს მიაწოდა და არ გადაყარა.


პროექტი საზოგადოებას, საშუალებას აძლევს, გადაცვალოს გამოუსადეგარი მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში, გაამდიდროს საკუთარი ბიბლიოთეკა და წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.


"დაარსებიდან დღემდე, ჩვენ მივიღეთ და გადავამუშავეთ 8823 ტონა მაკულატურა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, თქვენი დახმარებით გადავარჩინეთ 150 000 - ზე მეტი ხე. ყოველი 1კგ მოტანილი მაკულატურით, თქვენ წვლილი შეგაქვთ უმნიშვნელოვანეს საქმეში, მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას, " - განმარტავს პროექტის მარკეტინგის სპეციალისტი ანასტასია ჯოჯუა.


პროექტი დღემდე გრძელდება. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, „მაკულიტერატურას“ მიაწოდოს მაკულატურა და მიიღოს ახალი წიგნები. ამ პროცესში წლებია, აქტიურად ერთვებიან სკოლები, კომპანიები, თუ კერძო პირები. „მაკულიტერატურა“ მათთვის სპეციალურ კონკურსებსაც აწყობს, რათა გაზარდოს წიგნებზე ხელმისაწვდომობა და გარემოზე ზრუნვის კულტურა კიდევ უფრო აამაღლოს.


ქაღალდის გადამუშავების უპირატესობაა ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვა. ქაღალდის გადამუშავება ამცირებს „სათბურის ეფექტს“, რაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს. გადამუშავებული ქაღალდი ისეთივე ხარისხიანი მასალაა, როგორც მისი პირველწყარო და რაც მთავარია, ხეებს სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ, რომ მეტი ჟანგბადით მოგვამარაგონ.


მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ ყოველ დღე, კვირის გარდა, 10:00 - საათიდან 18:00 - საათამდე.


მისამართები:


თბილისი: წერეთლის 116, დიდუბე პლაზის ეზო;
ქუთაისი: ავეჯის კომბინატი სულხან-საბას 2/ გუგუნავას;
რუსთავი: მე-16 მიკრო 7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ენერგოპროს გვერდით.


პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: http://www.makuliteratura.ge/

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0