x
image
intermedia.ge
Mediator image
"ერთმანეთი ბავშვობიდან ჰყვარებიათ, მერე მათი გზები გაიყარა. ქალი გათხოვდა, ხოლო კაცი პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებდა და..."
image


ოდესმე გიოცნებიათ, რომ ქორწინების სახლში გემუშავათ? - ალბათ, არასოდეს. ამაზე არც ჩვენს სტუმარს უფიქრია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მთაწმინდის პარკში გახსნილი ქორწინების სახლის მენეჯერი გახდა, თავისი საქმე ძალიან შეიყვარა და 10 წელია, ერთგულად ემსახურება ბედნიერ წყვილებს. ეს სიმპათიური ქალბატონი ჩვენი ყოფილი კოლეგა - ნატა გოგოლიძეა.


- პროფესიით ჟურნალისტი ვარ და რამდენიმე ტელევიზიაში ვმუშაობდი - ჯერ პირველ არხზე, მერე - "თამარიონში", შემდეგ კი - "იბერვიზიაში". ბუნებით ოპტიმისტი, ხალისიანი ადამიანი ვარ და რატომღაც ტელევიზიაში ყოველთვის პოზიტიური, სასიამოვნო ამბების გაშუქება მიწევდა. ქორწილებთან შეხება არასოდეს მქონია, მაგრამ 2009 წელს, ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით მთაწმინდის პარკი გაიხსნა. მისი სურვილი იყო, ამ მშვენიერ პარკში ქორწინების სახლიც ყოფილიყო. სწორედ იმ დროიდან ვმუშაობ აქ მენეჯერად. ჩემს მოვალეობაში ქორწილის და ხელის მოწერის ორგანიზება და წყვილებისთვის სარიტუალო პაკეტების შერჩევა შედის. ყველაფერს თავიდანვე ვათანხმებთ, ქორწილის დღე რომ მათთვის დაუვიწყარი იყოს. ისინიც მოდიან და თავიანთ იდეებს გვიზიარებენ, ჩვენთან ერთად ცდილობენ საქორწინო რიტუალის გალამაზებას.


- მაინც, რა შედის სარიტუალო პაკეტში?



- მუსიკა და შამპანური ნებისმიერ პაკეტში შედის, დამატებით მომსახურებაში კი, წითელი ხალიჩა, ცოცხალი მუსიკა და სხვა შეთავაზებებიც გვაქვს. წყვილებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგან, ძალიან ლამაზ, სასიამოვნო გარემოს ვახვედრებთ. ყველამ იცის, რომ მთაწმინდის პარკი ისედაც ძალზე ლამაზია, საოცარი ლანდშაფტი და ულამაზესი ხედები ამშვენებს და ამას სასიამოვნო რიტუალიც ემატება. ალბათ ამის ბრალია, რომ ბევრი უცხოელი მოდის და სურვილს გამოთქვამს, ხელი ჩვენს ქორწინების სახლში მოაწეროს.


- ალბათ ბევრი დაუვიწყარი, სასიამოვნო რიტუალის მოწმე ხართ...


რასაკვირველია. ათი წელია, რაც აქ ვმუშაობ და აღარც კი მახსოვს, რამდენი ქორწილის მოწმე ვყოფილვარ. მათ შორის გამორჩეული და დაუვიწყარი ქორწილებიც იყო. ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ერთი წყვილი, რომელსაც ცერემონიალის დროს ძალიან ლამაზი, პატარა ძაღლი ახლდა. თურმე, ეს ძაღლი ბიჭმა გოგონას შეყვარებულობის პერიოდში აჩუქა. გოგონამ ისე გაწვრთნა, რომ თითქმის ყველაფერს უჯერებდა. ქორწილში ისიც სადღესასწაულო კაბაში იყო გამოწყობილი და სიძე-პატარძალს წინ მიუძღოდა, კბილებით ლამაზი თაიგული ეჭირა და მაყრიონს ამაყად მიჰყვებოდა. ამ პატარა, საყვარელმა არსებამ თავისი "როლი" ისე კარგად ითამაშა, რომ ალბათ, ვერც ერთი ადამიანი ვერ აჯობებდა.


- ხუმრობთ ხოლმე, რომ სოფი ლორენიც კი დააქორწინეთ... ეს როგორ მოხდა
- ეს წყვილიც არ მავიწყდება: უცხოელები იყვნენ და ქორწილამდე ერთი თვით ადრე მოგვაკითხეს. 50 წლის ქალბატონი იყო, საოცრად ელეგანტური და ეშხიანი, თანაც, იმდენად ჰგავდა სოფო ლორენს, დარბაზში პირველად რომ შემოვიდა, გავოგნდი და დავიბენი - ნამდვილად მსახიობი მეგონა. რუსი ებრაელები იყვნენ. მთელი ერთი თვე ვარჩევდით, რა როგორ უნდა ყოფილიყო, ლამის, სრული პაკეტი შეგვიკვეთეს. მოვიდა ქორწილის დღეც. წყვილს წითელი ხალიჩა ჰქონდა შეკვეთილი, რომელიც ქორწინების სახლამდე მისასვლელ ბილიკზე უნდა ყოფილიყო დაგებული. ჩვენი თანამშრომელი - ბატონი თამაზი ხალიჩას რომ აგებდა, ტურისტების ჯგუფი მიუახლოვდა და ჰკითხა, - ვისთვის აგებთ ამ ხალიჩასო? იმასაც ნანახი ჰყავდა ეს ქალბატონი, აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გაიხუმრა, - სოფი ლორენი უნდა დავაქორწინოთო. ამას ისიც დაერთო, რომ ერთი თვით ადრე სოფი ლორენი მართლაც თბილისში იყო და ტურისტებმაც დაიჯერეს. საქორწინო რიტუალის დრო ახლოვდება, ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ: ეს ჩვენი წყვილი ქორწინების სახლს უახლოვდება, ტურისტების ჯგუფი გაზრდილა და შემოსასვლელთან უამრავი ხალხი მოგროვილა, რომ "სოფი ლორენს" შეხვდეს და მასთან ფოტოები გადაიღოს... ასეც მოხდა, ყველა ამ ქალბატონს შემოეხვია, ოვაციები გაუმართეს და სურათები გადაუღეს. ულამაზესი თეთრი კოსტიუმი და ქვედაბოლო ეცვა, ისეთივე ლამაზი აღნაგობა ჰქონდა, როგორიც სოფი ლორენს და თავზეც ულამაზესი შლაპა ეხურა. ხალხის ნაკადი რომ გაიზარდა, ბატონი თამაზი დაიბნა და ძახილი დაიწყო: არ არის ეს სოფი ლორენი, უბრალოდ, გავიხუმრეო...
- თავად "სოფი ლორენს" როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ამბავზე?
- მას საერთოდ არ გაჰკვირვებია: ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარო, გვითხრა. ბევრს ვმოგზაურობ და როცა სადმე ჩავალ, ბევრი მთხოვს ავტოგრაფსაც და ფოტოს გადაღებასაცო. ამ ქორწილში კარგად ვიხალისეთ. უნდა გენახათ, ყველა როგორი აღფრთოვანებით შესცქეროდა ლორენის ორეულს. ცერემონიალი ოვაციების და ჟრიამულის ფონზე ჩავატარეთ.
- ალბათ, შვილის არჩევანით უკმაყოფილო დედებიც გყოლიათ. ასეთ შემთხვევებს თუ გაიხსენებდით?

განაბრძეთ კითხვა



8
802
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
802
  
9 აპრილი, 13:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

7 აპრილი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

6 აპრილი, 17:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

6 აპრილი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 აპრილი, 17:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8