x
image
ქეთი გაბინაშვილი
მარათონი გახსნილია - ბრძოლა გადარჩენისთვის დაწყო

კორონა
სცადე დაარღვიო კომფორტის ზონა, შეუქმენი მას სულ მცირე საფრთხე მაინც და წამსვე გაიგებ, ვინ დგას შენ წინაშე. მარტივად იშლება სამანი, რომელიც კაცში მცხოვრებ ადამიანს ცხოველისაგან მიჯნავს. რა საოცრად ჰგავს სამყარო კასრში მცხოვრებ ვირთხებს - თვითგადარჩენისათვის თანამოძმის შეჭმასაც რომ არ ერიდება.

როცა ჩინელებს შორის მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია, ჩვენ ყველა მოვგროვდით იმ მთის ირგვლივ, სადაც კიდევ ერთხელ კლავდნენ ღმერთს. პეტრესი არ იყოს და სიკვდილი თამაშადაც კი შეიძლება მოგეჩვენოს, თუ ის შენ არ გეხება.

საფრთხე, რომ შეიძლებოდა ეპიდემია საქართველოშიც გავრცელებულიყო, გამოვრიცხეთ. რასაკვირველია, ჩვენ ვერაფერი მოგვერევა, ჩვენ ღვთსმშობლის წილხვედრი ერი ვართ! ასე დავნამცეცდით, ასე დავტოვეთ ქვეყანა გულამოგლეჯილი, სადღეგრძელოებში რომ გავიძახოდით, საქართველო გაბრწინდებაო, ღვთისმშობელი არ გაწირავს წილხვედრ ერს, იქნებ იმიტომაც არ ვიცავდით, არ ვუფრთხილდებით, ღვთისმშობელზე მიგვინდია მისი გადარჩენა. საღვთო წერილშიც მხოლოდ იმის წაკითხვა გვეხერხება, რაც ჩვენთვის მისაღებია. თორემ, ღმერთმა რომ გითხრა, ხელი გაანძრიე და ნაშველები გექნებაო, ეგ არამც და არამც, არ გაგვიგონია.
გუშინ საღამოს საქართველოში ეპიდემიით დაავდებული პირველი მოქალაქე დაფიქსირდა. რამდენიმე საათში პირბადეები გაქრა, კიდევ რამდენიმე საათი და, ალბათ, პროდუქტის დეფიციტი დაიწყება. და ახლა სადაა რწმენა? სადაა ღმერთი? მცირე დაბრკოლება და უკვე დავკარგეთ იმედი უფლის და იმის ნაცვლად, ვთქვათ: „უფალო, იყოს ნებას შენი“, საბრძოლო პოზიციებზე გავმაგრდით და მოვემზადეთ ერთმანეთის შესაჭმელად, ერთმანეთის სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი თავის გადასარჩენად.

თუ ღმერთის გვჯერა, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი“ და უნდა მივენდოთ ღმერთს ყოველგვარი შიში გარეშე, რომელიც მაინც „ვერ იხსნის სიკვდილს“, თუ ვფიქრობთ, რომ ლოცვა საკმარისი არაა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა საჭირო, მაშინ ცოტა ადრე უნდა მიგვეღო ზომები, უნდა ჩაგვეკეტა საზღვრები და არ შემოგვეშვა მოქალაქეები იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემია მძვინვარებს. ( ვიცი, რომ ეს არაჰუმანურია, მაშინ დაველოდოთ როგორი იქნება მსოფლიოს შემხვედრი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით, როგორი იქნება მათი რეაქცია, ეცდებიან საქართველო არ გაანაწყენონ თუ დაიცავენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და მოგვიხურავენ კარს).


ფაქტი უკვე გარდაუვალია, საქართველოში ე.წ. კორონავირუსი დაფიქსირდა და დაავდებულთა რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება, ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ღირსეულად მიღება მაინც უნდა შევძლოთ. პანიკა არაფერს შეცვლის. უბრალოდ გამოვიჩინოთ სიმშვიდე და თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ, არაა საჭირო გამოქვებულებში გამაგრება. ეს არაა სამყაროს აღსასრული (და მით უფრო თუ არის), ეპიდემიები სხვადასხვა საუკუნეში ჩნდებოდა, მას მოჰყვებოდა გარკვეული მსხვერპლი, მაგრამ საბოლოდ ადამიანთან ბრძლაში მარცხდებოდა. არც ახლა იქნება გამონაკლისი. ცხადია, არავის უოცნებია ვირუსით სიკვდილზე და არც ერთ ჩვენგანს არ სურს, ამ ეპიდემიას შეეწიროს, მაგრამ სიკვდილს კიდევ უფრო მეტი ღირსება სჭირდება, ვიდრე სიცოცხლეს. „აზრი არა აქვს მალე მოკვდები თუ შედარებით გვიან, მთავარია როგორ მოკვდები და რის გაკეთებას მოასწრებ სიკვდილამდე“.... მარათონი თავისუფალია, ბრძოლა გადარჩენისთვის დაიწყო.

““““““““

უფალო, იყოს ნება შენი!...


ქეთი გაბინაშვილი

1
305
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
305
  
2020, 27 თებერვალი, 14:04
ქეთი, როგორც ყოველთვის, "მიზანში მოსახვედრია" !
და "ენგრეა":) რა, "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, იგი საქმე არ იქნების"
0 1 1