x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პირდაპირი სწავლება
image
პირდაპირი სწავლების მეთოდს ხშირად კლასის ერთობლივი სწავლების მეთოდსაც უწოდებენ . ამ ტიპის სწავლებისას მასწავლებელი მთელ კლასთან ერთდროულად მუშაობს და ყველა მოსწავლეს ერთდროულად აწვდის მასალას . პირდაპირი სწავლების მრავალ სახეს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ლექცია, რომელსაც სხვადასხვა სიხშირით ყველა მასწავლებელი იყენებს.

ლექციის ტიპის გაკვეთილს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს, რომლებიც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს . ლექციის ტიპის გაკვეთილის დადებითი მხარეა ის, რომ ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დიდი მოცულობის ინფორმაცია ერთდროულად მიაწოდოს მოსწავლეებს, ასევე, ეფექტურად შეაჯამოს გაკვეთილი.ლექციის მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე მასწავლებელს დროს აზოგინებს, თუმცა გაკვეთილამდე სერიოზულ მომზადებას და დაგეგმვას საჭიროებს. ლექციის მეთოდის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ამ მიდგომით მოსწავლეები პასიურად სწავლობენ, ასევე დაბალია მოსწავლეთა ჩართულობის დონე . მოსწავლეებს მოეთხოვებათ ისხდნენ მშვიდად, უხმაუროდ და ჩაინიშნონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ლექციის ტიპის გაკვეთილი ხშირად მოსაწყენია მოსწავლეებისათვის, რის გამოც ხშირად მათ დაბალი მოტივაცია აქვთ, ასევე დიდია დისციპლინის დარღვევების ალბათობა.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადად პირდაპირი სწავლების მეთოდით გაკვეთილის ჩატარების ეფექტურობას. წარმატებისათვის აუცილებელია, რომ გაკვეთილი კარგად იყოს სტრუქტურირებული და მიზნები მკაფიოდ განსაზღვრული. მასწავლებელმა ხაზი უნდა გაუსვას ძირითად საკითხებს და გაკვეთილის ბოლოს შეაჯამოს მთავარი მასალა. მასალა ეტაპობრივად უნდა მიეწოდოს მოსწავლეებს. შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, მოსწავლეებმა უნდა განიმტკიცონ მიღებული ცოდნა. ლექციური ტიპის გაკვეთილზე განსაკუთრებით ეფექტურია დამხმარე ვიზუალური მასალის გამოყენება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა გაკვეთილის პროცესში აქტიურ ჩართვას.

მარტივად სტრუქტურირებული გაკვეთილი ხელს უწყობს მოსწავლეებს, ადვილად გაიგონ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი და ის ეფექტურად დააკავშირონ მანამდე მიღებულ ცოდნასთან.


განასხვავებენ მასალის მიწოდების ორ ტრადიციულ მიდგომას:დედუქციურ და ინდუქციურ მიდგომას.

დედუქციური მიდგომით ჩატარებული გაკვეთილი იწყება ზოგადი ცნებების განმარტებით, რის შემდეგაც მასწავლებელი გადადის უფრო კონკრეტული საკითხების განხილვაზე.

ინდუქციური მიდგომით მასწვლებელი განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს და შემდეგ განაზოგადებს მათ.

გარდა დედუქციური და ინდუქციური მიდგომისა, არსებობს ნაწილი-მთელის ფორმატი, მიმდევრობითი წყობა, კომბინირება და შედარებითი კავშირები.

ნაწილი-მთელის გამოყენების დროს მასწავლებელი თემას ხსნის ზოგადად და შემდეგ საკითხს შემადგენელ ნაწილებად ყოფს.

მიმდევრობითი წყობის სტრატეგიის თანახმად, შინაარსის/წესების ახსნა ხდება იმ რიგითობის დაცვით, რომლითაც ისინი რეალობაში გვხვდება. ეს მიდგომა ხშირად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას გამოიყენება.

კომბინირების სტრატეგიის გამოყენებით მასწავლებელი ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებას, ფაქტორს, რომელიც ზემოქმედებს ამა თუ იმ მოვლენაზე.

შედარებითი კავშირების სტრატეგიის გამოყენებისას ხდება მასალის ნაწილების ისე წარმოდგენა, რომ მოსწავლეებს მიეცეთ მათი ერთმანეთთან შედარებისა და შეპირისპირების საშუალება.

პირდაპირი სწავლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია დამოუკიდებელი მუშაობა, თუმცა ამ პროცესის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად გარკვეული წინაპირობებია საჭირო. დამოუკიდებელი მუშაობა კარგად უნდა იყოს დაგეგმილი მასწავლებლის მიერ და უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებსა და მოსწავლეების შესაძლებლობებს .

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სწავლების მეთოდი სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ფართოდ გავრცელებული მეთოდია, იგი არ არის საუკეთესო ხერხი ყველა სიტუაციისათვის. პირდაპირი სწავლების მეთოდით მოსწავლეების როლი სასწავლო პროცესში შეიძლება თანდათან პასიური გახდეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მასწავლებელზე ზედმეტად დამოკიდებულება და ხელი შეუშალოს დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. პირდაპირი სწავლების მეთოდის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია ძირითადად მარტივი შინაარსის მქონე ინფორმაციის გადასაცემად. ზოგჯერ პირდაპირი სწავლება შესაძლოა გადაიზარდოს მოსაწყენ მონოლოგში. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირი სწავლების მეთოდის გამოყენების საჭიროება უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებს.

0
390
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0