x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მოსწავლეთა მოტივაცია


image
მოტივაცია მოსწავლის ცნობისმოყვარეობისათვის აუცილებელი პირობაა და ხელს უწყობს განათლების, ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას . ტერმინი "მოტივაცია" ფსიქოლოგიაში დაახლოებით 100 წლის წინ დამკვიდრდა და არსებობის მანძილზე, ფაქტობრივად, არ შეუცვლია პირვანდელი მნიშვნელობა . მოტივაცია არის ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს ენერგიის მიმართვას გარკვეული (ადამიანისთვის სასურველი) მიმართულებით . პედაგოგიკაში და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ტერმინს "მოტივაცია" იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობის, მისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისათვის.

იმის მიხედვით, თუ რა აღძრავს მოსწავლის ინტერესს, რა განაპირობებს მის ქცევას, სპეციალურ ლიტერატურაში განასხვავებენ მოტივაციის ორ ფორმას - შინაგან და გარეგან მოტივაციას .

შინაგანი მოტივაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული ფაქტორით, კონკრეტული ქცევის /მისი შედეგების მიმართ შინაგანი იტერესით. ასე მაგალითად, შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე წიგნს კითხულობს იმიტომ, რომ ეს ქცევა მისთვის თავისთავად ღირებულია, საინტერესო და სასიამოვნოა, შესაბამისად, მისი განხორციელება შინაგანი კმაყოფილების გრძნობასთან არის დაკავშირებული.

გარეგანი მოტივაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია გარეგანი ფაქტორებით. ადამიანისთვის კონკრეტული ქცევა/აქტივობა არ არის იმთავითვე საინტერესო ან სასურველი, თუმცა, იგი ასეთად იქცევა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად . გარეგანი ფაქტორებია : სხვა პირის მიერ შექება, წახალისება და ა.შ.


აღმოჩნდა, რომ შინაგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, ხასიათდებიან თვითრეგულაციის/თვითკონტროლის მაღალი უნარით და ზოგადად უფრო დადებითი განწყობა აქვთ განათლების, სწავლის მიმართ . შინაგანად მოტივირებული მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან .

გარეგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები ხასიათდებიან სირთულეების და რისკის მიმართ მკაფიოდ გამოხატული შიშით. როგორც წესი, ასეთი მოსწავლეების მიზანია, ნებისმიერ სიტუაციაში ძალისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებული გარეგანი მოტივაცია თითქმის შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას .

სასწავლო გარემოს უდიდესი გავლენა აქვს მოსწავლეთა მოტივაციაზე . არსებობს სასწავლო გარემოს რამდენიმე კომპონენტი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისთვის. ეს კომპონენტებია – სასწავლო აქტივობები, მოსწავლეთა შეფასება/წახალისება და კონტროლის/პასუხისმგებლობების განაწილება.

სასწავლო აქტივობებში იგულისხმება მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობათა ერთობლიობა . ყოველი კონკრეტული სასწავლო აქტივობა მოსწავლეებისთვის საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ერთგვარი საზომია. თუკი მოსწავლე აქტივობას რთულად, მისთვის დაუძლევლად მიიჩნევს, დიდია ალბათოა იმისა, რომ მან დაკარგოს რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში და გულგრილი გახდეს სწავლის მიმართ. მასწავლებელმა მოსწავლისთვის დავალების მიცემამდე ზუსტად უნდა განსაზღვროს მისი სირთულე . "იდეალური სირთულის" დავალება ერთგვარი გამოწვევაა მოსწავლისათვის, მაგრამ დაძლევადი . იმისათვის, რომ დავალება საინტერესო იყოს, აუცილებელია ის იყოს ორიგინალური, შემოქმედებითი და მრავალფეროვანი, რაც უფრო განსხვავებულია ესა თუ ის აქტივობა მოსწავლისათვის უკვე კარგად ნაცნობისაგან, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი ინტერესით ჩაერთოს მის შესრულებაში.

მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი მოტივაციისათვის. შეფასების სისტემის თავისებურებებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს მოსწავლეთა მოტივაცია არა მხოლოდ ხარისხობრივად, არამედ მიმართულების თვალსაზრისითაც. მასწავლებელი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს შეფასების სისტემის შემუშავებისას და მუდმივად უნდა აანალიზებდეს, თუ რა ტიპის ქცევას /შედეგებს წაახალისებს მოსწავლეებში არსებული შეფასების სისტემით . მოსწავლეთა მოტივაციაზე ასევე გავლენა აქვს იმას თუ რას მიიჩნევენ ბავშვები შეფასების დანიშნულებად . შეფასების გამოყენება მოსწავლეთა ურთიერთშედარებისთვის ნეგატიურად აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე, მათ თვითშეფასებასა და ჩართულობაზე სასწავლო პროცესში. შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია წახალისების პოლიტიკის საკითხის განხილვაც. საბოლოო მიზნის მიღწევისაკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ძალუძს, გააღვივოს ადამიანის მოტივაცია შემდგომი ეფექტური ნაბიჯების განხორციელებისათვის . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მცირე წარმატებები შეიძლება გახდეს უფრო დიდი წარმატებების მიღწევის სტიმული.

კვლევებით დადგენილია, რომ საკლასო ოთახში უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისათვის. აუცილებელია მოსწავლეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი საკლასო გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი სასწავლო პროცესის მართვა/დაგეგმვაში. გარემო, სადაც მოსწავლეები თავს მასწავლებლის პარტნიორებად, სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად გრძნობენ, ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ზრდასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას .


0
205
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0