x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იდუმალი მეკვლე თუ "სეკრეტ სანტა"?!- "ბერძნების შვილის შვილსა, ნუუკუე და არა უეჭუელსა, თვით უეჭვი და საკუთარი შვილი აღვირჩიე"- ეფრემ მცირე
სოციალურ სივრცეში საკმაოდ ხშირად შევხვდებით უცხოური ტერმინების (სახელდებების) ქართულ შესატყვისებს, რომლებსაც ზოგი დამცინავად, ზოგიც დიდი აღფრთოვანებით ხვდება, ძალიან ცნობილი გახდა-ქვეგრიალა, მოწოწნიკი, დენცქვიტა და ა.შ.


თუმცა, ეს მხოლოდ სოციალურ სივრცეში. სინამდვილეში, ძალიან ცოტა ადამიანი ცდილობს ქართული სახელდებების გამოყენებასა და ენის სიწმინდის დაცვას.


არ გვესმის, ან არ ვიცით რომ ე.წ. საერთაშორისო სიტყვები სინამდვილეში არ არსებობს და მოწინავე, განვითარებული ქვეყნების სიტყვათშემოქმედნი თავიანთ ტერმინებს ქმნიან, იყენებენ ენის ბუნებრივ მასალას, მაგალითად, საფრანგეთში კომპიუტერს ჰქვია-Ordinateur და არა-"საერთაშორისო "Computer"".


X-XII საუკუნეების მწიგნობრების-ეფრემ მცირის, გიორგი მთაწმინდელის, არსენ იყალთოელისა და მათ თანამედროვეთა მიერაა შექმნილი-არსი, არსებობა, არარაობა, გონი, უმეცრება და სხვა... თარგმნისას სრულად სწავლობდნენ ცნებებსა და ქართული ენის თავისებურებების გათვალისწინებით ქმნიდნენ სახელდებებს (ამაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ-ლია ქაროსანიძე, ანა ხურცილავა-"ქართული ტერმინთეშემოქმედების პრობლემები"), ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ ჩვენი წინაპრებისაგან, თუ გვსურს განვითარება. როგორც ივანე ჯავახიშვილი იტყოდა ველურები ხომ არ ვართ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთო.




მალე ახალი წელი დადგება, ვცდილობთ ერთმანეთი გავახაროთ, გავახალისოთ.


image


ვთამაშობთ "სეკრეტ სანტას", რომლის სახელწოდებაც უეცრად, დაუფიქრებლად, "საერთაშორისო" ტერმინად აღვიქვით და ავიტაცეთ, თუმცა არსებობს ძალიან საინტერესო თვალსაზრისი, რომელსაც პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გვიზიარებს:


"იცვლება მთავრობები, არ იცვლება ახალი წლის მომლოცავის უცხოური "სტანდარტი", არადა, ქართველებს საოცრად კარგი ტრადიცია გვაქვს:

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გასულ საუკუნეში დამკვიდრებული თოვლის ბაბუა რუსული "დედმაროზის" სახესხვაობაა;
ნაძვის ხის ტრადიციაც არაქართულია; სამეგრელოსა და გურიაში შემონახული ჩიჩილაკი კი ნამდვილად ქართულია!
სანტაკლაუსი ევროამერიკული კულტურაა...


ახალი წელი ახალი იმედებისა და სიკეთის მომტანი დღესასწაულია, შესაბამისად, ახალი წლის დღესასწაულის მთავარი რიტუალია საახალწლო საჩუქრებით დატვირთული, წინასწარ შერჩეული "კარგი ფეხის მქონე" პიროვნების ოჯახში შემოსვლა; ქართულენოვან სივრცეში ასეთ პიროვნებას "მ ე კ ვ ლ ე" ჰქვია.
საახალწლოდ მეკვლეს ოჯახში მოაქვს ტკბილეულით სავსე ხურჯინი; სახლში ფეხის შემოდგმისთანავე იგი ამბობს:

"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა"...


როგორც წესი, შემდეგ ასე აგრძელებს:


"შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი.

განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი... დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, გაავსე სახლი ყოვლისა მშობლისა მზითა და სითბოთი, ბეღელი-პურით, მარანი-ღვინით, ახორი-საქონლით, კერიანაკვერჩხლით, გული-სათნოებით.

ააჟრიამულე ეზო-კარი შვილიშვილებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩემს ქვეყანაში!

არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს...



ახლა უფრო ვრცლად "მეკვლეს" ინსტიტუტის შესახებ:


მეკვლე - პირი, ვინც პირველი შემოვა ოჯახში ახალი წლის დილით, საჩუქრებს /ძირითადად ტკბილეულს/ მოიტანს და ოჯახს დალოცავს სიტყვებით: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა"... როგორც წესი, დალოცვის რიტუალი ღვინიანი თასით ხელში ხდებოდა და მეკვლე ბოლომდე ცლიდა სასმისს ("ასე მტერი დაგეცალოთ").

ამ დალოცვაში სიტყვა "ანგელოზის კვალი" და ახალი წლის პირველი სტუმრის მიერ მოტანილი "კვალი" (ნაკვალევი) ურთიერთკავშირშია:

ხალხური წარმოდგენის მიხედვით, მეკვლეს თუ კარგი ფეხი აქვს, მომავალი წელი ბედნიერი იქნება, თუ ცუდი ფეხი აქვს, წელი ცუდად წაუვა ოჯახს.

რუსული ოკუპაციის პერიოდში ახალი წლის მომლოცავად საქართველოშიც დამკვიდრდა "თოვლის ბაბუა", იგივე "დედ მაროზი", ბოლო პერიოდში "დედ მაროზს" ენაცვლება "სანტა კლაუსი" /წმიდა ნიოკლოზი/.

მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოს ყველა კუთხეში ოჯახში საახალწლო ბედის შემომტანად მაინც რჩება "მეკვლე" (< მე-კვალ-ე - პირველი კვალის მომტანი).

არ არის გამორიცხული, სიტყვა "მეკვლე" ასევე უკავშირდებოდეს უფრო ძველ ტრადიციას, როდესაც საქართველოში ახალი წელი გაზაფხულზე იწყებოდა და სიმბოლურად აღინიშნებოდა ყანაში პირველი კვალის გავლებით - შესაბამისად, ფეხბედნიერი კაცის მიერ ყანაში პირველი კვალის გავლება ბარაქიანი (დოვლათიანი) წელიწადის წინაპირობად მიიჩნეოდა.

საქართველოში "მეკვლე" სხვადასხვა სახელით დასტურდება:

მეკვლე, მეფეხე/მეფეხური/მფერხავი, მაკუჩხური /მეგრ. “მეფეხური”, მჭიშხობ /სვანური ჭიშხ - ფეხი/...

ყველა სახესხვაობას ერთი შინაარსი აქვს: "ნათელი, კეთილი კვალის გამვლები", "სიკეთის კვალის მომტანი".

საქართველოს ყველა კუთხის ქართველების რწმენით, "მეკვლე" უპირველესი სტუმარია, რომელსაც მფარველი ანგელოზი მოჰყვება. მაგ., აჭარაში, ქობულეთის რაიონში ჩაწერილი მასალის მიხედვით, "მეკვლეს ოჯახის მფარველი ანგელოზი მოჰყვება”. საქართველოს სხვა კუთხეშიც - თუშეთში - მეკვლე ლოცვას ასე იწყებს:

”შემოვდგი ფეხი, შემომყვა ღმერთი, ფეხი ჩემი-დ კვალ ანგელოზისა.


"კეთილი და ბოროტი ფეხის" რწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება, მაგრამ საახალწლო მეკვლის სტატუსი არსებითია, ამიტომ ოჯახი საგანგებოდ არჩევს და იწვევს "მეკვლეს". მეკვლედ/მეფეხურად საქართველოში ირჩევდნენ "დაღვინებულ" მამაკაცს, რომელიც სოფელში, თემში ცნობილი იყო თავის კარგი თვისებებით, გულუხვობით, ლოცვის გამჭრეობით (ანუ მისი დალოცვა “ჭრიდა, მივიდოდა”!), პატიოსნებით, ბარაქიანობით, შრომისმოყვარეობით. მეფეხური უნდა ყოფილიყო სავსე, ბედნიერი ოჯახის წევრი. მეფეხური შეიძლებოდა ყოფილიყო შედარებით ახალგაზრდა, ბავშვის ასაკისაც, ოღონდ მამრობითი სქესის ყმაწვილი ბიჭი. ქართული სინამდვილე ნაკლებად იცნობს მეფეხურ ქალს (რაჭასი დასტურდება მსგავსი ტრადიცია).


მეკვლეს თხოვენ, ძალიან ადრე მოვიდეს ოჯახში, რომ ვინმე სხვამ არ დაასწროს კარის შეღება. საქართველოში იტყვიან: "სტუმარი ღვთისაა", ამიტომ ქართველი კაცი ნებისმიერ მომსვლელ კაცს შემოუშვებს სახლში და უმასპინძლებს, ამიტომ მეკვლე ძალიან ადრე მოდის, რომ სხვამ არ დაასწროს.


რიტუალური სუფრის შემდეგ (დათრობა, ბევრი დალევა სირცხვილი იყო!) ოჯახის უფროსი მეკვლეს დაასაჩუქრებდა სპეციალურად მისთვის განკუთვნილი საჩუქრებითა და ტკბილეულით.

p.s.

საბჭოთა პერიოდში "თოვლის ბაბუამ" მეკვლე უკანა პლანზე დასწია, მაგრამ ვერ გააქრო:
ტრადიციულმა "მეკვლემ" და ჩრდილოეთიდან დამკვიდრებულმა "თოვლის პაპამ" ფუნქციები გაინაწილეს: თოვლის ბაბუამ მეკვლეს საასპარეზო ველი ბევრად შეუზღუდა (ისევე, როგორც ქართულ სახელმწიფოს - რუსეთმა) ;)
ახლა "თოვლის პაპას" "სანტა კლაუსი" აძევებს, მეკვლე კი ისევ შეზღუდული ფუნქციით რჩება ;)

გაუმარჯოს მეკვლეს!


შეიცოდეთ ჩვენებური მეკვლე, რომელსაც ადრე უსამართლოდ დედმაროზის სახესხვაობა "თოვლის პაპა" ჩაგრავდა
ახლა კი - სანტა კლაუსი უბატონდება...


p.p.s.

"სეკრეტ სანტა" თუ დუმალი მეკვლე?

ახლა კიდევ ერთი უცხოური (ინგლისურენოვანი!) თამაშისმიერი ბარბარიზმი მკვიდრდება: "სეკრეტ სანტა"!

ნახევრადქართულადაც ამბობენ: "საიდუმლო სანტა"; ისე, უმჯობესია, თქვან: "უცნობი სანტა"

არადა, რა კარგია ჩვენი ტრადიცია - მეკვლეობა, მეკვლეს საჩუქრები; გულმართალი მეკვლე!
განგვეზოგადებინა მეკვლე და ამ თამაშს დავარქვათ ქართული სახელი: "იდუმალი მეკვლე"


არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ამერიკელი უცნობი სანტასი, რომელიც საჩუქრებს მალულად უტოვებდა ბავშვებს, მაგრამ ჩემმა მეკვლემ რა დააშავა, რომ სხვისი გავაპირველო და ჩემი უფრო საინტერესო დავივიწყო?

გარდა ამისა, ქართულად თუ გადმოვიღებდით ამერიკულ თუ ევროპულ თამაშს, გვეწოდებინა არა უცნობი სანტა (ესაა სწორი თარგმანი), არამედ - იდუმალი მეკვლე!

"უცნობი მეკვლე" არ გამოვა! მეკვლე მე-კვალ-ე უნდა იყოს: გზა უნდა გვაჩვენოს, ორიენტირი უნდა დაგვანახოს...

ახლა საქართველოს წამყვანმა დაწესებულებბმაც წამოიწყო სეკრეტსანტობა; არადა, შეეძლოთ, დაემკვიდრებინათ "იდუმალი მეკვლე" თუ არა, სწორი ქართული შესიტყვება მაინც: "უცნობი სანტა"
არადა, ბავშვებსაც უმკვიდრებენ "სეკრეტ სანტას";


ყელაფერს ვერ გავაქართულებთ, მაგრამ
დავფიქრდეთ:
სანტა კლაუსსა და რუსულ დედმაროზის კალკს - თოვლის ბაბუას - მეკვლე ხომ არ გვირჩევნია რომ დავამკციდეოთ?უფრო სწორად, ავაღორძინოთ?
უფრო მეტ ფანტაზიასა და პერსპექტივას წარმოაჩენს ეს საკუთრივ ქართული სიტყვა-ფორმა.
მეკვლეს დავიწყებას და თოვლის პაპასა თუ სანტაკლაუსის დამკვიდრებასაც რუსები და ფსევდოლიბერალები გვაიძულებენ?

გაუმარჯოს მეკვლეს!

მშვენიერი თამაშია "იდუმალი მეკვლე""


image




თვალსაზრისი, იდეა "იდუმალი მეკვლეობისა" უცვლელად შემოგთავაზეთ.



image



რატომაც არა?-ის მოსაზრება, რომ "ინტერნაციონალური ტერმინების თარგმნა საჭირო არ არის" ეკუთვნის ფილიპე მახარაძეს, ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი.


მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ფეისბუკზე ფოტო ავტვირთე, სადაც მადლობას ვუხდიდი ჩემს იდუმალ მეკვლეს საჩუქრისათვის, ბევრმა არასწორად გაიგო და "იდუმალი მეკვლე" "საიდუმლო თაყვანისმცემელთან" გააიგივა. ამაზე დღესაც ბევრს ვიცინით, საბედნიეროდ, ჩემს გარშემო ბევრმა აიტაცა "იდუმალი მეკვლეობა" და არა-"სეკრეტ სანტობა".


ალბათ, თავი შეგაწყინეთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ქართული ენის ვინაობის შენარჩუნება ყველა ჩვენგანის მოვალეობაა და ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა ვცდილობდეთ მის დაცვას, არა აქვს მნიშვნელობა ფილოლოგი იქნები თუ მათემატიკოსი, ილია ჭავჭავაძის ფრაზით დავასრულებ:

"ენა უნდა დავიცვათ შერყვნილობისგან, ენას უნდა ველოლიავოთ, მოვუაროთ, როგორც დედა თავის პირმშო შვილს."


ასევე დაგაინტერესებთ:


1) ინტერვიუ ფათიჰ მეიდან ცვარიძესთან - ერთადერთი მასწავლებელი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც ქართულს ასწავლის (ვიდეო)


2) "მსურს კალიგრამი გრაფიკულ დიზაინთან გავაერთიანო"-ნიკა ღუნაშვილის სამომავლო გეგმები


3) ქართველი ისტორიკოსების პასუხი პუტინს


4) "არის სიცოცხლე, არის სიკვდილი. სიცოცხლე-კარგი, სიკვდილი-ცუდი. ვუგალობოთ სიცოცხლეს"-დღეს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა!


5) ლაიქი თუ მოწონება?-არ შევილახოთ ღირსება, ვისაუბროთ ქართველებმა ქართულად!

0
136
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0