x
გიორგი მერჩულეს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“ და ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებულისა“ - შედარება-დაპირისპირება
image
ბარნოვის შემოქმედებითი ღვაწლი ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული წარსულის ნაწარმოებებმა განსაზღვრეს. მან გარდასულ მოვლენათა ფონზე ახლებური წახნაგით წარმოგვიჩინა მარადიული ადამიანური გრძნობები. მისი ისტორიული რომანი „ტრფობა წამებულისა“ ეპოქალური სინამდვილის ღრმა მეცნიერული შესწავლისა და გააზრების შედეგია.

რომანმა „ტრფობა წამებულისა“ ბარნოვის მწერლური შესაძლებლობები მთელი ძალით დაგვანახა. იგი არა მხოლოდ მე-8-მე-9 საუკუნეთა საქართველოში დამკვიდრებულ სინამდვილეს აცოცხლებს, არამედ მწერლის ფილოსოფიური, თეოლოგიური, ეროვნულ-პატრიოტული, ზნეობრივი და მოქალაქეობრივი მრწამსის განმსაზღვრელ ფუძემდებლურ მხარეებსაც წარმოსახავს ფართო მასშტაბებით.

საყურადღებოა, რომ ისტორია ბარნოვისათვის არის მასალა, რომლის საფუძველზე იგი ხსნის თავის ფილოსოფიურ კრედოს, კეთილისა და ბოროტის საუკუნოვანი ბრძოლისა და ამ ბრძოლაში ადამიანის როლისა და დანიშნულების შესახებ. ასევე, ისიც აღსანიშნავია, რომ ბარნოვთან სიკეთის მორალური ტრიუმფის დასაბუთებას სიყვარული წარმოადგენს, როგორც ვიწრო, ისე ფართო გამოსახვით.

ავტორი ისტორიაში ეძებდა საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებების გამართლებას.


აქ ოსტატურად უპირისპირდება ერთმანეთს მეცხრე საუკუნის საქართველოს ორი ბუმბერაზი საერო ცხოვრების მესვეური, მეფე-აშოტ კურაპალატი და საეკლესიო ცხოვრების მეთაური-გრიგოლ ხანძთელი. ამ დაპირისპირებას მეტწილად საფუძვლად სამიჯნურო თავგადასავალი უდევს.

რომანი ძირითადად ორ წყაროს ეყრდნობა: ქართლის ცხოვრების ის მონაკვეთი, სადაც აშოტ კურაპალატის ცხოვრებაა აღწერილი და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების იმ ჩართულ ეპიზოდებს, სადაც აშოტისა და „დედაკაცი სიძვისაი“-ს ურთიერთობა და ამ ურთიერთობისადმი ეკლესიის დამოკიდებულებაა მოცემული.

რომანის კონფლიქტი ისტორიულია: ბრძოლა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის. ეს კონფლიქტი გაღრმავებულიც კია მწერლის მიერ იმით, რომ აშოტისა და გრიგოლის ერთად აღზრდისა და ადრეული მეტოქეობის გამოგონილი ეპიზოდებია შეტანილი რომანში. ზოგიერთი ეპიზოდი სიტყვასიტყვითაც კი მეორდება; ვ. ბარნოვს გარკვეული ძირითადი სიტუაციები პირდაპირ არ გადმოაქვს, რთავს თავის ფანტაზიას და ქმნის მისგან პრინციპულად განსხვავებულ ნაწარმოებს.

ბარნოვმა გახსნა ისტორიის ბჭწენი, სცადა მერჩულეს ფიქრთა განჭვრეტა, გონების თვალით მიწვდა მას.

მიუხედავად იმისა, რომ რომანი ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა, ბარნოვთან ეს თემები შემოქმედებითად, მხატვრულადაა წარმოდგენილი და არა ისე რადიკალურად, როგორც, მაგალითად, ნათქვამია გიორგი მერჩულეს მიერ: სულისა ძლიერმან სძლია ხორცთა ძლიერს“.

აშოტ კურაპალატი ამ რომანში დახატულია როგორც შეუდარებელი ვაჟკაცი, სახელოვანი მეომარი, პატრიოტი, გონიერი და წინდახედული სარდალი. თუმცა ავტორი მას ჩვეულებრივი, ადამიანური თვისებებითაც წარმოგვიდგენს. ადამიანურ თვისებათა ეს ნაკლი თუ ღირსება, ბარნოვის აზრით, ყველაზე კარგად გრძნობათა სფეროში მჟავნდება.

ამასთანავე, ბარნოვი საინტერესოდ ხატავს აშოტის სახეს - ადამიანისას, რომელიც ქვეყნის პირველი პირია, ბავშვობიდანვე განსაზღვრულია მისი აღზრდა და მისი მომავალი საცოლეებიც განსაზღვრულია - ასეც მოხდა და მისი ცოლი გურანდუხტი გახდა, რომელთანაც მას თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. გურანდუხტი უფრო სახელმწიფო საქმეებით დაინტერესებული ადამიანი იყო ვიდრე სატრფო, მეფის გულისა სწორი. აშოტს კი სწყუროდა სულით დაესვენა გულისა სწორთან. ამას მეუღლესთან ვერ ახერხებდა. ამ ფონზე ჩნდება რომანში შუქური - აშოტის ნამდვილი სიყვარული და ბარნოვისვე სიტყვებით „განკერძოებული სიამე“. სანამ ამ გრძნეულ გრძნობას ეზიარებოდა, მეფე სულიერ სიცარიელეში ცხოვრობდა უმეგობროდ და უთანამგრძნობოდ.

მათთან “ბრძოლას” იწყებს ეკლესია, რათა იხსნას სამეფო ოჯახი სირცხვილისგან - აშოტს ბავშვობიდანვე ყველა მხრიდან ესმოდა ის, რომ ის ყოველთვის ვალდებული იყო ქვეყნის, ოჯახის და ყველას წინაშე, თავიდანვე „აკიდეს“ პასუხისმგელობა. შეიძლება ითქვას, რომ აშოტის ცხოვრებისეული ხვედრი მსხვერპლად შეწირული ადამიანის ხვედრია. როგორც მეფე ის ვალდებულია უსიტყვოთ და უყოყმანოდა დაემორჩილოს საქვეყნო ინტერესებს და უარი თქვას ჭეშმარიტ გრძნობაზე.

შუქურისა და აშოტის ურთიერთობას აქვს ფონი, კონტექსტი - ესაა ძლიერი ეკლესია, „რომლის საყდარი მეტობდა ტახტს“, საეკლესიო პირებს დიდი გავლენა ჰქონდათ და ხშირად გადამწყვეტიც კი, საერო პირებზე, მეფეებზე. ბარნოვის მიერ დახატული გრიგოლი, სხვა თვისებებთან ერთად, მიწიერი პატივმოყვარეობით შეპყრობილი პიროვნებაცაა. მართალია, ბერად შედგომის შემდეგ ფორმალურად ყოველგვარ ხორციელ განცხრომასა და პატივ-დიდებაზე თქვა უარი, თუმცა სწამდა, რომ გვირგვინი მისი სხივოსანი უფრო ბრწყინვალე იქნებოდა, ვიდრე აშოტისა. ასევე ავტორი კარგად გვიხატავს იმასაც, რომ საეკლესიო პირები არა მარტო გულგრილნი არიან მეფის წრფელი ადამიანური გრძნობის მიმართ, არამედ გააფრთებითაც კი ცდილობენ მის დათრგუნვასა და ძირფესვიანად ამოძირკვას.

საინტერესოა როგორ შემოჰყავს ავტორს გრიგოლ ხანძთელის პერსონაჟი, იწყებს რა მისი ბავშვობიდან, აშოტთან ურთიერთობიდან, თებრონიასთან მისი სიყვარულიდან - თუმცა ეს სიყვარული ვერ დაგვირგვინდა, რადგან გრიგოლი ბერად აღიკვეცა, ხოლო თებრონია მონაზვნად.

ვასილმა ორი კუდიანი სახე შემოიყვანა. ერთი სული იყო, მეორე - სახე. ორივე გაჰყო ერთმანეთისაგან. თებრონიას გარეშე რომ „ტრფობა წამებულისა“ სასახლის ჩვეულებრივი ინტრიგა იქნებებოდა, დაკარგავდა რა საუკეთესო განსახიერებას წამებული ტრფობისა - „აღტკინებულ წარმოსახვაში ჰბაძავდა ის ხორცთა კმაყოფილების სურათებს ერთიმეორეზე შეუსაბამოს, ბუნებრივი სახეების მამახინჯებელს. ჰპოვებდნენ ის უსახო სახეები თავის შესაფერის მეტყველებასაც. თებრონიას სულდგმულად მიაჩნდა წიგნი თუ ნივთი გრიგოლისი.“საყურადღებოა, რომ ბარნოვმა ერთ-ერთი სახე თებრონიად აქცია, მეორე ივდითად, რომელმაც შურისძიება აღასრულა.გრიგოლ ხანძთელის ამ ჭრილში, მხატვრულ ჭრილში განხილვა იმთავითვე საინტერესოა და მრავალფეროვნებს ძენს ტექსტს. იგი ქრისტეს სარწმუნოების წესისამებრ მოითხოვს მეფისაგან, უარი ეთქვა შუქიას სიყვარულზე და ქრისტიანობის წესი ცოლქმრობისა მტკიცედ დაეცვა. იგი აშოტს უყენებს საბუთად იმას, რომ მეფე თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, უნდა დაიცვას “მცნება რჯულისა“.

აშოტი უახლოვდება თანდათან შუქურს და საბოლოოდ მასთანაც კი გადმოჰყავს სასახლეში საცხოვრებლად ქმრის სიკვდილის შემდეგ. ამ დროს გრიგოლი იწყებს ხანძთაში თავის მოღვაწეობას - აშენებს ტაძრებს, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, მაგრამ ამასთან, ჩართულია აშოტისა და შუქურის ურთიერთობაში და დგამს კიდეც რადიკალურ ნაბიჯს - მიჰყავს რა შუქური მონასტერში დედა თებრონასთან და ეს ეპიზოდი მაღალმხატვრულადაა აღწერილი. აღსანიშნავია, რომ მონასტრის ეპიზოდი, როდესაც თებრონიას და აშოტის დიალოგია წარმოდგენილი ვასილ ბარნოვს გადმოღებული აქვს მერჩულესგან. აქ საინტერესოა თებრონიას სიტყვები, რომლებიც დააუძლურებს მეფეს; „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთათანა, რომელნი იქმან ურჯულოებასა“.

მართალია, მერჩულე ბრძანებდა, ღვთაებრივი შურით იმძლავრესო, რაზეც ვასილი შეედავა, თუმცა მაინც იგივე გაიმეორა. მონასტერში მეფის შესვლის სურათი გადმოიყო, სიტყვიერად გაიმეორა, თუმცა სინამდვილეში სატანური შურისძიება გამოხატა.

აშოტი იძულებულია უარი თქვას სატრფოზე, მაგრამ ეს დათმობა საბედისწერო აღმოჩნდება. იგი კარგავს გონებას, უმტყუნებს სიმხნევე და ვაჟკაცობა. ამ დროს კი საქართველოს მტერი მოადგა, აშოტს კი გონება აქვს დაბინდული. ხალხი ამას კარგად ხედავს და თხოვენ გრიგოლს შუქია დააბრუნოს. თუმცა ქრისტიანობის დამცველი გრიგოლი თავგამოდებით იცავს საკუთარ აზრს. ამას მოჰყვება ქართველების დამარცხება ბრძოლის ველზე.

აშოტის ამგვარი განცდა საყვარელი ქალის დაკარგვისა არაა გასაკვირი, რადგან მიჯნური ერთარსებას წარმოადგენდნენ ქვეყნად, ქალად და კაცად კი მხოლოდ განკაცების ჟამს იქცნენ, დედამიწაზე კი ეს ორი დაკარგული ეძებს ერთმანეთს.

ავტორს ოსტატურად აქვს გამოყენებული სიყვარული ასკეტიზმის, ხორციელ გრძნობათა უარმყოფელთა წინააღმდეგ. “ტრფობა წამებულში“ ერთმანეთს უპირისპირდება ხორციელი, ადამიანური, ბუნებრივი გრძნობა და ეს ასკეტური, სულიერი სიყვარულის საეკლესიო მოძღვრება. მისი აზრით, ულამაზესი გრძნობა ამქვეყნად არის სიყვარული. მისი რწმენით, ადამიანის არსებაში ორი საწყისი - ხორციელიცა და სულიერიც - ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს და მათი ერთმანეთისაგან გათიშვა შეუძლებელია.

აღნიშნული განსხვავებულია მერჩულეს მოთხრობის მსოფლმხედვისგან.

თუმცა, რაც მთავარია, ბარნოვი ასკეტიზმისადმი ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, არ უარყოფს ღმერთს. მისთვის არსებობს „ერთი ღმერთი განუყოფელი. იგი ღმერთი, არ განისაზღვრება არც მიზეზით, არც დროით, არც სივრცით, არამედ თვით იპყრობს თავის არსებაში მიზეზსაც არსებობისას, დროსაც და სივრცესაც.“

როგორც ჩანს მწერალს სხვაგვარად ესმის ქრისტიანობა, განსხვავებით ტრადიციული ხედვისგან. იგი ცდილობს ე. წ „ნეოქრისტიანული“ იდეალის წინ წამოწევას, რომელიც თავის არსით სახარებისეული ქრისტიანობისკენაა მიმართული.

ბარნოვი არ თანაუგრძნობს ასკეტ გრიგოლს, რომელიც ხელოვნურად კლავს სიყვარულის გულწრფელ გრძნობას, ხელს კრავს ახალგაზრდა გრიგოლისა და თებრონიას სიყვარულს და არ აძლევს მათ ერთად ყოფნის საშუალებას.

ამ რომანში ვლინდება სიყვარულის ბარნოვისეული კონცეფციის არსი. მისი აზრით, თუ სიყვარული ჭეშმარიტია, იმქვეყნადაც გაგრძელდება მიჯნურობა, და უფრო ამაღლებულიც, მთლიანად განწმენდილი და უფრო ტკბილი იქნება. სიყვარულის ღვთაებრიობის გამოცხადებით, ავტორი არაპირდაპირ იმასაც აღიარებს, რომ ვინც წრფელი და ჭეშმარიტი სიყვარულის წინააღმდეგ გაილაშქრებს, იგი, მისდა უნებურად, ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმესაც ჩადის.

მონასტერში შუქურს საშინელი ტანჯვით სახეს დაუმახინჯებენ, რაც საბოლოოდ იმის მიზეზი ხდება, რომ ის კვდება. ეს ამბავი კი თავზარს დასცემს მეფეს და ამის შემდეგ იგი სამუდამოდ დაკარგავს სიცოცხლის აზრს.

შეიძლება ითქვას, რომ მწერალი კარგად წარმოგვიდგენს, თუ როგორი გავლენა აქვს საეკლესიო პირებს, და ამასთანავე მკითხველს უჩვენებს რა ძალა აქვს ნამდვილ სიყვარულს. მისი უარმყოფელი პიროვნება სიცოცხლის ბოლომდე დასჯილი იქნება.

მაშასადამე, არ ეთანხმება ბარნოვი სასულიერო პირთა ამგვარ დამოკიდებულებასა და სისასტიკეს. მართალია, შუქურს გრიგოლი თავისი ხელით არ კლავს, მაგრამ მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ქალის ტრაგედიაში.

აგიოგრაფიულ ნაწარმოებში კი გრიგოლი სრულყოფილია, არ ჩანს მისი არც ერთი სისუსტე, რაც დამახასიათებელია ამ ჟანრისთვის. მის პერსონაჟს ვიცნობთ სულიერი ძლიერების იდეალურად და ამგვარს სახეს ინარჩუნებს მოთხრობის ბოლომდე.

ავტორი გვაცნობს მის პერსონაჟს დასაწყისში : „ამათ ნეტართა შორის გამორბწყინდა მადლი სავსეჲ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაჲ და წინამძღვარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ, ორთა მათ დიდებულთა მონასტერთაჲ, რომლი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შენებასა მათსა”

დასასრულს კი აღნიშნავს :

„რომლისათვისცა დღეს ხსენებაჲ ნეტარისა მამისა გრიგოლისი იყავნ მარადის ჩვენდა სასო და შესავედრებელ სულისა და ხორცთა და ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩვენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა, “

არც მისი და ფებრონიას რომანული ეპიზოდია ჩართული, ამის გარეშე იწყება ამ უკანასკნელი პერსონაჟის შემოსვლა ნაწარმოებში.რომანში „ტრფობა წამებულისა“ კი გრიგოლ ხანძთელი ებრძვის საკუთარ ხორციელ არსებას; როგორც ქრისტესთან მიახლოებული მოკვდავი ცდილობს, დაგმოს და დათრგუნოს ხორცი თვისი და აღაზევოს სული.ხორციელი სხეული ჭურჭელია, ხორცი სამოსელია სულისა.

იგი ადამიანურ ბუნებას ეურჩება, სიტკბოებას ამქვეყნიურს უარყოფს. მაგრამ რას ამბობს მწერალი? ბარნოვი ხორციელი მშვენების უარყოფაში ვერ ეთანხმება წმინდანს.ვინაიდან ხორციელი მშვენებაც ნაწილია თვით უზენაესი უფლისა. როგორც ჭეშმარიტებას ვერ მოსტაცებს უფალს სატანა, ასევე შეუძლებელია მოსტაცოს მშვენიერების და სიყვარულის უმცირესი ნაწილი. ხორცის უარყოფა თვით მისი შემოქმედის უარყოფაა.“უარჰყო იმან (გრიგოლმა) ერთი ნაწილი თავის ბუნებისა.თავისი ნივთიერი არსება.შეუდგა აწ განვითარებას მხოლოდ სულისას.-გგონია, კარგადა ჰქმნა?დარწმუნებული ხარ მცნება უფლისა აღასრულა?ნუ იფიქრებ!ღმერთს ჭკუა არ ესწავლება.იმან შეგქმნა ხორციელი და ჩაგბერა სული უკვდავი;ორი ბუნება შენი განუყრელად შეერთებული.უნდა დაჰმორჩილდე ნებას ყოვლად ბრძენ შემოქმედისას.გიყვარდეს ხორციელიც და სულიერიც შენი არსება.იზრუნო მასზედ, განავითარო.განგებამაც ესე დააწესა:მოგცა წესდება ხორცისათვის და მცნება სულისათვის...სული და ხორცი განუყრელად არიან ერთქმნილნი და განვითარების გზაზედ ეხმარებიან ერთმანეთს.ვერავინ გაჰყრის სამუდამოდ ერთქმნილ ხორცს და სულს.ვერც ამქვეყნად, ვერც თუ იმქვეყნად....ხორციც ვითარდება, წმიდავდება, უკვდავ იქმნება, სამარადისო ყოფნას ეზიარება, ვით სხეული სრულის ღმერთ-კაცისა, ოღონდ აამაღლე იგი, განავითარე, ჰაეროვან ჰყავ, ნათლით შემოსე, დაუახლოვე ღმერთს განკაცებულს. ადამიანი სახეა ყოვლადშემძლებელი შემოქმედისა, მისთვის არაფერია შეუძლებელი.“ (ვ.ბარნ)აქედან გამომდინარე მერჩულესგა განსხვავებით, ბარნოვი უპირისპირდება ასკეტიზმს. მისთვის ხორცი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სული. მის მიხედვით, განღმრთობა ხდება არა მხოლოდ სულით, არამედ ხორცითაც.მღვდლის ოჯახში აღზრდილი და სასულიერო სემინარიაში განსწავლული ბარნოვი, რომელიც შემდეგ იმავე სემინარიაში მასწავლებლობდა, ცხადია საფუძვლიანად იცნობდა მართლმადიდებელ ქრისტიანულ სარწმუნოებას.ქრისტიანული რელიგიისთვის ცნობილია არაერთი წმინდანი, რომელნიც ხორციელადვე აღმაღლდნენ ზეცად ან რომელთა სხეულის ნაწილებიც საუკუნეთა მანძილზე უხრწნელია.თვით უფალი იესოს ხორციელი აღდგომაც დასტურია ამის.მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი ებრძვის ხორციელ ბუნებას, ვფიქრობ, მაინც ადამიანია, მიწაზე მყოფი; დედამიწა ხომ ანგელოზებით არაა დასახლებული, აქ ცხოვრებისა და მოღვაწეობის კეთილად წარმართვისთვის მხოლოდ უფლის შეწევნა არ კმარა.გრიგოლი არაერთხელ ავლენს აზროვნების მეორე, პრაქტიკულ მხარეს. იგი უფლისგან კარნახს და სასწაულებრივ ხილვებს როდი ელის, არამედ დამოუკიდებლად, თავის ადამიანურ ნებას უქვემდებარებს სხვა ადამიანების ქმედებას.მას მხოლოდ საკუთარი თავი არ გადაუდია საუფლო მსხვერპლად.განდეგილობაში, მარტომყოფობასა და მხოლოდ სულის საოხად ლოცვაში კი არ იწმიდება, არამედ აქტიურ მოღვაწეობაშია, მარად მოქმედებაში.“კეთილად განმგებელი და უდაბნოთა ქალაქმყოფელი“ გრიგოლი არ კმაყოფილდება საკუთარი სულისა და მონასტერთა შენებით, მას განუზრახავს სხვისი ხელითაც შესწიროს უფალს მსხვერპლი.ეს სხვა არის თებრონია.“ესეთი გაკაჟებული გული არის საჭირო იმ მრავალსახე და დიდ მსხვერპლისათვის რომელი მსურს შევსწირო მე თებრონიას ხელით ღვთაების ნებისყოფას შეუსაზღვრელსა“(ვ.ბარნ)ფიქრობს წმ.გრიგოლი და ამ ფიქრიდან ჩანს არა ქრისტიანული გრძნობიერი დამოკიდებულება მოყვასისადმი, არა ღვთისმიერი სიყვარულით ნაკარნახევი სურვილი, არამედ კარგად გათვლილ-გაანალიზებული სვლა, ძლიერი პიროვნების შემოკავშირების, თანამოსაქმედ გახდომის გეგმა.გრიგოლ ხანძთელი შემდგომ უფრო დიდ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც არა თუ არ ამოდის წმიდა ქრისტიანული განცდებიდან, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას.იგი აშოტის მოძღვარს ავალებს აღიარებინოს აშოტს ცოდვა(შუქურისადმი ტრფიალი, რომელიც ავტორმა ღვთისგან კურთხეულ დადა კაცთაგან დაგმობილ კავშირად წარმოგვიდგინა) და დაატოვებინოს, დაათმობინოს იგი.ხოლო დავალების აღსრულების შემდგომ ხუცესმა აუწყოს ყოველივე გრიგოლს, თუ როგორ წარმართა აღსარება და რა მოისმინა კურაპალატისაგან.გრიგოლის საერო ცხოვრებაში ჩართულობა, მართალია, ჩანს მერჩულესთანაც, თუმცა ვასილ ბარნოვმა კონტრასტულობით წარმოაჩინა აშოტისა და გრიგოლ ხანძთელის სახით ის უფლებრივი გამიჯვნა, რომელიც მე-8-მე-9 საუკუნეების საქართველოში საერო და სასულიერო წოდებათა შორის არსებობდა, განსხვავებით გიორგი მერჩულეს მოთხრობისაგან, რომლის შექმნის მიზანი გრიგოლის სარწმუნოებრივი ღვაწლის განდიდება იყო;

ვფიქრობ, საყურადღებოა ისიც, რომ თუ მერჩულე ასახავს ფაქტებს, გაფორმებულს ჰაგიოგრაფიულად და რეალისტურად, ბარნოვი ამქვეყნიურ ცხოვრებას ასახავს მიღმური ცხოვრების მახინჯ ანარეკლად და ამგვარად ასახავს კიდეც. მისთის ადამიანის ამქვეყნიური ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია თავისი უარყოფით და დადებითი მხარეებით, ვიდრე ასკეტური ყოფა; ეტრფის რა სიმშვენიერეს და ესწრაფვის ყოველივე სულდგმულს, ცდილობს განსპეტაკდეს და შეუერდეს შემოქმედს, რაც განხილულ ნაწარმოებთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.


გამოყენებული ლიტერატურა :

ს. ჭილაია - უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია

ა. ნიკოლეიშვილი -ქართული ლიტერატურა

კ. ლორია -ლიტერატურული ჰორიზონტები, ლოგოსი, თბილისი 2009

კ. ლორია - რომანტიზმი ლიტერატურაში, ნაწილი 2.

„რიწა“, 1998, N4-3. ინგა მილორავა - „ცხადისა და ზმანების ურთიერთმიმართება ბარნოვის მოდერნისტულ რომანში“

ო. ჩხეიძე -რომანი და ისტორია



0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0