x
ვეფხისტყაოსანი და შუასაუკუნოებრივი რაინდული რომანი
image


ბერძნულ- რომაული რომანის ტრადიციები

ელინისტური ეპოქის გარიჟრაჟზე იწყება ბერძნულ სამყაროში რომანის ტიპის თხრობითი ნაწარმოების აღმოცენება, თანდათანობით უკანა პლანზე იწევს მითოსური და ზღაპრულ-ფანტასტიკური მოტივების როლი და ადამიანური ცხოვრება მის უზოგადეს ასპექტში აისახება. თანდათან საცნაურია პიროვნების ემანსიპაცია. ამავე დროს ვხვდებით მისტერიალური და ფილოსოფიური მოძღვრებებბის მხატვრულ დასაბუთებას, მათი ეთიკური იდეების წარმოჩენასა და დამკვიდრებას.

ჩვენამდე მოაღწია 5-მა სუფისტურმა რომანის ხელნაწერმა, რომელშიც რიტორიკის სტილშია გადმოცემული შეყვარებულ წყვილთა ამბები; პრობლემებიც გვაგონებს წინარე რომანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს : ჩვენს წინაშეა არისტოკრატიული წარმომავლობის შეყვარებულ წყვილის ამბავი, რომელსაც მუდამ ბედნიერი დასასრული აქვს. მათი განსაცდელი კი გამოწვეულია ღვთაების დევნით, ავი ბედით... ამის მაგალითია ჰელიოდორეს რომანის გმირი ბერძენი ქალწული ქარიკლეა და მისი მიჯნური თეაგინე. აღნიშნულ ნაწარმოებს ამგვარი სქემის გამო „ეროტიკულს“ უწოდებდნენ, თუმცა შემდეგ მისი ხასიათიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ტერმინი „არეოტოლოგიური რომანი“.


ელინისტური რომანის ღრმა კავშირი ანტიკური მისტერიების მოძღვრებასთან განსაკუთრებით კარგად ჩანს აპულეოსის „ოქროს ვირში“, სადაც ადამიანის ვირად ქცევა ალეგორიულად მასში ცხოველის გამარჯვებას ნიშნავს.

ელინისტური არეოტოლოგიური რომანის ტრადიციებს აგრძელებს ბიზანტიური რომანიც, თუმცა ამ უკანასკნელში საცნაურია სიმბოლურ- ალეგორიული პლანის უფრო მეტჯერ გაძლიერება. ამის მაგალითია „ისმინიუსი და ისმინი“, სადაც გმირებს არ გააჩნიათ არსებობა, ვხვდებით დროის მითოლოგიზაციას, ქრონოლოგიის უქონლობას. რაც შეეხება შეყვარებულ წყვილს, ის განასახიერებს სიყვარულის იდეას, რომელსაც სიძულვილის მტრული განცდა უპირისპირდება შავკანიანების სახით. ნაწარმოების მთავარი იდეა სიყვარულის გამარჯვებაა.









კურტუაზიული რომანის ტრადიციები

ვეფხისტყაოსანი დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს დასავლეთ ევროპული რაინდული რომანის ნიმუშებთან. ჰეროიკული ინიციაციის იდეათა სისტემა დასავლური რომანის მასაზრდოებელია. გარდა ამისა, კურტუაზიულ ლიტერატურაში აირეკლა ნეოპლატონიზმის, სუფიზმისა და მანიქეიზმის იდეები.

ბერძნულ-ბიზანტიური რომანისგან განსხვავებით, კურტუაზულ რომანში ჭარბად იგრძნობა ზღაპრულ ავანტიურული იდეა.

ამავე დროს კურტუაზულ ლიტერატურაში რაინდებ გმირებში შეიძლება ბერძნული მითოსური გმირებისა და ღმერთების აღმოჩენა. ასევე თვალსაჩინოა ბიბლიური მითოსის ინტერიორიზაცია; აღწერილია სულის მატერიაში ჩამოსვლა და ღვთისკენ ზეაღსვლა.

ბიბლიის ცენტრალური მითის მიხედვით, ღმერთმა თავდაპირველად შექმნა პირველკაცი ანდროგენად, „დედაკაცად“ და „მამაკაცად“, შემდეგ კი ადამად და ევად განყო, რასაც ე.წ მეორე შესაქმისს უწოდებენ. ედემი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, განასახიერებს უნივერსალურ ორგანიზმს. იქ დარგული ცხოვრებისა და ცნობადობის ხეები სიმბოლურად შეესაბამება სქესებად დაყოფას. გველი კი არსებაა, რომლის მეშვეობითად პირველქმნილმა ადამიანმა ყურადღება მიმართა ცნობადობის ხისაკენ და კაცობრიობას დააკარგვინა ცხოვრების ხე.




„ერეკი და ენიდა“

მე-12 ს - ის ფრანგი კრეტიენ დე ტრუას რომანის „ერეკი და ენიდას“ მთავარი გმირი არის ერეკი. პოემა იწყება მეფე არტურის კარის აღწერით, სააღდგომო შეკრებით, რასაც მოჰყვება ტრადიციული რაინდობა თეთრ ირმებზე. ნადირობა განასახიერებს სულიერ გმირობას, ირემზე ნადირობა კი - გმირობას.

სანადიროდ გამოსულ მეფესა და დედოფალს თან ახლდა სამეფოს უპირველესი რაინდი ერეკი. ისინი ხვდებიან უცხო მოყმეს, იწყებენ მისი ვინაობის გაგებას, თუმცა ამაოდ. არტურის ცოლი გვინივერა იტანჯება რაინდის ვინაობის გაგების სურვილით. ერეკლი შეჰფიცავს, რომ შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას და მრავალი ფათერაკის შემდეგ იპოვის, შეერკინება და შეიტყობს მის სახელს; ის არის იდერი, „ღამის ძე“. მასთა დაპირისპირება არის სიმბოლო დრაკონთან ორთაბრძოლისა, ანუ დაპირისპირება წარმართობასთან და ქრისტიანობის გამარჯვებას.

ბოლოს ერეკი ხდება ღირსი, იქორწინოს სატრფოზე. ქორწინების შემდეგ ერეკი და ენიდა, მისი მეუღლე, ნეტარებენ, რასაც ხალხი გააკრიტიკებს და ცოლის რჩევით, ერეკი საგმირო საქმეთა ჩასადენად წავა, თან მეუღლეც გაჰყვება. მათ მრავალი თავგადასავალი გადახდებათ გზაზე. ერეკი მიადგება მეფე ევგენის კოშკს, რომელიც ქვესკნელს განასახიერებს. მასში ცოცხლად შესვლის მიზანი სიკვდილის დათრგუნვაა, რაც ყოველგვარი ჰეროიკული ინიციაციის მიზანია გილგამეშის ეპოსიდან დღემდე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის საწადელია, რომლითაც ერეკი შედის მეფე ევგენის კოშკში. აქ მან უნდა მოიპოვოს საკარო შვება, რაც საუკუნო ნეტარებას, სულის ხსნას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ევგენი რთულ გამოცდათა შემდგომ ერეკს მიიყვანს სასწაულებრივ წალკოტში, რომელშიც უძლეველი გოლიათი ქალწულს ყარაულობს. მას დაამარცხებს ერეკი, რაც წარმოადგენს ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლას. რაინდის დამარცხების შემდგომ ერეკი აიღებს საყვირს, რადგან გიგანტმა დატოვოს ბაღი, რაც აშკარა მინიშნებაა აპოკალიფსურ საყვირზე მეორედ მოსვლის წინ.

ყოველივე ამის შემდგომ იწყება შვებისა და ბედნიერების ხანა და იმართება საშობაო ზეიმი, სადაც ერეკს აცვია ოთხი სინათლის ოთხი ფერიის მოქსოვილი ფანტასტიკური სამოსელი. ერთმა მათგანმა გეომეტრიის საწყისები ჩააქსოვა, მეორემ - არითმეტიკის, მესამემ - მუსიკის ჰანგთა ხილული გამოსახულებებით გაამდიდრა, მეოთხემ -ასტრონომიით; ამრიგად, ავტორმა ერეკის სახეში მოგვცა შუასაუკუნეების მეცნიერულ - ფილოსოფიური გზის ალეგორიული ასახვა.

განსაკუთრებით საინტერესოა სამოსელის საყელო, რომელიც შექმნილია ინდოეთის მკვიდრი მრავალფერი ცხოველის ტყავისაგან და ფუნქციურად ემთხვევა ვეფხვის ტყავს. შემთხვევითი არც ისაა, რომ ამ ცხოველის წარმომავლობა ინდოეთს უკავშირდება, ვინაიდან იგი მისტერიათა სიბრძნის სამშობლოა.

ახლა შევადაროთ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის ცალკეული ინკრედიენტები და პოეტური სახეები კრეტიენ დე ტრუას ხსენებულ რომანს; ორივე ნაწარმოები იწყება საზეიმო შეკრებით, რომელსაც მოსდევს ნადირობა, რომლის დროსაც ხვდებიან „უცხო მოყმეს“. მისი ვინაობის შეტყობა რთული აღმოჩნდება. ორივეგან გაუჩინარდება იგი და დედოფლის სურვილით განახლდება მისი ძებნა. ორივე გმირს უამრავი ფათერაკი ხვდება ამ პროცესში, ორივე ქალს კი მოსავს ყარყუმის ბეწვის სამოსი, ორივე ნაწარმოების გმირები სხდებიან ვეფხის გამოსახულების ქსოვილზე.

მაინც უმთავრესი ამ „ვეფხისტყაოსანსა“ და „ერეკი და ენიდას“ შორის ტიპოლოგიური დამთხვევებია ქვესკნელში ჩასვლის ეპიზოდებში. ევგენის სახელის ეტიმოლოგია უკავშირდება „დამშვიდებას“, რაც სიკვდილზე მიგვანიშნებს და ემთხვევა ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის დედოფლის, დულარდუტხის სახელს.

ამრიგად, დასტურდება, რომ ქაჯეთის ციხე ქვესკნელის, ქტონური საუფლოს ალეგორიაა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სვანიძის გამოკვლევაში ვეფხისტყაოსნის ისტორიული და გეოგრაფიული სარჩული, რომლის მიხედვითაც ტარიელის გზა ინდოეთიდან ქაჯეთისკენ არის გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი.

მითოლოგიურ სიმბოლიკაში დასავლეთი, მზის ჩასვლის მხარე, ბინდს გნასახიერებს. ინიციაციის მაძიებელი გმირები ყოველთვის ჯერ დასავლეთისკენ მიდიან, მისი მიღების შემდგომ კი - აღმოსავლეთისკენ. სწორედ ბინდთანაა ასოცირებული ვეფხისტყაოსანში ჯაქეთი, რადგან ფატმანის გრძნეულ მონაზე ნათქვამია :

„რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელასა“.

რუსთაველთან ქაჯეთი თუ ბნელის, ქვესკნელის სიმბოლოა, ინდოეთი მისტერიების სიმბოლიკაში პირდაპირ ნიშნავს ლეგენდარულ ზღაპრულ მხარეს, სამოთხეს. ეს ქვეყანა ძველ მწერლობაში ყოველთვის დაკავშირებულია სამოთხისმიერ ყოფასთან და ცხოვრების ხესთან. მაგ. ბიბლიის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ ღმერთმა ედემი გააშენა აღმოსავლეთით. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიზამი განჯელის პოემაში „ისკენდერ- ნამი“ ვხვდებით აღმოსავლეთის ასეთსავე გააზრებას, კერძოდ, ინდოეთისას.

ვეფხისტყაოსანშიც ასეთივე მითიურ-ლეგენდარულ ინდოეთთან გვაქვს საქმე, რომელიც სულის პლანს, სამოთხის ყოფას, ცხოვრების ხის საუფლოს განასახიერებს. აქ ნესტანი - სოფია არის მამისეულ (ღვთისეულ) წალკოტში, ასეთივე ჯადოსნური წალკოტისა და წყაროს მფლობელია კრეტიენ დე ტრუას „ივეინი, ანუ ლომის რაინდის“ გმირი ქალი ლოდინა. აღსანიშნავია ისიც, რომ წყარო და წალკოტი ფიგურირებს იკონოგრაფიაში იმ წალწულის გვერდით, რომელიც გამოიხსნა წმ. გიორგიმ.

ნესტანს ფარავს საფარველი, რომელიც არის მინიშნება იზიდასა და ღვთისმშობლის საფარველზე, მისი მწვანე სამოსი კი - ნაყოფიერების ქალღმერთის ატრიბუტზე.

სულიერი ინდოეთის, მისტერიათა საუფლოს მთლიანობასა და სრულყოფილებას უპირისპირდება ბნელის საუფლო, რომელიც ვეფხისტყაოსანში სიმბოლიზებულია ხატაეთით, ხორეზმითა და ქაჯეთით. აღნიშნულს თითქოს ეწინააღმდეგება ის, რომ ნესტანის მამა, ფარსადანი სასიძოდ ხვარაზმშის ძეს იწვევს, თუმცა აქ უნდა გავიხსენოთ ის, რომ „რამაიანაშიც“ ინდოეთის მეფე უშვებს მსგავს ფატალურ შეცდომას. ყოველივე ეს კი მიუთითებს მისტერიათა კრიზისზე, რომელსაც განასახიერებენ ეს მეფეები.

საინტერესოა, ვინ იყო მთავარი მიზეზი ნესტანისა და ტარიელის გაყრისა. ეს იყო „დავარ ქაჯი“, ქაჯეთის ფარული აგენტი ინდოეთის კარზე.

რაც შეეხება ნეგატიურ სასიძოს, მითებსა და ეპიკური პოემების სახისმეტყველებაში იგი ყოველთვის ჟამიერის, წარმავლობის სიმბოლოა, რომელსაც კრავს მზიური გმირი, როგორც წმ. გიოორგი - დრაკონს.

ხვარამშის ძის ძილი განასახიერებს მისი ცნობიერების მდგომარეობას, ცხოვრების დაბინდებასა და დაბნელებას, რომელსაც იწვევს სატანა.

მეორე ასპექტით, ტარიელი და ნესტანი დაცემულ ადამსა და ევას განასახიერებენ. კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის ერთადერთი გზა, პენიტენციალური სინანულის გზა, რომელსაც ნესტანი და ტარიელი გადიან ინდოეთის (სამოთხის) დაკარგვის შემდეგ. ტანჯვის შედეგად ისინი ისევ აღზევდებიან.

სწორედ ამის გამო ვეფხისტყაოსანს ე.წ „აღორძინების ლიტერატურაში“ ეწოდება სოფლის ზღაპარი; ვინაიდან ძვ. ქართულ ენაზე „ზღაპარი“ მითსაც ნიშნავს, ვეფხისტყაოსანი განიხილება, როგორც მითი სოფლის შესაქმის შესახებ. თეოლოგიური ცოდნის ნაკლებობის შედეგი იყო ამ ეპოქაში რუსთველის დამნაშავედ გამოცხადება ამ „სოფლის ზღაპრის“ დაწერის გამო. სინამდვილეში, „სოფლის ზღაპარი“ მოცემულია თავად ბიბლიაში, შესაქმის წიგნში, რუსთველი კი მის მხატვრულ ინტერპრეტაციას გვაძლევს.





„ივეინი ანუ ლომის რაინდი“

„ივეინი ანუ ლომის რაინდი“ იწყება არტურის კარზე, საზეიმო შეკრებით სულიწმინდის გადმოსვლის დღეს, სადაც არის მსჯელობა სიყვარულსა და კურტუაზიაზე. რაინდი ივეინი, დედოფლის დავალებით, მისი გულის მოსაგებად მიემგზავრება მიემგზავრება რაინდული საქმეების ჩასადენად.

სახელი ივეინი უკავშირდება ბიბლიურ „იოვანს“, ხოლო მამამისის ურიენის სახელი - ურეელ მთავარანგელოზს.

ივეინის მიზანია გოლიათის დამარცხება და ჯადოსნური წყაროს დაუფლება. მისი გზა პენიტენციალური გზაა, მას აქვს დიდებისა და მორალური სრულყოფის პერიოდები, რომელსაც მოსდევს დაცემა. ყოველთვის, როცა იგი აღასრულებს ქრისტიანულ თუ კურტუაზულ სიყვარულს, იწყება მისი აღმასვლის პერიოდი. იგი გაივლის ველად გაჭრის, ველური ცხოვრების არასრულყოფილებას, როგორც მაჯნური; გაივლის ავადობის პერიოდსაც, რომლისგანაც განკურნავს არტურ მეფის ნახევარ დის, ჯადოქრ ფატა - მორგანის წამალი. შემთხვევითი არ უნდა იყოს „ფატმანისა“ და „ფატა - მორგანის“ ფუძეთა შორის დამთხვევა, მით უმეტეს, რომ ისინი ერთსა და იმავე მისია ასრულებენ, განასახიერებენ მიწიერი ცოდნის სამშობლოს.

ივეინის ხანგრძლივი ბრძოლა ბოროტ ძალებთან, რაც ეშმაკთან დაპირისპირებას განასახიერებეს, სრული გამარჯვებით სრულდება. ამის შემდეგ იგი ხდება ლოდინას სიყვარულის ღირსი, რომელიც ნესტანის მსგავსად წალკოტისა და წყაროს მფლობელია და როგორც თინათინს მოსავს ყარყუმის ბეწვი. რაინდს რაც შეეხება, მას ყოველთვის თან ახლავს ერთგული ქალი გაჭრისა და უკიდურესი შეჭირვებების პერიოდებშიც, ისევე, როგორც ასმათი ტარიელს. საყურადღებოა ისიც, რომ მტრებთან ბრძოლაში ივეინს ეხმაქრება ლომი (აღდგომის სიმბოლო), რომელთან ერთადაც იგი იმარჯვებს, როგორც ქრისტე სატანაზე, რაც განსაკუთრებით ცხადად მოჩანს სატანაილების მიერ დაპატიმრებული ქალწულების გამოხსნის ეპიზოდში, რაც ენათესავება ქაჯებისგან ნესტანის გამოხსნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ლომის რაინდი“ უმღერის მეუღლეობრივ სიყვარულს და არა ადიულტერს. ორ სულს შორის სიყვარული ავტორისთვის საღვთო სიყვარულის მიბაძვაა, რის გამოც მეგობრობის თემა მასში სუსტადაა განვითარებული.,

მსოფლიო ეპიკურ პოემებში ინიციაციის მოსაპოვებლად მხოლოდ ცალკეული ინდივიდები იბრძვიან, ხლო ორი მეგობრის ერთობლივი ბრძოლა ახასიათებს მხოლოდ ვეფხისტყაოსანს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მეგობრობის თემის დამუშავებით მას არც თუ რაინდული რომანის სამყაროში, არამედ მსოფლიოში ალბათ ვერ შეედრება რომელიმე ნაწარმოები, რაც აქცევს მას მსოფლიო კლასიკის გვირგვინად.




2
226
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
226
  
2021, 25 სექტემბერი, 15:19
ძალიან საინტერესო კვლევაა, მაინტერესებს გაგრძელაბა აქვს? და თუ აქვს სად შემიძლია მთლიანი ვერსია ვიხილო?
2019, 26 თებერვალი, 3:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2