x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ქრისტიანობისა და მითრას სინთეზი

მ.ჰალბვაქსის თეორიის მიხედვით, რომელიც კოლექტიურ მეხსიერებასა და მისი "სოციალური ჩარჩოების" ჩამოყალიბება-პროგრამირებას ეხება, ვხვდებით ერთ საინტერესო ნაშრომს "ტოპოგრაფია" ეს უკანასკნელი მოიაზრებს კვლევას მენტალური რუკის ტოპოგრაფიულ დონეზე გადასვლის შესახებ, ისტორია იმის შესახებ თუ როგორ გადიოდა იესოს ცხოვრების შესახებ კოლექტიური მეხსიერების ლოკალიზაციის პროექტი საუკენთა განმავლობაში ახალი აღთქმის მნემონიკური ადგილების შექმნით, დახვეწით, მოდიფიკაციით, შეცვლით სხვადასხვა სტადიებს.ჰალბვაქსის აზრით, ის მნემონიკური ადგილები რომელნიც დაკავშირებულ იქნა მლოცველთა მიერ იესოს ცხოვრებასთან უკვე წარმოადგენდა წმინდა საკრალური მნიშვნელობის ადგილებს იუდეველთათვის ეს ფაქტი გახლდათ კოლექტიური მეხსიერების საიდუმლოება ყოველივეს აღმოჩენით ძალიან ამაყობდა ზემოთ ხსენებული მეცნიერი.
ზოგადად რაიმე ახლის დამკივდრებას, გავრცელებას, პოპულარიზაციას ყოველთვის წინ ეღობება დაბრკოლებათა დიდი კედელი, რომლის მწვერვალსაც აწ უკვე დაფუძნებული და ხალხის მენტალობაში გამჯდარი ტრადიცია წარმოადგენს.ქრისტიანობის გამავრცელებელ-მქადაგებლებსაც ამგვარი ბარიერების გადალახვა უწევდათ.თუმცა თუ ჰალბვაქსის აღმოჩენას ჩავუღრმავდებით ნათელი გახდება ის ფაქტი რომ ქრისტიანობამ ძალზედ ჭკვიანური გზებით დაიმკვიდრა თავი და აღზევდა სხვა რელიგიებზე მაღლა. ყოველივე არ მომხდარა მხოლოდ ინტენსიური ქადაგებებისა თუ ბევრი მსხვერპლის გაღების შედეგად, ჩემი აზრით ქრისტიანობამ ანდაზის "სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო" პრინციპით შესთავაზა და წარუდგინა ხალხს სიახლე ოღონდ მათთვისვე ნაცნობი სახით.მოკლედ რომ ვთქვათ ქრისტიანობა ხალხში უკვე დამკვიდრებულ კოლექტიური მეხსიერების ბაზისებს ეცნობოდა, შეერწყმოდა-მასთან ადაპტირდებოდა და შემდეგ ამ სახით ვრცელდებოდა.ვფიქრობ ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამისა გახლავთ ქრისტიანობისა და მითრას კულტის დაჯახება.


იესო და მითრა

მითრა (ნიშნავს-მოლაპარაკებას, შეთანხმებას) ინდოარიული მარად ახალგაზრდა ღვთება, რომელმაც გავრცელება ჯერ აქემენიდურ სპარსეთში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში ჰპოვა. მითრა სამართლიანობის ღვთაებაა, რომელიც სჯის ყველა ფიცის დამრღევვთ, ასევე დაკავშირებულია მზესთან, ის მზეზე ადრე ამოდის ცის კაბადონზე, ის მეომარი ღვათაებაა რომელიც ბოროტებას, ბოროტ ძალებს ებრძვის. მითრას გამოსახავდნენ, როგორც ცხენზე ამხედებულ ახალგაზრდა უწვერულ ყმაწვილს ფრიგიული ქუდით და თანმდევი ცხოველებით: ღორი, ყვავი, გველი, მამალი. მითრაისტული რელიგია თითქმის გლობალური მასშტაბით ვრცელდებოდა ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვამს, რომ მაშინ ცნობილი ყველა ცივილიზაცია, ევრაზია-აფრიკის კონტინენტზე, იცნობდა ამ კულტს(აქედან გამომდინარე მითრას სახემ ბევრი ვარიაცია შეიძინა)თუმცაღა ყველაზე მნიშნველოვანი მითრასა და ქრისტიანობის ურთიერთდამოკიდებულების განხილვისას გახლავთ რომის იმპერია.ანტიკურობაში მითრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება იყო რომაელები მას გნეუს პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობების პერიოდში გაეცვნენ.მითრას სამართლებრივმა და მფარველურმა ხასიათმა მას მალევე მოუტანა აღიარება ჯარისკაცებსა და პლებეებში.მითრა მოსწონდათ იმპერატორებსაც ეს კულტი ხშირ შემთხვევაში მათი ძალაუფლებისა და გავლენის ნიშნად აღიქმებოდა.მითრამ საკმაოდ მყარი პოზიცია დაიმკვიდრა რომის იმპერიაში.როგორც ვიცით იესო ქრისტეს დაბადების დღედ საყოველთაოდაა აღიარებული 25 დეკემბერი.შობის დღესასწაული დღესდღეობით ყველაზე მასშტაბური დღესასწაული გახლავთ, მას აღნიშნავს ყველა ქრისტიანი და არა მარტო.საინტერესოა რომ ამდაგვარი საყოველთაო ხასიათი გააჩნდა მითრას ანუ მზის საკულტო დღეს რომში, რომელიც ასევე იმართებოდა 25 დეკემბერს ამ დღესასწაულს ძალზედ კოლექტიური ხასიათი ჰქონდა და სახელმწიფო სტატუსი გააჩნდა.ისტორიულად დამტკიცებულია რომ მითრასადმი მიძღვნილ ზეიმში მონაწილეობას თავდაპირველად ქრისტიანებიც იღებდნენ.ხედავდნენ რა მითრას პოპულარობას იმპერიაში ისინი შეეცადნენ ეს დღესასწაული დაეკავშირებინათ ისეო ქრისტეს დაბადებასთან და ამით მოეხდინათ „წარმართული“ და ქრისტიანული რელიგიების სინთეზი, რასაც მათი აზრით ქრისტიანობის პოზიციების გამყარება უნდა მოჰყოლოდა.საინტერესო ფაქტებს ვაწყდებით მითრასა და ქრისტიანობის სინთეზთან დაკaვშირებით საქართველოშიც.შობის აღსანიშნავად ქართველთა უმრავლესობა დღემდე კლავს ღორს თუმცაღა ძალიან საეჭვოა მათ იცოდნენ იმის შესახებ თუ საიდან მოდის ეს ტრადიცია, რომელსაც ასე ზედმიწევნით მივსდევთ ამდენი ხანია.ღორის დაკვლის ფენომენი ქრისტიანობაში სხვა არაფერია თუ არა მითრაისტული რემინისცენცია, ღორი ჩვეულებრივ წარმოადგენდა მითრას თანმდევ ერთ-ერთ წმინდა ცხოველს, რომლის შეწირვაც ალბათ ქრისტიანობამდელი ქართველი მოსახლეობისთვის იმდენად ბუნებრივი იყო, რომ მათ არჩიეს ეს ტრადიცია შეენარჩუნებინათ და თაობებისათვის გადაეცათ. მითრას თაყვანს მისი მიმდევრები მითრეუმებში სცემდნენ აღსანიშნავი, რომ მითრეუმის ანალოგებს ქართულ ბაზილიკურ ტაძრებსა თუ მონასტრულ კომპლექსებში ვაწყდებით მაგ. დავით გარეჯსა და ნეკრესში.ნეკრესთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს გ.ჩუბინაშვილმა და ლ. ჭილაშვილმა რომელთაც გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი ბაზილიკური ტაძარი მე-4 საუკუნით დათარიღებული გახლდათ მითრეუმი.ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ აქ (ეს ქრისტიანულ სამლოცველო ადგილებს შორის გამონაკლისია) ოდითგანვე 25 დეკემბერს ღორს კლავდნენ.რაც შეეხება დავით გარეჯში მითრეუმად მიჩნეულ ნაგეობაბას, მის ინტერიერს-სატრაპეზოსა და სამსხვერპლოს რომის იმპერატორი კარაკალას მიერ აგებული მითრეუმის იდენტურად მიიჩნევენ.მსგავსება მართლაც უდავოა.საქართველოს ტერიტორიაზე მითრას კულტის არსებობას ამტკიცებს დაახ. II-III სს.-ის ტრაპეზუნტის მონეტები ბიჭვინთა-სოხუმის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა განძმა ბევრი ეჭვი გაფანტა და ბევრი ჰიპოთეზა გაამართლა. ტრაპეზუნტის მონეტებზე ხშირად ვხვდებით უწვერული ჭაბუკი მხედრის გამოსახულებას გველით, ცაზე მზით, ზოგჯერ მთვარით და ა.შ არსებობს მოსაზრება რომ მითრას კულტი საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა და შეერწყა კაპადოკიურ ასტრალურ მთვარის ღვთაება მანი/მენს და გახდა სინკრეტული ღვთაება.ამ ყოველივეს განხილვა საკმაოდ შორს წაგიყვანს ამიტომ აღვნიშნავ მხოლოდ იმას რომ ეს სინკრეტული ღვთაება მოგვიანებით გახდება ქრისტიანულ რელიგიაში არსებული ერთ-ერთი წმინდანის პროტოტიპი ეს წმინდანი კი გახლავთ წმ.გიორგი. საქართველოში უახლესი სტატისტიკითაც კი სახელი გიორგი გავრცელებისა და პოპულარობის მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.სარწმუნოა რომ ხალხის ამ სახელის მიმართ ამგვარი სიყვარული გამოწვეული უნდა იყოს წმ. გიორგის პოპულარობით-რომელიც თავდაპირველად მითრას კულტმა განაპირობა.მითრას კულტის "წარმართულ" საქართველოში დომინანტურობაზე საუბრისას ზემოთხსენებული ნუმიზმატიკური მასალაც კმარა, აქედან გამომდინარე უპრიანი იქნება ვიფიქროთ რომ მისი აღმოფხვრა ტრადიციიდან-ხალხის მეხსიერებიდან ადვილი არ იქნებოდა. ქრისტიანობა ამ საკითხსაც ჭკვიანურად მიუდგა მითრას იკონოგრაფიას ჩამოშორებულ იქნა ე.წ "არასაჭირო" ცხოველები დარჩა მხოლოდ გველი (რომელიც ბიბლიაშიც გვხვდება), მხედარმა ჭაბუკმა ხელში შუბი დაიჭირა და ჩემი აზრით, ძალზედ ირონიულად გახდა წარმართობის წინააღმდეგ მებრძოლი წმ. გიორგის ხატება.ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ ჩამოყალიბებულა ინსტანციურად, ყოველივეს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.აღსანიშნავია, რომ ქართულ წარმართულ კალენდარში იყო მითრას საკულტო თვე მირკანი, არსებობდა დღესასწაული "მისრობა" "მირსობა" ეს უკანასკნელი დღესდღეობით "ჯეგე მისარიონის" სახელითაა ცნობილი ("ჯეგე"-"ჯგეგე"-"გერგე")და პოსტ ქრისტიანული, მოდიფიცირებული სახით ყოველწლიურად აღინიშნება სამეგრელოში წმინდა გიორგის საპატივცემულოდ. დღესასწაულის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მრავალი განსხვავებული ხალხური ლეგენდა არსებობს თუმცაღა მათ ყველას აერთიანებს ღორის ფენომენი, ფიგურა, ელემენტი მაგალითად ერთ-ერთი თქმულების თანახმად დღესასწაულს საფუძველი ჩაუყარეს შენგელიებისა და ზარანდიების 24-მა ოჯახმა.ამ ოჯახებიდან მამაკაცთა სახელები ღორის ტყავზე ყოფილა დაწერილი, ამავე თქმულებიდან ვიგებთ, რომ მირსობაზე ღორის-"ომირსეს" შეწირვა დღესასწაულის ე.წ კულმინაციას წარმოადგენდა.

ერთი სიტყვით ხალხის კოლექტიური მეხსიერება ძალზედ დიდი სიმძლავრის მოვლენაა, რომლის უკვალოდ წაშლა შეუძლებელია, რადგანაც სწორედ ხალხი ირჩევს იმას თუ რა უნდა იქნას დამახსოვრებული.ამ ფენომენის წინაშე ისეთი დიადი რელიგიაც კი უძლური აღმოჩნდა როგორიც ქრისტიანობაა.მიუხედავად იმისა, რომ ადრე თუ გვიან მითრას კულტი შთანთქმულ იქნა ქრისტიანობის მიერ, ეს სულაც არ ნიშანვდა მითრას სრულყოფილ წაშლა-განადგურებას. ფაქტი სახეზეა, მითრაისტული რემინისცენცია მრავლად და ნათლად, დღემდე შეინიშნება ხალხის მეხსიერებაში და განაგრძობს ამგვარ არსებობას.

0
216
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ კირკიტაძე
ნიკოლოზ კირკიტაძე
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0