x
ბარსელონა - მილანი 4:0 - "ერთი საღამოს გახსენება"

image

ბარსელონა რომ ქამბექების მეფეა, ეს მემგონი უკვე აღარავის უკვირს. მეც ბევრი შემობრუნებული თამაში მახსოვს ბარსას ისტორიაში. მახსოვს 2009 წლის სტემფორდ ბრიჯის ვნებათაღელვა, ინიესტას ბოლო წუთზე გატანილი დრამატული გოლი. 2010 წელიც კარგად დამამახსოვრდა, მესის პოკერით მეოთხედფინალიდან გამოვარდნილი არსენალი, თუმცა, 2013 წლის მერვედფინალი მაინც სხვა იყო. როცა კენჭისყრამ უკვე საფეხბურთო კლასიკად ქცეული მილანი-ბარსელონა დააწყვილა და იტალიურ-ესპანური გრანდების ჭიდილი კვლავ შემოგვთავაზა, ეს საფეხბურთო სამყაროს აღარ გაკვირვებია და არც ის ფაქტი, რომ ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ფავორიტად სწორედ კატალონიური კლუბი "მოინათლა", მაგრამ როსონერი სხვანაირად ფიქრობდა. სან-სირო ალიანს არენასთან, სტემფორდ ბრიჯთან და ვისენტე კალდერონთან ერთად იმ სტადიონების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც ბარსელონას ტრადიციულად ყოველთვის უჭირდა თამაში. 2013 წლის ის მერვედფინალი მაინც სხვა იყო... 20 თებერვალი, პირველი მატჩი გაიმართა იტალიაში, სადაც ბარსა სენსაციურად 0-2 დამარცხდა და ეს მატჩიც იმ იშვიათ თამაშებს მიემატა, რომლებიც მესიმ, ფაქტობრივად, ჩააგდო და რომ იტყვიან "ფეხიც ვერ გაანძრია". მატჩის შემდგომ ბარსას კრიტიკოსები გაიძახოდნენ: "დამთავრდა ბარსელონას ეპოქაო". არგუმენტებიც კარგი ჰქონდათ, გვარდიოლა გუნდიდან ახალი წასული იყო და ყველა ფიქრობდა, რომ პეპის გარეშე ბარსა ანგარიშგასაწევ ძალად აღარ ჩაითვლებოდა... 13 წელი ის ასაკია, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, ყველაფერს ბავშვური თვალით უყურებ და გამონაკლისი არც ფეხბურთია. შემდეგი სამი კვირის განმავლობაში ელოდები განმეორებით მატჩს და რევანშის აღებას, განსაკუთრებით განიცდი საყვარელი გუნდის მარცხს ისეთ ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. გონებაში ათასი აზრი გიტრიალებს. აწყობ განლაგებას, იმუშავებ ახალ ტაქტიკას, გამუდმებით ცვლი სასტარტო თერთმეტეულს და ამას ისე გულმოდგინებით აკეთებ, თითქოს ლურჯ-ბროწეულისფერების მწვრთნელი მართლაც შენ იყო და ბოლოს ნათლად წარმოიდგენ, როგორ მოაქვს მესის ცენტრიდან ბურთი, როგორ ატყუებს რამდენიმე მეტოქეს და მერე ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს... უსაშველოდ გაიწელა ის სამი კვირა და დადგა 12 მარტიც. არაფრით გამორჩეული დღე, თუმცა, იცი, რომ საღამოს შენი გუნდი თამაშობს და ეს არ გავს ჩვეულებრივ რიგით თამაშს, თითქოს შენი მომავალიცა და წარმატებაც იმაზეა დამოკიდებული, გავა თუ არა საყვარელი კლუბი შემდგომ ეტაპზე. საპასუხო მატჩისთვის ბარსასთვის საბედნიეროდ ძირითადი შემადგენლობის თერთმეტივე ფეხბურთელი მწყობრში იყო. სწრაფი გოლი გვჭირდებოდა და ასეც მოხდა. მეხუთე წუთზე მესიმ შეაგდო. ტაიმის მიწურულამდე თითქოს საინტერესო აღარაფერი ხდებოდა, ბარსას მასირებული შეტევების გარდა, თუმცა, მეორმოცე წუთზე მესიმ დუბლი გაიფორმა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა, უსაზღვრო ემოციები, მაგრამ ჯერ ადრეა, წინ მეორე ტაიმია და ერთი გოლის გაშვება დაღუპვის ტოლფასია. 55-ე წუთზე დევიდ ვილიამ ჩვეულ სტილში გაიტანა და მილანელებს იმედები ნახევრად გადაუწურა, მაგრამ როსონერის თამაშის შემოსატრიალებლად დრო თავზე საყრელად ჰქონდა. მასიმილიანო ალეგრი ისე მშვიდად გამოიყურებოდა თითქოს მილანი დიდ უპირატესობას ფლობდა, ეტყობა საკუთარი შეგირდების თავდადების იმედი ჰქონდა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე წინ შეტევაში მთელი ძალებით წასულ მილანს კონტრშეტევა გამოეპარა და ხორდი ალბამ ყველაფერს საბოლოოდ დაუსვა წერტილი, და მაინც ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის შეგრძნება, რაც ამ თამაშის შემდგომ დამეუფლა. ლიონელ მესიმ კი კიდევ ერთხელ დაუმტკიცა კრიტიკოსებს და მთელ საფეხბურთო სამყაროს, რომ კამპ ნოუზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი-წყალში. იმისთვის ვინც ფეხბურთს არ უყურებს, ის ჩეულებრივი საღამო იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთის ფანისთვის ის ერთ ჩვეულებრივ საღამოზე მეტი იყო, ეს იყო წარმოუდგენელი გრძნობა, რომელიც შეიძლება აღარასოდეს განიცადო. მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა, ყველა ფეხბურთის ფანს ვუსურვებ განიცადოს ის, რაც მე ამ 6 წლის წინათ განვიცადე. თავგადაკლული ფანისთვის იმაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს, როცა საყვარელი გუნდი იმედებს გიმართლებს. ბარსას ფანებს კი ვუსურვებ ყოველთვის გუნდის ერთგულები დარჩნენ, რადგან ბარსა, ეს მეტია ვიდრე უბრალოდ კლუბი.....

0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარ რეხვიაშვილი
ნუგზარ რეხვიაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0