x
image
ეკა ლაცკა
ვინ იყო ეგვიპტის ქართველი დედოფალი, რომლის სილამაზისა და გონიერების წინაშე ნაპოლეონ ბონაპარტიც კი უძლური აღმოჩნდა
image

კაიროს ე.წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების სამუდამო განსასვენებელია...

სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ...

სამივე სტამბულის ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი...

1. ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი

2. ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა ოსმალურ ფრთის მეთაური

3. იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა.

მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია... სწორედ აქ განისვენებს ნაფისა ხანუმი - "თეთრი განძად" წოდებული ქართველი ქალი...

image

არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა ნაფისა... როგორც ეგვიპტეში ამბობენ აფხაზეთის მთებში უნდა ყოფილიყო გაზრდილი. მისი წარმომავლობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ იყო საქართველოდან.

ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ყველა ქალი ჰარამხანისთვის იყო განწირული, ნაფისა არასოდეს ყოფილა ჰარამხანის ჩვეულებრივი ბინადარი.

მონათა ბაზარზე ის ცნობილ მამლუქს- ალი-ბეი ალ-ქაბირს უყიდია...

ნაფისას (ეს სახელი ტყვეობაში მიიღო) მალევე გამოუჩენია თავი საკუთარი გონიერებით. ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს.

სამწუხაროდ, ქართველი ქალის გადამრჩენელი ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. ნაადრევად დაქვრივებულ ნაფისას კი საარაკო სიმდიდრე დარჩა.

ჭკვიანი ქალი მარჯვედ შეუდგა ქონების მართვას. ის კარგად განაგებდა მას და ქველმოქმედებასაც ეწეოდა.

ცოტა ხანში ნაფისა, მეორე, ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყვა ცოლად.

image მურად ბეი (1750 -1801)

განუზომელი სიმდიდრის წყალობით ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ არაერთი სასახლე, ჰყავდათ სამასი მეომრისგან შემდგარი პირადი ჯარი და ხშირად მართავდნენ წვეულებებს.

მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ნაფისას გამჭრიახმა გონებამ ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა და შესაძლოა, ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა. ამიტომაც მან ქონება დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი, ოფიციალურად ხდება უზარმაზარი ქონების განმგებელი.

ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას მიაშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი - „საბილ ქუთაბი" .

"საბილ ქუთაბში " სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. საკმარისი იყო რკინის ჭიშკარს ვინმე მისდგომოდა და ნაფისასთვის ეხმო, წყალობას მაშინვე იღებდა.

გასაოცარი გარეგნობის გამო დედოფალს „ბაიდა ნაფისას" ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად „თეთრ განძს" ნიშნავს.

სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა ნაფისას პორტრეტი.

ისტორიკოს რესტავრატორ აგნესკა დობროვოლსკას თქმით, რომელმაც 2 წლის წინ "საბილ ქუთაბს" რესტავრაცია ჩაუტარა : " ეგვიპტელები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი "კავკასიელი ქალის" პორტრეტზე სწორედ "თეთრი განძი" უნდა იყოს გამოსახული".


1798 წელს ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა.

image

პირველი გააფთრებული ბრძოლა პირამიდებთან მოხდა. მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ლაშქარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-ბეი.

უთანასწორო ბრძოლაში მამულქებმა უკან დიხიეს. იბრაჰიმმა და მურადმა ზემო ეგვიპტეს შეაფარეს თავი.

კაიროში დარჩა მურად ბეის მეუღლე ქართველი ნაფისა...

...და როდესაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა, ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს, კაიროს შესასვლელთან მარმარილოს ქანდაკებასავით აღმართვია წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი.

image

დედოფლის სილამაზითა და გამბედაობით მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოქვეითებულა და მოკრძალებით ხლებია მას.

ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა. ფრანგ იმპერატორს ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე მიუპატიჟებია და ბრილიანტებით მოოჭდვილი სამაჯურიც მიუძღვნია მისთვის.

დიპლომატიითა და გონიერებით გამორჩეული ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას მართავს, პარალელურად კი კონტაქტს არ წყვეტს ქართველ მეუღლესთან.

შედეგიც მალე დგება!

მურადი და მისი მეომრები უკან ბრუნდებიან და ნაპოლეონთან გარიგება ხდება.

ამ შემთხვევის მერე ეგვიპტელებმა ნაფისას ახალი სახელი "უმალ მამალიქი"- "მამლუქთა დედა" უწოდეს.

image



0
3612
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0