x
image
ქეთი გაბინაშვილი
არ ვიცი სად ხარ, საქართველოვ
image
დღეს საქართველოს კიდევ ერთი გასაოცარი სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის საკითხი დგას. შესაძლოა, მალე დავით გარეჯის მონახულებამ საზღვარგარეთის პასპორტით მოგვიწიოს, ესეც „მეგობარი სახელმწიფოს“ კეთილი ნების შემთხვევაში, ან სულაც ჩვენც ისევე ვაჩვენოთ შვილებს გარეჯი ფოტოებზე, როგორც მე მათვალიერებინებდა თვალცრემლიანი მამა აფხაზეთს.

არა, ჩვენ მეგობრები არ გვყავს! ვიცი, მოკლე მეხსიერება გვაქვს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ისტორიას ფენიქსისებური ფუნქცია აქვს, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მისი დაწვის, ფერფლიდან აღდგენა შეუძლია და გვახსენებს, რომ ჩვენ სულ მარტო ვიყავით, საკუთარი თავისა და ღმერთის იმედად. ჩვენ არასდროს არავინ დაგვხმარებია, ჩვენს დაპყრობას, დამორჩილებას, ჩვენს განადგურებას ცდილობდნენ, ჩვენგან ოქროს საწმისის წაღება სურდათ, ეს მიწა უნდათ, ეს სამოთხე სჭირდებოდათ, ჩვენი, ქართველების გარეშე. ახლაც, 21-ე საუკუნეშიც მარტონი ვართ, მაგრამ იმ სხვაობით, რომ ახლა აღარც საკუთარი თავები გვყავს და ღმერთისთვისაც ზურგი გვიქცევია.

მთელი ქვეყანა ცრემლად დავიღვარეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვის გამო (მეც, მათ შორის), მთელი ქვეყანა ვღელავთ აფრიკაში მშიერი ბავშვების გასაჭირზე, თავდაუზოგავად ვიცავთ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებებს, აქციებს ვაწყობთ ცხოველების გადასარჩენად, ვწუხვართ ამერიკელი სენატორის გარდაცვალების გამო და ამ დროს ნაწილებად ვიფლითებით, ვიშლებით. განადგურების პირას ვართ, მაგრამ ჯიუტად ვინარჩუნებთ დუმილს, შემთხვევით ვინმეს არ ვაწყეინოთ, ვინმეს მშვიდი ძილი არ დავუფრთხოთ. მაგრად დაგვიხუჭავს თვალები და ვცდილობთ, არაფერი დავინახოთ, არაფერი გავიგოთ, გულთან ახლოს არ მივიტანოთ. სამშობლოს ცნება აღარ არსებობს, მამული უაღრესად პათეტიური სიტყვა გახდა, ყველას საკუთარი სატკივარი სტკივა და ეს არაა ქვეყნის ტკივილი, ეს ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემამდე, კუჭამდე დადის მხოლოდ....

არა, ეს არაა ჩემი საქართველო! მე ასეთ ქართველებს არ ვიცნობ! ჩემს ქართველებს არ ეშინიათ, ჩემი ქართველები არც არავის ართმევდნენ და არც ვის აძლევდნენ უფლებას, რომ მისი საკუთრებისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა, ჩემი საქართველო იმ ქართველი დედებისაგან შედგება, ვაჟებს რომ ომში უშვებდნენ და არიგებდნენ, ღმერთი არ გაგიწყრეს და ზურგში ისრით არ დაიღუპოო, ჩემი ქართველები შვილებს ასწავლიდნენ, შენი მხოლოდ ეს ეზო-კარი კი არა, მთელი ქვეყანააო შენი წინაპრების ძვლებით გავსებული და არვის დაუთმოო, არავის გააპარტახებინოო. ჩემი ქართველები მხოლოდ ღმერთის წინაშე იჩოქებდნენ, უშიშნი იყვნენ, ვითარცე უხორცონი, ჩემს ქართველებს ჰქონდათ რაღაც ღირებული, რის გადაბიჯებასაც სიკვდილი ერჩივნათ... ვიცი, რომ ეს ფანტაზია არაა, ვიცი, მჯერა, დარწმუნებული ვარ ამ საქართველოს არსებობაში! მაგრამ სად ხარ საქართველო? დამენახეთ ქართველებო, მე მჯერა, რომ თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, თქვენ ძალიან ძლიერები ხართ, თქვენ მთელი სამყარო ხართ ღვთისმშობლის კალთის ქვეშ შეფარებულნი, ვიცი, რომ თქვენ არსებობთ, მაგრამ არ ვიცი, არ ვიცი, სად ხართ....


ქეთი გაბინაშვილი

4
109
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
109
  
2019, 2 მაისი, 14:11
კი, ასეა, უბრალოდ, ჩვენ გვჭირდება ისევ დავიჯეროთ საკუთარი თავის, გავაცნობიეროთ მოვალება და გაგვიჩნეს სურვილი, გავაღვიძოთ საკუთარ თავში, ის სამყარო, რომელსაც ვატარებთ!
2019, 2 მაისი, 14:06
ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მთელი სამყაროს შეცვლა თავისი ნების ძალით - ეს ფაქტია. მთავარია ერთიანობა, ერთმანეთის დაფასება და საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნოთ ქართველებმა.
2019, 2 მაისი, 14:03
ამ არსებას, რომელსაც ადამიანი ჰქვია, უბრალოდ სიცოცხლე კი არ შეუძლია, მაგალითად როგორც მაჩვს, არამედ შეუძლია მაღალინტელექტუალური აზროვნება. რომელიც აყალიბებს პიროვნებას, შეიცობს და ცვლის მთელ გარშემომყოფ სამყაროს. ადამიანი თავის თავში იტევს მთელ სამყაროს და თუკი სიმების თეორია მართებულია - მთელ მულტისამყაროს. ფაქტია, რომ ადამიანი არის იმდენადვე რთული აგებულების, როგორც თავად ეს სამყარო და ამით უთანაბრდება მას და მეტიც, მნიშვნელობით უსწრებს კიდეც. ვინაიდან ადამიანში ხდება არა მხოლოდ ბიოლოგიური და ფიზიკური, არამედ მეტაფიზიკური პროცესიც - აზროვნება. ეს უნარი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, სამყაროს არ გააჩნია. ამიტომ ადამიანი სამყაროზე მაღლაც კი დგას თავისი არსითა და ბუნებით. თავად სამყარო ან მულტისამყარო იმდენად შემაძრწუნებლად და დაუსრულებლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება, მთავარი სტრუქტურული სირთულე, სიღრმისეული არსი და აზრია. ყოველი ადამიანი თავადაა მიკრო-სამყარო მაკრო-სამყაროში.

ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ, როგორ შეიძლება არსებობდეს ხალხი, რომელიც პატივს არ სცემს თითოეულ ადამიანს და მით უმეტეს ცალკეულ ადამიანთაგან შემდგარ ათასწლოვან ერებს, ეთნოსებს, სახელმწიფოებს, ისტორიას, კულტურას, ფასეულობებს. ყოველი ადამიანი ცალკეული სამყაროა. დიდი ძალა კი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, პასუხისმგებლობას უპირველესად ერთმანეთის მიმართ. პრობლემა ჩვენსავე მსოფლხედვის სიმცირეში და მონურ კომპლექსებშია, რომელიც მრავალწლიანმა რუსულმა ოკუპაციამ ჩამოგვიყალიბა. მცირე ერების სინდრომით და ნიჰილიზმით დააავადა კავკასიელი ეთნოსების სხეული და უიმედობაში ჩააგდო. არადა რეალურად არათუ ეთნოსი, ერთი ადამიანიც კი არაა მცირე და მთელი სამყაროა თავისი მასშტაბით, სირთულითა და არსით. ერთ ადამიანსაც კი შეუძლია სამყაროს შეცვლა, არათუ იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს, და მით უმეტეს ეთნოსებს და მრავალსაუკუნოვან ერებს.
2019, 2 მაისი, 14:02
თითოეული ადამიანი ცალკეული სამყაროა და ეს მეცნიერულად შემიძლია დავამტკიცო: თითოეულ ლიტრ თხევად წყალში არის 10^26 (ანუ ტრილიონჯერ ტრილიონი გამრავლებული 100-ზე) ატომი. და 100 მილიარდჯერ ტრილიონი წყლის მოლეკულა. 50 კგ. წონის ადამიანის ორგანიზმი შედგება 28.5 ლ. წყლისგან. ანუ წარმოიდგინეთ რამდენი ატომისგან.

ყოველი ატომი კი შედგება ლეპტონებისგან, კვარკებისგან, ნეიტრინოებისგან, ნეიტრონებისგან, ელექტრონებისგან და უამრავი ნაწილაკისგან. წარმოდგინეთ რამდენად ურთულეს სისტემასთან გვაქვს საქმე როცა ერთ ადამიანზე ვსაუბრობთ. ერთი საშუალო, 60-კილოგრამიანი ადამიანი შედგება მინიმუმ 60 ტრილიონი უჯრედისგან. ადამიანის ორგანიზმში ყოველ კილოგრამზე მოდის 1 ტრილიონი უჯრედი. ადამიანის ერთი ტიპიური, საშუალო უჯრედი შეიცავს დაახლოებით 100, 000, 000, 000, 000 (100 ტრილიონ) ატომს. ყოველი ეს უჯრედი არის მინი ქარხანა, რომელიც შედგება ორგანელებისგან. ერთ-ერთ მთავარ ორგანელაში, ბირთვში მდებარე დნმ-მოლეკულა ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა შეიცავს ინფორმაციას 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწური სიცოცხლის მთელი ევოლუციის შესახებ. თითოეული დნმ-ის მოლეკულა შედგება დაახლოებით 192 მილიარდი ატომისგან და ადამიანის გენომი შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მთელი დედამიწის ყველა ბიბლიოთეკის ყველა წიგნი ერთად. ეს განუზომლად მრავალფეროვანი, ღრმა შინაარსის და ურთულესი მოწყობის სისტემაა, რასაც ადამიანის ორგანიზმი ჰქვია. ეს არის ბიო-ქიმიური და ფიზიკური სასწაული. მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი.
0 1 4