x
ფროიდის „სიკვდილის ლტოლვა“ ჰამსუნის „მისტერიების“ მიხედვით
image

ფროიდის აზრით, ფანტაზმი განუყოფელ კავშირშია სურვილთან, რამდენადაც ის პირველადი გამოცდილების რეპროდუქციის მცდელობაა, დაკმაყოფილებისა, რომელიც სამუდამოდ მიუწვდომელი და დაკარგულია; ამიტომაც ფროდი მიიჩნევს, რომ ფანტაზმი არის არა მხოლოდ ძველი, განდევნილი სურვილის რეტრანსკრიფციის მარტივი ფორმა, არამედ აქტუალური სურვილებისა და ლტოლვების ჩარჩოში მოქცევის მცდელობაც, ანუ ეძებს განცდილი სიამოვნების გამეორებას აწმყოში გადანაცვლების წყალობით.

თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა. ფროიდის ქალიშვილის „ნაცემი ბავშვის“ გამოქვეყნების შემდგომ საკითხი უფრო რთულდება. იგი ეხება ფსიქიკური ცხოვრების ახალ ხედვას, ახლებურ მიდგომას. თუ მანამდე რეალობის დუალისტური თეორია იყო აქტუალური, რის მიხედვითაც სიამოვნების პრინციპი ისწრაფვის ერთი მიზნისაკენ. აღგზნების ინტენსივობის მატება დაკავშირებულია უსიამოვნების მდგომარეობასთან, ხოლო განტვირთვა აღგზნების დონის დაქვეითებასთან. ფროიდი რწმუნებდება, რომ ეს მოდელი არ არის საკმარისი ისეთი ფენომების გასაგებად, რომელიც თავს გამეორების გზით ავლენს.

როგორც ალენ ვანიე აღნიშნავს, თუ ნებისმიერი ლტოლვა იმ პირველადი და ძველი მდგომარეობის ხელახლა განმეორებისკენ ისწრაფვის, რომელიც სუბიექტმა გადალახა, მაშინ, როგორც ფროიდი იტყოდა, უფლება გვაქვს სიკვდილის ლტოლვის არსებობა ვივარაუდოთ, რაც მისი აზრით, არის „ერთგვარი ინერტულობის გამოვლენა ორგანული ცხოვრების დონეზე“; „სიცოცხლის ყველა ფორმის მიზანი სიკვდილია და, თუ შორეულ წარსულში დავბრუნდებით, ვნახავთ, რომ არაცოცხალი წინ უსწრებდა ცოცხალს“. აღნიშნული, ვფიქრობ, დაკავშირებულია ჰამსუნის „მისტერიების“ მთავარი პერსონაჟის იოჰან ნაგელის თვითმკვლელობასთან და მანამდე არსებულ მის სულიერ მდგომარეობასთან.


ეს ხომ ადამიანია, რომელიც საკმაო ხანი დაატარებს მოწამლული აზონის ქილას, ეძებს შესაფერის მომენტსა და ძალას, რათა ჩანაფიქრი აღასრულოს. “ყველაფერი აშკარად უარესობისკენ მიექანებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ნაგელი ოთახში იყო თუ გარეთ დაეხეტებოდა, სიმშვიდე უკვე ვეღარსად იპოვა“. სწორედ ის ჰარმონია სწყუროდა მას, რომელიც ბედნიერებისთვისაა აუცილებელი, თუმცა ძებნის მცდელობა ამაოდ სრულდებოდა. მდგომარეობიდანაც კი გამოვიდა, თითქოს ნელ-ნელა შორდებოდა ამქვეყნიურობის საზღვრებს; „უკვე ყველაფერი აუტალად ეჩვენებოდა, ნერვული შიში აეკვიატა და ესეც საშინლად აწამებდა“. ამ ყველაფერმა კი დეპრესიის იმ ხარისხამდე მიიყვანა, რომ წვერის გაპარსვაზეც კი აიღო ხელი.

წყალწაღებული ნაგელი ხავსაც ეჭიდებოდა; იხსენებდა რა სიზმრებს, აჩრდილ ქალს მოსალოდნელი, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი, საფრთხისგან მხსნელად ისახავდა; „ფანჯრიდან გახედვის ეშინოდა, რადგან ეგონა ქუჩაში ისევ უჩვეულო სანახაობას გადააწყდებოდა“

ჩნდება რა უცხო ქალაქში, იქცევს ყველას ყურადღებას, თითქოს მესიანური მისიით გვევლინება - უშველოს რეალობას, აღმოაჩინოს მისი წამალი, შხამი. მას უნდა მოესპო ქალაქში არსებული ორი უდიდესი უკიდურესობა, რომლებიც ორ პერსონაჟში იყო განაწილებული. მაიცაში ერთიანდებოდა ღირსებაშელახულობა, ღირსებადაკარგულობა, რომელთა მიღმაც იმალებოდა საოცარი თანაგრძნობისა და თავმდაბლობის უნარი, თუმცა საერთო ჯამში ეს ოთხი თვისება ატარებდა ერთ ანომალიურ ხასიათს, რომელიც მაიცას ქმედებებს დროგამოშვებით ამაზრზენ იერსახეს აძლევდა. ნაგელმა სწორედ ამის გამო, პრინციპულად დაიჭირა მაიცასთან ახლოს ურთიერთობა, რათა გაეთავისუფლებინა ეს კაცი ამ მანკიერი მხარეებისგან, აღედგინა მისთვის ღირსება, ოღონდ ისე, რომ ამ თავმოყვარეობის აღდგენას არ მოყოლოდა უეცარი ამპარტავნება. აქ მე ვერ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ ნაგელი მაიცაში შესაძლოა უყურებდა საკუთარ თავსაც, ოღონდ ერთგვარ ანტიპოდს, კერძოდ დამახინჯებულ ვარიანტს, რადგან მაიცას დადებითი თვისებები, თუ კარგად დავაკვირდებით, ძალიან გავს ნაგელისას. ნაგელიც ხომ სიუჟეტიდან გამომდინარე აშკარად თავმდაბალი, “სიკეთე აკეთე დაფარულში“ ტიპის ადამიანი ჩანს. ოღონდ როგორც კი მისი თავმდაბლობის დაფარულობას საფრთხე დაემუქრებოდა, მაშინვე ცდილობდა რამეთი ისეთი წარმოდგენა შეექმნა საზოგადოებისთვის, თითქოს სრულებითაც არ იყო მსგავსი ტიპის ადამიანი, ანუ ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების თავში ყოფილიყო გაცილებით უარესი, ვიდრე სინამდვილეში იყო. ამით ის თავისი კეთილ ნამოღვაწარს დაფარულში ტოვებდა. აქ მინდა გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც უკვე ნაგელი წყალში გადახტომას აპირებს და ამ დროს მაიცა შეაჩერებს. ნაგელი როგორც კი მაიცას სახეს შეხედავს, მაშინვე მის წარმოდგენაში იგი გადაიქცევა რაღაც ურჩხულად, ერთგვარ შემაკავებელ ძალად და რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სინდისადაც კი, რათა ეს სუიციდი არ ჩაიდინოს. ნაგელს მაიცას ეს მოქმედებაც ამაზრზენად ეჩვენება და რაღაც წარმოუდგენელი შიში ეუფლება. საინტერესოა რითია გამოწვეული ეს ენით აღუწერელი შიში? ამის ადეკვატურად გასაგებად, გავიხსენოთ ის მომენტი, რომ ნაგელი უკვე დაგნის გამო სულით ხორცამდე ნიჰილიზმის მსხვერპლია, ვერც კი წარმოუდგენია, კიდევ თუ არსებობს ამ ქვეყნად პატივისცემა, თანაგრძნობა და თავგანწირვის უნარი, ხოლო მაიაცას სახით მან როდესაც ეს ყველა დადებითი გრძნობა დაინახა გაშიშვლებული, ამას დაემატა იმის ანალიზიც, რომ რამდენიმე ხნის წინ ამ გრძნობების მოტრფიალე იყო თავადაც, ვეღარ აიტანა სინამდვილე, ვეღარ აიტანა მაიცაში(როგორც სარკეში) დანახული საკუთარი თავის ერთ დროს დაკარგული თვისებები და წყალში გადაეშვა.სიყალბის ნიღბებს ამოფარებული ადამიანები, იდეოლოგიას ბრმად მინდობილი ინტელექტუალები, საკუთარ სიმართლეში ფანატიკურად დარწმუნებული პროგრესული ფრთა, საზოგადოება, რომელიც საკუთარი თავის გაუაზრებლად აგრძელებს არსებობს, “წმინდანები” კი ხალხი, რომელიც საკუთარ სიბინძურეს ჩინებულად მალავს- ეს ხომ მთავარი გმირის თვალთ დანახული სამყაროა. და თითქოს ნაგელი აგრძელებს წინამორბედის კარლსენის ბედს - თავს იკლავს, მაგრამ არც სიყვარულისთვის და არც რეალობისგან თავის დაღწევის მიზნით.

პირველ მცდელობას შემთხვევით გადარჩენილ ნაგელს სიცოცხლე წყურია, თითქოს მზადაა ბოლომდე სდიოს მას, ის ხომ მთელი ძალისხმევით ცდილობს მისთვის უმნიშვნელოვანესი ბეჭედის ზღვის ფსკერიდან ამოტანას, მაგრამ ამაოდ. „გუშინ ბეჭედი ფსკერზე გადავაგდე, სადღაც, იმ ადგილას, ფსკერზე უნდა იყოს“, მეტიც, კითხვაზე „გინდათ ზღვის ფსკერზე ბეჭედი მოძებნოთ?“ დარწმუნებით პასუხობს : „დიახ, ასეა.“

დისთვის გაგზავნილ წერილსაც ვერ იბრუნებს, რადგან ის უკვე ადრესატთან მიტანილი უნდა იყო, როგორც თავადაც აღნიშნავს და პოულობს ერთადერთ გამოსავალს - დახრჩობას.

„შეშინებული აქეთ- იქიტ იცქირება და ბოლოს რწმუნდება, რომ არავინ უთვალთვალებს. მაშინ ნაბიჯს კიდევ უჩქარებს და გეზს პორტისკენ იღებს. სიბნელეში მხოლოდ მისი თეთრი ჟილეტის ზურგი იკვეთება, სანამ უახოვდება ნავსადგურს და სულ ბოლო მისადგომთან მიდის და დაუფიქრებლად ხტება“

ჩემი აზრით, მას უბრალოდ სიკვდილისკენ ლტოლვა ახასიათებს; ნაგელი სიკვდილისკენ სვლაში სრულიადაა ჩაფლული იმდენადაც კი, რომ რეალური ცხოვრება გვერდზე რჩება. ასე რომ არ იყოფილიყო, რად უნდოდა მარტას ცოლად მოყვანა, ქალის, რომელშიც მას მხოლოდ სუფთა სული და სპეტაკი გული იზიდავდა, ქალის, რომელშიც მის საშველად მოვლენილ ანგელოზს ხედავდა?

ის სიცოცხლის ბოლო წუთებშიც სრულიად გულგრილობას ამჟღავნებს ცხოვრებისადმი. ბეჭდის ძიება, წერილის არგაგზავნაზე ფიქრი და მსგავნი უბრალოდ მდგომარეობის შეცვლის შიშია, ადამიანებს ხომ ახალი ყოველივე გვაშინებს. რარიგ კარგიც არ უნდა იყოს იგი, გვიპყრობს „იქნებ ასე არაას“ შიში.

როცა უცნობი ნავიდან გადმოსვლას სთავაზობს, ნაგელი უკვე ხვდება, რომ მისი თვითმკვლელობა აშინებს მას, უკმეხად პასუხობს, ჯოჯო, გარეწაროო და გარბის. აქედან ჩანს, რომ იგი მზადაა ამდენი ხნის სურვილი სრულყოფაში, სურვილის, რომელსაც ფიქტიური მიზეზები ჰქონდა, რასაც ცხადყოფს მისი თითოეული ქმედება. ნაგელი ხომ თავიდანვე დასახული ჰქონდა გონებაში თვითმკვლელობა, უბრალოდ ეშინოდა და ხსნის გზებს ეძებდა, მაგრამ ამაოდ.

როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავს, ნაგელს, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო იმ “არამ“, რომელიც გაჟღერდა ჯერ დაგნის მიერ, ხოლო შემდეგ მარტა გუდეს მიერ.

“ამ ქვეყნად ყველაფერი პირობითია, ისეთი მცნებანიც კი, როგორიცაა: დრო, სივრცე და მოძრაობა. მატერიაც პირობითია, რადგან ხალხმა არაფერი იცის ზუსტად. იგი მხოლოდ ფიქრობ, რომ რაღაც ასეა… “ვკითხულობთ და კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ნაგელის რწმენაც პირობითი იყო; “საქმე ის კი არ არის რა გწამს, არამედ როგორ გწამს.”

მოგეხსენებათ ზემოთ დასახელებული თეორია ახალ ფუნდამენტურ დაპირისპირებას წარმოქმნის - დაპირისპირებას სიკვდილის ლტოლვასა და სიცოცხლის ლტოლვას შორის, რაც ჰამსუნის „მისტერიების“ მთავარ პერსონაჟის იოჰან ნაგელის პერსონაჟში ნათლად იკვეთება. მის პიროვნებაში ისახება გოეთეს ცნობილი სიტყვები : „მე დღითიდღე ვრწმუნდები, ჩემო კარგო, რომ ადამიანის ცხოვრებას დიდი ფასი არა აქვს მაინცდამაინც. რაც უფრო მეტი ხანი გადის, მით უფრო მკვიდრდება ეს აზრი ჩემში.“





0
98
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0