x
პოეტის მუზა - თამუნია ქავთარაძე

image
მურმან ლებანიძემ სატრფიალო ლირიკას არაერთი ახალი შტრიხი შემატა. კიდევ ერთხელ ცხადყო სიყვარულის თემის მარადიულობა. მასთან ჩანს ძლიერად მგრძნობიარე პიროვნების განცდები, რომლებიც მიმართულია, ზოგადად, ქალისკენ და ასევე - კონკრეტული პიროვნებებისკენ. და რაც მთავარია, გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით. მაგალითად, მურმან ლებანიძის ლექსში „ამ ქალს დაარქვეს შავი პანტერა“ გამოხატულია შეუფასებელი სილამაზისადმი ღრმა პატივისცემა. იგრძნობა ავტორის ინდივიდუალურობით აღსავსე მაღალმხატვრული მიდგომა: „შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან, რომ წამსვე ცეცხლის დამწვდნენ ღვარები; გაქრნენ ქალები - პროსპექტზე დარჩი, დაგინახე და... გტაცე თვალები...“ მურმან ლებანიძის ლირიკაში ჩანს მშვენიერებით მოსილი სევდაც, რომლის გარეშეც მისი სატრფიალო ლირიკა წარმოუდგენლად მიმაჩნია: „სადა ხარ, სად ხარ, თამუნია, სად, რომელ ხეობას შვენი?!“ გავიხსენოთ მისი სხვა ლექსიდან ამონარიდიც: „ცოტა სიყვარული კმარა, ცოტა სიყვარული თვარა, ან ის ცოტა, ან ის ცოტა, ან ის ცოტა სად არის?!“ როგორც ჩანს, მურმან ლებანიძეც არაა გამონაკლისი და სხვა შემოქმედთა მსგავსად, „ის ქალი“, მიუწვდომელი და შორს მყოფი, შემოქმედურ წვას კიდევ უფრო უღვივებს. მასაც, როგორც გალაკტიონს, სწამს, რომ „მასში“ უყვარს ოცნება თვისი. ალბათ ამ ამოუცნობი ფენომენის გარეშე შეუძლებელია, სრულყოფილად განიცადო შემოქმედებითი პროცესი და იყო მოტრფიალე პოეტი. პოეტის მუზათა შორის საპატიო ადგილს იკავებს თამუნია ქავთარაძე, მშვენიერი მანდილოსანი, რომელიც მან გაიცნო აბასთუმანში, როცა თავად, ჭლექს ებრძოდა. ლექსში „თამუნია ქავთარაძეს“ ნათლად იგრძნობა ავტორის გულწრფელობა და გახსნილი ბუნება. ის დაუფარავად აღიარებს ამ ქალის ამაღლებულობას, რომ აბასთუმნური (ამქვეყნიური) ჯოჯოხეთისთვის არაა შექმნილი: „პირმოღუშული სახითა აქ მრავალს ჩაუვლია... შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?! სად უცხო ჭალაკი არი და სად ვიწროში ბღავის არაგვი - არაგვიანი, იქ უნდა კრეფდე ყვავილს!..“ ვფიქრობ, აშკარაა ავტორის დამოკიდებულება ამ დაავადებულთა კურორტისადმი და ის კონტრასტი, რომელსაც ეს საოცარი ქალი ქმნის - დაპირისპირება ახალგაზრდულ მშვენიერებასა და წარმავლობას, ტუბერკულოზს შორის. ჩემი აზრით, აქ შეიძლება, თამუნია ქავთარაძე შუა საუკუნეებიდან რენესანსულისკენ გარდამავალი, ქალის სახის რემინისცენციად მივიჩნიოთ. კერძოდ, აღსანიშნავია რუსთველი, რომელთანაც ლებანიძე სიყვარულისადმი მიდგომის საკითხში ამჟღავნებს მჭიდრო კავშირს. იგი ყოველთვის იცავს რუსთველის „ოქროს საშუალს“ სიყვარულის საკითხში. მაგალითად: „რვაფეხა მზაკვრებია თვალები ჩემი: წებოვან საცეცების მიცეცებ-მოცეცებით, გელაციცებიან - ალერსით, კდემით, უტიფარ სურვილით და მოგონილ მოწიწებით.“ აღნიშნულის საფუძველზეც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ლებანიძეს სჯერა, რომ ამქვეყნიურ სატრფოს შეხვდება მარადიულ სამყოფელში, როგორც ტარიელი ხვდება, თავის ფიქრებში, ნესტანს და დანტე შეხვდა კიდეც ბეატრიჩეს. ღვთაებრივი ელემენტის გარეშე ხომ სიყვარული შეუძლებელია, როგორც აკაკი იტყოდა, „სადაც სიყვარულია, იქ სიწმინდეა.“ ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიმართავს ავტორი თამუნიას და მოუწოდებს, დატოვოს აქაურობა. მას, როცა იმქვეყნად წავა, გვერდში სჭირდება ძლიერი მფარველი ანგელოზი. ეს ლექსი ასევე იმით იქცევს ყურადღებას, რომ გამოძახილია ტიციან ტაბიძის ლექსისა „ანანურთან“. პირველ რიგში, ტიციან ტაბიძისადმი სიახლოვე ხაზგასმული აქვს მურმან ლებანიძეს თავის ლექსში „ტიციან ტაბიძეს“. იგი პირველივე სტროფში ამჟღავნებს ტიციანის „ლექსისადმი“ დამოკიდებულებას. როგორც ჩანს, მას განსაკუთრებით და სრულიად შეუგრძნია მისი შემოქმედება. იმასაც კი უსვამს ხაზს, რომ „მისი ცისფერი და მზისფერი ორდენის ღირსი კიდევ არიან პოეტები“, რაშიც, სავარაუდოდ, საკუთარ თავს უნდა გულისხმობდეს, მეტიც, ავტორი პირდაპირ მიმართავს ტიციანს, ჩამრიცხე შენს ამალაშიო: „დამადე მკერდზე მოწყალების ყვავილი შანთი, რომ აშიშხინდეს ხორცი ჩემი, წამიძეხ სანთლით და ჩამრიცხე შენს ამალაში“. ამის მერე უფრო გასაგები უნდა იყოს, რომ ტიციანის ლექსის „ანანურთან“ გამოძახილია მურმან ლებანიძის „თამუნია ქავთარაძეს“. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ორივე ეხება შორეულ ქალს, მუზას, რომლებიც ქმნიან სიყვარულის ნაყოფს და ორივეს სახელი საქართველოს გარკვეულ მხარესთანაა დაკავშირებული და მათდამი დამოკიდებულებაც მსგავსია. ორივე ავტორი მუზის ამ ადგილიდან ამაღლებულობას ქადაგებს. ტიციანი: „შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრები მე ანანურთან.“ მურმან ლებანიძე: „შენ ამ ქალაქში რა გინდა, პატარა თამუნია?“ ასევე, ორივე პოეტთან იგრძნობა წარმავლობა: მურმან ლებანიძე : „ანანურზეით სოფელი... წელში გაჩრილი წალდით ტყეს წავა მამა მშობელი - მუშტისტოლა დარდით...“ ტიციან ტაბიძე : „ისე ნაზია ეს მოგონება, როგორცდემონისფრთებისშეხება, სჯობს, გაიხარონ სხვა გოგოებმა, მოიბან შენი ირმის ფეხები. დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც, მათი ცხოვრება ხვალე იწყება, ჩვენმგლოვიარე, მწუხაროცნებას დაფარავს მიწა და დავიწყება.“ თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, იგრძნობა მომავლის იმედი. მურმან ლებანიძე - „ქალაქი - დიდი იმედის“. ტიციანი - „მათი ცხოვრება ხვალე იწყება..“ მართალია, სამწუხაროა მშვენიერების წარმავალი ბუნება, მაგრამ მის ნაკვალევზე აღმოცენებული სიცოცხლე იმედის დასაბამია. აღსანიშნავია ისიც, რომ თამუნია წერეთელი – პოეტის მუზა, აკაკი წერეთლის მეგობრის შვილი, აკაკის ნათლული. თავის დროზე წარჩინებული ოჯახის შვილი XX საუკუნის 20-იან წლებში ულუკმაპუროდ დარჩა. ამ დროს, თბილისში ერთ-ერთმა მეცენატმა და კომერსანტმა (ქებაძემ) გახსნა მინერალური წყლის პავილიონი, სადაც თამუნიამ წყლის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. მთელი ქალაქი მის უჩვეულო სილამაზეზე ალაპარაკდა. ტიციანი გაცნობისთანავე მოიხიბლა თამუნიას მშვენებით და მრავალი ლექსი უძღვნა ამ ულამაზეს ასულს. ტიციანის გრძნობა არ განელებულა თამუნიას გათხოვების შემდეგაც, ხოლო ქალის ტრაგედიამ (სამშობიარო ტრავმის შედეგად ფეხი მოჰკვეთეს) შეძრა პოეტი და ეს ტკივილი მის ლექსებშიც აისახა. არც მურმან ლებანიძის გრძნობა განელებულა თამუნია ქავთარაძისადმი. იგი 10 წლის შემდეგ, უკვე დაოჯახებულ თამუნიას, კიდევ უწერს ლექსს: „ათი წლის შემდეგ...“, სადაც აშკარაა მისი დამოკიდებულების უკვდავი ბუნება. ლექსის პირველივე სტრიქონიდან იგრძნობა მთავარი თემა. „მე ჩემს წიგნს „მახსოვს“ დავაწერე“. დიახ, მას ყველაფერი ახსოვს, წლების, მანძილისა და საერთოდ ყველანაირი სიშორის მიუხედავად, ახსოვს თამუნია ქავთარაძე, იმის მიუხედავადაც, რომ მას უკვე ქმარ-შვილი ჰყავს და ცხოვრების ახალ უღელშია შებმული. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეხსიერების მარადიულობის წინაშე ყოველივე მსგავსი ქედს იდრეკს; „ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე და მოგონებები მახრჩობს. ზოგი მოგონება ფრთხიალებს, ზოგი - დაჭრილივით ბღავის.“ ავტორი რიტორიკული მიმართვით კიდევ უფრო აძლიერებს სევდას: „სადა ხარ, სად ხარ, თამუნია, სად, რომელ ხეობას შვენი?!“ და ჩვენთვის თითქოს ნაცნობი განცდა თავიდან მეორდება, განცდა, რომელიც გალაკტიონმა განგვაცდევინა თავისი უკვდავი „მერით“, რომელიც ასევე რეალური შთაგონების წყარომ ასაზრდოვა. მშვენიერმა მერი შერვაშიძემ, რომელიც იყო საუცხოო სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით, გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში, სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის ორიგინალი მოდელი. გავიხსენოთ გალაკტიონის გულისტკივილი, რომელიც საოცრადაა გამოხატული რუსთველის ტარიელის „აღდგომის“ („დღე ჰგვანარ აღვსებისა“) რემინისცენციით; „ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა... იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.“ ასევე, ორივე ავტორი ხაზს უსვამს პოეტის რთულ ხვედრს, რომელსაც გამოხატავს უპასუხო სიყვარულის ალით მოცული ადამიანის მოგონებებთან სიმარტოვე. მურმან ლებანიძე: „მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია, გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი... ასი მოგონება ფრთხიალებს, ასი - დაჭრილივით ბღავის, ასიც - ყვავილივით იალებს და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის.“ გალაკტიონი: „ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი, ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს? ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“? ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული.“ ვფიქრობ, გასაკვირი არ უნდა იყოს ასეთი ფუნდამენტური მსგავსება, მურმან ლებანიძე ხომ ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით იყო განმსჭვალული გალაკტიონ ტაბიძისადმი, რაც მისდამი მიძღვნილ ლექსებში ნათლად ჩანს. მაგალითისთვის გავიხსენოთ ყველასთვის ცნობილი სტრიქონი: „ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ, მეორე პოეტი... უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი, თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, - საქართველოში??? - ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი...“ აღნიშნული ლექსი ძალზე საინტერესო ვერსიფიკაციითაც იქცევს მკითხველის ყურადღებას. 8 სტროფიდან 7 არათანაბარი ტაეპების მონაცვლეობაზეა აგებული, რაც მოწესრიგებულ სახეს მხოლოდ 4 სტროფში იღებს. დანარჩენ სტროფში ნებისმიერი სიდიდის ტაეპი მეტრულ კანონზომიერებას ვერ ქმნის. ტაეპთა ხანგრძლიობა 8-დან 10 მარცვლამდე მეორდება. „მე ჩემს წიგნს „მახსოვს“ დავაწერე, რადგან ყველაფერი მახსოვს, ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე, მოგონებები მახრჩობს“. აშკარაა, ეს ლექსი ვერ თავსდება კლასიკური მეტრიკის ფარგლებში. უპირველეს ყოვლისა, ეს ლექსის კადენციებში მჟღავნდება. შემხვედრ სტრიქონთა დაბოლოებები ყოველთვის გარითმულია უცვლელი სილაბიზმით ურთიერთიდენტურია და ეს პრინციპი არსად ირღვევა. ასევე, თითქმის ყველა სტროფში ლუწი ტაეპები თანაბარია, კადენციები ერთნაირი აქვთ - 4 მარცვლიანი. ეს ლექსი ქართული წყობილსიტყვაობისთვის ბუნებრივი და ორგანულია. საინტერესოა, რა უდევს საფუძვლად მის რიტმულ სტრუქტურას. სტრიქონებში მარცვალთა თანაბრობის დარღვევა, ნებისმიერი ზომის ტაეპთა შეკავშირება იმთავითვე გამორიცხავს წმინდა სილაბიზმს; მახვილიანი და უმახვილო, ძლიერი და სუსტი მარცვლების კანონზომიერი მონაცვლეობა ამ ლექსის თითქმის ყველა სტრიქონში დარღვეულია. მაგალითად: „უხვად საქმენი გაიჩინე, გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით. წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ, მით უფრო - წყეული ხსოვნით.“ პირველი სტრიქონი შედგენილია 1 ორმარცვლიანი („უხვად“) და 2 ოთხმარცვლიანი („საქმეები, “ „გაიჩინე“) ერთეულისგან. მეორე სტრიქონი 2 სამმარცვლიანი და 1 ორმარცვლიანი ერთეულისგან. ასევე, სხვადასხვა სიდიდის ერთეულებიცაა გაერთიანებული მესამე-მეოთხე სტრიქონებში, ხოლო ქართული პროსოდიის გაგებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, სხვადასხვა ზომის სიტყვათა თუ უმახვილო კომპლექსთა გაერთიანებამ სტრიქონებში მახვილიან და უმახვილო კომპლექსთა უცვლელი გაერთიანება მოგვცეს. აღსანიშნავია, რომ ტერფების ერთგვაროვნებაზე არ არის აგებული თვით ერთადერთი იზომეტრული სტროფი, რომლის ხუთივე ტაეპი, ხალხური მთიბლურების კვალობაზე, ცხრამარცვლიანია: „ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია, ცხოვრების თონე და ალმური!“ „მახსოვრობის ხე დაგერხია, შენც, შენც დაგერხია, თამუნი !“ აქ რამდენი ტაეპიც არის, იმდენი რიტმული ფორმაა. სილაბურ-ტონური სისტემისთვის დამახასიათებელი სქემა 3 3 3 მხოლოდ ამ ტაეპში იჩენს თავს („ცხოვრების თონე და ალმური“). როგორც ვხედავთ, საანალიზო ლექსის რიტმს არ ქმნის მარცვლებრივ-მახვილებრივი კანონზომიერება. საყურადღებოა, რომ სიტყვა თავისი ნატურით არის შესული მ. ლებანიძის ლექსში. სიტყვათა შორის საზღვარი, სიტყვათგასაყარი ხან მინიმალური დატვირთვით მოქმედებს, ხან კი ცეზურის დონეზეა ამაღლებული. ამასთან ერთად, მოკლე სიტყვები ზოგჯერ ერთდებიან, ქმნიან პროკლიტიკებს და ენკლიტიკებს და ერთ მთლიან კომპლექსად ყალიბდებიან; სიტყვები და სიტყვათჯგუფები სწორედ მისი ლექსის ძირითადი რიტმული ერთეულებია: „ზოგი/მოგონება ფრთხიალებს, ზოგი/დაჭრილივით ბღავის, ვიხსენებ მაგ თვალებს/წყლიანებს, გიგონებ/უმწეო ყვავილს.“ თითოეული სტრიქონი 3-3 ნაწილად იყოფა, 3 რიტმული ერთეულისგან შედგება და ეს ტაქტიანობა, რომელიც სტრიქონიდან სტრიქონში, სტროფიდან სტროფშია დასული“ აწესრიგებს რიტმს სტრიქონის 2 ნაწილად გაყოფისას; „და მოგონებები/ მახრჩობს“ „მახსოვრობის ხე/ დაგერხია.“ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ აღნიშნული სამტაქტიანობა (სამმუხლიანობა) ლექსის იგივე აქცენტური რეგულაციაა, რაც ტონური ლექსწყობისთვის არის ნიშანდობლივი. ერთი შეხედვით, მართლა ასეა, მაგრამ ეს სამმახვილობა მხოლოდ მაშინ რჩება ძალაში, როცა სტრიქონები სიტყვით თუ ენკლიტიკა-პროკლიტიკითაა შეერთებული („ვიხსენებ მაგ თვალებს, წყლიანებს“). აღსანიშნავია, რომ იმის მიხედვით, თითოეული სამახვილო კომპლექსი რამდენმარცვლიანია, ქართულ ლექსში სრულ და განსხვავებულ ვერსიფიკაციულ ღირებულებებს ქმნის. ისეთი მკვეთრი და ძლიერი დანაწევრება არ არის, რომ სტრიქონის დაბრკოლებას ქმნიდეს, როგორც ერთი მთლიანის აღქმისთვის. მურმან ლებანიძე საგანგებოდ უვლის გვერდს საზომების ტრადიციულ წყობას. რვამარცვლედი წარმოდგენილია სქემებით: 2 4 2 და 3 3 2, ათმარცვლედი - 2 4 4 და 3 4 3, რაც გადახვევაა ძირითადი რიტმული ნაზავიდან. ცხრამარცვლეულის ათი შემთხვევიდან მხოლოდ 2-ჯერ გვხვდება 3 3 3, რაც ეროვნული ვერსიფიკაციის მოვლენას არ ეწინააღმდეგება. მაშასადამე, მ. ლებანიძის ლექსში უფრო მჭიდროდაა კავშირი სტრიქონის ცალკეულ ელემენტებს შორის და რაც უფრო სუსტია თითოეული ელემენტის ავტონომიურობა, ეს სტრიქონები ერთიანი, გაბმული თხრობის რიტმს უახლოვდება. მაგრამ, სილაბური სისტემის პოზიციიდან რა გამართლება შეიძლება, მოეძებნოს ნებისმიერი სიდიდის სტრიქონთა ურთიერთმიმართებას? შევეცადოთ, ეს ერთი „დისჰარმონიული“ სტროფი მთლიანობაში აღვიქვათ: „მე კი... მიტკალივით თეთრია ჩემი ღამეების ჯარი. მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია, გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი.“ ამ სტროფის კითხვისას გვგონია, რომ ის დაწერილია ორსაზომიანი ჰეტერომეტრით, პირველი სტრიქონით იცვლება მეორე, მეორით - პირველი. ამ ილუზიას ქმნის ლექსის საერთო რიტმული იმპულსი. როგორც ვიცით, ამ ლექსის რამდენიმე სტროფი მოწესრიგებულ საზომს ექვემდებარება: კენტი ტაეპები ცხრამარცვლიანია, ლუწი - რვამარცვლიანი; ხოლო ამის გავლენით, კანონზომიერებას მიჩვეული ყური სხვა სტროფებშიც მსგავს წყობას ეძებს. საყურადღებოა ისიც, რომ ზემოთ ციტირებული სტროფის მესამე-მეოთხე სტრიქონებში რიტმული ერთეულები - „მე სხვა ვარ“ და „გვახსოვდეს“ თითო მარცვლით მეტია ზედა სტრიქონებიდან მათ შესაბამის ერთეულებზე „მე კი“ და „ჩემი“, მაგრამ სტრიქონის ინტონაციური აღქმისას მათი გათანაბრება ხდება. ანალოგიური გზით ისპობა განსხვავება მე-2 წყვილს შორისაც („ჩემი, „გვახსოვდეს“). დისპროპორციულობა გაქრა, სტროფი მეტრული კანონზომიერების პრინციპს დაემორჩილა და მეტრული ზღუდეები სილაბიზმის პრინციპს გაუწონასწორდა. როგორც ვხედავთ, მურმან ლებანიძის ლექსი „ათი წლის შემდეგ...“ გარეგნული უთანხმოების მიუხედავად, მაინც სილანურ სისტემასთან პოულობს საერთოს, იზოსილაბიზმიდან გადახდა იზოქრონიზმით წონასწორდება. ავტორისეული ტენდენცია, რაც შეიძლება გაექცეს კლასიკურ სიმეტრიას, მართალია, აქცენტური მოწესრიგების ილუზიას ქმნის, მაგრამ ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. სწორედ ასეთია მურმან ლებანიძის აღნიშნული ლექსის ვერსიფიკაციული მოდელი, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის, ვინაიდან გამომხატველია ქართულ წყობილსიტყვაობაში აღმოცენებული და თანამედროვე ეტაპზე განვითარებული ერთი მეტრული ტენდენციისა.

0
241
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0