x
image
ქეთი გაბინაშვილი
სკოლებში უმთავრესი- სიყვარული უნდა დაბრუნდეს
ქეთი გაბინაშვილი

საჯარო სკოლა დავამთავრე. ღობემორღვეული, კედლებდაბზარული, ჩამსხვრეული მინებით, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული ხის იატაკითა და შეშის ღუმლებით, რომლებიც საგრძნობლად ბოლავდა და კვამლის გამო სასწავლო პრობლემა იშლებოდა. არც უამისოდ იყო გაკვეთილების გაცდენა, ხშირად ეზოშივე ვიმალებოდით, მერე მოგვყვებოდა უკან ჩაპუნტულებული სასწავლო ნაწილი, შენობის კუთხეს სანამ მოვეფარებოდით, თვალს მოგვკრავდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა: „თქვენ არ ამოეფარეთ კუბოს ფიცარს.“ არც ერთ ჩვენგანს არ მოგვსვლია აზრად, ვიდეო გადაღვეღო, რათა მერე ჩვენი უფლებების დარღვევისათვის პასუხი მოგვეთხოვა, მით უფრო, ვერავინ გაბედავდა მშობელთან ჩივილს, მაშინ დედები ჯერ კიდევ შვილებს სთხოვდნენ პასუხს სკოლაში უსაქციელოდ მოქცევისთვის. ისეც იყო, ჩვენი ხანშერეული პედაგოგი, დამჭკნარ თითზე წამოცმულ ქორწინების გალეულ ბეჭედს რომ გვიკაკუნებდა მაგიდაზე, ჩუნჩუტები ხართო.

ჩვენ მასწავლებელებს სასერთიფიკატო გამოცდები ჩაბარებულები არ ჰქონდათ და არც მავანნი უგეგმავდნენ, რა ეთქვათ გაკვეთილზე. ხელფასს რაც შეეხება, რომელსაც, მაშინ ჯერ კიდევ უყინავდნენ, რომც მიეცათ, დიდი ალბათობით, სიმცირის გამო ბევრი ვერაფერში გამოიყნებდნენ. მაშინ ჯერ კიდევ შიდა სასკოლო გამოცდები ტარდებოდა, ხელის წახმარებაც იყო საკონტროლო წერაზე და დაფასთან გასული ბავშვი მეორე მერხზე გადაშლილი წიგნიდანაც მშვენივრად კითხულობდა გაკვეთილს, მაგრამ მერე აი ამ სახურავჩამტვრული, კედლებდაბზარული სკოლიდან წასულს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიამ მკითხა: რომელი პროფესორი გამზადებდა? მე ჩემი სკოლის მასწავლებლის გვარი დავუსახელე. გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს, უნდობლად შემომხედეს და უმაღლესი ქულის დაწერამდე, რიტორიკული კითხვა დამისვეს:

-რატომ გასწავლათ ამდენი?


არა, იმიტომ არა, რომ მე განსაკუთრებული უნარების ბავშვი ვიყავი, ვერც საკუთარ ბეჯითობას დავიკვეხნი. ყველა არეულობისა და „შატალოს“ მოთავე ვიყავი. მიზეზი სხვა იყო: იმ მასწავლებლებს ჩვენ რომ გვასწავლიდნენ, საკუთარი საგანიც უყვარდათ და ჩვენც! სიყვარულით იყო, ჩუნჩუტები ხართო, რომ გვეძახდა, ის ცრემლიც სიყვარულის იყო, თითოეული ჩვენგანის სულ მცირე წარმატებაზე რომ დაუპატიჟებელი სტუმარივით ადგებოდათ თვალზე. . .

ჰოდა, რამდენი გამოცდაც გინდა შემოიღოთ და გააუქმოთ, რამდენი რეფორმაც უნდა ჩაატაროთ, არაფერი ეშველება ქართული განათლების სისტემას, სანამ სკოლაში ის უმთავრესი - სიყვარული არ დაბრუნდება! არაფერი გვეშველება, სანამ მასწავლებლები ხელფასის გამო კი არ მივლენ სკოლაში, რათა 40 წუთში მოიხადონ მოვალეობა და საკლასო ოთახიდან გასვლისთანავე დაივიწყებენ ბავშვების არსებობა, ამ ბავშვების გამო მივლენ, მათზე ზრუნვისა და სიყვარულისთვის მივლენ.

ცოდნის მიღების გარანტი, არც ფინურ-ინგლისური თუ ამერიკული სკოლებია და არც გადამზადებულ გადაკრედიტებული „პედაგოგები“, ან ვისი გადამზადება-სწავლება სჭირდება იყალთოსა და გელათის აკადემიების პატრონს, ვისი გამოცდილება სჭირდება შოთას სამშობლოს. თუ, რასაკვირველია, მიზანმიმართული მცდელობა არაა, გვყავდეს არნახულად უცოდინარი თაობა, დავუბრუნოთ სკოლას თავისი პირვენდელი ფუნქცია. სკოლა სამჭედლოს გავს, საიდანაც ცეცხლისმფრქვეველი ხმლების გამოჭედვაც შეიძლება და პირდაჩლუნგებული მახვლისაც.

ქეთი გაბინაშვილი

4
60
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
60
  
2019, 26 თებერვალი, 9:36
არაფერს. შენი პერიოდის ვარ და ჯარგად მესმის ????????მომეწონა ძალიან
2019, 26 თებერვალი, 9:26
მადლობა :)
2019, 26 თებერვალი, 0:08
ბრავო
0 1 4