x
მეტი
  • 27.03.2019
  • სტატია:87705
  • ვიდეო:338196
  • სურათი:449484
ლიტერატურული შედევრი - ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავი"

იწყება ახალი რუბრიკა - "ლიტერატურული შედევრი", რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიდება ხოლმე თანამედროვე ან ანტიკური, ქართული ან უცხოური, პროზისა თუ პოეზიის შედევრთა განხილვა/ანალიზი. ეს დაეხმარება მკითხველს შეარჩიოს ნაწარმოები, რომლის წაკითხვასაც ისურვებს. სტატია არავითარ შემთხვევაში არ შეიცავს ე.წ. "სპოილერს".

image

ონორე დე ბალზაკი - XIX საუკუნის ფრანგი მწერალი "შაგრენის ტყავში" აღწერს ყოვლად უიღბლო ახალგაზრდის თავგადასავალს. მას არც სიყვარულში გაუმართლა და არც შემოქმედებით საქმიანობაში. რაფაელ დე ვალენტენმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, საღამომდე დროის გასაყვანად კი ანტიკვარების მაღაზიაში შევიდა, სადაც შაგრენის ტყავი აღმოაჩინა, რომელიც მაგიური ძალის მატარებელია - მას შეუძლია პატრონს ნებისმნიერი სურვილი აუსრულოს, თუმცა ეს ტყავი მისი პატრონის სიცოცხლის სიმბოლოა. ყოველი სურვილის ასრულებისას ტყავი იკუმშება, ხოლო როდესაც გაქრება, მისი მეპატრონეც მოკვდება.

სიუჟეტი არ არის საინტერესოდ წასაკითხი. მწერლის მაღალფარდოვანი აზროვნებისა და წერის სტილი ნაწარმოებს რთულად აღსაქმელს ხდის. ხშირად გვხვდება ფილოსოფიური დიალოგები, რაც რომანს ამძიმებს. "შაგრენის ტყავი" ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, თუმცა მასში იმდენად დიდი აზრი დევს, რომ ექსპერტებმა ის ფილოსოფიურ ნამუშევრად მონათლეს.

ონორე დე ბალზაკმა მოცემულ ნაწარმოებში არაერთი თემა წამოწია წინა პლანზე. საზოგადოების დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ ნაწარმოების ერთ-ერთი უმთავრესი თემაა. ავტორი დეტალურად აღწერს ეპიზოდურ პერსონაჟებსაც, მათ ჩაცმულობასა და განცდებს, რათა დაგვანახოს საზოგადოების ბალზაკისეული სახე. საზოგადოების ქცევებს, მოქმედების მოტივებსა თუ მათ დამოკიდებულებებს მკითხველი განსხვავებულ კონტექსტებში ხედავს: სამორინეში, აღვირახსნილ წვეულებაზე, ანტიკვარების მაღაზიასა და ფეოდორას სასახლეში.

Vouloir, Pouvoir et Savoir (სურვილი, შესაძლებლობა და ცოდნა). ბალზაკი განგვიმარტავს - სურვილი არის დამანგრეველი, ძალა არის გამანადგურებელი, ხოლო ცოდნა არის შვების მომტანი. ანტიკვარების მაღაზიის მეპატრონე ცდილობს შთააგონოს ვალენტენს, რომ შაგრენი მას მხოლოდ სურვილებს და მისი ასრულების ძალებს მოუტანს და არა ცოდნას. ის მიანიშნებს, რომ ვალენტენმა უარი უნდა თქვას შემოთავაზებაზე, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

ამბობენ იმასაც, რომ ცალკეული ეპიზოდები ბალზაკმა საკუთარი ცხოვრებიდან გადმოიტანა რომანში. იგი საკუთარ თავს ვალენტენში ხედავს, რომელიც ისევე ღატაკურად ცხოვრობს, როგორც თავად ბალზაკი ახალგაზრდობაში. ნაწარმოებში აღწერილი წვეულებაც მისივე ცხოვრებიდანაა გადმოტანილი. ამბობენ, რომ ბალზაკი ელოდა რომელირაც მარკიზისგან ჟურნალის გამოცემას. საყვარელი ქალის ოთახში დამალვა და მისი შიშველი ხილვაც საკუთარ ცხოვრებაში განუხორციელებია ფრანგ მწერალს.

ამგვარად, ნაწარმოები, უდავოდ, მაღალი დონისაა, თუმცა ბალზაკის წერის სტილი საკმაოდ მძიმე და რთულია.

რასაკვირველია, ნაწარმოებში არაერთი მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ფრაზაა, თუმცა მათგან გამოვყოფ რამდენიმეს:

1) "და რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?"

2) "მაღალი საზოგადოება თავისი წიაღიდან დევნის უბედურ ადამიანებს, როგორც ჯანსაღი ადამიანი ცდილობს თავისი სხეულიდან მომაკვდინებელი შხამი განდევნოს. ახალგაზრდა რომაელების მსგავსად, ეს საზოგადოება არ იბრალებს დამარცხებულ გლადიატორებს. სიკვდილი სუსტებს!"

3) "სკიპტრა სათამაშოა ბალღისთვის, ნაჯახია რიშელიეს ხელში, ხოლო ნაპოლეონისთვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენს. ძალაუფლების მიღება უცვლელად გვტოვებს და მხოლოდ დიდბუნებოვან ადამიანებს ადიდებს."


0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერო880
ბერო880
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0