x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508664
ჩემი მწერლები
ქეთი გაბინაშვილი
კუთხის მაგიდა მოვძებნეთ. ლუდი შევუკვეთეთ. ისინი ბუხართან ისხდნენ. ხუთნი იყვნენ, ქართულად ქეიფობდნენ, კულტურულად, ზომიერად, სევდა და ღიმილი ახლდათ. კაკლისუღლისფერ კონიაკს სვამდნენ. დენდებს ჰგავდნენ, 21-ე საუკუნის „ცისფერყანწელებს“.

ერთი წამოდგა, თითქოს ქართული გენი წამოიმართაო, ხელები ისე ლაღად გაშალა, მომეჩვენა, მუცოს კოშკიდან არწივი აფრენილიყოს. ღირსებას გაუმარჯოსო ქართულს, კაცს კაცურის ეპითეტი რომ არ სჭირდებაო, როგორც იმ დიდმა კაცმა ახსნაო. მერე ის ამბავი გაიხსენეს, ვაჟას კონკაზე, რომ ქისა ამოაცალეს. აი, კაცობაო, უბრალო უნდა იყო და სუფთა დახავსებულ ლოდებს შორის მომავალი მთის წყალივითo. მთაზე თუ უბრალოებაზე ჩოხელი წამოაგონდა ვიღაცას, ღირსებას ვახსენებდითო და ღირსების არარსებობა იყოვო ერის, გოდერძის უფულობის გამო სიკვდილი. მაგან ის ამბები ვერ მოინელაო, იმან თქვა სამფეხა სკამზე, რომ იჯდა და დაქანცული მხრები დანებებული ჯარისკაცივით ჩამოეყარა. სევდა ჩადგა მათ შორის და მწუხრებით, ჩუმი ხმით ახსენეს სისხლი და თბილისი, სიტყვების გარჩევა ჭირდა, გუმანით ვგრძნობდი, 90-იანებზე იყო ლაპარაკი.

-მწერლები არიან, -თავის გადაქნევით ვანიშნე მეგობარს.

ისევ მათი მაგიდისკენ გამირბოდა მზერა, მათ ამოცნობას ვცდილობდი, ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ არ უნდა ვიცნობდე-მეთქი. წიგნებს გადავავლე თვალი, პერსონაჟებს მივამსგავსე, აგერ ის, წვერიანი, ვერცხლმოკიდებული თმით, ის უნდა იყოს, ომსა და რევოლუციაზე, რომ წერს. ის მელოტი, პუტკუნა, პოეტი იქნება. სათითაოდ ჩამოვუარე, ყველა „ვიცანი“. მეამაყასავით მათ გვერდით ჯდომა. ვივაჟკაცე, ანგარიში მოვითხოვე, გადავუხადე.


ლუდს დავეწაფე მოწყურებული, შემთბარიყო, გაზი დაჰკარგვოდა, ხასიათი წამიხდა, გული ისევ იქით მქონდა, ჩემი მწერლებისკენ. რაც არის არის-მეთქი ვიფიქრე, ძალა და სითამამე მოვიკრიბე, მივუახლოვდი. გულღიად მიმიღეს, სკამი შემომთავაზეს, შებრაწული ხინკალი დამაძალეს. კითხვა ვერ დავსვი, მომერიდა, არ თქვან, ვერ გვიცნოო. დროს დაველოდე. ერთ ხანს ვსაუბრობდით, ისე რაღაცებზე: სიყვარულზე, ცოტა ღმერთზე, ბევრ სიკეთეზე...

დროა, იმან მე რომ ომის მწერალი მეგონა, წამოიშალნენ, კონიაკს გაეჭრა, სახე შეჰფაკვლოდათ, თვალებში თან ცეცხლი ენთოთ და თან ვიღაც ამ ცეცხლს უქრობდა, ანელებდა ნაკვერჩხალს.

მოიბოდიშეს, არ შეშვენისო ქართველს სუფრასთან კაცის მიტოვება, მაგრამ რა ვქნათ, ასეთია ცხოვრება, დილაზე უთენია ვდგებით, მშენებლობაზე ვმუშაობთ, 6-ზე ხარაჩოზე უნდა ვიდგეთო.

შუაღამემდე ვიჯექი ბუხართან და მარტო ვსვამდი, სამართალსა და უსამართლობაზე ვფიქრობდი, ჩემი ყოფილი თანამესუფრენი დაღლილ ჯანს ასვენებდნენ, ახალი დღისთვის, ახალი ბრძოლისთვის, ემზადებოდნენ, ნამდვილ მწერლებს კი, ალბათ, მშვიდად ეძინათ და ჯილდოები ესიზმრებოდათ, ან ვინ იცის, იქნება ისხდნენ და წერდნენ დაკვეთილი ომის დაკვეთილ ისტორიებს.

#ქეთიგაბინაშვილი

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0