x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
დაკარგული წერილი


image
ძვირფასო ლიზა,

დიდიხანია არ მინახავს შენი დიდრონი თვალები. ვერ ვიგებ რომელი უფრო მენატრება, შენ, თუ-ის. იმედია, განაწყენებული არ ხარ წერილის დაგვიანებისთვის, ვერა და ვერ მოვიცალე... ღმერთმა უწყის ბოლოს როდის ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. სანგრის მტვერში ვიხრჩობით ბიჭები. ამბობენ ინგლისი დამხმარე ძალებს გამოგვიგზავნისო, იმედს გვიტოვებენ. არ უნდა დაგვამარცხონ ფაშისტებმა, ჩემო ლიზა. გახსოვს 38 წლის აგვისტო? რომ გაგიცანი, იმ დღესვე დაგპირდი მოგზაურობას, რომელიც მხოლოდ ჩემი და შენი უნდა ყოფილიყო. როცა ცას კვამლი არ ფარავს, ვარსკვლავებს ვუყურებ ხოლმე და ვიხსენებ ყოველ დღეს, ერთად გატარებულს. ყინავს, მაგრამ მე ის სითბო დღემდე მათბობს. იცი, ვერ ვიგებ, ამ სიყვარულით სავსე სამყაროში, ადამიანებმა როგორ შეძლეს ერთმანეთის შეძულება. ომია, ხალხს ვკლავთ, ერთმანეთს თვალებში აღარ ვუყურებთ, პირქუში გახდა ეს ცხოვრება. უცნაურია ამგვარი დიდი ცვლილება ყოველდღიურობაში.

გუშინ, ჩემი ხელით მოვათრიე ბრძოლის ველიდან საუკეთესო მეგობარი. მასთან რომ მივედი, სული უკვე აღარ ედგა. ვნატრობდი, ეგებ მეც მომკლან-მეთქი, მაგრამ გადავრჩი. ზოგი სიკვდილს ავიწყდება, ზოგიც კი-ღმერთს. ღამე ფხიზლად მძინავს, მაგას ძილი არც ქვია, სიგარეტს მივეჩვიე. დიდი ხანი ვცდილობდი უარის თქმას, მაგრამ, აქ აზრიც არ აქვს, სიგარეტი თუ არა, ტყვია მაინც მოგკლავს. მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ, ლიზი. მხოლოდ შენთვის არ ვწყვეტ სიცოცხლისთვის ბრძოლას. ახლა წასვლის დროა, პოლკოვნიკი გვიხმობს.

მიყვარხარ და მენატრები, შენი თომა.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ნასყიდაშვილი
ანა ნასყიდაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0