x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85018
  • ვიდეო:335251
  • სურათი:443821
დილა თვითმკვლელობის შემდეგ

დილით თვითმკვლელობის შემდეგ მე გამეღვიძა.




image



სამზარეულოში გავედი, საუზმე მოვიმზადე და საწოლთან მოვიტანე. მარილი მოვაყარე კვერცხს, გავაკეთე ბუტერბროდი ლორითა და ყველით, დავლიე ყავა და მივირთვი კრუასანი. შემდეგ გავრეცხე ტაფა, გადავწმინდე მაგიდა, დავრეცხე ჭურჭელი და გასაშრობად ფრთხილად დავაწყვე მაგიდაზე გადაფარებულ ჩაის ტილოზე.


დილით თვითმკვლელობის შემდეგ მე შემიყვარდა. არა აქვს მნიშვნელობა, ის მამაკაცი ფეხბურთელი იყო თუ ავტობუსის მძღოლი, ექიმი თუ მსახიობი, მაღაროელი თუ მწერალი, მეზობლის ბიჭი თუ სკოლის დირექტორი. მე თავიდან შემიყვარდა დედა, რომელიც იჯდა ჩემი ოთახის იატაკზე ცარიელი, არაფრის მთქმელი თვალებით და ხელში ეჭირა ჩემი საყვარელი შარფი, რომელიც მე თვითმკვლელობის ჩადენის დროს მეკეთა. მე ხელმეორედ შევიყვარე მამა, რომელიც ჩემს ჩანაწერებს კითხულობდა და უმწეობისაგან ხელები უკანკალებდა. მე შევიყვარე ჩემი ძმა, რომელიც სკოლის მერხზე იჯდა და ამაოდ ცდილობდა თავი დაერწმუნებინაა, რომ მე ისევ ცოცხალი ვარ.


დილით თვითმკვლელობის შემდეგ მე გავასეირნე ძაღლი. მე ვხედავდი, როგორ აქნევდა ის კუდს და როგორ იმრიზებოდა კატის დანახვაზე. დავინახე სიცარიელე მის თვალებში, როცა გადაგდებულ ჯოხს მოარბენინებდა და ჩემ მაგივრად მხოლოდ ცას ხედავდა. მე გვერდით ვიდექი, როცა გამვლელები მას ხელით ეფერებოდნენ და ის ისევე თრთოდა მათი შეხებისგან, როგორც ოდესღაც ჩემი მოფერებისგან.


დილით თვითმკვლელობის შემდეგ მე შევედი მეზობელ ეზოში, სადაც ორი წლის წინ ახლადდაგებულ ასფალტზე ფეხის კვალი დავამჩნიე და ვნახე, რომ ეს კვალი თითქმის გაუჩინარებულიყო. მე მოვწყვიტე რამდენიმე შროშანი, ამოვთხარე სარეველა ბალახები და ვუყურებდი ფანჯარაში მეზობელ ქალს, რომელსაც ხელში გაზეთი ეჭირა და ჩემი სიკვდილის შესახებ დაბეჭდილ განცხადებას კითხულობდა. მე დავინახე, როგორ აავსო მისმა ქმარმა ჭიქა წყლით და როგორ მიუტანა ცოლს წამალთან ერთად.


დილით თვითმკვლელობის შემდეგ მე შევხვდი განთიადს. ვნახე, ცამ და ხეებმა როგორ მიიღეს ფორთოხლისფერი. მე დავინახე მეზობელი ბიჭუნა, რომელიც დედას ხელით უჩვენებდა წითლად შეღებილ ცაზე მოცურავე ერთადერთ თეთრ ღრუბელს.


დილით თვითმკვლელობის შემდეგ მე დავბრუნდი მორგში და ვცადე, მომეკრიბა გონება. ვეცადე, გამეხსენებინა ბუტერბროდი და სკოლის დირექტორი, ჩემი მშობლები და შროშანები, ფორთოხლისფერი ცა და მეზობელი ბიჭუნა...


დილით თვითმკვლელობის შემდეგ მე ძალიან ვეცადე არ ვყოფილიყავი მკვდარი, თუმცა არაფერი გამომივიდა....


ავტორი: მეგი როიერი (თარგმანი მანჩო777-ისა)

0
156
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0