x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85013
  • ვიდეო:335237
  • სურათი:443804
ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები - საოცარი პარალელები

ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები - საოცარი პარალელები


ბრილის სამაროვანის ეგვიპტური საგანძური რაჭაში


რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღების ჩრდილოეთით, 11 კილომეტრში, მდინარე რიონის (ფაზისის) ხეობაში მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი - ბრილი მდებარეობს. აქ შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ქრისტიანული ტაძრის ნაშთები და სხვ. 1939-1961 წლებში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არქეოლოგმა გერმანე გობეჯიშვილმა აღმოაჩინა ძვ.წ. XVIII-IV საუკუნეების ნამოსახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები.


ძვ.წ. XVIII-XIV საუკუნეების ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალგვარი საკინძი, ოვალური სასაფეთქლეები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვ. აგრეთვე ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებებით, შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ.


ბრილის სამაროვანში ნაპოვნი კოლხური ცული


ძვ.წ. XIII-VIII საუკუნის სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, უძველესი ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის, ძაღლის და გველის ქანდაკებები, ანტიკური ეპოქის სამარხებში (ძვ.წ. VI-IV სს) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები და სხვ.


გერმანე გობეჯიშვილი


დღეს ეს საგანძური საქართველოს ისტორიული მუზეუმის საწყობებში ინახება და ბრილის განძის სახელითაა ცნობილი, თუმცა გერმანე გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ექსპედიციის მასალები არ გამოქვეყნებულა. თუმცა ძველი ექსპედიციის ფაქტობრივად ერთადერთი დარჩენილი წევრის - ბატონი მალხაზ ბარამიძის მონაყოლიდან სენსაციური ფაქტები გახდა ჩვენთვის ცნობილი:


"საოცარია, რომ ბრილის სამაროვანზე აშკარად ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობანი. ძალიან დიდი რაოდენობით არის ლურჯი მინის ზედაპირგოლფრიმინებური, ე.წ. "ნავკრატისული მძივები". ფაქტია, რომ ეს არის ეგვიპტური და სხვაგან ამას არსად აწარმოებდნენ, არც ფორმით და არც თავად დამუშავების ტექნიკით. მის დამუშავებაში კობალტია გამოყენებული. სხვაგან საქართველოს ტერიტორიაზე, მე ეს ეგვიპტური მძივები არ მეგულება, არც დაბლობში და არც მთის ზოლში. თუ რა მასშტაბითაა ეს მძივები ამის გასაგებად ერთ ფაქტს მოვიყვან: 1961 წელს ჩვენ მიერ გათხრილ N6 სამარხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით განძი, სულ აწონვის შემდეგ დადგინდა, რომ იყო 12 კგ. ეს მხოლოდ ერთ სამარხში, ხოლო ასეთი სამარხები კიდევ ბევრი იყო და სხვებიდანაც კილოგრამობით ამოდიოდა უძველესი საგანძური." განაცხადა ბატონმა მალხაზ ბარამიძემ.


ბრილის ზოგიერთ სამარხში მძივებთან ერთად, აღმოჩნდა ეგვიპტური სკარაბეები, რომლებზეც ეგვიპტური იეროგლიფებია გამოხატული. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეგვიპტეში სკარაბეები მზის სიმბოლოსთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, საქართველოშიც ზუსტად ასეთივე აღქმა ჰქონდათ სკარაბეებისა.

უხსოვარი დროიდან სკარაბეი ეგვიპტის უძველესი ღმერთის - სკარაბეისთავიანი ღვთაება ხეპერას, იგივე ამომავალი მზის სიმბოლოს გამოხატულება იყო. ფიგურების შიდა მხარეზე აკეთებდნენ წმინდა სიმბოლოებს და აღორძინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ იეროგლიფებს.

ბრილში აღმოჩენილი სკარაბეები ძალიან ჰგავს ფარაონ სესოსტრისის სკარებეებს.


ეგვიპტური სკარაბეა


ასევე საინტერესოა, რომ მომდევნო - მე-13 დინასტიის სებეხოტების სკარაბეებზე გამოსახული ფიგურა იდენტურია ბრილის ერთ-ერთ სკარაბეიზე გამოსახული ფიგურისა.


მკვლევარი მალხაზ ბარამიძე: "მივაკვლიე ძვ.წ. XIV საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსს, რომელშიც აღწერილია, რომ ეგვიპტეში სპილენძი არ არის და მადანი შემოაქვთ სირიიდან, აპენინებიდან და რეჩენადან. რეჩენას ადგილმდებარეობა დღემდე არაა დადგენილი და კვლევის საგანია. ბუნებრივია ყველა ადამიანს გაუჩნდება ეჭვი იმის შესახებ რომ "რეჩენა" ხომ არ არის რაჭა, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა - თვითონ "რაჭა", როგორც ტოპონიმი საკმაოდ გვიანდელი შექმნილია."


ბატონი მალხაზი საუბრობს ძვ.წ. XIV საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსზე. პირველად კი რეჩენა, როგორც ქვეყანა ძველ ეგვიპტურ წყაროებში მოხსენიებულია ისევ და ისევ სესოსტრის III-ს (ზეობის ხანა ძვ.წ. 1879-1839 წწ.) ლაშქრობებთან დაკავშირებით. აღმოჩენილია მეფის პირადი დაცვის - ხუსებეკის ხელნაწერი, რომელიც მოგვითხრობს ეგვიპტელების დიდ წინააზიურ ლაშქრობაზე. ლაშქრობის დროს ეგვიპტის არმია შეიჭრა ქვეყანა რეჩენაში და აიღო ქალაქი სეკმემი. ამ დროს ხომ არ დაამარცხა კოლხეთის მეფე საულაკმა სესოსტრისი და ხელთ იგდო ის ნადავლი, რომელიც სესოსტრისმა სკვითების ქვეყანაში მოიპოვა? ამაზე ხუსებეკი დუმს.


სესოსტრის III


კიდევ ერთ საინტერესო პარალელს მოვიყვანთ: ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი გახლდათ ქალაქი, რომელსაც ბერძნები "ჰელიოპოლისს" (ბერძ. ჰელიოს - მზე, პოლის - ქალაქი) ეძახდნენ, ხოლო ეგვიპტურად ამ ქალაქს ზუსტად ასე ერქვა - "ონი". მოგეხსენებათ ონი რაჭაშიც მდებარეობს და ბრილის აღმოჩენები უკვე გვაფიქრებინებს, რომ სხვა თვალით შევხედოთ მის ეტიმოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად, რიონის (ფაზისის) ერთ-ერთ შენაკადს "ხაკაურა" ეწოდება, რაც სესოსტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს. თავად სესოსტრისი კი მას ბერძნებმა უწოდეს, ვინაიდან ვერ გამოთქვამდნენ მის ნამდვილ, ეგვიპტურ სახელს - ხაკაურას.




ძველეგვიპტური და პროტოქართველური სამყაროს კავშირებს კიდევ უფრო ამყარებს ვიაჩესლავ ივანოვი. ცნობილი ლინგვისტი, აკადემიკოსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. ძველეგვიპტურის და პროტოქართველური ენების შედარებითი ლიგვისტური ანალიზის საფუძველზე იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ორი უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა, არის ქართველური სამყაროდან შესული, ესენი არიან თოთი და ოსირისი. თოთი ითვლებოდა უცხო ქვეყნის მბრძანებლად და მთელი ეგვიპტის ინტელექტუალური ცხოვრების შემქმნელად. ის მართავდა დროს, შექმნა დამწერლობა და ანგარიში. თოთის ასტრონომიული სახეა მთვარე.


ვიაჩესლავ ივანოვი


მეორე არაეგვიპტური ღმერთია ოსირისი, ისიდას მეუღლე, რომელმაც ეგვიპტეში მეფობისას ადამიანები გადააჩვია ველურ ცხოვრებას და კაციჭამიობას. ასწავლა ხვნა-თესვა, ვენახის გაშენება, პურისგამოცხობა, ლუდისა და ღვინის დაყენება, ასევე სპილენძის და ოქროს მოპოვება და დამუშავება. მან ასწავლა ადამიანებს ეგვიპტეში მკურნალობა, ქალაქების მშენებლობა და დაუწესა ღმერთების თაყვანისცემა. ოსირისის გამოხატულება ცაზე ორიონის თანავარსკვლავედია. როგორც ივანოვი ვარაუდობს, ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულში ეგვიპტეში მოვიდნენ პროტოქართველები და თან მოიტანეს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლები.


ოსირისი


ოსირისის ისტორია შინაარსობრივ მსგავსებას ამჟღავნებს ამირანის მითთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამირანის მამას რაჭულ ვერსიაში ჰქვია სირა. სახელი სირა აქამდე გაურკვეველი შინაარსის და წარმოშობის ცნებას წარმოადგენდა. ახლა კი შეგვიძლია დავუკავშიროთ ძველეგვიპტურ სირს, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედის სახელია. შეიძლება დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ ორიონის, თოთის და ეგვიპტის თემასთან ასევე საინტერესო პარალელი მოიძებნება ხევსურეთში. ხევსურთა სულეთის ღმერთი საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს ღვთაება თოთთან. ხევსურთა მთავარი სალოცავის - გუდანის ჯვარში კი დევს ქვა, რომელზეც გამოსახულია ადამიანის გაშლილი ხელი, რომელიც ღვთაებრიც ნებას აღნიშნავს. ოთხკუთხედში ჩახატული ჯვარი კი პირამიდაა ზემოდან, შუაში ადამიანის ფიგურა კი ორიონის თანავარსკვლავედია. მაინც რატომ ანიჭებდნენ ძველ სამყაროში ორიონს ასე დიდ მნიშვნელობას? ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ თანავარსკვლავედზე დაკვირვებით შეიძლება დედამიწის პრეცესიის გამოთვლა, რომლის სრული ციკლი 25, 920 წელია. როგორც ირკვევა, პრეცესიის შესახებ იცოდნენ შუმერებმაც და ეგვიპტელებმაც, მაგრამ არავინ იცის საიდან.


ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარღვნამდე არსებობდა უძველესი განვითარებული ცივილიზაცია, რომელთა გადარჩენილმა ქურუმებმა ხვამლის მთას შეაფარეს თავი და აქვე საიდუმლოდ ინახავდნენ ცოდნას, რომელიც მათ ღმერთებმა დაუტოვეს. ამ ცოდნას ემყარებოდა შუმერების და ეგვიპტელების უდიდესი ცივილიზაციებიც. აქედან წაიღეს არგონავტებმა ოქროს საწმისი და ახალ, ბერძნულ ცივილიზაციას, აქ გაზარდა ზევსი კავკასმა და აქვეა მიჯაჭვული პრომეთე, რომელმაც ადამიანებს ცოდნის ღვთაებრივი ცეცხლი მოუტანა.




მტრისთვის მარჯვენის მოჭრის ტრადიცია


ძველ ეგვიპტეში დიდი ხნის განმავლობაში გამარჯვებული მეომარი მტერს მარჯვენას აჭრიდა, რომ შედეგ მასში ანაზღაურება მიეღო, რასაც "სიმამაცის ოქრო" ეწოდებოდა. ამ ჩვეულების არსებობის შესახებ ვიგებთ ძველეგვიპტური ლიტერატურიდან და ასევე გამყარებული არქეოლოგიური აღმოჩენებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს საიდან გაჩნდა ეს ჩვეულება ეგვიპტეში. გამოითქვა აზრი ჰიქსოსებთან სავარაუდო კავშირის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით არა დადასტურებულად. მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ ზუსტად ანალოგიური ტრადიცია არსებობდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისტორიულ ფხოვში. ისინი ჩრდილოეთ კავკასიელებთან გამუდმებულ დაპირისპირებაში სწორედ ასე იქცეოდნენ და მტრის მარჯვენებს აგროვებდნენ. თუ დაპირისპირებაში მტერს მოკლავდი და მარჯვენა მკლავს არ მოჭრიდი, ეს დიდი სირცხვილი და რჯულის შეურაცხყოფა იყო. ეს ტრადიცია კარგად აქვს აღწერილი ვაჟა-ფშაველას თავის პოემაში - "ალუდა ქეთელაური".


ვაჟა-ფშაველა



ბერძნული ისტორიული წყარო საუბრობს კოლხებისა და ეგვიპტელების მსგავსებაზე


ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტეც (ძვ.წ. 484-425) უსვამდა ხაზს კოლხებსა და ძველ ეგვიპტელებს შორის მსგავსებაზე, ოღონდ ის პირიქით ვარაუდობდა, რომ კოლხები ეგვიპტიდან არიან მისულები კოლხეთშიო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ მას არ ჰქონდა წვდომა იმ ტექნოლოგიებზე, არქეოლოგიურ და გენეტიკურ მონაცემებზე და ცოდნაზე, რასაც დღეს ჩვენ ვფლობთ:


ჰეროდოტე


"ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს - კოლხებს უკეთესად ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს - კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის (ძველეგვიპტურად "ხაკაურა") ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები, მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხისგან გამორჩევით, მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას, ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ - ეს ეგვიპტელთაგან ისწავლეს.

კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად, მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის, კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ. ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.


აქ იბადება კითხვა, კი მაგრამ როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები დაახლოებით ჰეროდოტეს პერიოდში, რომ ასე მიამსგავსა მან ისინი კოლხებს, ამისთვის აქვე მოვიყვან რამდენიმე ფოტოს, რომელიც აღადგინეს მეცნიერებმა როგორც გენეტიკური კვლევებით, ასევე ისტორიულ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით, ასეთები იყვნენ ძველი ეგვიპტელები:


ძველი ეგვიპტელი ძველი ეგვიპტელებიძველი ეგვიპტელები


ქალღმერთი ისიდა კოლხურ თეთრზე


ფარაონ ხეოფსის სტელა გვამცნობს, რომ სფინქსი ისიდას საკუთრება იყო. ნინევიაში, იშთარის კარიბჭეზე თეთრი ძროხები და ლომებია გამოსახული. ასევე ფაფრიანი ქალღმერთ ინანას იპოსტაზეც. გავიხსენოთ კოლხური მონეტა ფაფრიანი ძუ ლომით ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი დაჩოქილი ძროხისთავიანი ადამიანის ფიგურა - თუ ამ ფიგურას ზოდიაქოზე გამოსახულ ქალღმერთ ისიდას შევადარებთ, საოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ. გარდა გარეგნული მსგავსებისა, მთავარი მაინც შინაარსობრივი მსგავსებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ კოლხურ თეთრზე გამოსახულია იო, იგივე ხათხორი ანუ ისიდა. ამას ადასტურებს მონეტის მეორე მხარეს გამოსახული ძუ ლომიც.


ქალღმერთი ისიდა კოლხურ თეთრზე




ფარაონ ტუტანხამონის გენეტიკური კვლევა


შვეიცარიის გენეალოგიის ცენტრის - iGENEA -ს სპეციალისტებმა ფარაონ ტუტანხამონის და თანამედროვე ევროპელების დნმ შეადარეს. როგორც აღმოჩნდა ტუტანხამონი იყო არა ძველეგვიპტელი ან დღევანდელი ეგვიპტელი ხალხის დნმ-ის მატარებელი კაცის ხაზით, არამედ ევროპული. საშუალოდ დღევანდელ ევროპელ მამაკაცთა ნახევარი, ზოგიერთ ქვეყანაში კი 60-70% მამაკაცებისა არის იმავე ჰაპლოჯგუფის მატარებელი, მაგალითად ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში.


ფარაონ ტუტანხამონის გენეტიკური კვლევა


დნმ-ს ადარებდნენ ჰაპლოჯგუფების მიხედვით, ეს არის დნმ-ს ფრაგმენტების ნაკრები, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის, ვინაიდან ინახება მამაკაცის სქესის განმსაზღვრელ Y ქრომოსომაში. ტუტანხამონის ჰაპლოჯგუფი იყო R1b1a2. ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელთა რაოდენობა დღევანდელ ეგვიპტელებს შორის 1%-საც კი არ აღწევს. "საინტერესოა არა?" - ამბობს ცენტრ iGENEA -ს დირექტორი რომან შოლცი (Roman Scholz) - "მიმაჩნია, რომ ეგვიპტის ფარაონები და ევროპელების წინაპრები კავკასიაში დაახლოებით 9500 წლის წინ (ძვ.წ. 75-ე საუკუნეში) ცხოვრობდნენ. დაახლოებით 7000 წლის წინ (ძვ.წ. 50-ე საუკუნეში) კი მათი პირდაპირი წინაპრები ევროპაში დასახლდნენ. ნაწილი კი ეგვიპტეში წავიდა და შემდგომში ფარაონებიც გახდნენ."


რომან შოლცი


აღსანიშნავია, რომ ჰაპლოჯგუფი R წარმოიქმნა 31, 900 წლის წინ, დღევანდელი სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის ტერიტორიებზე. ასევე ამავე ტერიტორიებზე წარმოიქმნა R1 28, 200 წლის წინ და მოედო ევრაზიულ სტეპს, მისგან შემდგომში ჩამოყალიბდა ორი განხრა - R1a და R1b - ისინი წარმოიშვნენ 22, 800 წლის წინ სადღაც ევრაზიაში. R1a ასოცირებულია პროტო-ინდო-ირანულ ხალხებთან და ბალტო-სლავურ ხალხებთან ძველად იწოდებოდა ეს ხალხი "არიელებად". ამ ჰაპლოჯგუფის ხალხები დღესდღეობით საკმაოდ არიან აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის კავკასიაში, ასევე ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ აზიაშიც. (იხ. ადამიანის ჰაპლოჯგუფები მამაკაცის ხაზით)


რაც შეეხება R1b-ს - ეს არის დომინანტური ჰაპლოჯგუფი დასავლეთ ევროპაში, როგორიცაა პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ა.შ. მაგრამ არამხოლოდ აქ, მან გავრცელება ჰპოვა აფრიკის და ასევე აზიის რეგიონებშიც, უფრო მეტად იქ, სადაც კავკასოიდები სახლობენ. მისი ერთ-ერთი ქვეჯგუფი გახლავთ R1b1a2 (M269) სწორედ ის, რომელიც ტუტანხამონს აღმოაჩნდა. და ეს ქვეჯგუფი პირდაპირ ასოცირდება იტალო-კელტურ და გერმანიკულ ხალხებთან, ვინაიდან სწორედ ამ ხალხებში წარმოიქმნა და ამ ხალხებშია ყველაზე ხშირი R1b ჰაპლოჯგუფის ეს კონკრეტული ქვეჯგუფი.


როგორც ჩანს წარმოქმნის ადგილიდან - სამხრეთ კავკასიიდან და მცირე აზიიდან ამ დროის განმავლობაში იფანტებოდა ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და აყალიბებდა სხვადასხვა ხალხებს, როგორიცაა მაგალითად კუკუტენი ტრიპილიას და იამნაიას კულტურის ხალხები. ეს ჰაპლოჯგუფი აღმოჩენილია საკმაო რაოდენობით ციმბირის მოსახლეობაშიც კი. ამ რუქაზე სწორედ კავკასიიდან და მცირე აზიიდან R, R1a-ს, R1b-ს და R2-ის სხვადასხვა მიმართულებით გავრცელებაა აღნიშნული:


კავკასიიდან და მცირე აზიიდან R,  R1a-ს,  R1b-ს და R2-ის სხვადასხვა მიმართულებით გავრცელება


საინტერესოა კიდევ ერთი გერმანელი მეცნიერის, კურტ პოლიკარპ იოახიმ (ან იოჰიმ) შპრენგელის (1766-1833) აზრი ამასთან დაკავშირებით, იგი წერს: "ეგვიპტელთა კულტურაზე უდაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწათმოქმედებისა და წამალთმცოდნეობის ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ბერძნებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისანი არიან.


კურტ იოჰიმ შპრენგელი


როცა სამხრეთ შუამდინარეთში შუმერები გამოჩნდნენ ეგვიპტეშიც ჩავიდნენ ადამიანები მცირე აზიიდან (დღევანდელი თურქეთის დიდი ნაწილი პროტოქართველთა განსახლების არეალი იყო) ნილოსზე, ამ დიდ გადასახლებათა დაბურული შორეთიდან მოდის ის გადმოცემაც, რასაც ჰეროდოტე გვაუწყებს - "კოლხები ეგვიპტელები არიანო". მეცნიერები, არქეოლოგები კი გარკვეულ მონაცემებს ემყარებიან, როცა აცხადებენ, რომ არსებობდა ერთი "დიადი" ენა, რაც დაიყო პროტოშუმერულად, პროტოქართულად და სხვა მონათესავე ენებად. პროტოქართულმა ტომებმა გადმოინაცვლეს საგვარჯილეში, საკაჟიაში, დევისხვრელში, შუმერებმა კი ქურთისტანის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს სამხრეთისკენ. ეს მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 9200 - 8900 წლებში. ცნობილი შუმეროლოგის, ანატოლ კიფიშინის გამოკვლევით მცირე აზიაში (დღევანდელ თურქეთის ტერიტორიებზე) ქამიტური ენები იძენენ შუმეროიდულ ქართველიზმებს. ამ მოვლენაზე ადრევე მიუთითებდა მ. წერეთელი. აქ გაღვივებული თესლიდან შემდგომში ეგვიპტის ცივილიზაცია აღმოცენდა. ეს შეხედულება თანხმობაშია იმ აზრთან, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელები ნილოსზე მცირე აზიიდან ჩასულან. ამ ყველაფერს აკაკი გელოვანი ჯერ კიდევ 1985 წელს წერდა თავის ნაშრომში სახელად - "მარად ცოცხალი ხელოვნება".


აკაკი გელოვანი



151 ეგვიპტური მუმიის გენეტიკური კვლევა


მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck institute for the science of human history) და ტიუბინგენის უნივერსიტეტის (University of Tuebingen) მეცნიერებმა ზოგიერთი ნაწილობრივ და ზოგიც სრულად აღადგინეს 151 ეგვიპტური მუმიის გენომი, რომელთა ასაკი 1500-დან 3500 წლამდე მერყეობდა. იყო ძვ.წ. 1400 წლიდან ახ.წ. 400 წლამდე მცხოვრები ძველი ეგვიპტელების მუმიები. გერმანელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძველი ეგვიპტელები არ იყვნენ აფრიკელები, ისინი არ იყვნენ არც არაბები, არამედ იყვნენ სამხრეთ კავკასიელები და სამხრეთ ევროპელები. ნიმუშები აღებული იყო მდინარე ნილოსის ახლომდებარე არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი მუმიებიდან. შემდეგ შედარებული იყო დღევანდელ კაიროში მცხოვრებ ადამიანების გენომთან და დამთხვევა არ აღმოჩნდა. კვლევამ ცხადყო, ძველი ეგვიპტელების წინაპრები იყვნენ იმ მიდამოებიდან, სადაც ახლა მდებარეობს საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი, მცირე აზია (ეს ტერიტორიები უძველესი პერიოდიდანვე წარმოადგენდა უამრავი პროტოქართული ტომის განსახლების არეალს) და ასევე სამხრეთ ევროპის ტერიტორიები ხმელთაშუაზღვის გასწვრივ. (წყარო: CNN)


აღნიშნული კვლევიდან აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული 151 ეგვიპტური მუმიის წარმოშობის ადგილები გახლდათ მცირე აზია (დღევანდელი თურქეთი) სამხრეთ კავკასია (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რომლის ტერიტორიაც იმ პერიოდში მთლიანად პროტოქართველური ტომების განსახლების არეალს წარმოადგენდა, ვინაიდან არ იყო გამოჩენილი თურქული და არმენული ელემენტი) ასევე ლევანტის, ჩრდილო კავკასიისა და სამხ-აღმ. ევროპის ტერიტორია:


ძველ ეგვიპტელთა წარმოშობის არეალები


სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა ისიც, რომ პალეოგენეტიკოსმა იოჰანეს კრაუზემ (Johannes Krause) ტიუბინგენის უნივერსიტეტიდან ჟურნალ "Nature Communication"-ს განუცხადა, რომ მან 151-დან 3 მუმიის გენომის სრული აღდგენა შეძლო, ვინაიდან მათი დნმ კარგად იყო შემონახული. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ამ ადამიანთა კლონირებაა შესაძლებელი.



ასევე დაგაინტერესებთ:

1) საქართველო ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2) პირველი ევროპელები საქართველოდან

3) საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4) ოსების ეთნოგენეზი და განსახლების ისტორიული არეალები

5) საქართველო - ქსოვის და კერვის ხელოვნების სამშობლო



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1778
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1778
  
17 იანვარი, 23:31
ბევრი სტატია მაქვს ერთად შეკრებილი. თანდართული აქვს რამდენიმე წყარო ინგლისურად, რომ დააკლიკავ გადავა. თვითონ ტექსტშივეა.
17 იანვარი, 17:15
გამარჯობა თორნიკე . თქვენი ყველა სტატია ძალიან საჯნტერესოა რისთვისაც მადლობას პირადად გიხდით ???? ხკმ არ გაქვთ ამ სტატიის ინგლისური ვერსია ? მეუღლე მყავს ეგვიპტელი და ვერაფრით ვაჯერებ აქ მოყვანილ ფაქტებს და ვერსიებს ????????
9 იანვარი, 14:58
ყოჩაღ თორნიკე, კარგი ადამიანიხარ ამ ყველაფერს ერთად თავს რომ უყრი და აცნობ ფართო საზოგადოებას, იმედია შეინახება და არ დაიკარგება
0 1 3