x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134669
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
ნუ დაუჯერებ სხვის სიტყვას, თუ გიყვარს

image
იანვრის ცამეტია, თოვლის საფარს დაეფარა ირგვლივ ყველაფერი, სოფელში სიჩუმე სუფევს, აქა-იქ გაისმის ძაღლის ყეფის ხმა, ბეღურები სიცივისგან აბურძგნულან, ხის ტოტზე ორ ბეღურას თავი თავზე მიუდვია, თოვლის ფიფქები ეცემა მათ ბუმბულს, მაინც მშვიდად გრძნობენ თავს, მიუხედავად შიმშილისა და სიცივისა – მათ ხომ ერთმანეთი ჰყავთ. სოფლის გზას მოხუცი კაცი მიუყვება, ჯოხით ხელში, სამხედრო ბუშლატა ჩაუცვამს, მასზე ორჯერ დიდი ზომის, ეტყობოდა, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სიცივისგან გაყინვას ამჯობინა ჩაეცვა და წასულიყო იქ, სადაც ყოველთვის ამ დროს მიდის, უკვე ორმოცი წელია. ჯერ გზად არავის გაევლო, ამიტომ ფრთხილად იკვლევდა გზას თოვლში, გვერდით კი მისი ოთხფეხა მეგობარი კუდის ქიცინით მიჰყვებოდა. ესაუბრებოდა ისე, როგორც ადამიანს. - წამოდი ჩემო მეგობარო წამოდი, უკვე რამდენი წელია ჩემთან ერთად გაუყვები ამ გზას, ხან თოვლიანს, ხან კიდევ მზიანს, არაფერი გვაშინებს მე და შენ, მთავარია მივიდეთ და მისი თვალები დავინახო, მისი ხმა გავიგონო, სიბერემ არაფერი დააკლო, მხოლოდ აქა–იქ შეეპარა ნაოჭი სახეზე და თმაში ჭაღარა, ხმაც როგორი ტკბილი და სასაიმოვნო აქვს, მაგრამ ხასიათი აქვს საშინელი, ჯიუტი და თან როგორი, – ვირზე მეტი. მას რომ ერთხელ მაინც ეთქვა, თუდაც მოვწონვარ, ახლა ხომ ბედნიერები ვიქნებოდით, გვეყოლებოდა შვილები, შვილის შვილები, ვისხდებოდით ბუხართან და მოვუყვებოდი ჩვენს შვილიშვილებს ჩვენს დიდ სიყვარულზე, თვითონ კი გემრიელ საჭმელს მოგვიმზადებდა. ახლა კი რა ხდება ხომ ხედავ, ჩემო მეგობარო, დღეს მისი დაბადების დღეა, ხვალ ძველით ახალი წელი, მივუყვები ამ თოვლიან გზას, რომ მასთან მივიდე და მისი ხმა გავიგონო, თვალი შევავლო მის ლამაზ სახეს. დიდი პატივი იქნება, სახლში თუ შემიპატიჟა, რაც იშვიათად ხდება. ისე, ჩემო მეგობარო, მეც რას გადავეკიდე და რას შევიყვარე მაინდამაინც ეს ჯიუტი ქალი, განა ქალები დაილია ამქვეყნად, მეც სხვა შემყვარებოდა და ასე უაპატრონოდ არ დავბერდებოდი. არა, არა ჩემო ბიმი, ისევ ამის სიყვარული მირჩევნია და ჩავიტანო სამარეში, ვიდრე სხვა მყვარებოდა. იცი რა ლამაზი იყო? ძალიან, ძალიან ლამაზი, დიდი მრგვალი თვალები ჰქონდა, ოდნავ მორგძო სახე, ჭორფლი ამშვენებდა მის თეთრს სახეს. როცა იღიმოდა, სახე უნათდებოდა, თვალები უფრო ლამაზი და მიმზიდველი უხდებოდა, ახლაც შერჩენილი აქვს ის ეშხი და სილამაზე, ხომ ხედავ ჩემო ბიმი. ბიმი მიჰყვებოდა და მისი სიჩუმით ჩანდა, რომ ყურს უგდებდა მის უფროს მეგობარს. ამ დროს კი ერთი პატარა ქოხიდან მოხუცი ქალი იცქირებოდა ფანჯრიდან და თვალს ადევნებდა თოვლის ფიფქებს, თუ როგორ ლამაზად ბარდნიდა, დროდადრო თვალს გზის პირას გააპარებდა, იცოდა, რომ რა დროც არ უნდა გასულიყო, ის დღეს აუცილებლად მოვიდოდა და ნახავდა, იცოდა, რომ მას ვერაფერი დააკავებდა დღეს სახლში და მას ნახავდა. ხანდახან ღრმად ამოისუნთქავდა, თითქოს წარსულიდან რაღაც ცუდი ახსენდებოდა და ფარდას ჩამოაფარებდა, უცებ ფანჯარას მოსწყდებოდა და ბუხართან დაჯდებოდა, ეს დიდხანს არ გრძელდებოდა, ისევ ადგებოდა და გაჰყურებდა გზას, საიდანაც არავინ ჩანდა. იდგა ფანჯარასთან და ფიქრობდა: ეხ, რა მოხდებოდა, რომ ისე ძლიერ გყვარებოდი, როგორც მე, ისე ძლიერ გდომებოდი, როგორც მე და არ გაგევცვალე სხვაში იმ დაწყევლილ ღამეს, სასმელი, ჰმ, რა შუაშია სასმელი, თუ კაცს არ უნდა და მისი გული სიყვარულით არის სავსე, არ გაიხედავს სხვა ქალისკენ, შენ კი მთელი ჩემი ოცნებები დაამსხვრიე ერთ ღამეში, ადექი და ფერფლად მიქციე ყველაზე ლამაზი მომავალი. ხომ შეგეძლო ამდგარიყავი და შენც სხვებივით წასულიყავი სახლში, მაგრამ არ გააკეთე. ის ღამე რომ არა, ახლა მე და შენ ვისხდებოდით ბუხართან, სადაც ცეცხლი იგიზგიზებდა და ირგვლივ გვეხვეოდა შვილისშვილები. არა, უნდა ამომეგლიჯე გულიდან და გავყოლოდი სხვას. ეს იქნებოდა შენთვის კიდევ მეტი სასჯელი, მაგრამ რა ვუყო ჩემ გულს, რომ ვერ მოვიქეცი ასე, ვერ შევიყვარე სხვა. უკვე კი დავბერდი. ეხ, რა სიბერე, ჩემი დღეები დათვლილია ალბათ ზეცაში და მალე წავალ. უცებ ღრმა ფიქრებში წასულ მოხუცს სახე გაუნათდა, სარკესთან მიირბინა, თმაზე ხელი გადაისვა, და ისევ ფანჯარასთან მივიდა, სახეზე ღიმილი ეფინებოდა, გული უძგერდა გამეტებით, ხელისგულები დაუოფლიანდა, ისევ ისე, როგორც ადრე, შეხვედრის მოლოდინში. მოხუცმა კაცმა ფანჯრიდან მოცქირალი ქალი შეამჩნია და ხელი დაუქნია, ქალმა კი თითქოს ვერ დაინახა, უპასუხოდ დატოვა და ფანჯარას მოსცილდა. რამდენიმე წუთში სახლის აივანზე, ფეხების ბაკუნის ხმა გაისმა, ფეხებს იწმენდდა თოვლისგან და სამხედრო ბუშლატას იბერტყავდა. კარზე დაკაკუნება არ დასჭივრებია, მოხუცმა ქალმა კარი გააღო და მიესალმა სტუმარს, მაგარამ სახლში შეპატიჟებისგან თავს იკავებდა, როგორც ყოველთვის. - რას გაისარჯე და მოხვედი ასეთ ამინდში? ძაღლს არ გააგდებს კაცი გარეთ და შენ ვერ გაჩერდი სახლში თბილ ბუხართან? – ალმაცერად უთხრა ქალმა კაცს: - შენ გულს ხომ ვერასოდეს მოვიგებ მე მარიეტა! არ შეიძლება ხომ, მადლიერება მაინც გამოხატო, რომ მოვედი და შენი მწარე ენით არ დამგესლო, მეც რას მოვედი, ხომ ვიცოდი, რა მწარე ენის პატრონი ხარ და ვერ გავჩერდი სახლში? მაგრამ გული, ეს ოხერი გული არ შვება, რომ არ გნახო. -ჰმ, მაგ ოხერმა გულმა გიბიძგა, ჩემი სიყვარული ფეხქვეშ რომ გაგეთელა, მაგ ოხერმა გულმა დაგავიწყა იმ ღამით ჩემი თავი, ახლა კი გინდა, შენი აქ მოსვლით მადლობა გითხრა. მადლობელი ვარ ბატონო, რომ მობრძანდი და ამხელა გზა გამოიარე, მაგრამ არ იყო საჭირო, როგორმე უშენოდ შევხვდები ძველით ახალ წელს და ჩემს დაბადების დღეს. მოხუცი კაცი ცეცხლივით აენთო სახეზე და ძაღლს უთხრა: - წამოდი ჩემო ბიმი, წამოდი სახლში, ამას ხომ არ შეუძლია, ოდნავ მაინც მითხრას თბილი სიტყვა, ხომ უნდა მიძახოს მთელი ცხოვრება და არ მაპატიოს ის ერთი ღამე. უკან შებრუნდა და ნაბიჯი გადადგა. ბეჭზე ქალმა დაადო ხელი: - მოდი სახლში, შემოდი დაისვენე და მერე წადი, ცოდვა ხარ, ამხელა გზა გამოიარე. -არ მჭირდება შენი შეცოდება მე და ისევ გადადგა ნაბიჯი მოხუცმა, მაგრამ ეტყობოდა, რომ წასვლა არ სურდა. ქალმა ისევ შეაჩერა, ამჯერად ხელი მოჰკიდა ხელზე და სახლში ძალით შეიყვანა, ფარულად იღიმოდა მოხუცი კაცი. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, ნაკვერჩხლებს ტკაცა–ტკუცი გაჰქონდა, "ჯორკო" დაუდგა, თვითონაც დაიდგა და ორივე ბუხრის პირას დასხდნენ. ისხდნენ და ხმას არ იღებდა არც ერთი, უცქერდნენ ცეცხლს, ელოდებოდნენ ერთმანეთს – რომელი იტყოდა პირველ სიტყვას, ბოლოს კი, როგორც იქნა, ორივემ ერთდროულად წარმოთქვა: მომენატრე და თვალებში შეხედეს ერთმანეთს, მოხუცმა ქალმა მაშინვე მოარიდა თვალი მოხუც მამაკაცს. -შენ რომ ჩემთვის ერთხელ მაინც მოგესმინა და ვირივთ არ გაჯიუტებულიყავი, ახლა მე და შენ ერთად და ბედნიერად ვიცხოვრებდით, არ მოგვიწევდა ასე სიმარტოვეში ცალ–ცალკე ცხოვრება, მაგრამ აბა, შენ რის ქალი ხარ, თუ არ გაჯიუტდი და შენი არ გაიტანე, დღემდე ვერ გამიგია, რა მოხდა მე და შენს შორის, რას მემდური, რას მაბრალებ, აგეხსნა, გეთქვა, იქნებ მეც მქონოდა სათქმელი შენთვის და ისე არ იყო ყველაფერი, როგორც შენ გგონია. არადა, შეგვეძლო ბედნიერად გვეცხოვრა, ჰმ, მაგრამ მე არ მისმენ, არც მიხსნი რა ხდება, რა მოხდა, რამ შეგცვალა ასე, ვიცი, რომ გიყვარდი ისე, როგორც მე მიყვარდი და რამ აგირია თავგზა, ასე რომ მკარი ხელი? ნუთუ იმ ერთმა ღამემ შეცვალა ყველაფერი?!. - ცდები! მე ხელი არ მიკრავს შენთვის, უბრალოდ ასე მოვისურვე – შენთან ახლოს და თან შორს ყოფნა, კმაყოფილი იყავი, რომ გაძლევ დღემდე უფლებას, მოხვიდე და მნახო, სხვა ახსნას ნუ მთხოვ. -კარგი, კარგი, რაც იყო იყო, დავივიწყოთ ერთხელ და სამუდამოდ წყენა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხვდეთ ძველით ახალ წელს ერთმანეთის წყენის გარეშე, დავბერდით უკვე ხომ ხედავ, მე ჯოხით დავდივარ, შენ კი თმაში თოვლივით გაგერია ჭაღარა და სახეზე ნაოჭი, ხომ ხედავ მე ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ადრე, ჩემს სიყვარულს ვერაფერი დააკლო ვერც დრომ და ვერც შენმა სიცივემ. - ყბედობას შეეშვი ბერიკაცო, მოდი, სუფრას გავშლი და საჭმელი ვჭამოთ, მოშიებული იქნები. ქალმა, პატარა დაბალ მაგიდაზე დააწყო მოხარშული დედალი, კეცის მჭადი, ჭყინტი ყველი, კეცში გამომცხვარი ხაჭაპური, კიტრის მწნილი და შავი ღვინო გრაფინით. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა სახლში, ბუხარში კი ცეცხლი ისევ გიზგიზებდა. მამაკაცმა მორის ნაჭერი მიადო ცეცხლს, რომ არ ჩამქრალიყო. ხელის მტევნები ერთმანეთს გადაუსვა და გრაფინიდან ღვინო დაასხა. ხელში აიღო და თქვა: - შენ გაგიმარჯოს ამით მარიეტა, სიბერეში მაინც მოგეხაროს ეგ რქები და გამხადო ღირსი იმასა, რომ ამიხსნა, რა მოხდა ჩემსა და შენს შორის. სულმოუთქმელად დალია ღვინო. ბოლოს ჭიქა ამოატრიალა და თქვა: - ასე მტერი დაგეცალოს. შემდეგ მოხარშულ ქათამს მოაგლიჯა რბილი ხორცი და გემრიელად მიირთვა. ქალი უცქერდა მამაკაცს და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო დალია, წნევა მაქვს და მეშინია, ვერ დავლევო, უთხრა ბერიკაცს. დაღამებამდე გაჩერდა სტუმარი მოხუც ქალთან. წასასვლეად მოემზადა, ჯოხი მოიმარჯვა, ქალს დაემშვიდობა და კარისკენ შებრუნდა, უცებ ქალის ხმა გაისმა: -მოიცადე! შენ რომ ჩემთვის არ გეღალატა, ახლა ბედნიერები ვიქნებოდით. მამაკაცი მყისიერად შემობრუნდა ქალისკენ და გაოცებულმა შეჰყვირა: რას ბოდავ მარიეტა?! რას?! ვინ გითხრა ეგ სისულელე, ნუთუ ამისთვის გამწირე და დამიტანჯე მთელი ცხოვრება, ნუთუ ვიღაცის სიტყვამ დაგაჯერა ჩემს უსიყვარულობაში და ჩემი სიყვარულის არ დაიჯერე. ეს როგორ დაიჯერე. მე კი მეგონა, დაგვიანებას არ მპატიობდი და ეს იყო ყველაფრის მიზეზი. მოხუცი კაცი შებარბაცდა, ჯოხს დაეყრდნო მთელი ძალით, ხელი ჩაიქნია და ისევ კარისკენ წავიდა. ქალმა სახეზე აიფარა ხელი: - ნუთუ ტყუილია ის ყველაფერი, რაც მე მითხრეს. -ტყუილია მარიეტა!ტყუილი! მაგრამ რა აზრი აქვს აწი მაგას, ის წლები ხომ დავკარგე, რომელიც ძალიან ლამაზი და ძვირფასი იყო ჩემთვის, შენს ლოდინში, რაღა დამრჩენია აწი – მხოლოდ სიკვდილის მოლოდინი, მეტი არაფერი, ცხოვრება მიქციე ჯოჯოხეთად და ვერ გავრკვეულვარ, რატომ?! ხომ შეგეძლო, ამდენი ხნის მანძილზე რომ გთხოვდი, აგეხსნა მიზეზი, შენ კი, ჯიუტად ქედს არ მიხრიდი და არ მიხსნიდი, რა მოხდა, ახლა კი წავედი და სამუდამოდ დაგტოვე.. როგორ შეგეპარა ჩემში ეჭვი, როგორ არ იწამე ჩემი სიყვარული, არა, უკვე მე არ შემიძლია შენი პატიება, შენ არ გაუფრთხილდი ჩემს გრძნობას და ფერფლად მიქციე დიდი სიყვარული. მოხუცმა კაცმა კარი გაიჯახუნა და გავიდა, ქალი კი იდგა და ტიროდა. მთვარე ამოგორებულიყო ცაზე, ნაფეხურები დაემალა თოვლს და ისევ თოვდა, მოხუცი კაცი და მისი ოთხფეხა მეგობარი მიიკვლევდნენ გზას უჩუმრად, დროდადრო ხელს ჩაიქნევდა, ღრმად ამოისუნთქავდა და ისევ განაგრძობდა გზას. ცაზე აქა–იქ ლამაზი ფერები კიაფობდა, ნაადრევად აღნიშნავდნენ ბავშვები ძველით ახალ წელს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ისევ დადგა იანვრის ცამეტი. მოხუცი ქალი არავის ელოდა, იჯდა ბუხრის პირას და თბებოდა, უცებ გარეთ, კარზე თითქოს ვიღაც ხელს ურტყამდა, წამოდგა, კარი გააღო და მის წინ მოხუცი კაცის ოთხფეხა მეგობარი იდგა და უცქერდა მოხუც ქალს. დაიბნა ქალი, არ იცოდა რა ექნა, სახლში შეტრიალდა, ჩანთში საჭმელი ჩააწყო და ძაღლს გაჰყვა უკან. იმ სახლში მივიდა, სადაც მოხუცი კაცი საწოლში იწვა და ადგომა არ შეეძლო, ქალმა საწოლთან საჭმელი მიუტანა, თავისი ხელით აჭამა და ძველით ახალი წლის დადგომა მიულოცა. კაცი თვალს არიდებდა, გულში კი უფალს მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ მის სახლში, თავისი ნებით ის ქალი მივიდა, ვისაც ამდენი წელი ლოდინში შეალია.

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0