x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97296
  • ვიდეო:344143
  • სურათი:459275
ქართული მითოლოგია - მზის ქალღმერთი ბარბალე
ქართული მითოლოგია - ბარბარე,  ბარბოლი,  იგივე მზე ბარბარ-ბარბოლი


ბარბალე, ბარბარე, ბარბოლი, ან ბარბარ-ბარბოლი - ის არის ჩვენი 5 მილიარდი წლის დედა-ვარსკვლავის - მზის პერსონიფიკაცია. კოლხ-იბერები - პროტოქართველები მას ეთაყვანებოდნენ, როგორც საწყის მფარველს, ასევე ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც განაპირობებდა და უზრუნველყოფდა არა მარტო ადამიანების, არამედ მიწის, ყოველი ცოცხალი არსების ნაყოფიერებას და სიცოცხლის უწყვეტი ციკლის მილიარდობით წლის განმავლობაში განგრძობადობას. ის განაგებდა ასევე ამინდს მთელ დედამიწაზე.


ქართული მითოლოგია -  მზის ქალღმერთი ბარბალე


სწორედ მას უკავშირდება ბარბარობის დღესასწაული, რომელსაც ლობიანების გამოცხობით დღემდე აღნიშნავენ ქართველები და ჰგონიათ, რომ ქრისტიანული ფესვები აქვს, სინამდვილეში ეს წარმართული დღესასწაულია. ხალხურ სიტყვიერებასა და ეთნოგრაფიაში ხშირად თავს იჩენს რელიგიური სინკრეტიზმი, როდესაც სხვადასხვა რელიგიის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. სწორედ ასე მოხდა ღვთაება ბარბალესა და ქრისტიანულ ბარბარეს ერთ დღესასწაულში შერწყმა. ქრისტიანული ბარბარეს ისტორია მოკლედ ასეთია: ბარბარე (Santa Barbara) დაიბადა მე-3 საუკუნეში, ფინიკიის ქალაქ იოლპოლისში, წარჩინებული, მდიდარი კაცის, დიოსკორეს ოჯახში. როდესაც წამოიზარდა, ბარბარემ ქრისტიანობა მიიღო, რის გამოც თითქოს მამამისმა მოკლა. ასეთი ამბავია აღწერილი ქრისტიანულ ლიტერატურაში ბარბარეს შესახებ.



ქრისტიანული წმინდანი - ბარბარე


ბარბარობა, როგორც დღესასწაული, დიდი ხნით ადრე აღინიშნებოდა საქართველოში, ვიდრე აქ ქრისტიანობა შემოვიდოდა, ან დაიბადებოდა ფინიკიელი ბარბარე. ეს იყო პროტოქართველთა უძველესი საახალწლო დღესასწაული. სვანეთში მას ბარბლაშს ეძახდნენ და მთელ კოლხეთსა და იბერიაში მზის უამრავი ტაძარი იყო აგებული, რომლებიც შემდგომ განადგურდა ქრისტიანების მიერ. მზეს და მის სხვადასხვა პერსონიფიკაციას ეთაყვანებოდნენ როგორც უძველესი არიული ხალხები, ევროპის მთელი კონტინენტის მასშტაბით, ასევე ეგვიპტელები, აზიელები და ამერიკელები. მზეს ყველგან სხვადასხვა სახელი და პერსონიფიკაცია ჰყავდა. საქართველოში ეს იყო ბარბალე ან ბარბოლ.


ქალის მედალიონი. საქართველო. ძვ.წ. II ათასწლეული


ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული (მზის) ემბლემები, სვასტიკა, რკინის და მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირგვინი და სხვა. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღესასწაულად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბარესა და ნიშხის ანუ მზისა და ციური გველეშაპის, იგივე ნათელისა და ბნელის, კეთილი და ბოროტი საწყისის, ინისა და იანის სამარადჟამო კოსმოგონიურ "ბრძოლას". კოლხ-იბერთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყისი თვე.


ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს და ნიგვზისგულიანი ტაბლები, ე.წ. საბარბალო ტაბლები ლეჩხუმში, რომელსაც ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ზედ ჯვარსაც გამოსახავდნენ და სხვ.


ბარბარობის ლობიანი


ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი გახლდათ მეკვლეობა. ძველად, სანამ ამერიკის კონტინენტებიდან საქართველოში ლობიო შემოვიდოდა, აქ გავრცელებული იყო სხვა პარკოსნებისგან დამზადებული ცხობილები. გამოიყენებოდა ბარდა, ცერცვი, მუხუდო და სხვ. ეს იყო მზე-ბარბალესადმი შესაწირი ქადები. დღემდე რაჭაში, როგორც კოლხეთის მზის ღვთაების უმთავრეს საკულტო მამულში (ონი - მზის ქალაქს ნიშნავს, იდენტური სახელწოდების ქალაქი არსებობდა ეგვიპტეშიც და ისიც მზის სათაყვანო მთავარი ტაძრის ქალაქი იყო), ცხვება ლობიანები. გამომცხვარ ლობიანებზე, როგორც წესი, გამოსახავენ მზეს. მზის საკულტო შესაწირავი იყო აგრეთვე ღორიც. ამის კულტურაც ასევე მძლავრად შემორჩა რაჭაში. ღორის შეწირვის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი ნეკრესშიც. როგორც არქეოლოგ ლევან ჭილაშვილის გათხრებით დადასტურდა, ნეკრესშიც აღმოჩნდა უძველესი პროტოქართული მზის ტაძრის დღემდე შემორჩენილი ნაშთები. აღსანიშნავია, რომ ბარბარობას დღეს ქრისტიანული წმინდანის სახელზე იმიტომ აცხობენ ლობიან კვერებს, რომ აქაც ეს ძველი, მზის თაყვანისცემის არსი იგრძნობა, რომელიც ემთხვევა დღის მატების დასაწყისს.




ასევე დაგაინტერესებთ:

1) ოჩოპინტრე, იგივე ოჩოკოჩი

2) კოლხი მედეა - ქალი, რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინა

3) კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი

4) ქართველი ერი - პრომეთეს შთამომავლობა



განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
678
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0