x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ატრიბუციის თეორია

image
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელსაც ვაკეთებთ სხვა ადამიანების შესახებ, ეხება მათი ქცევის მიზეზების ახსნას. რა არის იმის მიზეზი, რომ წვეულებაზე ერთი ინდივიდი მორცხვია, ხოლო მეორე კი - ძალიან კონტაქტური? რა იწვევს წყვილის დაშორებას, რომლებიც ძალიან ახლონი ჩანდნენ? ატრიბუციის თეორია არის ფსიქოლოგიის სფერო, რომელიც შეისწავლის, თუ როდის და როგორ სვამენ ადამიანები კითხვას - „რატომ“. ფრიც ჰაიდერმა (Fritz Heider, 1958) დაიწყო კაუზალური ატრიბუციების შესახებ თეორიის შემუშავება - როგორ და რატომ აკეთებენ ადამიანები დასკვნას იმის შესახებ, თუ რა რას იწვევს. ის ამბობდა, რომ ყველა ადამიანს აქვს ორი ძლიერი მოტივი: სამყაროს შესახებ თანამიმდევრული ცოდნის მოთხოვნილება და გარემოს კონტროლის მოთხოვნილება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ აპირებენ ადამიანები მოქცევას, რათა გვქონდეს კონტროლის შესაძლებლობა. სხვაგვარად, სამყარო არის მოულოდნელობებით აღსავსე და არათანამიმდევრული.

ჯოუნსმა და დევისმა (1995) ჩამოაყალიბეს სათანადო დასკვნის თეორია, რომელიც დეტალურად აღწერს, როგორ ვაკეთებთ დასკვნას იმის შესახებ, თუ რისი გავლენით მოქმედებს ადამიანი - პიროვნული მახასიათებლების თუ სიტუაციური ფაქტორების გავლენით. ჩვეულებრივ, ვიყენებთ იმ კონტექსტს, რომელშიც ადამიანი მოქმედებს, რათა დავასკვნათ, ქცევა სიტუაციის შედეგია თუ დისპოზიციის. როდესაც ვფიქრობთ, რომ ქცევები განპირობებულია დისპოზიციებით, ამას შედეგად მოჰყვება დასკვნა, რომ ქცევები ასახავს პიროვნების ხასიათს. სხვა ადამიანის ქცევის მიზეზების შესახებ დასკვნების გაკეთებისას სოციალური აღმქმელი იყენებს ისეთ ფაქტორს, როგორიცაა ქცევის სოციალური სასურველობა. სოცილურად არასასურველი/მიუღებელი ქცევები ადამიანებს უბიძგებს, რომ დასკვნა გააკეთონ ქცევის საფუძველში მყოფ დისპოზიციაზე, მაშინ, როცა სოციალურად მისაღები ქცევა ცალსახად არაა დაკავშირებული პიროვნული მახასიათებლების გამოვლენასთან. ქცევების მიზეზების შესახებ დასკვნების გაკეთებისას ადამიანები ითვალისწინებენ ქცევის განზრახულ ეფექტებსა და შედეგებს. როდესაც ადამიანის მოქმედებები იწვევს ბევრ შედეგს, რთულია გაიგოთ მისი ნამდვილი მოტივები. მაგრამ, როდესაც ქცევა იწვევს კონკრეტულ შედეგს, მოტივის შესახებ უფრო დაბეჯითებით შეიძლება დასკვნის გაკეთება.

ბოლოს, სხვების ქცევების ინტერპრეტირებას ვახდენთ მათი დისპოზიციების შესახებ ჩვენ მოლოდინების საფუძველზე (Jones & McGills, 1976). მაგალითად, თუ თქვენ იცით, რომ თქვენი მეზობელი პოლიტიკურად ლიბერალია და ხედავთ, რომ სადილობისას ეთანხმება მშობლების კონსერვატიულ განცხადებებს, თქვენ მაინც შეიძლება იფიქროთ, რომ ის ლიბერალური პოლიტიკის მტკიცედ მხარდამჭერია და მისი დათანხმების გარეგანი ატრიბუცია მოახდინოთ - ის უბრალოდ ცდილობს, თავი აარიდოს მშობლებთან კამათს.

0
436
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0