x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ატრიბუცია და მასზე მოქმედი ფაქტორები

imageატრიბუციის თეორია- სოციალურ-კოგნიტური თეორიაა, რომელიც
აღწერს ინფორმაციის გამოყენების იმ გზებს, რასაც იყენებს სოციალური აღმქმელი მიზეზობრივი
ახსნისას. თეორიის უკეთ გაგებისთვის მოვიყვან ორი მოსწავლის მსჯელობას:
პირველი მოსწავლე ამბობს, რომ ფრანგული ენის გაკვეთილებზე
ყოველთვის ცუდ ნიშნებს იღებს; ცუდი ნიშნების მიღებას ის ხსნის იმით, რომ ზოგადად არ
არის ძლიერი ამ ენაში და ბოლოს ასკვნის, რომ აღარ მოემზადება შემდეგი გამოცდისთვის მონდომებით, რადგან აზრი არ
აქვს მის ძალისხმევას.

მეორე მოსწავლე მათემატიკის დავალებას წარმატებით ასრულებს.
ამბობს, რომ ყველაფერი ისწავლა და წარმატების
მოლოდინი აქვს. ფიქრობს ისეთი პროფესიის არჩევას, სადაც ამ საგნის სწავლის შესაძლებლობა
კვლავ ექნება.

ორივე მოსწავლე თავის წარმატებას თუ წარუმატებლობას
ხსნის გარკვეული მიზეზით:


პირველი მოსწავლე მიღებულ ცუდ ნიშანს აბრალებს იმას,
რომ ზოგადად ვერ სწავლობს ფრანგულს.

მეორე მოსწავლის აზრით, მისი წარმატება ძალისხმევის
შედეგია,

ატრიბუციის თეორია გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ახდენს
ინდივიდის მიერ მოვლენის აღქმა, მის მომავალ მოტივაციაზე გავლენას. ჩვენს მაგალითში-პირველ
შემთხვევაში მოსწავლე აღარ ისწავლის ფრანგულს, მეორე მოსწავლე კი ფიქრობს ისეთ სფეროში სპეციალიზებას, სადაც
მათემატიკას კვლავ ისწავლის.

ატრიბუციის თეორია, ფრიც ჰაიდერის შრომებიდან იღებს
საწყისს. ჰაიდერი ამტკიცებდა, რომ სოციალურ ცხოვრებაში გასარკვევად ადამიანები განუწყვეტლივ
ახორციელებდნენ სოციალური მოვლენების მიზეზობრივ ანალიზს. ის თვლიდა, რომ ყველა ადამიანი
ინტუიტური ფსიქოლოგია და თითოეული პიროვნება ცდილობს ადამიანის ბუნებისა და საკუთარი
ქცევების მიზეზებში გარკვევას.


ჰაროლდ კელიმ განავრცო მისი თეორია. კელის აზრით, ადამიანები
გაურკვევლობას მრავალი მოვლენიდან ინფორმაციის დაგროვებით და მისი გამოყენებით ეწინააღმდეგებიან.
როდესაც ჩვენი ქცევა გაურკვეველია ჩვენ ვაკვირდებით, ინფორმაციას ვაგროვებთ მის ირგვლივ
და მხოლოდ მერე ვასკვნით ქცევის მიზეზებს. მაგალითად, თუ ადამიანი არასასიამოვნოდ გექცევათ,
შეიძლება იფიქროთ, რომ ამის მიზეზი, ადამიანების მიმართ მისი ზოგადი უხეშობაა, ან ჩათვალოთ
, რომ თავად თქვენ ხართ არასასიამოვნო პიროვნება. თუ დავაკვირდებით ამ ადამიანს სხვებთანაც
უხეშობს თუ არა და ასევე დააკვირდებით სხვების მოპყრობას ჩვენ მიმართ, შევძლებთ ქცევის
სწორად გაგებას. კელის აზრით, იმისთვის რათა გავიგოთ ქცევის მიზეზი ადამიანები მიმართავენ
ინფორმაციის სამ წყაროს:


განსხვავებულობა: გულისხმობს იმას, თუ რამდენად დამახასიათებელია
ქცევა მოცემული სიტუაციისთვის.


კონსისტენტურობა: რამდენად ხშირად მეორდება ქცევა მოცემულ
სიტუაციაში.

კონსენსუსი: გვიჩვენებს სხვა ადამიანებიც ანალოგიურად
იქცევიან ამ სიტუაციაში თუ არა.


ატრიბუციის თეორიაში მნიშვნელოვანია სამი განზომილების
გათვალისწინება:


პირველი- ლოკაციაა-რაც ნიშნავს მოვლენის მიზეზის დაკავშირებას
შინაგან ან გარეგან ფაქტორებთან.


მეორე-სტაბილურობაა-არასტაბილურობაა, ანუ დროში მიზეზთა
მოქმედების შედარებითი მდგრადობა-არამდგრადობა. ადამიანთა თვალსაზრისით, მიზეზთა ერთი
ნაწილი სტაბილურია (უცვლელი), მეორე ნაწილს კი ინდივიდი განიხილავს, როგორც არამდგრადს,
დროში ცვალებადს. ვეინერის ატრიბუციული მოდელის თანახმად, შესაძლებლობები შედარებით
სტაბილური და შინაგანი ფაქტორია; ძალისხმევა- შინაგანი, მაგრამ არასტაბილური.

მესამე გულისხმობს მიზეზის კონტროლირებადობა-არაკონტროლირებადობას.
ეს გულისხმობს ხარისხსს თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გააკონტროლოს ნებისმიერი მიზეზობრივი
ფაქტორი და საკუთარი სურვილის მიხედვით, რამდენად შეუძლია მისი განზრახ შეცვლა, უცვლელი
ფაქტორისგან განსხვავებით. ზოგ მიზეზს ადამიანი უკონტროლოდ მიიჩნევს, ზოგს- მისი კონტროლის
ქვეშ მყოფად. ამ პარამეტრის მიხედვით, უნარები, წარმატება და ამოცანის სირთულე უკონტროლო
მიზეზებს წარმოადგენს, ხოლო ძალისხმევა კონტროლს დაქვემდებარებული ფაქტორია, რომელიც
სუბიექტის მოქმედებებით თვითნებურად რეგულირდება.

მოცემული სამი
განზომილების მიხედვით, განვიხილავ რამდენიმე მაგალითს:


მოსწავლე ამბობს :“ქიმიის ტესტის ჩაბარებისას ყოველთვის
ვღელავ, რადგან ამ საგანში არ ვარ ძლიერი“- რადგან სუბიექტი ფოკუსირებულია საკუთარ თავზე-
ეს შინაგანი ატრიბუციაა; ის ვერ მართავს, ვერ გააკონტროლებს საკუთარ უნარს- ამიტომ
არაკონტროლირებადია და სტაბილურია, რადგან მისი ეს მახასიათებელი (უნარიანობა)- ზოგადია
და არ შეიძლება შეიცვალოს.

შემდეგი მაგალითი: მოსწავლე ამბობს: „ მთელი სასწავლო
წლის განმავლობაში ჩემმა გულმოდგინე შრომამ შედეგი გამოიღო- ყველა საგანში მაღალი ქულა
მაქვს“- სუბიექტი მაღალი ქულის მიზეზად შრომას ასახელებს, რაც მიუთითებს შინაგან ატრიბუციაზე.
რადგან ამბობს, რომ მთელი წლის განმავლობაში მუდმივად სწავლობდა ეს გულისხმობს, რომ
მისი სწავლა მართვადი ანუ კონტროლირებადი და სტაბილური იყო.


ამგვარად, ატრიბუციის თეორიით შესაძლებელია გავიგოთ
თუ რა გზებით ვახდენთ მოვლენების ახსნასა და მათთვის მიზეზის პოვნას, როგორი გავლენა
აქვს ატრიბუციას ინდივიდის მომავალ მოტივაციაზე და რა ძირითადი განზომილებები არსებობს
კონკრეტული მიზეზების ძიების პროცესში.


0
493
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო არქანია
ანანო არქანია
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0