x
image
თორ ნიკე
Mediator image
2018 წლის 4 საინტერესო აღმოჩენა
1) ჩნდება გენიოსის ხელოვნურად, გენური ინჟინერიით ჩამოყალიბების შესაძლებლობა - მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ინტელექტთან დაკავშირებული აქამდე უცნობი 1016 გენი აღმოაჩინა. უფრო ზუსტად კი 190 ახალი გენომური ლოკუსი და 939 გენი. ამტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის გენეტიკოსის, დენიელ პოსტუმას მკვლევართა ჯგუფმა ჩაუტარა გენეტიკური ანალიზები 270, 000 ევროპელ ადამიანს 14 დამოუკიდებელი კოჰორტიდან. ნიმუშებში გამოვლინდა 9 მილიონზე მეტი სხვადასხვა მუტაცია, რომელთაგანაც ინტელექტთან კავშირში იყო 205 რეგიონი და 1016 გენი. ეს გენები, რომლებიც პასუხიმსგებელია გონებრივ შესაძლებლობებზე, ასევე წარმოადგენს ზოგადი კოგნიტური ჯანმრთელობის დამცავ საშუალებას. ამ კვლევამ შესაძლოა ძალიან ახლო მომავალში საშუალება მოგვცეს გენური ინჟინერიის და კრისპერის ტექნოლოგიის წყალობით განვკურნოთ ალცჰაიმერი, შიზოფრენია, ყურადღების დეფიციტი, დეპრესიული სიმპტომები და ა.შ.

2017 წელს პოსტუმას ჯგუფმა 40 ასეთივე გენის გამოვლენა შეძლო, რომელიც ახდენს გავლენას მაღალი ინტელექტის ჩამოყალიბებაზე. ისევ და ისევ კრისპერის ტექნოლოგიით, შესაძლებელი ხდება, რომ მომავალში საკუთარი შვილების მაღალი ინტელექტი შევუკვეთოთ მათ დაბადებამდე, ჩანასახოვან პერიოდში განხორციელებული გენეტიკური ჩარევის წყალობით, ან თავიდან ავაცილოთ ზემოჩამოთვლილი დაავადებები, ან უარეს შემთხვევაში შევამციროთ მათი განვითარების შანსები და სიმწვავე.


ჩნდება გენიოსის გენური ინჟინერიით ჩამოყალიბების შესაძლებლობა



2) აღმოჩენილია უცნაური ბაქტერია, რომელსაც მარსზე სიცოცხლეც კი შეუძლია. ის ექტრემოფილია და ბინადრობს სიცოცხლისთვის უკიდურესად არახელსაყრელ გარემოში, ცხელი წყაროების სიღრმეში, თანაც ფოტოსინთეზს აწარმოებს პრაქტიკულად ბნელ გარემოშიც კი. ეს არის ციანობაქტერიების ერთ-ერთი სახეობა - Chroococcidiopsis thermalis. ამ კვლევამ დაადგინა ფოტოსინთეზის წარმოებისთვის საჭირო ენერგიის მინიმუმი. აქამდე ეგონათ, რომ ფოტოსინთეზისთვის ანუ მზის სინათლის ენერგიის გარდასაქმნელად მცენარეს ან ბაქტერიას სჭირდებოდა მხოლოდ მაღალი ენერგიის ტალღის სიგრძის სინათლის შთათქმა ცხოველქმედებისთვის საჭირო ენერგიის გენერირებისთვის (აღსანიშნავია რომ ფოტოსინთეზის დროს ჟანგბადი წარმოიქმნება). ახლა კი გაირკვა, რომ ფოტოსინთეზის წარმოება შესაძლებელია ბაქტერიების მიერ ხდებოდეს წითელი სინათლის ხარჯზე, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებ ენერგიულია. ანუ ფოტოსინთეზი შესაძლოა ხდებოდეს თქვენს ბაღში ქვების ქვეშ, სადაც სინათლე პრაქტიკულად ვერსაიდან აღწევს. ამ ტიპის ორგანიზმებით, შესაძლებელია ფოტოსინთეზის წარმართვა და ადამიანთა სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოქმნა მარსზე!



ქროოკოქციდიოფსის თერმალისი - ბაქტერია,  რომელსაც მარსზე შეუძლია სიცოცხლე



3) 2017 წლის განმავლობაში ჩვენი პლანეტა ყოველ წუთში კარგავდა 40 საფეხბურთო მოედნის ზომის ტყის საფარს და ეს იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე 2016 წლის მონაცემები. ეს არის 16 მილიონი ჰექტარი, დაახლოებით 160, 000 კვ. კმ. შედარებისთვის - საქართველო არის 69, 000 კვ.კმ. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიომ მხოლოდ 2017 წელს ხანძრებით, დეფორესტიზაციის გლობალური პროცესებით და ადამიანთა ჩეხვის "წყალობით" საქართველოსა და აზერბაიჯანის გაერთიანებული ტერიტორიისხელა ფართობი დაკარგა.


მასობრივი დეფორესტიზაცია დედამიწაზე



4) კიბოს შეჩერების ახალი გზა აღმოჩენილია - კანადელმა, მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიბოს უჯრედების ზრდისა და გავრცელების შემაჩერებელი პირდაპირი მოლეკულური მექანიზმი აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ რიბოსომების შემადგენლობის სუფთა ბალანსის დარღვევის შემთხევაში სრულად წყდება კიბოს უჯრედების ზრდა-განვითარება, ვინაიდან ამ შემთხვევაში იწყება კიბოს უჯრედების ფიზიოლოგიური დაბერების დაჩქარებული პროცესი. რიბოსომები რნმ-სა და ცილებისგან შემდგარი კომპლექსური მოლეკულებია, რომელნიც უჯრედების ზრდისთვის საჭირო ყველა ცილას აწარმოებენ. ვინაიდან კიბოს უჯრედები სწრაფად იზრდება და ვრცელდება, საჭიროა შესაბამისად დიდი რაოდენობის რიბოსომებიც. გაირკვა, რომ თუკი კიბოს უჯრედში დაირღვევა რიბოსომული რნმ-ის ცილების წარმოების პროპორცია, მაშინ ძალიან მარტივი და პირდაპირი მეთოდით შესაძლებელი ხდება მათი გავრცელების სრული შეჩერება.


კიბოს შეჩერების ახალი გზა ნაპოვნია


ასევე დაგაინტერესებთ:


1) 2018 წლის 5 საინტერესო აღმოჩენა

2) 2018 წლის 3 საინტერესო აღმოჩენა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
400
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0