x
მე-კონცეფციის როლი ორგანიზაციაში
image

ჩვენი სამუშაო და ორგანიზაციული გამოცდილება წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს. ის ნაწილობრივ პასუხობს კითხვაზე ვინ ვარ მე? შესაბამისად, ის შეადგენს ჩვენი საერთო მე-კონცეფციის განუყოფელ ნაწილს. ადამიანის სამუშაო გამოცდილების გარშემო ჩამოყალიბებულ მე-კონცეფციას მეორენაირად ორგანიზაციულ, სამუშაო გარემოს მე-კონცეფციასაც ვუწოდებთ.


ამასთანავე, მე-კონცეფცია არის ის, თუ რას ფიქრობს ადამიანი როგორ ხედავენ მას სხვები. ადამიანი ჩამოიყალიბებს პოზიტიურ თუ ნეგატიურ კონცეფციას, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ექცევიან მას და ამ ქცევებს ის როგორ აღიქვამს. როცა ადამიანი ინტერაქციაშია სხვებთან, ის აფასებს მის ქცევას გარემოზე დაკვირვებით. თუ საზოგადოების წევრების რეაქციები პოზიტიურია, მაშინ ჩვენც პოზიტიური მე-კონცეფცია ჩამოგვიყალიბდება. პოზიტიური მე-კონცეფცია ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს იდენტობის ძლიერი განცდა და სჯერა, რომ მას შესწევს უნარი გამოწვევებს გაუმკლავდეს. ამ დროს ადამიანს სწამს, რომ ღირებულ დახმარებას უწევს ორგანიზაციას და მას აქვს შესაბამისი ცოდნა, ნიჭი და პოტენციალი წარმატების მისაღწევად. ნეგატიურმა მე-კონცეფციამ შესაძლოა შეზღუდოს ადამიანის მოქმედების არეალი და წინასწარ განჭვრიტოს მისი ზრდისა და სიამოვნების მიღების შეზღუდული შესაძლებლობები. ნეგატიური მე-კონცეფცია არის, როცა ადამიანი ვერ იდენტიფიცირდება საკუთარ სამუშაოსთან და პოტენციალის გამოყენების მიმართაც საკმაოდ პესიმისტურადაა განწყობილი. მაგალითად, თუ ადამიანს სძულს საქმე, რომელსაც ასრულებს და სწამს, რომ აკლია ცოდნა, ტრენინგი და გამოცდილება - საქმე გვაქვს ნეგატიურ მე-კონცეფციასთან. მან შესაძლოა ადამიანი მიიყვანოს ისეთ მდგომარეობამდე, როგორიცაა შფოთვა, უიმედობა, ფრუსტრაცია, დეპრესია და სუიციდთანაც კი.


გავლენა კარიერულ არჩევანზე - პოზიტიურ და ნეგატიურ მე-კონცეფციებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ კარიერულ გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, თუ ადამიანს სწამს საკუთარი თავის, ის დაინახავს მეტ შესაძლებლობას პროფესიული ზრდისთვის. უარის მიღების შემთხვევაშიც ის მეტად გამძლე იქნება, რაც თავის მხრივ ზრდის კარიერულ წარმატებას. ნეგატიურის შემთხვევაში კი, ადამიანს ექმნება პოტენციალის შეზღუდვის განცდა, უჩნდება თვითშემაფერხებელი იდეები. როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას არ შეუძლია კარიერის გაუმჯობესება, ის არც ეცდება შესაძლებლობების გამოყენებას. შესაბამისად, ხელიდან გაუშვებს განვითარების შანსს და დარჩება იმ ადგილზე, სადაც არის.ამ შედეგების გათვალისწინებით, მენეჯერებს შეუძლიიათ გააუმჯობესონ თავიანთი თანამშრომლების მე-კონცეფცია.



კვლევები აჩვენებს, რომ კოლექტიური მე- კონცეფცია, რომელიც გულისხმობს წევრობას სამუშაოს შიგნით, აძლიერებს სამუშაოთი კმაყოფილებას. ამ დონეზე, ადამიანები აღწერენ საკუთარ თავს იმ ტერმინების მიხედვით, რომელთაც ისინი იკავებენ ჯგუფში. სწორედ ამ კოლექტიურ მე-კონცეფციას აქვს დადებითი ეფექტი ორგანიზაციაზე. სოციალური სამუშაოს ქცევები ორგანიზაციულ კონტექსტში ისეთი ქცევებია, რომლებიც არ მოეთხოვებათ როგორც ასეთი, თუმცა ორგანიზაციული ეფექტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი ქცევები, როგორიცაა ზრუნვა და კოოპერატიულობა, ზოგჯერ აღწერილია, როგორც დამატებითი როლური ქცევები, მაშინ როცა როლის შიდა ქცევები მიემართება ამ სამუშაოსთვის სპეციფიკურ ქცევებზე. ისინი ფაქტობრივად წარმოადგენენ მომუშავის როლურ მოლოდინებს. იმ ინდივიდებს, რომლებიც აფასებენ და იდენტიფიცირებას ახდენენ ამ როლებთან, ექნებათ მეტი მოტივაცია დამატებითი ძალისხმევის გაწევისა.


მეორე მხრივ, ორგანიზაციაზე დაფუძნებული როლების კომპლექტი სამუშაო ადგილის მე-კონცეფციაში ფარავს ინდივიდის სამუშაო გამოცდილების უმეტეს ნაწილს. შესაბამისად, ის აისახება ადამიანის დამოკიდებულებაზე სამუშაოს მიმართ. როლი, რომელსაც ადამიანი იკავებს სამსახურში, დაკავშირებულია სამუშაოს შინაარსთან, დამორჩილებულობის როლი ზედამხედველობის ასპექტთან, ხოლო კოლეგისა და ჯგუფის წევრის როლი, სამსახურის თანამშრომლობის მხარესთან. იდენტიფიკაციას ამ როლებთან მივყავართ სამუშაოთი კმაყოფილებისაკენ. მაგალითად, მაღალი იდენტიფიცირება საკუთარი პროფესიონალური როლისა, ნიშნავს, რომ ინდივიდს გათავისებული აქვს სამუშაოს შინაარსი და იღებს მას, რაც შინაგანი მოტივაციისთვის აუცილებელია, რომელიც თავის მხრივ კორელაციაშია შრომით კმაყოფილებასთან.


მე-კონცეფცია ორგანიზაციულ ჭრილში, ალბათ, ყველაზე უკეთ გაიგება სოციალურ-კოგნიტური პერსპექტივიდან. ნაწილი, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, ნაწილი ნეგატიური. კვლევები ტარდება მე-კონცეფციისა და თვითშეფასების გავლენაზე, რომელთა მიხედვითაც ნეგატიური მე კონცეფცია, ცხადია, რისკია დაბალი თვითშეფასებისთვის. მაგალითად, ოთხ კვლევაში გაზომილ იქნა კავშირი მე-კონცეფციის მკაფიოობასა და კონფლიქტის მოგვარებას შორის.ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მე კონცეფციის მკაფიობის მაღალი მაჩვენებელი, იყვნენ გაცილებით აქტიურნი და აჩვენებდნენ თანამშრომლობის მაღალ დონეს პრობლემის მოგვარებისას, ვიდრე მათ ვისაც მკაფიობა ასეთი დიდი დონით არ აღენიშნებოდათ. ასევე დამტკიცებულია, რომ არსებობს დადებითი კორელაცია პროფესიული მე-კონცეფციის არსებობასა და შრომით კმაყოფილებას შორის.


სხვა კვლევები გვიჩვენებს, რომ მე-კონცეფცია ეხმარება თვითშეფასების ჩამოყალიბებას, რწმენას მატებს ადამიანს, ეხმარება თავი იგრძნოს დაფასებულად და ამასთანავე, იზრუნოს სხვებზე ორგანიზაციაში. ეს თავის მხრივ განამტკიცებს ადამიანის უნარ-ჩვევებისა და მახასიათებლების ეფექტურ და მაქსიმალურ გამოყენებას.


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0