x
შიზოიდური ადამიანები და ერთგულების შიში
image ვის არ განუცდია შიში ახლობლებთან ურთიერთობისას, შიში იმისა, რომ დარჩე მიტოვებული? შიში უცნობი მომავლის, სიკვდილის წინაშე?ფრიც რიმანი უწოდებს მათ შიშის ფორმებს, რომელთა საფუძველზეც წარმოგვიდგენს ტიპოლოგიას პიროვნების სახასიათო ტიპებით. შიშის ეს ფორმებია: შიში ერთგულების წინაშე, პიროვნებად ჩამოყალიბების შიში და შიში ცვლილებების წინაშე. ქვემოთ აღწერილი იქნება ერთგულების შიში შიზოიდურ ადამიანებში. რიმანი ასევე აღწერს შიზოიდური ადამიანის მიმართებას სიყვარულთან და აგრესიასთან, ცხოვრებისეულ წარსულთან და გვთავაზობს უამრავ ნიშანდობლივ მაგალითს.

ცხოვრებაში ყოველ ჩვენგანს უგრძვნია შიში ერთგულების წინაშე. მის საფუძველს წარმოადგენს იმ საფრთხით გამოწვეული გრძნობა, რომელიც ემუქრება ჩვენს არსებობას, პირად ცხოვრებისეულ სივრცესა და ჩვენს მოუწყვლადობას. კეთილგანწყობამ და სიყვარულმა, შესაძლოა, საფრთხე შეგვიქმნას იმის გამო, რომ ამ დროს დაუცველები და მოწყვლადები ვართ, ჩვენს თავში რაღაც უნდა დავთმოთ და ჩვენი არსებობის რაღაც ნაწილი სხვას გადავცეთ. აქედან გამომდინარე, ერთგულების წინაშე ყოველგვარი შიში „მე-ს“ შესაძლო დაკარგვის შიშს უკავშირდება.

ყველა ჩვენგანს აქვს სურვილი, გამორჩეული ინდივიდი იყოს. რა გულნაკლულნი ვრჩებით როცა ჩვენს სახელს ან გვარს ვინმე შეცდომით წარმოთქვამს, დაამახინჯებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ გვინდა, ნებისმიერი სხვა ვინმეთი ჩაგვანაცვლონ, რადგან საკუთარი განუმეორებლობის დამკვიდრებას ინდივიდის სახით ვცდილობთ. ამგვარი გამორჩეულობის სურვილს თან ახლავს საპირისპირო სწრაფვა, რომელიც მიზნად ისახავს რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას. ამრიგად, ჩვენი ინტერესებით ცხოვრება გვსურს, მაგრამ ამავდროულად ადამიანური ურთიერთობების დამყარება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც გვინდა. მაშინ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმ ადამიანის საქციელს, რომელიც უარს ამბობს სხვების მიმართ ერთგულებაზე და ცხოვრებაში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს?

ასეთი ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება დამოუკიდებელი ცხოვრებით იცხოვროს. არ სურს ვინმეს მიმართ გრძნობდეს ვალდებულებას, ამის გამო ცდილობს ყველასგან შორს დაიჭიროს თავი, არ აძლევს ადამიანებს მასთან მიახლოების საშუალებას და შეზღუდული ურთიერთობებით კმაყოფილდება. საზოგადოებაში ყოფნისას ის ყველაზე უკეთ თავს გრძნობს იქ, სადაც ვერ ამჩნევენ, თუმცა იცის რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც მათ მიეკუთვნება.

ასეთი გარიყული, ძნელად საკონტაქტო, გაუპიროვნებელი და უკარება ადამიანები საზოგადოებაში უჩვეულოდ გამოიყურებიან და თავიანთი
უცნაური რეაქციებით გარშემომყოფთა გაოცებას იწვევენ. ამის შედეგად, შიზოიდურ პიროვნებასა და არსებულ რეალობას შორის ღრმა უფსკრული ჩნდება, რომელიც წლების მანძილზე ღრმავდება და ადამიანებისგან მის იზოლაციას უწყობს ხელს.ვინაიდან შიზოიდური პიროვნებები საერთოდ ეჭვის თვალით უყურებენ ემოციებისა და გრძნობების ყოველგვარ გამოვლინებას, ადვილი მისახვედრია, რომ ისინი უმთავრესად ზუსტ მეცნიერებებს ეუფლებიან, რადგან ამ სფეროში თავს უსაფრთხოდ და სუბიექტური განცდებისგან თავისუფლად გრძნობენ.


შიზოიდური ადამიანი და სიყვარული

შიზოიდურ ადამიანს იპყრობს შიში ვინმეს არ შეუყვარდეს, რადგან ამით მის დამოუკიდებლობას შეექმნება საფრთხე.ის კონფლიქტი, რომელსაც, ერთი მხრივ დამთრგუნველი სქესობრივი ლტოლვა და მეორე მხრივ, პარტნიორთან სიახლოვის შიში წარმოქმნის, სხვადასხვა

გზით შეიძლება მოგვარდეს.შიზოიდი მხოლოდ ადვილად მისაღწევ ან „ცოდვიან“ სექსუალურ ურთიერთობებს ეტანება, როდესაც მას შეუძლია სექსუალობა და საკუთარი ემოციები ერთმანეთისგან დაუყოვნებლივ გამიჯნოს.სასიყვარულო ურთიერთობა მათთვის მხოლოდ ფუნქციურ პროცესს წარმოადგენს.სქესობრივი აქტის შემდეგ შიზოიდური პიროვნება ცდილობს პარტნიორი რაც შეიძლება მალე მოიცილოს თავიდან. ამით შიზოიდური პიროვნება შიშს იმ გრძნობებისა და პრეტენზიების გამო განიცდის, რაც შეიძლება პარტნიოტ ქალს „ამის შემდეგ გაუჩნდეს“. იგი ცდილობს საკუთარ თავშიც და პარტნიორშიც ცინიზმით ჩაახშოს სინაზის ყოველგვარი გამოვლინება.თუ ამგვარი უჩვეულო ურთიერთობა მათ შორის მაინც გრძელდება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პარტნიორსაც არაბუნებრივი სასიყვარულო მიდრეკილებები აქვს, ან მაზოხისტურ ტიპს წარმოადგენს.თუ პარტნიორისადმი შიზოიდური პიროვნების გულგრილი დამოკიდებულება უკიდურეს ავადმყოფურ ფორმას მიიღებს, შესაძლოა, ძალადობამ იმ ზღვარს მიაღწიოს, რომ მან პარტნიორი მოკლას და ამ დროს სიამოვნებაც კი განიცადოს.

შიზოიდურ ადამიანებს შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით ინტელექტუალურ პიროვნებებს, რომლებიც შეფერხებული სექსუალური განვითარების გამო ინფანტილურ თვისებებს ავლენენ. ისინი სექსუალურ პარტნიორებად ხანდახან სქესობრივად მოუმწიფებელ ბავშვებსა და მოზარდებს ირჩევენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება, ამიტომ ასეთი პარტნიორების მიმართ ნაკლებ შიშს განიცდიან და ფიქრობენ, რომ მათი ნდობა შეიძლება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ იმ დროს, როცა იგი სიყვარულისკენ მიიილტვის და სურს, რომ ისიც უყვარდეთ, შიზოიდი ყველაზე ნაკლებად ავლენს სიყვარულის უნარს. თუ პარტნიორი ამის გამო ზურგს შეაქცევს, ეს მისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება.ის თავს უარესად იგრძნობდა თუ პარტნიორის შენარჩუნებას ყველანაირად შეეცდებოდა, ის კი მაინც ზურგს შეაქცევდა.

თუ ადრეულ ასაკში დედის სიკვდილის ან მისი მხრივ იმედგაცრუების გამო, შიზოიდს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია, იგი ხშირად კავშირს უფროსი ასაკის ქალებთან ამყარებს, რომლებიც მასში დედის ასოციაციას იწვევენ. ასეთ ქალებს შეუძლიათ მას სითბო და სიმშვიდე აგრძნობინონ, ისე რომ პრეტენზიები არ წაუყენონ.რაკი ყველაფერი, რაც შიზოიდის ცხოვრებაში ქალთან იყო დაკავშირებული, მასში უნდობლობასა და საფრთხის შეგრძნებას იწვევდა, იგი პარტნიორად
ხშირად თავისივ სქესის ადამიანს ან ისეთ ქალს ირჩევს, რომელიც მამაკაცური თვისებებით გამოირჩევა და ნაზი, მომხიბვლელი ქალივით არ გამოიყურება.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ შიზოიდურ პიროვნებაში ძალიან რთულად მიმდინარეობს სასიყვარულო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი. შიზოიდი საოცრად მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. შიზოიდური პიროვნება საკუთარ გრძნობებს ძუნწად, მაგრამ მადლიერებით გამოხატავს, თუ პარტნიორი მას თავს არ მოაბეზრებს და მშობლიურ სითბოსა და უსაფრთხოებას აგრძნობინებს.ვინც შიზოიდის გულის მოგებას მოახერხებს, შეუძლია მისი კეთილგანწყობის იმედი ჰქონდეს, მაგრამ შიზოიდს ამის გამოხატვა და აღიარება არ შეუძლია.


შიზოიდური ადამიანი და აგრესია

შიზოიდური ადამიანების შემთხვევაში აგრესია მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვის საშუალებას წარმოადგენს, არ ექვემდებარება კონტროლს და ადამიანში თვითბრალდების გრძნობას არ ბადებს. სხვა ადამიანი მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამიტომ მას ხშირად უხეშად, შეურაცხმყოფელად და აგდებულეად ექცევიან, თუმცა ამას თავად ვერ აცნობიერებენ.

ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ვიღაც ახალგაზრდა კაცმა პატარა ბიჭი მოკლა. როდესაც მკვლელს ჰკითხეს, რატომ
ჩაიდინა ეს, მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თქვა: „ამის განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია, უბრალოდ მომეჩვენა, რომ ეგ ბიჭი რაღაცნაირად ხელს მიშლიდა.“ ამრიგად, ცხოვრებას და საზოგადოებას მოწყვეტილი ადამიანის აგრესიამ შესაძლოა სულ მცირე საბაბით იფეთქოს და სახიფათო სახე მიიღოს.

ამერიკელმა ფსიქიატრმა კინზელმა პატიმრებზე კვლევების ჩატარებისას შეიტყო, რომ აგრესიულ პატიმრებს ორჯერ უფრო დიდი „დამცავი წრე“ ჰქონდათ, ვიდრე არააგრესიულებს. ისინი როგორც კი დაინახავდნენ, რომ მათ ვირტუალურ წრეს ვინმე კვეთდა, განრისხებულნი გადადიოდნენ შეტევაზე. შიზოიდური მსოფლშეგრძნების შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს ერთ-ერთი პაციენტის სიტყვები: „როდესაც ჩემ მიერ დაწესებულ საზღვარზე გადმოდიან, სიძულვილის გრძნობა მიპყრობს.

შიზოიდურ პიროვნებებთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ შესაძლოა აგრესია მათი „თვითგამოხატვის’ ფორმა იყოს.ისინი აგრესიულობას ძალიან იოლად ავლენენ, სამაგიეროდ უჭირთ კეთილგანწყობისა და სხვა დადებითი გრძნობების გამოხატვა. შიზოიდებს ადამიანებთან ურთიერთობისას სიძნელეები იმის გამოც ექმნებათ, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა აქვთ დაკარგული. ფსიქოთერაპიული მკურნალობის შედეგები გვიჩვენებს, რომ თუ მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოვიჩენთ, დროს დავუთმობთ და ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევაში დავეხმარებით, შიზოიდური პიროვნებები ახერხებენ საკუთარი აგრესიის ინტეგრაციასა და მათ ადეკვატურად მართვას
სწავლობენ.


ცხოვრებისეული სივრცე


როგორ უნდა მივუდგეთ შიზოიდური პიროვნების განვითარების საკითხს და როგორ ავხსნათ მასში სხვა ადამიანის წინაშე ერთგულების შიში?შიზოიდის გარეგნული მონაცემების საპირისპიროდ, მისი სულიერი წყობა ნაზ, მგრძნობიარე, მოწყვლად და ლაბილურ ხასიათზე მიგვანიშნებს.


შიზოიდურ პიროვნებად ჩამოყალიბების მიზეზი ადრეულ ბავშვობაში განცდილი უსაფრთხოების დეფიციტია. ჯერ კიდევ გოეთე გამოთქვამდა მსგავს თვალსაზრისს (საუბარი კნებელთან, 1810), როდესაც ამბობდა : „ჩვენი მთავარი უბედურება ისაა, რომ ძალიან უყურადღებოდ ვეკიდებით ბავშვის აღზრდას მისი განვითარების ადრეულ პერიოდში; არადა, სწორედ ამ დროს ყალიბდება ადამიანის ხასიათი და მთელი მისი მომავალი არსებობის წესი.“

შიზოიდური დარღვევების გამომწვევ ადრეულ ნიშნებს ვხვდებით იმ ბავშვებშიც, რომლებიც მშობლებს თავიდანვე არ უყვარდათ, რაღაც მიზეზით არასასურველნი იყვნენ, ავადმყოფობის გამო დიდხანს მოუხდათ მარტო ყოფნა ან დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ ეულად.

ბავშვის საწყისი ორიენტაციისთვის აუცილებელია, მისი გარემო გარკვეულწილად სტაბილური იყოს, რათა მას ნელ-ნელა დაუახლოვდეს და შეეჩვიოს, ვინაიდან ამ გარემოს მიმართ ნდობის მოპოვება მისი განვითარების საფუძველს შეადგენს.ბავშვს უჭირს ადამიანებთან ხშირ ურთიერთობათა მუდმივად ცვალებად გარემოებათა გადამუშავება. (როგორიცაა, დამღლელი მოგზაურობა, ძლიერი ხმაური). ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვი ძუძუთი იკვებება თუ ხელოვნურად. დედის მუდმივი ყურადღება და ის სიხარული, რომელსაც ძუძუთი კვება დედა-შვილში იწვევს, ბავშვს საშუალებას აძლევს ნელ-ნელა შეიცნოს დედის პიროვნება, რომელიც რუდუნებით ზრუნავს მასზე. ამ დროს ბავშვს აღეძვრება იმედისა და მადლიერების გრძნობა.

ასე გამოიყურება ზოგადად გარესამყაროს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნების შიზოიდური თვისებების განვითარებას. აქ მხოლოდ შეიძლება დავძინოთ, რომ იმ თაობისთვის, რომლის ადრეული ბავშვობას ომის პერიოდს დაემთხვა, ზემოაღწერილ გარესამყაროდ სწორედ ომი იქცა. შიზოიდური ნიშნები თავს ჭარბად სწორედ ამ თაობაში იჩენს.




წყარო:
რიმანი.ფ. (1961) .შიშის ძირითადი ფორმები; გერმანია


0
260
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0