ცომეული უცხიმო მჭადი ყველის გულსართით 2017, 3 აგვისტო, 11:15 ვინც სენდვიჩების საცხობი გამოიგონა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად, მჭადის გამოცხობაზე ფიქრობდა. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ სენდვიჩების საცხობში, მჭადი ბევრად უფრო სწრაფად ცხვება, ვიდრე ტაფაში ან ღუმელში. გარდა ამისა, მასში ცხობისას, საჭირო არ არის ცხიმი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მჭადი რბილი და ფუმფულა გამოდის. მასალა: მჭადის ფქვილი – 3-4 ჭიქა თბილი წყალი – რასაც შეიზელს მარილი – 0, 5 ჩ. კ. ყველი ქარხნული (მაგარი) – 100 გრ. შენიშვნა: ყველის გარეშეც შეიძლება, ჩვეულებრივი მჭადის გამოცხობა. მომზადება:I. ჩაყარეთ ფქვილი თასში > დაამატეთ მარილი და კარგად შეურიეთ ფქვილს > დაამატეთ თბილი წყალი ნელ-ნელა > მოზილეთ რბილი ცომი. II. ცომი გაყავით პინგ-პონგის ბურთებზე ოდნავ დიდ გუნდებად. III. დაჭერით ყველი 1 სმ-ს კუბიკებად > უკვე გამზადებული გუნდების ცენტრში 3 ნააჭერი ყველი მოათავსეთ და ცომი ისე შეკარით, რომ ყველი არა ჩანდეს > მიეცით გუნდას რაგბის ბურთის ფორმა. IV. გააცხელეთ სენდვიჩების საცხობი > მოათავსეთ შიგნით 4 გუნდა და დაახურეთ (ხელით ნუ შეეცდებით ფორმის მიცემას, შეიძლება მეტისმეტად გააბრტყელოთ და საცხობის ზედა მხარე ცომს ვეღარ შეეხოს). როდესაც საცხობიდან ორთქლის გამოსვლა შეწყდება, შეგიძლიათ ახადოთ, მჭადები ამოიღოთ და შემდეგი 4 მჭადი გამოაცხოთ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა) 1146 8-ს მოსწონს
|