x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ისტორია უბრალო ადამიანურ სიკეთეზე

ყოველ ჩვენთაგანს საკუთარი მოგონებები აქვს ბავშვობასთან დაკავშირებით – მხიარული, სასაცილო, გულის ამაჩუყებელი, სამწუხარო... ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ფერები უფრო კაშკაშა არის, ცა – უფრო მუქი ცისფერი, ხეები – მაღალი, მაგრამ, აი სიკეთე – უცვლელი რჩება. და ეს ისტორია სწორედ მასზე არის, უბრალო ადამიანურ სიკეთეზე:


image


შობის წინ, დედაჩემის ძველ წერილებს ვათვალიერებდი და ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც მან მომიყვა:
«მე ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში. დედა გვიან გათხოვდა და ექიმებმა მას შვილის გაჩენა აუკრძალეს. მაგრამ, დედამ მათ ყური არ დაუგდო. დიდი რისკის ფასად, ფეხმძიმობის მეექვსე თვემდე ძლივს მიაღწია და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა ქალთა კონსულტაციაში.
მე სასურველი ბავშვი ვიყავი: მამა, ბებია, ბაბუა და მამიდა სიყვარულს და ყურადღებას არ მაკლებდნენ, ხოლო დედა – საერთოდ გადარეული იყო თავის ერთადერთ ვაჟზე!
ის სამუშაოზე დილით ადრე მიდიოდა და მუდამ პირველი რეისის ავტობუსებით და ტროლეიბუსებით მგზავრობდა. ამ ტრანსპორტს კი ყოველთვის ერთი და იგივე მძღოლები მართავდნენ. მე და დედა დილით ერთად გავდიოდით სახლიდან, ავდიოდით ტროლეიბუსში, შემდეგ ჩემი ბაღის გაჩერებაზე ჩამოვდიოდით. დედას ბაღის კარამდე მივყავდი, აღმზრდელს მაბარებდა და გაჩერებაზე გარბოდა, რომ მომდევნო ტროლეიბუსისთვის მიესწრო და სამუშაოზე დროზე მისულიყო.
რამდენიმე დაგვიანების შემდეგ, დედა გააფრთხილეს რომ კიდევ ერთი დაგვიანების შემთხვევაში, სამუშაოდან დაითხოვდნენ. მაშინ ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდით და მხოლოდ მამას ხელფასი ნამდვილად არ იქნებოდა ოჯახისთვის საკმარისი... და დედამ გამოსავალი იპოვა: მან ბაღის გაჩერებაზე ტროლეიბუსიდან ჩამსვა, იმ იმედით, რომ მე, 3 წლის ბავშვი, ჩემით მივიდოდი ბაღამდე და გულის კანკალით მიყურებდა, თუ როგორ მივდიოდი, უცხო ადამიანებს შორის, საბავშვო ბაღის ეზოს კარამდე.
და ჩვენ პირველსავე ცდაზე გამოგვივიდა. თუმცა, დედა ნახევრად ცარიელ ტრანსპორტში აქეთ-იქით დარბოდა, ფანჯრებს აწყდებოდა, რომ ვიდრე შესაძლებელი იყო, ჩემთვის თვალი ედევნებინა.
რაღაც დროის შემდეგ, დედამ შენიშნა, რომ ტროლეიბუსი უფრო დიდ ხანს იდგა ჩემი ბაღის გაჩერებაზე, შემდეგ ნელა მოძრაობდა და სიჩქარეს მას შემდეგ ზრდიდა, მე რომ საბავშვო ბაღის ეზოში შევიდოდი. ასე გრძელდებოდა სამი წელი, ვიდრე მე ბაღში დავდიოდი. დედა ვერაფრით ხსნიდა, და არც უცდია გაეგო, ამ უცნაური კანონზომიერების მიზეზ. მთავარი ის იყო, რომ მან გული დაიმშვიდა და აღარ ნერვიულობდა ჩემს გამო.
ყველაფერი რამოდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, როდესაც სკოლაში დავიწყე სიარული. ერთხელ დედამ სამუშაოზე წამიყვანა და როდესაც მძღოლმა დამინახა წამოიძახა:
– სალამი, პატარავ! როგორ გაზრდილხარ! გახსოვს, ჩვენ, დედაშენთან ერთად, როგორ გაცილებდით საბავშვო ბაღამდე?..»
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ჩემი ყოფილი ბაღის გაჩერებას ჩავუვლი ხოლმე, გულში სითბოს ვგრძნობ. ყოველთვის მახსენდება ადამიანი, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე, ყოველ დღე, პატარა სიკეთეს ჩადიოდა, უბრალო ადამიანურ სიკეთეს – ის ტროლეიბუსის მოძრაობას აფერხებდა, მისთვის უცნობ ადამიანს მშვიდად რომ ეგრძნო თავი.

0
375
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0