x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138507
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512164
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა



სპინური ფესვების დაზიანება


წინა ფესვების დაზიანება ვლინდება პერიფერიული დამბლით, ხოლო გაღიზიანება - ფასციკულაციებით (კუნთების უნებლიე მოძრაობებით).


უკანა ფესვების დაზიანება ხასიათდება პერიფერიული, ფესვობრივი ტიპის ანესთეზიით (აღინიშნება პარესთეზიები ანუ "მცდარი შეგრძნებები", ჰიპერესთეზია ანუ "გაძლიერებული მგრძნობელობა", ტკივილი), რომელიც კიდურებზე წარმოდგენილია გასწვრივი ზოლების სახით, სხეულზე კი ცირკულარულად. ხშირად, ორივე ფესვი ერთდროულად ზიანდება.


სპინური ფესვების დაზიანება



ნერვული წნულების დაზიანება



კისრის (Cervical plexus), მხრის (Brachial plexus), წელის (Lumbar Plexus) და გავის (Sacral plexus) წნულების დაზიანებისას ვითარდება წნულის სინდრომი. წნულის სინდრომში შედის, როგორც წინა ფესვების (მოტორული), ისე უკანა ფესვების (სენსორული) და ვეგეტატიური ბოჭკოების დაზიანების სიმპტომები.


კისრის წნულის (Cervical plexus) დაზიანების სინდრომი:


კისრის წნული შექმნილია კისრის პირველი ოთხი სპინალური ნერვის წინა ტოტებისგან. ამ წნულის დაზიანებისას ვითარდება დიაფრაგმის დამბლა და სუნთქვის მოშლა (n. phrenicus - C3-C4). დიაფრაგმის გაღიზიანების შემთხვევაში კი სლოკინი. კისრის წნულის დაზიანების დროს, ზემოაღნიშნულ მოტორულ მოშლილობასთან ერთად, გამოხატულია აუტანელი ტკივილი, ან მგრძნობელობის მოშლა დაზიანების სინდრომები:


კისრის წნული და მხრის წნული

ინერვაცია კისრის წნულიდანკისრის წნული




მხრის წნულის (Brachial plexus) დაზიანების სინდრომები:


მხრის წნულის ზედა (C5-C6), ანუ დუშენ-ერბის (Duchene-Erb) სინდრომი. ამ დროს დაზიანებულია: m. supinator (n. axilaris), m. biceps et m. brachialis int. (n. musculocutenaus), m. supinator longus (n. radialis). ავადმყოფს არ შეუძლია კიდურის განზიდვა მხრის სახსარში ჰორიზონტალურ სიბრტყემდე და იდაყვის სახსრის მოხრა (გამოვარდნილია ორთავა კუნთის მყესის რეფლექსი).


მხრის წნული


მხრის წნულის შუა სინდრომი (C7). ამ დროს დაზიანებულია: m.triceps, m.extensor carpi, m.extensor digiti. ავადმყოფს არ შეუძლია იდაყვის გაშლა, მტევნისა და ძირითადი ფალანგების გაშლა, ე.ი. დაზიანებულია n. radialis-ის საინერვაციო კუნთები გარდა m. supinator longus-ისა (გამოვარდნილია სამთავა კუნთის მყესის რეფლექსი).


მხრის წნულის დაზიანება


მხრის წნულის ქვედა (C8-D1), ანუ არან-დუშენის (Aran-Duchene) სინდრომის შემთხვევაში დაზიანებულია n. ulnaris-ის საინერვაციო ყველა კუნთი (ავადმყოფს არ შეუძლია ძირითადი ფალანგების მოხრა და დანარჩენი ფალანგების გაშლა, თითების დაახლოება და დაშორება, V თითის მოხრა და განზიდვა) და ნაწილობრივ n. medianus-ის საინერვაციო კუნთები.


მხრის წნულის დაზიანება


თუ მხრის ქვედა წნულის დაზიანების სინდრომს ერთვის კლოდ ბერნარ-ჰორნერის (Claude Bernard-Horner) სიმპტომოკომპლექსი, მაშინ ლაპარაკობენ დეჟერინ-კლუმპკეს (Dejerin-Klumpke) სინდრომზე.


მხრის წნულის დაზიანებამხრის წნულის ნერვები და დაზიანების ტიპები


კლოდ ბერნარ-ჰორნერის ან უბრალოდ ჰორნერის სინდრომი სიმპათიკური ბოჭკოების დაზიანების გამო ვითარდება. ეს ბოჭკოები იწყება ზურგის ტვინის გვერდით რქებში (C6-D2) მოთავსებულ ბუდგეს ცილიო-სპინალური ცენტრიდან. წინა ფესვების საშუალებით ისინი მიემართება კისრის სიმპათიკურ განგლიებში და შემდეგ საძილე არტერიის სიმპათიკური წნულის გავლით შედიან თვალში. მათი დაზიანებისას ვითარდება: გუგების შევიწროება - myosis (m. dilatator pupillae), თვალის ნაპრალის დავიწროება (m. tarsalis superior) და თვალის კაკლის შეწევა - enofthalmus (m. orbitalis).


მხრის წნული




წელის წნულის (Lumbar plexus) დაზიანების სინდრომი


წელის წნულის (D12-L4) სინდრომი. ამ დროს დამბლა გამოხატულია შემდეგ კუნთებში: m. iliopsoas, m. quadriceps femoris, m. sartorius (n. femoralis), m. gracilis, mm. adductors (n. obturatorius), m. tibialis anticus (n. ischiadicus).

ავადმყოფს არ შეუძლია ბარძაყის მოხრა, წვივის გაშლა, ადდუქცია (კიდურის მოძრაობა სხეულის შუა ხაზისკენ, მოზიდვა); შეზღუდულია ტერფის გაშლა. დამბლა უმთავრესად ეხება ბარძაყის წინა ჯგუფის კუნთებს; წვივის კუნთებიდან მხოლოდ ერთი კუნთია (m. tibialis anticus) დაზიანებული. გამოვარდნილია მუხლის რეფლექსი.


წელის წნული (Lumbar plexus)წელის წნული (Lumbar plexus)წელის წნული (Lumbar plexus)წელის წნული (Lumbar plexus)




გავის წნულის (Sacral plexus) დაზიანების სინდრომი


გავის წნულის (L5-S4) სინდრომი. ამ დროს დაზიანებულია საჯდომი ნერვის საინერვაციო ყველა კუნთი m. tibialis anterior-ის გარდა. ამგვარად, ამ დროს დაზიანებულია შემდეგი კუნთები: m. gluteus, m. biceps femoris, mm. semitendinosus, mm. soleus et gastrocnemius, mm. peroneus et tibialis posticus, mm. flexores et extensores digitorum), m. tibialis anterior-ის გარდა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ფესვობრივი სინდრომი განვასხვაოთ საჯდომი ნერვის დამბლისგან. გამოვარდნილია აქილევსის მყესის რეფლექსი.


გავის წნული (Sacral plexus)

გავის წნული (Sacral plexus)




პერიფერიული ნერვების დაზიანება


პერიფერიული ნერვის დაზიანება იწვევს დამბლას - თუ ნერვი მოტორულია; მგრძნობელობის იზოლირებულ მოშლას - კანის ზედაპირული ნერვის დაზიანებისას;

მაგრამ, ვინაიდან ნერვების უმრავლესობა შერეული ხასიათისაა, უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება მოძრაობის, მგრძნობელობის და ვეგეტაციური მოშლილობები. მოსპობილია მყეს-ძვალთა რეფლექსი, კუნთები ატონიური და ატროფიულია; ნერვის ავტონომიურ ზონაში ვლინდება ანესთეზია, ხოლო შერეულ ზონაში - ჰიპესთეზია. ნერვული ღეროს გასწვრიც აღინიშნება ტკივილი და მტკივნეული ვალეის წერტილები.


განვიხილოთ ნევრული ღეროს დაზიანების სიმპტომოკომპლექსი. კისრის წნულიდან გამოდის დიაფრაგმის ნერვი (n. phrenicus), რომელიც შერეული ხასიათისაა. მამოძრავებელი ბოჭკოები აინერვირებს დიაფრაგმის კუნთებს, ხოლო სენსორული - პლევრას, პერიკარდს, დიაფრაგმის ქვედა ნაწილს (რომელიც დაფარულია ჯორჯლით). ამ ნერვის დაზიანებისას ვითარდება დიაფრაგმის დამბლა, ქოშინი, ჩახველების გაძნელება, სლოკინი. გულმკერდის რენტგენოსკოპიის დროს, ნერვის დაზიანების მხარეზე აღინიშნება დიაფრაგმის "პარადოქული" მოძრაობა.


დიაფრაგმის ნერვი (n. phrenicus)დიაფრაგმის ნერვი (n. phrenicus)


ზედა კიდურებს აინერვირებს მხრის წნულიდან გამოსული ნერვები. არჩევენ მხრის ზედა (C5-C6), შუა (C7) და ქვედა (C8-D2) პირველად კონებს. მხრის წნულის პირველადი კონები (მოთავსებულია ლავიწზედა ფოსოში) იყოფა წინა და უკანა ტოტებად.

მხრის ზედა და შუა პირველადი კონების წინა ტოტებისგან ყალიბდება მეორადი გარეთა კონა (fasciculus lateralis),

მხრის ქვედა პირველადი კონის წინა ტოტებისგან (C8-D2) - მეორადი შიგნითა კონა (fasciculus medialis).

მეორადი კონების დასახელება განპირობებულია მათი განლაგებით a. axilaris-ის მიმართ (ისინი მოთავსებულია ლავიწქვედა ფოსოში). მეორადი კონებიდან გამოდის ზედა კიდურების ნერვები.


fasciculus lateralis და fasciculus medialis


N. musculo-cutaneus შერეული ხასიათისაა. მისი მამოძრავებელი ბოჭკოები აინერვირებს m. biceps brachii-ს (m. brachialis-ს და m. coracobrachialis-ს),

ხოლო მგრძნობელობის - წინამხრის კანის გარეთა (რადიალურ) ზედაპირს (n. cutaneus antebrachii lateralis). მისი დაზიანებისას შეუძლებელია წინამხრის მოხრა პრონაციის მდგომარეობაში, გამოვარდნილია ორთავა კუნთის მყესის რეფლექსი, გამოხატულია m. bicepitis brachii-ს ატროფია და მგრძნობელობის მოშლა წინამხრის გარეთა ზედაპირზე.


N. musculo-cutaneus



N. axillaris შერეული ნერვია, მისი მამოძრავებელი ბოჭკოები აინერვირებს m. deltoideus-ს და m. teres minor-ს, ხოლო მგრძნობელობის - მხრის კანის გარეთა ზედაპირს. ამ ნერვის დაზიანებისას შეუძლებელია კიდურის განზიდვა (აწევა ჰორიზონტალურ სიბრტყემდე), მხრის გარეთ ტრიალი; მოშლილია მგრძნობელობა n. cutaneus brachii lateralis-ის საინერვაციო არეში.


N. axillaris



N. radialis შერეული ხასიათის ნერვია, რომელიც წარმოადგენილია მხრის შუა (C7) პირვრლადი კონით, ხოლო შემდეგ მიემართება მხრის წნულის უკანა მეორადი კონის შემადგენლობაში.

ის აინერვირებს ზედა კიდურის გამშლელი ჯგუფის კუნთებს, ესენია: m. triceps, m. supinator longus, mm. extensor carpi radialis et ulnaris, m. extensor digitorum და m. abductor policis longus.

ამ ნერვის მგრძნობელობის ბოჭკოები ახორციელებს მხრის უკანა ზედაპირის, წინამხრის დორსალური ნაწილის, მტევნის უკანა ზედაპირის რადიალური ნაწილის და ნაწილობრივ I, II და III თითების ინერვაციას.

N. radialis-ის მაღალი დაზიანების დროს (იღლიის ფოსოში) ვითარდება წინამხრის, მტევნის და ძირითადი ფალანგების გამშლელების, დიდი თითის განმზიდველის და სუპინატორის დამბლა;

გაძნელებულია წინამხრის მოხრა (m. brachioradialis); არ იწვევა სამთავას მყესის რეფლექსი; დაქვეითებულია კარპო-რადიალური რეფლექსი (m. brachioradialis-ის დაინტერესების გამო). მგრძნობელობა გამოვარდნილია მხრის და წინამხრის უკანა ზედაპირზე, ნაწილობრივ თითებზე და მტევანზე. ამ ნერვის დაზიანებისას მხრის შუა და ქვედა მესამედში შენახულია ზედა კიდურის გამშლელების ფუნქცია და მგრძნობელობა მხრის და წინამხრის არეში. ავადმყოფს აღენიშნება დაკიდებული ანუ დაშვებული მტევანი.


N. radialis




N. ulnaris შერეული ხასიათის ნერვია, რომელიც ყალიბდება C8-D1 ფესვებისგან, მიემართება ქვედა პირველადი კონის, ხოლო შემდეგ მხრის წნულის შიგნითა მეორადი კონის შემადგენლობაში. ის აინერვირებს ძირითადი ფალაგების მომხრელ და დანარჩენი ფალანგების გამშლელ (mm. lumricales), თითების დამაშორებელ (mm. interossei dorsales), თითების დამაახლოებელ (mm. interossei palmares), IV და V თითის საერთო მომხრელ, V თითის მომხრელ (flexor), განმზიდველ (abductor) და პირისპირ დამყენებელ (oponens) კუნთებს.

N. ulnaris-ის მგრძნობელობის ბოჭკოები აინერვირებს მტევნის ულნარულ კიდეს, V და ნაწილობრივ IV (იშვიათად III) თითებს. ამ ნერვის დაზიანებისას ვითარდება "ბრჭყალისებრი" ხელი (mm. interossei-ის და mm. lumbricales-ის დაზიანების გამო); ავადმყოფს არ შეუძლია: მუშტის გაკეთებისას IV და V თითების მოხრა და გაშლილი ხელის ნეკის წვერით მაგიდაზე ფხაჭნა.

ამ დროს ასევე აღინიშნება ფრომანის ნიშანი ფლექსიით - ავადმყოფი საგანს იჭერს მოხრილი ცერით. ხშირია ტკივილი, რომელიც გადაეცემა ნეკა თითში; მასშივე მოსპობილია კუნთ-სახსროვანი მგრძნობელობა. ზერელე მგრძნობელობა მოსპობილია V, IV მტევნის წვრილი კუნთების ატროფია, უფრო თვალსაჩინოდ - hypothenaris-ის.


N. ulnaris





N. medianus შერეული ხასიათის ნერვია, წარმოიქმნება C5-C8 და D1 ფესვებიდან (ძირითადად მხრის წნულის პირველადი შუა და ქვედა კონებისგან). შემდგომში შუათანა ნერვის ბოჭკოები გაივლის გარეთა და შიგნითა მეორად კონებს (გარეთა კონიდან გამოდის შუათანა ნერვის ზედა ფეხი, შიგნითა კონიდან - ქვედა ფეხი; ერთად ისინი ქმნიან შუათანა ნერვის მარყუჟს). შუათანა ნერვი უმთავრესად წინამხრის ნერვია;

აინერვირებს: მეორე და მესამე ფალანგების ღრმა და ზერელე მომხრელებს; მტევნის მომხრელებს; ცერის მომხრელ, განმზიდველ და პირისპირ დამყენებელ კუნთებს; მრგვალ პრონატორს (m. pronator teres); პირველი და მეორე თითის ძირითადი ფალანგების მომხრელებს და უკანასკნელი ფალანგების გამშლელებს (mm. lumbricales I et II). მგრძნობელობის ნაწილი კი I, II და III თითების ხელისგულისხმრივ ზედაპირს, IV თითის რადიალურ ნაწილს და ხელისგულს (თითების შესაბამისი უბანი), აღნიშნული თითების საბოლოო ფალანგების უკანა ზედაპირს. შუათანა ნერვის დაზიანების დროს ხშირია კაუზალგიური ტკივილი. მგრძნობელობის მოშლა გამოხატულია მტევნის იმ ნაწილებში, რომლებისაც არ აინერვირებს იდაყვის და სხივის ნერვები; thenaris ატროფიის გამო ხელისგული ბრტყელდება, დიდი და საჩვენებელი თითები თავსდება ერთსა და იმავე სიბრტყეში, მტევანი იღებს დამახასიათებელ ფორმას - "მაიმუნის თითი". მუშტის გაკეთებისას ცერი, საჩვენებელი და ნაწილობრივ უსახელო თითები არ იხრება, გამოხატულია ფრომანის ნიშანი ადდუქციით, გაშლილი ხელის ცერის და საჩვენებელი თითის წვერით მაგიდაზე ფხაჭვნის შეუძლებლობა.


N. medianusN. medianus



Nn. thoracici - თორმეტი წყვილია (შერეული ხასიათის ნერვებია). როგორც ყველა სპინალური ნერვი, მალთაშუა ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ ისინი იყოფა წინა და უკანა ტოტებად. D1-ის და D2-ის (იგივე T1-ის და T2-ის - Dorsalis, იგივე Thoracic) წინა ტოტები შედის მხრის წნულში, ხოლო D12-ის (T12-ის) წინა ტოტი წელის წნულში. წინა ტოტები (rr. ventrales) ცნობილია, როგორც ნეკნთაშუა ნერვები (nn. intercostales), რომლებიც rr. communicantes საშუალებით დაკავშირებულია სიმპათიკურ განგლიებთან.


სპინალური ნერვები


თორაკალური ნერვების უკანა ტოტები (rr. dorsales) აინერვირებს: მამოძრავებელი ბოჭკოები - ზურგის კუნთებს, მგრძნობელობის - ზურგის კანს. ნეკვნთაშუა ნერვების მამოძრავებელი ბოჭკოები (ზედა ექვსი) აინერვირებს გულმკერდის იმ კუნთებს, რომლებიც მონაწილეობენ სუნთქვის აქტში (mm. serrati levatores costarum, mm. intercostales, mm. sucostales, mm. transversus thoracis), ხოლო ქვედა ექვსი - მუცლის პრესის კუნთებს (m. rectus, mm. obliqui და mm. transversi abdominis).

ამ ნერვების მგრძნობელობის ნაწილი აინერვირებს გულმკერდის და მუცლის გარეთა და წინა ზედაპირის კანს, აგრეთვე, პლევრას და მუცლის ფარს. ნეკნთაშუა ნერვების დაზიანების დროს აღინიშნება შემოსარტყვლითი ტკივილი, მგრძნობელობის მოშლა შესაბამის ზონებში, ზოგ შემთხვევაში ზურგის გრძელი კუნთების პარეზი, ხერხემლის კონფიგურაციის შეცვლა - ლორდოზი, სკოლიოზი. ქვედა ექვსი ნეკნთაშუა ნერვის დაზიანებისას ქრება მუცლის კანის რეფლექსები და ვითარდება მუცლის პრესის კუნთების პარეზი. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ აღნიშნული ნერვების დაზიანებას თან ერთვის სიმპათიკური კვანძის დაზიანება, ავადმყოფს აღენიშნება წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი და ტკივილი.


N. Femoralis შერეული ნერვია, წარმოიქმნება L2, L3, L4 ფესვებისგან. მამოძრავებელი ბოჭკოები აინერვირებს m. quadriceps femoris, m. iliopsoas, m. sartorius;

მგრძნობელობის - ბარძაყის წინა ზედაპირის ქვედა 2/3-ს (n. cutaneus femoris anterior seu rami cutanei anteriores) და წვივის წინა შიგნითა ზედაპირს (n. saphenus). ამ ნერვის პუპარტის იოგის ქვემოთ დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელია მუხლის გაშლა, გამოხატულია m. quadriceps femoris-ის ატროფია, არ იწვევა მუხლის რეფლექსი; მგრძნობელობა მოშლილია n. sapheni-ის საინერვაციო ზონაში. პუპარტის იოგის ზემოთ დაზიანების დროს, აღწერილ სიმპტომოკომპლექსს, ემატება მგრძნობელობის მოშლა ბარძაყის წინა ზედაპირზე. ამ ნერვის მაღალი დაზიანებისას, რაც ძალიან იშვიათია, გამოვარდნილია m. iliopsoas ფუნქცია - შეუძლებელია ტანის აწევა საწოლიდან და ბარძაყის მოხრა (მიზიდვა მუცელთან).


N. Femoralis




N. ischiadicus შერეული ნერვია, წარმოიქმნება L5-S3 ფესვებისგან. ის ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მძლავრი ნერვია; მუხლქვეშა ფოსოში იყოფა ორ ტოტად: n. peroneus და n. tibialis. საჯდომი ნერვის მაღალ დაზიანებას, უსასტიკესი ტკივილისა და ზემოაღნიშნული ნერვების ფუნქციის მოშლის გარდა, თან ახლავს mm. biceps femoris, semitendinosus და semimembranosus-ის პარეზი: ავადმყოფს არ შეუძლია მუხლის მოხრა, ტერფის მოხრა და გაშლა, თითის წვერებზე და ქუსლებზე დგომა. სიარული წარმოებს სტეპაჟით - ავადმყოფი მუხლს მაღლა სწევს, რომ დაშვებული ტერფის წვერი იატაკს არ წამოკრას. ფეხის დაშვებისას ჯერ წვერი ეშვება და შემდეგ ქუსლი. აქილევსის მყესის რეფლექსი არ იწვევა. გამოხატულია ანესთეზია წვივის და ტერფის არეში (გარდა n. sapheni-ის საინერვაციო ზონისა).


N. ischiadicus




N. peroneus შერეული ხასიათის ნერვია (საჯდომი ნერვის ერთ-ერთი ტოტი). მისი მამოძრავებელი ბოჭკოები აინერვირებს ტერფის გამშლელებს (m. tibialis anterior), ფეხის თითების გამშლელებს (mm. extensores digitorum) და კუნთებს, რომლებიც ტერფს ატრიალებენ გარეთ (mm. peronei) მგრძნობელობის ბოჭკოები კი წვივის გარეთა ზედაპირს და ტერფის და თითების უკანა ზედაპირს. ამ ნერვის დაზიანების დროს შეუძლებელია ტერფის გაშლა ზურგისაკენ, თითების გაშლა და ტერფის მოძრაობა გარეთ. ტერფი დაშვებულია და მოქცეულია შიგნით - pes equinovarus. ავადმყოფს არ შეუძლია დგომა ქუსლებზე. სიარული წარმოებს სტეპაჟით ("მამლაყინწური" - steppage). გამოხატულია წვივის კუნთების ატროფია. მგრძნობელობა მოშლილია წვივის გარეთა და ტერფის უკანა ზედაპირზე (აქილევსის მყესის რეფლექსი და კუნთ-სახსროვანი მგრძნობელობა თითებში შენახულია - n. tibialis-ის ფუნქციის შენარჩუნების გამო).


N. peroneus



N. tibialis შერეული ხასიათის ნერვია (საჯდომი ნერვის მეორე ძირითადი ტოტი). ის თავისი ფუნქციური დანიშნულებით n. peroneus-ის ანტაგონისტია. მისი მამოძრავებელი ბოჭკოები აინერვირებს ტერფის მომხრელებს (m. triceps surea), თითების მომხრელებს (mm. flexores digitorum) და კუნთებს რომლებიც ტერფს შიგნით ატრიალებს (ძირითადად m. tibialis posterior). მგრძნობელობის ბოჭკოები აინერვირებს წვივის უკანა ზედაპირს, ფეხისგულს და თითების ფეხისგულისხმრივ ზედაპირს. N. tibialis-ის დაზიანების დროს შეუძლებელია ტერფის მოხრა ფეხისგულისკენ (m. soleus და m. gastrocnemius), თითების მოხრა, ტერფების მოძრაობა შიგნით (m. flexor digit., m. tibialis posterior). გამოხატულია "ბრჭყალისებრი ფეხი" - pes calcaneus. ავადმყოფს არ შეუძლია თითის წვერებზე სიარული. აქილევსის მყესის რეფლექსი არ იწვევა.


N. tibialis




ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა არის ლოგიკური აზროვნების შედეგი, რომელიც პათოლოგიური პროცესის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა (ლათ. topos - ადგილი). ნევროლოგიური სტატუსის გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი, ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნების (დაავადებების სიმპტომების) ანალიზის საფუძველზე გამოიყოფა წამყვანი ნევროლოგიური სინდრომი (სიმპტომთა კანონზომიერი შერწყმა). სინდრომოლოგიური დიაგნოზით იწყება დიაგნოსტიკის შემდგომი ეტაპი - ტოპიკური დიაგნოზის ჩამოყალიბება ანუ ნერვული სისტემის დაზიანება ლოკალიზაციის დადგენა. ამ პროცედურის გარეშე წარმოუდგენელია "სავარაუდო" დაავადებების გამოყოფა და მათი დიფერენციული დიაგნოსტიკა - ძირითადი დაავადების განსაზღვრის მიზნით.



წყარო: "ნევროლოგია, პროპედევტიკა და ტოპიკური დიაგნოსტიკა", 2014. ივანე ვერულაშვილი. გვ. 259-268.




ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0