x
image
გემი დალანდი
ქართველი ბალერინას და ინგლისელი გენერლის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია
image

თბილისი.1945 წელი. უშიშროების მინისტრ რაფავას კაბინეტში ახალგაზრდა, ლამაზი ქალი უზის მაგიდას და უხმოდ დაჰყურებს მის წინ დადებულ ცარიელ ფურცელს. საკმარისია სულ რამდენიმე სიტყვა, მისი ხელით დაწერილი, და ჩიტივით თავისუფალი იქნება, მაგრამ მხოლოდ მან იცის რა მძიმე და მწარე იქნება ამ თავისუფლების ფასი.

საათი გულისმომწყვლელად წიკწიკებს. კართან ნაბიჯების ხმა ახლოვდება და ვიღაცის უჩინარი ხელი ულამაზესი ბალერინას- ქეთევან ნადარეიშვილის განაჩენს წერს სუფთა ფურცელზე.

* * *



90-იანი წლები იყო, როცა პოლ იანგის სიმღერას “every time you go away” მოვუსმინე, სიმღერაც და მისი უჩვეულო კლიპიც მაშინვე დამამახსოვრდა, მოგვიანებით კი, როცა ქეთევან ნადარეიშვილის ტრაგიკული ისტორია მოვისმინე ერთერთ გადაცემაში, სწორედ ამ სიმღერის კლიპი გამახსენდა.

არ ვიცი რეჟისორს რა ჩანაფიქრი ჰქონდა და რისი გადმოცემა სურდა, ან იცნობდა თუ არა ამ ისტორიას, მაგრამ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ქართველი ბალერინას ტრაგიკული სიყვარული და ცხოვრება რომ ასახა, ეს ფაქტია.

ეს ამბავი მაგალითია იმისა, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანთა ბედით და სიცოცხლით ძლიერნი ამა ქვეყნისანი, როცა ადამიანები ტოტალურ რეჟიმში მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ და მაინც, მათ შორის ბევრი იყო ისეთი, რომელთა გატეხვას და დამორჩილებას სისტემა ვერ ახერხებდა, მიუხედავად იმ სისასტიკისა, რითაც ამ “ურჩებს" უსწორდებოდნენ. ეს არის ამბავი ერთი ქალის ტრაგიკული, თავგანწირული სიყვარულისა, რომელსაც მთელი რეჟიმი დაუპირისპირდა და მაინც ვერ შეძლეს მისი გატეხვა.


* * *

1915 წლის 19 აგვისტოს თბილისში, რუსეთის სამეფო კარის მრჩეველის მელიტონ ნადარეიშვილისა და მუსიკოსის ნატალია მურაშკინას ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც ქეთევანი დაარქვეს. ოჯახი ინტელიგენტთა წრეს მიეკუთვნებოდა, შეძლებულად ცხოვრობდნენ. პატარა ქეთო 6 წლის იყო, როცა პერინის სახელობის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. გოგონამ ცეკვის ნიჭი გამოამჟღავნა, მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნადარეიშვილების ოჯახს გაუჭირდა და იძულებულები იყვნენ ქეთევანი ბალეტიდან გამოეყვანათ. მიჭიერ მოწაფეს თავად მარინა პერინამ მიაკითხა სახლში და მისი მშობლები დაიყოლია, რომ ქეთო საბალეტო სკოლაში დაებრუნებინათ.

შემდეგ იყო მამის გარდაცვალება, გაჭირვების წლები, მაგრამ ქეთევანს ცეკვა არასდროს მიუტოვებია, მიუხედავად დედის თხოვნისა, რომ თუ არჩევანის წინაშე დადგებოდა ბალეტისთვის დაენებებინა თავი. სწორედ ამიტომ, ქეთევანი დიდხანს უმალავდა დედას, რომ ცეკვას აგრძელებდა.

ნიჭიერი ბალერინა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.1932 წელს ქეთევანმა ვახტანგ ჭაბუკიანს გაუწია პარტნიორობა.

1939 წლიდან ქეთევანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. პარალელურად, მუსკომედიის თატრში მუშაობდა ბალეტმაისტრად.

1941 წელს საბჭოთა კავშირში ბრიტანეთის სამხედრო მისია ჩამოვიდა. 7 კაციან ჯგუფს გენერალი გორდონ რედვერს უეი ხელმძღვანელობდა. გენერალი და მისი ადიუტანტები ხშირად დადიოდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლებზე. სწორედ აქ ნახა ინგლისელმა გენერალმა ქართველი ბალერინა და მისი სილამაზითა და ტალანტით აღფრთოვანებულმა- წითელი ვარდების ულამაზესი თაიგული მიართვა ქალს. მას შემდეგ შეყვარებული ინგლისელი თითქმის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა. გორდონის მიმართ არც ქეთევანი იყო გულგრილი.

შემდეგ იყო მათი დაშორება, მაგრამ გორდონ უეის აქტიურობით წყვილს დაქორწინეის ნება მისცეს. მათ ჯვარი კათოლიკურ ეკლესიაში დაიწერეს და ხელიც მოაწერეს.

ისევ განშორება. 1943 წელს ბრიტანელთა მისია სსრკ-ში დაიხურა. გორდონი ცდილობდა მეუღლე საქართველოდან წაეყვანა. ქეთევანს საბუთები წესრიგში ჰქონდა და მხოლოდ მოქალაქეობის მოხსნას ელოდა, როცა მოულოდნელად მისი გამგზავრება დაბრკოლდა და სამუდამოდ გადაიდო. თავად ქეთევანი ამას ერთ ამბავს უკავშირებდა: 1945 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში „დონ კიხოტი“ დაიდგა, სადაც ჩელიტას როლს პრიმა ბალერინა ელენა დიმიტრიადი ასრულებდა. ერთ დღეს კი თეატრის ადმინისტრაციამ, სრულიად მოულოდნელად, ქეთოს წამყვანი პარტიის შესრულება სთხოვა, რადგან ბერია იყო ჩამოსული და სპექტაკლში მისი ხილვა სურდა. ქეთევანმა კოლეგიალობის გამო უარი თქვა ბერიას სურვილის შესრულებაზე, რაზეც ოპერის დირექტორის მოადგილემ გააფრთხილა კიდეც:იცოდეთ, ძალიან დიდ სისულელეს აკეთებთო.

მართლაც, რამდენიმე დღეში ქეთევანი კომკავშირის ცეკაში დაიბარეს და არჩევანის წინაშე დააყენეს: ან ქმარი, ან კომკავშირი. წინ კი ქორწინების მოწმობა და პარტიის ბილეთი დაუდეს. ქეთევანმა ქმარი აირჩია.

image

აქედან იწყება მისი წამება და ხანგრძლივი ტანჯვა. ქეთევანი დააპატიმრეს, დაძინებას არ აცდიდნენ. სველ ზეწარში ახვევდნენ და ასე ტოვებდნენ, სანამ ზეწარი არ გაშრებოდა, ელექტროსკამზე სვამდნენ, ცხვირიდან, ყურებიდან და პირიდან სისხლი სდიოდა.

ასეთი საშინელი წამებითაც კი ვერ აიძულეს, რომ უარი ეთქვა საყვარელ ადამიანზე.

1947 წლის 8 თებერვლის დადგენილებით ქეთევანი სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციმბირში, ზლობინის კატორღაში გადაასახლეს.ქეთევანი კატორღაშიც აგრძელებდა საყვარელ საქმიანობას. პატიმარი ქალებისგან მან მოცეკვავეთა დასი დააარსა. მისით კმაყოფილი იყო კატორღის უფროსიც, რომელიც ქეთევანს შუამდგომლობას დაპირდა გათავისუფლების საქმეში.

რამდენიმე თვის შემდეგ ქეთევანი კატორღის უფროსთან მიდის ეს უკანასკნელი კი მდუმარედ უჩვენებს მის მიერ დაწერილ განცხადებას ქეთევანის შეწყალების შესახებ და ამ განცხადებაზე გაკეთებულ წარწერას: “განაჩენი უცვლელი დარჩეს. სტალინი."

ქეთევანის წამება არც მისი გათავისუფლების შემდეგ შემწყდარა. დედამისი ისე გარდაიცვალა, შვილი არ უნახავს.

საბოლოოდ, მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ შეძლო თბილისში დაბრუნება, მაგრამ სამსახურშიც კი არ იღებდნენ და მოითხოვდნენ მეუღლესთან განქორწინების საბუთზე ხელი მოეწერა, იმის გამო, რომ მის ახლობლებსაც არ შექმნოდათ საფრთხე, ქეთევანმა განქორწინების საბუთს ხელი მოაწერა.

1956 წელს ქეთევანს რეაბილიტაცია შეეხო, ის უდანაშაულოდ ცნეს.წარმოდგენაც კი ძნელია, რას განიცდიდა ალბათ იმ წუთას ქალი, რომელსაც ცხოვრება, კარიერა, სიყვარული-ყველაფერი წაართვეს და წლების შემდეგ ფარატინა ფურცლზე გაკეთებული წარწერით “უდანაშაულოა"-ეს დანაკარგი “აუნაზღაურეს".

1976 წლიდან ქეთევან ნადარეიშვილი ბრიტანეთის საელჩოსა და წითელი ჯვრის საშუალებით ეძებდა თავის ქმარს. ბოლოს, 1994 წელს, მან მიიღო პასუხი, რომლითაც გაირკვა, რომ გორდონ რედვერს უეი 1981 წელს გარდაცვლილიყო.

რაც შეეხება გორდონ უეის, ჯერ კიდევ 1946 წელს ბრიტანელი ჟურნალისტი – რობერტ სტერნი საქართველოში ჩამოვიდა და ქეთევანს მეუღლისგან გამოგზავნილი წერილი და ორქიდეა გადასცა. ის წერდა: „საყვარელო, ვიყიდე ძალიან დიდი სახლი, მაგრამ ამჟამად ჩემს იახტაზე ვცხოვრობ, რადგან იმ სახლში უშენოდ შესვლა არ მინდა“. გორდონს უსაზღვროდ უყვარდა ქეთევანი, წერილებში მას თავის ტკბილ ბედს უწოდებდა

მას შემდეგ, რაც ქეთევანისგან წერილი არ მიუღია, გორდონმა მისი ძებნა დაიწყო და მალე საბჭოთა ხელისუფლებისგან მიიღო ცნობა, რომ ქეთევანმა უარყო ისიც და მისი ქორწინებაც. იმედგადაწურულმა გორდონმა ხელი ჩაიქნია ქეთევანთან დაკავშირებაზე, სხვა ცოლი შეირთო და ორი შვილიც ეყოლა, მაგრამ ქეთევანი არასოდეს დავიწყებია, მისი სიკვდილისწინა სიტყვებიც სწორედ ქეთევანს ეხებოდა...

გორდონ უეი 1981 წელს გარდაიცვალა, 15 წლის შემდეგ კი ქეთევანიც მიაბარეს მიწას.მისი თავგანწირული სიყვარულის სევდიანი ამბავი კი ლეგენდად იქცა.

image

ნაწყვეტი ქეთევანის დღიურიდან: “რეპრესიებმა თავისი დაღი დამასვა. ჯანმრთელობა შემერყა, დავბერდი კიდეც, მაგრამ მაინც ვცხოვრობდი ერთი იმედით, რომ მას შევხვდებოდი. ის იყო და რჩებოდა ჩემს ქმრად, ერთადერთ ადამიანად, რომელიც მიყვარდა და მიყვარს. მათ წამართვეს ყველაფერი: ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, თავისუფლება. მათ დააჩქარეს დედაჩემის სიკვდილი, შემდეგ კი ჩემი ძმების, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით დავკარგე. მათ წამართვეს ქმარი, გაანადგურეს მთელი მისი ფოტოსურათები, მისი წერილები, ყველაფერი, რაც მე მის თავს მახსენებდა. მათ შეურაცხყვეს ჩემი სიამაყე, მაგრამ ვერ შეძლეს და ვერასდროს შეძლებენ გაანადგურონ ჩემში მთავარი, რაც მაერთიანებს ჩემს ქმართან _ უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება. ამის მოსპობა შეუძლებელია. თვით სიკვდილიც ვერ შეძლებს მაიძულოს წავიდე იმ ქვეყნად მისი სიყვარულის გარეშე. ისეთი რამ რაც მე შემემთხვა, არ უნდა განმეორდეს."

ეს კი სწორედ პოლ იანგის სიმღერა და კლიპია, რომელიც ჩემთვის ამ ტრაგიკულ ისტორიასთან ასოცირდება და ქართველი ბალერინას თავგანწირული სიყვარულის ისტორიას მახსენებს

და ბოლოს, სტატიას სწორედ ქეთევან ნადარეიშვილის სიტყვებით დავამთავრებ- ეს არ უნდა განმეორდეს!

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0