x
image
გემი დალანდი
სისხლიანი სტრიპტიზი ოსვენციმის ბანაკში
ეს ებრაელი ბალერინა არა იმდენად ცეკვების, არამედ მკვლელობის გამო გახდა ლეგენდარული. იმ დღეს მას, ყოფილ მოცეკვავეს, გახდა უბრძანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, მან კი მოულოდნელად სტრიპტიზი მოუწყო ნაცისტებს. მისი მოულოდნელი საქციელით გაოგნებულ მცველს მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცალა და ისროლა. ბალერინა ფრანცისკა მანის გასახდელში მყოფმა სხვა ქალებმაც მიბაძეს და მალე ხელჩართული ბრძოლა ატყდა…

imageბალერინა ფრანცისკა როზენბერგზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ებრაელი გოგონა ვარშავის ერთ-ერთ უდიდეს, ირენ პრუსიკას კერძო საცეკვაო სკოლაში ეუფლებოდა საცეკვაო ხელოვნებას. მას პოლონური ბალეტის მომავალს უწოდებდნენ. ფრანცისკა მოდერნსაც და კლასიკასაც შესანიშნავად ცეკვავდა, 1939 წელს ასეულობით მოწინააღმდეგე უკან ჩამოიტოვა და მეოთხე ადგილი დაიკავა ბრიუსელში ჩატარებულ ცეკვების საერთაშორისო კონკურსში. დიდი და პატარა სცენები, ოვაციები, კონტრაქტები, გავლენიანი თაყვანისმცემლები და საკუთარი სკოლაც კი-ეს ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეღა იყო, მაგრამ ნაცისტების მიერ პოლონეთის ოკუპაციამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

როცა ნაცისტური გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, ებრაელებისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხმა სხვა ყველაფერი გადაწონა. ფრანცისკა, რომელიც ამ დროისთვის გათხოვილი იყო და მეუღლის გვარს-მანს ატარებდა, ასეულობით ათას სხვა ებრაელთან ერთად ვარშავის გეტოში აღმოჩნდა.

image


ფრანცისკას ისღა დარჩენოდა, რომ გეტოს ტერიტორიაზე არსებულ თეატრ -კაბარეს სცენაზე გამოსულიყო. ახლა მას მხოლოდ ცეკვაღა აკავშირებდა ბრწყინვალე წარსულთან, მაგრამ ფრანცისკა ჩვეული არ გახლდათ მცირედით დაკმაყოფილებას და არც ტყვეობაში ყოფნის პერსპექტივა ხიბლავდა.

1942 წელს ხმა დაირხა, რომ გერმანელები ვარშავის ებრაელებს გადარჩენის შანსს აძლევდნენ: ის, ვინც ნეიტრალური ქვეყნის პასპორტს წარმოადგენდა, გერმანელ სამხედრო ტყვეზე გაიცვლებოდა. რათქმაუნდა, ასეთი დოკუმენტი გეტოს ებრაელებს არ ჰქონდათ და არც მათ, ვინც ჯერ კიდევ ახერხებდა გერმანელებისგან დამალვას გეტოს გარეთ, ვარშავის “არიულ“ ნაწილში.

ორგანიზაცია “ჟაგევ“-ის წარმომადგენელ ებრაელ-კოლაბორაციონისტების წყალობით, რომლებიც ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ, ეს ცნობა მალე გავრცელდა გეტოში და იატაკქვეშა ორგანიზაციამდეც მიაღწია. ისე, რომ არც უფიქრიათ, რომ ეს შესაძლოა რაიმე ხრიკი ყოფილიყო, ორგანიზაციამ კავშირები აამოქმედა და მალე შვეიცარიის ებრაული ფონდიდან ვარშავაში სამხრეთამერიკული ქვეყნების პასპორტები გაიგზავნა.

image

1943 წელს ამ პასპორტების დარიგება დაიწყო, მაგრამ არა ისე, უბრალოდ, არამედ ზღაპრული თანხის სანაცვლოდ-დაახლოებით 20 000 დოლარად დღევანდელი კურსით. ამან კიდევ ერთხელ მოუჭრა გზა ებრაელებს გადარჩენისკენ. ამ თანხის გადახდა მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ და ისიც მათ, ვინც ჯერ კიდევ გეტოს საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა. იმედისმომცემი ინფორმაცია ცინიკური ტყუილი აღმოჩნდა. არავითარ გაცვლას გერმანელები ჯერჯერობით არ აპირებდნენ. მოგვიანებით ამ პასპორტებმა რამდენიმე ასეული ებრაელის სიცოცხლე მაინც იხსნეს, როცა გერმანელებმა ისინი მართლაც გაცვალეს სამხედრო ტყვეებში. ჯამში კი, სამი ათასამდე აბრაელი, რომელთაც ეს პასპორტი იყიდეს, ბანაკებში დაიღუპნენ. ამგვარი ინფორმაციების გავრცელებით გერმანელები ადვილად პოულობდნენ გეტოს გარეთ დამალულ ებრაელებს, რომლებიც მზად იყვნენ გადარჩენის სანაცვლოდ მთელი ფული და ძვირფასეულობა გაეღოთ. საბოლოოდ, მათი ქონება პირდაპირ ფაშისტებს უვარდებოდათ ხელში, ხოლო ებრაელები კი სიკვდილის ბანაკებში ამთავრებდნენ ცხოვრებას.

“სიცოცხლის საშვი“ მაინც ბევრმა ებრაელმა შეიძინა. ისინი ვარშავის “არიული“ ნაწილის სასტუმროში გადაიყვანეს. იქვე მოთავსდა გამოგონილი ორგანიზაცია, რომელსაც თითქოსდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა გადაეყვანა ებრაელები. მალე, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში გეტოდან ფრანცისკა მანიც გადავიდა. ხმები დადიოდა, რომ ფრანცისკა გერმანელებთან თანამშრომლობდა, ისევე როგორც მისი მსახიობი მეგობარი - ვერა გრანი. გეტოში ყოფნისას, აღფრთოვანებული ფრანცისკა ჩურჩულით უყვებოდა ნაცნობებს გადარჩენის შესანიშნავ საშუალებაზე-უცხოეთის პასპორტზე, ისინი კი, თავის მხრივ, გეტოს გარეთ დარჩენილ ებრაელებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მზად იყვნენ ამ პასპორტისთვის ყველაფერი გაეღოთ. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფრანცისკა ნამდვილად ეხმარებოდა ნაცისტებს. შესაძლოა, ფრანცისკა თავადაც ილუზიის ტყვე აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ “მხსნელი“ პასპორტი მან გერმანელებისგან საჩუქრად მიიღო მადლიერების ნიშნად.მაგრამ შესაძლებელია, რომ ბალერინამ თავისი გადამალული ძვირფასეულობაც გაიღო ამ პასპორტის მოსაპოვებლად, ან მისმა რომელიმე გავლენიანმა თაყვანისმცემელმა იზრუნა, რომ ფრანცისკასთვის პასპორტი გადაეცათ. ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ყოფილი ბალერინა ნაცისტებთან თანამშრომლობდა, არ არსებობს.

1943 წლის ივლისში სასტუმროში მოულოდნელად პოლიცია შევიდა. 300 ებრაელი საფრანგეთში, ვიტელში გაგზავნეს, რომლებიც მოგვიანებით ნამდვილად გადაცვალეს ტყვეებში, დანარჩენ ებრაელებს კი, თითქმის 3 000 კაცს, გამოუცხადეს, რომ გერმანიის სამხრეთით მდებარე ბურნაუს ბანაკში აგზავნიდნენ, საიდანაც მათ უკვე შვეიცარიაში გადასვლა შეეძლოთ. ფრანცისკა მანი ამ ჯგუფში აღმოჩნდა. მგზავრობამ დიდხანს გასტანა და როცა მატარებელი ბურნაუს ნაცვლად ოსვენციმში გაჩერდა, გახარებულ მგზავრებს არც კი უეჭვიათ, რომ რაღაც ისე არ იყო. მათ თბილი ღიმილით დახვდა “მესამე რაიხის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი“ ფრანც ჰესლერი, რომელიც სინამდვილეში ოსვენციმის ბანაკის დაცვის უფროსი იყო.

მგზავრებს აცნობეს, რომ იქამდე, სანამ გერმანიის საზღვარს გადაკვეთდნენ, მათ მცირე ფორმალობა უნდა გაევლოთ, კერძოდ, დეზინფექციის მიზნით შხაპი მიეღოთ.

ფრანცისკა და სხვა ქალები ბარაკში გაგზავნეს, რომელიც სინამდვილეში გაზის კამერის წინ მოთავსებული გასახდელი იყო. ჰაერში უცნაური სუნი ტრიალებდა და გავრცელებული ხმები, რომ ნაცისტები ებრაელებს კლავენ და წვავენ, უკვე რეალობას ემსგავსებოდა. ფრანცისკასთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო. გამცილებლებიც ისე თავაზიანად აღარ იქცეოდნენ:ის ქალები, რომლებმაც გახდაზე უარი თქვეს, ავტომატის ლულების დამიზნებით ააჩქარეს. ყველა ილუზია გაქრა. გასაქცევი არსაით იყო, მაგრამ ფრანცისკა ვერ დაუშვებდა, რომ ის ასე უბრალოდ მომკვდარიყო.

image

სანამ სხვები აჩქარებით იხდიდნენ სამოსს, ბალერინა ჩაფიქრებული იხდიდა და ალაგებდა თავის ნივთებს. მცველები მას უკვე დაუფარავად მიშტერებოდნენ.დასაკარგი აღარაფერი იყო და მოულოდნელად ფრანცისკამ ნელი ცეკვა დაიწყო, თან გახდას განაგრძობდა. მისმა მოძრაობებმა მცველები თითქოს დაატყვევა და მონუსხულები მხოლოდ ფრანცისკას ნახევრადშიშველ სხეულს უყურებდნენ. როცა ბალერინა თითქმის სულ გაშიშვლდა და დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ფრანცისკამ მოულოდნელად თავისი ქუსლიანი ფეხსაცმელი სერჟანტ ემერიხს ესროლა სახეში. სანამ სერჟანტი სისხლს მოიწმენდდა და ბუდიდან პისტოლეტს ამოიღებდა, ფრანცისკამ დაასწრო, იარაღი ამოაცალა და ორჯერ ზედიზედ ესროლა, თუმცა ტყვიები სერჟანტის გვერდით მდგომ ესესელს, იოზეფ შილინგერს მოხვდა მუცელში, ოსვენციმის ერთერთ სისხლისმსმელ ჯალათს, რომელიც თავისი სისასტიკით იყო ცნობილი. ფრანცისკამ კიდევ ერთხელ გაისროლა და ამჯერად ტყვია ემერიხს მუხლში მოხვდა. ეს გასროლა თითქოს სიგნალი აღმოჩნდა გასახდელში მყოფი სხვა ქალებისთვის და დაიწყო განწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის . კიდევ ერთ ესესელს ცხვირი მოაკვნიტეს, მეორეს კი თავიდან კანი ააგლიჯეს. როცა დაჭრილი მცველები გარეთ გამოიყვანეს, გასახდელი გარედან ჩაკეტეს და ბარაკის კედლები ავტომატებით დაცხრილეს. პრობლემის ამ გზით გადაჭრის შესახებ ოსვენციმის კომენდანტმა რუდოლფ ჰესმა უპატაკა ზემდგომებს. მოგვიანებით, სასამართლოში ადოლფ ეიჰმანმა დაადასტურა, რომ ფრანცისკა დაჭრილმა იოზეფ შილინგერმა მოკლა. ემერიხს კი იმ გასროლის შემდეგ მუხლი ისე დაუზიანდა და ნორმალურად სიარული აღარ შეეძლო.

image

ამ სისხლიანი შემთხვევის მოწმენი თითქმის არ გადარჩენილან. ქალთა აჯანყების ერთადერთი ცოცხალი მოწმე ზონდერჯგუფის წვერი, სლოვაკი ფილიპ მიულერი იყო. ეს მოვლენა მან თავის მემუარებში აღწერა, რომელიც 1979 წელს გამოიცა. კიდევ ერთი მოწმე იყო დავიდ ვიშნაუ. ის შეესწრო, თუ როგორ ესროდნენ ბარაკს, მაგრამ რა ხდებოდა შიგნით ან ვის ესროდნენ, მან იმ მომენტში ეს არ იცოდა.

მომხდარის კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს, რომლის თანახმად ქალები მაინც შერეკეს გაზის კამერაში, შემდეგ კი მათი ცხედრები კრემატორიუმში დაწვეს. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად კი ქალები სათითაოდ გამოყავდათ გარეთ, ხვრეტდნენ და შემდეგ წვავდნენ.

ამ წვრილმანებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვთ. მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ბოჰემური ვარშავის მომხიბვლელმა ბალერინამ, წინასწარ დაუგეგმავად და გაუაზრებლად, ყველას ღირებული გაკვეთილი უჩვენა-იბრძოლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. და თუ ომში აგებთ, არის კიდევ ერთი ომი-ღირსეული სიკვდილი, რომელიც უნდა მოიგოთ. ამ ომში კი ფრანცისკამ ნამდვილად გაიმარჯვა.



1
38
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
38
  
2018, 15 მაისი, 23:20
საშინლი, საზიზღარი ომი!!! ნებისმიერ საუკუნეში, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე საძულველი და ამაზრზენი დანაშაული დედამიწაზე, ომია
0 1 1