x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დიდი მსახიობი თავისი ცხოვრების და კარიერის შესახებ. ინტერვიუ 82 წლის ალენ დელონთან

ინტერვიუ მისი კარიერის 60 წლისთავთან დაკავშირებით ჩაიწერა და მასში ცნობილი მსახიობი თავისი ცხოვრების და კარიერის ერთგვარ შეფასებას აკეთებს. იხსენებს ცხოვრების გარკვეულ პერიოდებს, ოჯახს, მეგობრებს, როლებს. საუბრობს თავისი დამოკიდებულების შესახებ დღევანდელი ეპოქის, რეალობისადმი... ინტერვიუ ჟურნალ «PARIS MATCH»-ის სპეციალურ ნომერში დაიბეჭდა:


image


«PARIS MATCH»: ყველამ იცნობს ან ფიქრობს, რომ იცნობს ალენ დელონს. მაგრამ, ნამდვილი ალენ დელონი შეესაბამება მათ წარმოდგენებს? ვინ არის სინამდვილეში ის?
ალენ დელონი: დიახ, რა თქმა უნდა შეესაბამება. მე ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც ვარ და შეცვლა არასდროს მიცდია. არ მინდა ვინმეს თავი ისეთად მოვაჩვენო, როგორიც არ ვარ. ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, მაშინაც კი, თუ ვიცი, რომ ის ვინმეს არ მოეწონება. ყოველთვის ასეთი ვიყავი და არ შევცვლილვარ. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ბედი მექნებოდა, გავხდებოდი ის, ვინც ვარ. ომიდან დავბრუნდი, გავიცანი ქალი, რომელმაც კინოს მაზიარა. მაგრამ, მე უკვე ვიყავი ის, ვინც ახლა ვარ.


image
— სილამაზე თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იყო. როგორ ფიქრობთ, ყველაფერს მას უნდა უმადლოდეთ? რა მომენტში გააცნობიერეთ, რომ ასეთ ძალას ფლობდით?
— სილამაზე მართლაც სულ ჩემთან იყო (იცინის). ყველა მუდმივად ამას მეუბნებოდა. ქალები და არა მარტო ისინი. როდესაც კინოში შემომთავაზეს გადაღება, ვიფიქრე: «რატომ მე?» საპასუხოდ კი, ჩემი გარეგნობის შესახებ მესაუბრებოდნენ. და ეს გამუდმებით ხდებოდა. დედა მიყვებოდა, რომ როდესაც პატარა ვიყავი და ვსეირნობდით, ხალხი ქუჩაში ჩერდებოდა, რომ ეთქვათ: «რა ლამაზი ბუჭუნა გყავთო!». მაგრამ, არ უყვარდა ხელს რომ მადებდნენ და როდესაც პარკში მივდიოდით, ჩემს ეტლზე აბრას ჰკიდებდა წარწერით: «შეგიძლიათ შეხედოთ, მაგრამ ხელით ნუ შეეხებითო!» შემდეგ გოგონები მაყოლებდნენ თვალს. მაგრა, მაშინ რომ მცოდნოდა, თუ რა ძალას ვფლობდი, ცხოვრებას ყასბობით არ დავიწყებდი და არც ომში წავიდოდი.
— კინომ ცხოვრებაზე რევანშის აღების საშუალება მოგცათ?
— არა, იმიტომ რომ, ეს ჩემი ბედი იყო. როგორც არ უნდა იყოს, მე დედის მადლიერი ვარ, რადგან სწორედ მან მომცა ასეთი გარეგნობა, და ყველაფერი, რაც შემდეგ იყო, სწორედ მისი დამსახურებაა. მე ყველაფერი სილამაზის წყალობით მოვიღე და ამიტომ ვამბობ: «მადლობა, დედა».

imageimageრომი შნაიდერი, ედიტი (ალენ დელონის დედა), მაგდა შნაიდერი (რომის დედა) და ალენ დელონი. 1961 წ.

image— ვინ იყო პირველი ქალი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში?
— პირველი ჩემს ცხოვრებაში ბრიჯიტ ობერი შემოვიდა. სწორედ ის მარწმუნებდა, რომ კინოში მეცადა ბედი. თავად მსახიობი იყო და უნდოდა, მაც ამ კვალს გავყოლოდი. «იყავი ისეთ, როგორიც ხარ. ილაპარაკე, როგორც ლაპარაკობ, იმოძრავე, როგორც მოძრაობ» – მეუბნებოდა ბრიჯიტი. სინამდვილეში, მე არასდროს მითამაშია, მე ვცხოვრობდი. და მაშინ მივხვდი, რომ ეს პროფესია შემიყვარდებოდა. შემდეგ ედვიჟ ფეიერმა შემამჩნია და ჩემი კარიერა წინ წავიდა. მაგრამ, ვერ ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფერში წვლილი მეც მიმიძღვოდა.
— თქვენს ბავშვობას დავუბრუნდეთ. რთული ბავშვობა გქონდათ. როგორ ფიქრობთ, გავლენა მოახდინა ამან თქვენზე?
— მე მართლაც რთული ბავშვობა მქონდა. ეს პერიოდი, თითქოს, ცხოვრებისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო. როგორ უნდა გაიგო, რომ მშობლებმა თავიდან მოგიცილეს, როდესაც სულ 4 წლის ხარ? ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ახალი ცხოვრება დაიწყეს, ხოლო მე სხვა ოჯახში აღმოვჩნდი, როგორც ობოლი (განქორწინების შემდეგ, ალენი დედასთან დარჩა. მალე ალენის დედა მეორედ გათხოვდა და ქმრის საოჯახო ბიზნესში ჩაერთო. ბავშვს კი ძიძა აუყვანეს. მაგრამ, ძიძა ბავშვს ვერ შეეწყო და მალევე წავიდა. რადგან ძიძის აყვანის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, მამინაცვალმა ბავშვი ერთ მრავალშვილიან ოჯახს მიაბარა. რედ.) მშობლები ერთად არასდროს მინახავს. მამა ერთ მხარეს იყო, დედა – მეორეზე. თითოეული საკუთარ ნაპირზე, ხოლო მე — თითქოს კუნძული ვიყავი მათ შორის. მარტო. რა თქმა უნდა, სულ მარტოც არ ვიყავი, რადგან ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი. მათ ძალიან ვუყვარდი და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ვიცოდი რომ მიტოვებული ვიყავი და ამ გრძნობას ვერაფრით ვეგუებოდი. ბოლოს მივხვდი, რომ ამ ყველაფრის უკან მოტოვება შემეძლო და 17 წლის ასაკში ინდოჩინეთში, ომში (საფრანგეთ-ვიეტნამის ომი, 1945-1954 წწ. რედ.) აღმოვჩნდი. მოხალისეების უმრავლესობა 21 წლის იყო, მაგრამ ჩემმა მშობლებმა, ჩემს გაშვებაზე ხელი უყოყმანოდ მოაწერეს, თითქოს ჩემი თავიდან მოცილება კიდევ ერთხელ სცადეს. ამის გამო, მათზე დღემდე ვბრაზობ. არ შეიძლება 17 წლის ბიჭი ომში გაგზავნო… 17 წლის… მე მაშინ მხოლოდ 17-ს ვიყავი!


image

image— იმ დროს ხვდებოდით მშობლებს? მოდიოდნენ თქვენთან სანახავად?
— დედა მოდიოდა, ხანდახან. მამა არასდროს. მათ სხვა ცხოვრება ჰქონდათ და სხვა შვილები ჰყავდათ. მათთვის მე პრიორიტეტი არ ვყოფილვარ. 4 წლის ვიყავი, მაგრამ ჩემზე უარი თქვეს. მყავს ნახევარი და-ძმა. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დროდადრო ერთმანეთს ვხვდებით კიდეც. თუმცა, ამას ოჯახს ვერ ვუწოდებ.
— ოდესმე გიკითხავთ მშობლებისთვის, თუ რატომ თქვეს თქვენზე უარი?
— არა, არასდროს. წარსულში ქექვის სურვილი არასდროს მქონია. როდესაც დედა გარდაიცვალა, თითქმის 70 წლის ვიყავი. მე ის ახალგაზრდობის წლებში უფრო მაკლდა, ვიდრე მაშინ, როდესაც დამიახლოვდა. ეს კი, მას შემდეგ მოხდა, რაც პოპულარული გავხდი და მხოლოდ ალენი კი არა, ალენ დელონი ვიყავი. მშობლები ამაყობდნენ იმით, რომ მე მათი შვილი ვიყავი – უეცრად გაახსენდათ, რომ ვაჟი ჰყავდათ. დედა ჩემი თაყვანისმცემელი გახდა. ხოლო მამა, – უკვე მოხუცი იყო, როდესაც დამიახლოვდა.
— პრაქტიკულად, მთელი ცხოვრება მამის გარეშე იყავით… თავად თქვენ, როგორი მამა ხართ?
— ეს ჩემს შვილებს უნდა ჰკითხოთ. დარწმუნებული არა ვარ, რომ კარგი მამა და ბაბუა ვარ. ყველაფერი ძალიან რთულია. გარდა ამისა, მე მათთვის მხოლოდ მამა კი არა, ალენ დელონიც ვარ და ამ ტვირთის ტარება ადვილი არ არის, მით უმეტეს, რომ ისინიც ამ პროფესიაში არიან.


imageანუშკა დელონი

— ქალიშვილის დაბადებამ შეგცვალათ, როგორც მამა?
— როგორც ნებისმიერი მამა, მეც ვგიჟდებოდი ჩემს ქალიშვილზე, ისე როგორც დედები ვაჟიშვილებზე. გოგონა მამისთვის — ნამდვილად დიდი საჩუქარია! რაც შეეხება ალენ-ფაბიენს, ის ჩემი ასლია — სახეზე აწერია, რომ ჩემი შვილია!
— სამი შვილი გყავთ, ორი ქორწინებიდან და ამჟამად განქორწინებული ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, ამან გავლენა არ იქონია თქვენს შვილებზე? თქვენც ხომ გამოიარეთ ეს ყველაფერი…

imageimageალენ-ფაბიენი
image— მართალია, მშობლების დაშორებას ბავშვები ძალიან განიცდიან. სწორედ ამიტომ, მინდოდა რომ მხოლოდ ერთხელ დავქორწინებულიყავი და მთელი ცხოვრება მეუღლესთან ერთად გამეტარებინა. როდესაც ნატალიზე ვიქორწინე, სწორედ ასე ვფიქრობდი, მეგონა რომ ვერაფერი დაგვაშორებდა. ეს ჩემი ოცნება იყო. თუმცა...imageimageალენ, ნატალი და ენტონ დელონები image

imageენტონ დელონი

imageნატალისთან განქორწინების შემდეგ, დაქორწინებას აღარ ვაპირებდი. მაგრამ, როდესაც ჩემი ქალიშვილი პატარა იყო, ძალიან უნდოდა, დედამისზე, როზალიზე დავქორწინებულიყავი. მე უარზე ვიყავი, რადგან აზრს მარტივად არ ვიცვლი. მომავალმა აჩვენა, რომ მართალი ვიყავი. როზალისაც დავშორდი.
imageimageალენი და როზალი, შვილებთან ერთად

image— როგორი ურთიერთობა გქონდათ იმ ადამიანებთან, ვინც ამტკიცებდა, რომ თქვენგან შვილი ჰყავდა?
— არანაირი. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო. არი ბულონმა და დედამ სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს, მამობის აღიარების მოთხოვნით. თუმცა, მოსამართლე ვერ დაარწმუნეს და საქმე წააგეს (ალენ დელონის დედამ არი შვილიშვილად აღიარა და გვარიც მისცა. ის გერმანელი მომღერლის კრისტინა პაფგენის (ნიკო, Velvet Underground-ის ჯგუფის წევრი) შვილია. დატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამი, ნიკომ ბავშვზე ზრუნვა ვერ შეძლო და ის ალენ დელონის დედას მიუყვანა. რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქმე დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე მიდგა, მოსარჩელემ საქმის დახურვა მოითხოვა. რედ.) .imageimageარი ბულონი (პაფგენი)
image— პირად ცხოვრებას თუ არ ჩავთვლით, როდის იყავით ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი?
— ვფიქრობ, 20-დან – 28 წლამდე. ინდოჩინეთიდან დავბრუნდი, რაც თავისთავად, სასწაული იყო. ჯარში წესრიგს და პუნქტუალობას მივეჩვიე, ხელმძღვანელობის პატივისცემა ვისწავლე. საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ, ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი – კინომ ფართოდ გამიღო კარი და გულში ჩამიკრა. ეს პერიოდი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და სისხლში. მაშინ ჩამოვყალიბდი იმად, ვინც ვარ. მე ბედნიერი ვიყავი. ეს წარმატების დასაწყისი იყო.


image«როკი და მისი ძმები» (1960 წ.)

— გეშინოდათ, რომ ერთხელაც, წარმატება გაქრებოდა?
— არა, ცხოვრებაში არ მქონია ამის შიში. მე არასდროს მიოცნებია ასეთ კარიერაზე, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ამიტომ, ეს ყველაფერი რომ დასრულებულიყო კიდეც, ჩემთვის ტრაგედია არ იქნებოდა. მე არ ვიყავი შექმნილი იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ალენ დელონი. მე უნდა მოვმკვდარიყავი. ალბათ, ეს ბედია. იღბალი არა, – ბედი.
— ლუკინო ვისკონტისთან მუშაობაც ბედი იყო?
— გავრცელებული აზრის მიუხედავად, ვისკონტი რენე კლემანის შემდეგ გავიცანი და არა პირიქით. უბრალოდ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა. ვისკონტიმ იმიტომ მიმიწვია «როკი და მისი ძმებიში» (1960 წ.), რომ რენეს ფილმში («კაშკაშა მზეზე») მნახა. მან ჩემს აგენტს დაურეკა, ჩვენ შეხვედრა მოვაწყეთ. ყველაფერი ძალიან უბრალოდ იყო და ფილმში გადაღება მან შემომთავაზა. ვიმეორებ, მე არაფერი მითხოვია და არავისთვის მიმიმართავს. შემდეგ იყო «ლეოპარდი», რომელმაც 1963 წ. კანის კინოფესტივალზე, «ოქროს პალმის რტო» მიიღო.imageimage«ლეოპარდი» (1962 წ.)


— იმ პერიოდში თქვენში რაღაც იყო, ქალური... როდესაც თქვენ გიყურებდნენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყოველთვის ჩარჩოდან გამოდიოდით და არა მარტო გარეგნობით... თქვენს პირველ ფილმში «როცა საქმეში ქალი ერევა», ხულიგანი განასახიერეთ. როგორ ფიქრობთ, ეს როლი თქვენთვის შესაფერისი იყო?
— დიხ, ყოველთვის ან ხულიგანი ვიყავი, ან პოლიციელი! თავიდან ასეთი როლო რომ შემომთავაზეს, უარი ვთქვი. არ მინდოდა ამ როლის თანაში. საერთოდ, ფილმში გადაღებაც არ მინდოდა.
— და ხშირად, ხულიგანი უფრო იყავით, ვიდრე პოლიციელი, ასე არ არის?

imageimage«შავი ტიტა» (1963 წ.)image— მაგაში გეთანხმებით. მე გარკვეულწილად ზღვარზე ვიყავი. ბევრი სისულელე ჩავიდინე. წვრილმანი ხულიგნობის გამო, ციხეშიც მოვხვდი და იარაღით ხელში, ინდოჩინეთში. საერთოდ ციხე ჩემთვის უცხო არ იყო. ოჯახი, რომელშიც ვიზრდებოდი, ციხესთან ახლოს ცხოვრობდა და ოჯახის უფროსი, ციხეში მუშაობდა ზედამხედველად. მას შვილები ხშირად მიჰყავდა სამუშაოზე და მეც მათთან ერთად, ციხის ეზოში ვთამაშობდი. შეიძლება ამანაც იქონია გავლენა და გაუაზრებლად, ამ მიმართულებით წავედი?
— «ხულიგანთან» და «პოლიციელთან» დაკავშირებით, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. სინამდვილეში, როგორი ურთიერთობა გქონდათ ჟან-პოლ ბელმონდოსთან?

imageალენ დელონი, რენე კლემანი, ჟამ-პოლ ბელმონდო (1965 წ.)

imageწიგნი «დელონ-ბელმონდო» (2010წ.)

— ჩვენ ყოველთვის მეგობრები და კონკურენტები ვიყავით და უკვე 60 წელია 100 მეტრიან დისტანციაზე დავრბივართ. ხან ის იმარჯვებს, ხან მე ვარ გამარჯვებული. სულ გვერდიგვერდ დავრბივართ და არასდროს დავშორებივართ. ჩვენ ყოველთვის ვეჯიბრებოდით და ამავდროულად, ვაფუცხუნებდით ერთმანეთს. ის რომ არა, შეიძლება, ჩემი კარიერა სხვაგვარად წარმართულიყო და ასეთი ხანგრძლივიც არც ყოფილიყო.imageimage«ბორსალინო» (1970 წ.)

— რას იტყვით პატრიცია ლეკონტის ფილმზე, რომელშიც თქვენი უკანასკნელი როლი უნდა ითამაშოთ? კიდევ აპირებთ მასში მონაწილეობას?
— დიახ, მაგრამ ყველაფრის გადადება მოგვიხდა. მე ძალიან მინდა, რადგან გამიხარდება ჟულიეტ ბინოშთან ერთად თამაში. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მას შესანიშნავ მსახიობად ვთვლი. გარდა ამისა, მინდა ბოლოჯერ წარვსდგე პუბლიკის წინაშე.
— ყველა ცნობილ რეჟისორთან გითამაშიათ. კიდევ გაქვთ რამე სურვილი?
— ალბათ, ლუკ ბესონის ფილმში თამაში. მაგრამ, ის ფიქრობს, რომ უმართავი ვარ. სინამდვილეში, მე არასდროს მომიწყვია სკანდალი გადასაღებ მოედანზე. როდესაც ვისკონტისთან, კლემენთან და მელვილთან ვთამაშობდი, მათ ვეუბნებოდი: «მიმართულება მომეცით, მითხარით, რა გინდათ, აქ თქვენ გემორჩილებით». მე გადასაღებ მოედანზე მუსიკოსი ვიყავი, რომელსაც დირიჟორი ესაჭირეობოდა. მათთან მუშაობა ყოველთვის კარგად მახსენდება.
— პროდიუსერი რატომ გახდით? რამ გიბიძგათ ამისკენ?
— შინაგანი მოთხოვნილება მქონდა, რომ რამე მეკეთებინა. გარდა ამისა, თავად მინდოდა ჩემი თავის უფროსი ვყოფილიყავი – გადამეწყვიტა, რა მეკეთებინა. მას შემდეგ, რაც პროდიუსერი გავხდი, თავადვე ვირჩევდი სცენარისტებს, რეჟისორებს და მსახიობებს. ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებდი. თუ მეხსიერება არ მღალატობს, 27 ფილმის პროდიუსერი ვიყავი და ზოგიერთის ტიტრებში, ჩემი გვარი არც კი არის. ასე, რომ, ყველაფერს მხოლოდ ჩემთვის არ ვაკეთებდი.

— წარმატებისგან თავბრუსხვევის აცილება შეიძლება, თუ დელონი ხარ?
— ვფიქრობ, რომ შეიძლება. მე ყველაფერს ვაანალიზირებდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა. გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ბედისწერაა. ვფიქრობ, რომ საკუთარი თავს კონტროლი შემიძლია. თუმცა, ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, სასწაულებრივი და უჩვეულო იყო. მე მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში იყო. მე ასეთი ცხოვრებისთვის და კარიერისთვის არ მიბრძოლია, მაგრამ რაც არის, ეს არის. ყოველივე ამის გამო, ხან მეც კი გაოცებული ვარ. მე — მოწოდებით ვარ მსახიობი, და არა განათლებით, – ამ მიმართულებით არ მისწავლია და არც არაფერი გამიკეთებია. და შემიძლია ვთქვა, ცრუ მოკრძალების გარეშე, რომ ამ სფეროში წარმატება მოვიპოვე.
— ახალგაზრდობის წლებში რთული პერიოდი გქონდათ, მაგრამ შემდეგ გაძლიერდით... ფულისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ?
— ძალიან მიყვარს ხელოვნება. ფული კი, იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ის ნივთები შევიძინო, რაც მომწონს. თავდაპირველად, სურათებს ლონდონში ვყიდულობდი. სიგიჟემდე მომწონდა XIX, XVI და XVII საუკუნეების მხატვრების ტილოები. შემდეგ, ფოვისტების ნამუშევრებითაც დავინტერესდი, ასევე ვიძენდი ფრანგი მხატვრების: დელაკრუას, ჟერიკოს და კოროს ტილოებს. გარდა ამისა, დაინტერესებული ვიყავი ბუგატის ბრინჯაოს სკულპტურებით... ხელოვნებისადმი დიდი სიყვარული დღემდე არ გამნელებია და მამულში, მიწისქვეშა გალერეაც მაქვს, სადაც ჩემი საყვარელი ხელოვნების ნიმუშების კოლექციაა გამოფენილი. მე ხშირად ჩავდივარ იქ და ვათვალიერებ ამ შედევრებს. ეს მე მამშვიდებს და ამის გაკეთება არასდროს მწყინდება. ფულის დახმარებით მე შევძელი, ხელოვნების აღიარებული თაყვანისმცემელი და კოლექციონერი გავმხდარიყავი.
— დღეს ვის დაასახელებდით დიდ მსახიობად?
— ახალგაზედებს შორის, ერთი მსახიობი განსაკუთრებით მომწონს. ეს ვენსან კასელია. მართალია, მე და მამამისი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ეს არაფერშუაშია.
— პოლიტიკოსობაზე არასდროს გიფიქრიათ?
— არა, არასდროს. პოლიტიკოსი რომ იყო, გარკვეული განათლებაა საჭირო. მე კი ის არ გამაჩნია. მხოლოდ საშუალო განათლების ატესტატი და ყასაბის სერთიფიკატი მაქვს. აბა, როგორ მოგწონთ? ცუდი არ არის, არა?! მე ყველა პანსიონიდან და სკოლიდან ვარ გამოგდებული, სადაც კი ოდესმე მისწავლია, რადგან გამუდმებით სისულეებს ჩავდიოდი. ბოლოს, ჩემთვის ყველა სკოლის კარი დაიხურა და ყასაბი გავხდი. ეს კი პოლიტიკისგან ძალიან შორს არის. ცხოვრებაში, არასდროს არაფერი მქონია, საკუთარი გარეგნობის გარდა.
— მსახიობს ისევე ესაჭიროება პუბლიკა, როგორც პოლიტიკოს ამომრჩეველი. პარალელების გავლება შეიძლება ამ ორ პროფესიას შორის...
— მე წარმატება მსახიობობით მოვიპოვე და მთელი ცხოვრება ისე ვუყვარდი ხალხს, როგორც მამაკაცი. არც ისე ბევრი მეგულება ამ ქვეყანაზე, ჩემსავით რომ ჰყვარებოდათ. მე ისევე ვუყვარდი, როგორც სიმონა სინორე: მას უბრალოდ აღმერთებდნენ. ყველაზე მეტად მირეის ვუყვარდი (1968-83 წწ. სამოქალაქო ქორწინწბაში იმყოფებოდნენ. დაშორების შემდეგ, კარგ მეგობრებად დარჩნენ. რედ.). ჩვენი სიყვარულის ისტორია ნამდვილი ზღაპარი იყო. ის ძალიან მენატრება (მირეი დარკი გასულ წელს გარდაიცვალა. რედ).imageimageალენ დელონი და მირეი დარკი

image

— ქალები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშეს. შეგიძლიათ მათი სახელები დაგვისახელოთ?
— სია გრძელია! მათ შორის ვინც მიყვარდა, უპირველეს ყოვლისა არიან: რომი (შნაიდერი), ნატალი (ბარტელემი, ენტონი დელონის დედა), მირეი (დარკი) და როზალი (ვან ბრემენი – ანუშკას და ალენ-ფაბიანის დედა). იყვნენ სხვებიც, მათ შორის ისეთებიც, კინოს სამყაროს რომ არ ეკუთვნოდნენ – ბრიჯიტ ობერი და მიშელ კორდო. ის უკვე გარდაიცვალა. როგორც მირეი. იმედია, ახლა ბედნიერია იქ, ზეცაში.image
imageალენ დელონი და რომი შნაიდერი

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გჯერათ?
— სამწუხაროდ, პირველ რიგში, სიკვდილის მჯერა. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ სხეული კვდება, ხოლო სული უკვდავია. მაგრამ სად მიდის სული? ძალიან მინდა ამის გაგება, მაგრამ პასური არავის აქვს.
— მორწმუნე ხართ?
— უფრო ნაკლებად, ვიდრე ახალგაზრდობაში. ღმერთის განსაკუთრებით არ მჯერა, მაგრამ ღვთისმშობელი ძალიან მიზიდავს. მე მიყვარს ეს ქალი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. მე მას ვესაუბრები, ვუყვები სხვადასხვა ამბებს, კითხვებს ვუსვამ. ის ყოველთვის ჩემთან არის, მისმენს და მამშვიდებს. დარდს მიმსუბუქებს.
— ფსიქოანალიზი არ გიცდიათ?
— კი, როგორ არა. თან რამდენჯერმე. ცხოვრების რთულ პერიოდში, როდესაც დეპრესია მქონდა, დავდიოდი ორ სპეციალისტთან. მაგრამ, ეს დიდი ხნის წინ იყო. როგორც არ უნდა იყოს, ასეთი რამეების მომხრე არა ვარ.
— მეგობრებზე რას იტყვით? კიდევ თქვენს გვერდით არიან?
— ნამდვილი მეგობრის შეძენა ყოველთვის რთული იყო. გარდა ამისა, თითქმის ყველა გარდაცვლილია. პირველებმა ჟან-კლოდ ბრიალმა და ჟან-პიერ კასელმა დაგვტოვეს. ხუთმა დავიწყეთ ერთად კარიერა, ახლა კი, მხოლოდ სამნი ვართ: მე, ჟან-პოლ ბელმონდო და ჟან-ლუი ტრენტინიანი. რაც, არც ისე სახალისოა. ჩემი რეჟისორები და მსახიობები ამ ქვეყანაზე აღარ არიან. მე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი ნაცნობებიდან, თითქმის აღარავინ დარჩა. მე და ჟან მარე კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ აღარც ის არის. მხოლოდ ბრიჯიტ ბარდოღა დარჩა.


imageალენ დელონი და ბრიჯიტ ბარდო. (1968 წ.)

image

— მასთან თუ გქონდათ სიყვარულის ისტორია?
— საკვირველია, მაგრამ არა, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით და დღემდე ვმეგობრობთ. კინოში სასიყვარულო სცენებიც გვქონდა. თუმცა, რეალურად არაფერი ყოფილა. ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებით. ორივეს ცხოველები გვიყვარს. ისინი რომ არა, ბრიჯიტი, ალბათ, ცოცხალი აღარც იქნებოდა. ის თავს მოიკლავდა, ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან ძნელია სექს-სიმბოლოსთვის იმის გადატანა, რომ კაცის თვალებში სურვილს ვეღარ ხედავ.
— თქვენ არ განიცდით სოლიდური ასაკის გამო?
— მამაკაცებს ყველაფერი სხვაგვარად აქვთ. სახსრების ტკივილის გამო, ისეთი აქტიური აღარ ვარ, როგორც ადრე. მაგრამ, როდესაც პარიზის ქუჩებში აფიშას ვხედავ «აუზის» ფოტოებით, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მას შემდეგ, ვერავინ შეძლო ჩემი დაჩრდილვა. გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი, მე ყველაფერი მქონდა.

imageimage«აუზი» (1969 წ.)image— გააქვთ ისეთი შეგრძნება, რომ მაყურებელმა «გშთანთქათ»?
— თუ მსახიობი ხართ, მაყურებელიც გჭირდებათ. მე ვიცნობ მსახიობებს, რომლებიც ოცნებობენ, რომ ქუჩაში არ იცნონ. მაგრამ, მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი. როგორც არ უნდა იყოს, წარმატება მსახიობისთვის, სწორედ მაყურებელს მოაქვს.
— საუბრის დასაწყისში გკითხეთ ბედნიერი პერიოდის შესახებ, უბედურ პერიოდზე რას იტყვით, ყველაზე მეტად როდის გიჭირდათ?
— ალბათ, ახლა. ამჟამად, ცხოვრებისგან ბევრს ვერაფერს ვიღებ. მე ყველაფერი ვნახე და შევიმეცნე. გარდა ამისა, ვერ ვიტან ამ ეპოქას, ჩემში ის ზიზღს იწვევს. არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ვერ ვიტან. ირგვლივ ყველა ყალბი და ცრუ არის. პატივისცემა აღარ არსებობს, ყურადღება სხვისი აზრისადმი... დღეს მნიშვნელოვანი მხოლოდ ფულია. ყველა მთელი დღე ერთი და იგივე დანაშაულზე საუბრობს. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყნიდან ყოველგვარი სინანულის გარეშე წავალ. სიმართლეს ვამბობ. მე უკვე ყველაფერი მაქვს გამზადებული – საფლავი სამლოცველოში, იქ 6 ადამიანისთვის არის ადგილი. თუმცა, ჯერ ცარიელია. ვინც მე მიყვარდა, და ვინც უკვე დაგვტოვა, სხვა ადგილებზე განისვენებენ.
— სიკვდილის არ გეშინიათ? მასზე ისე თავისუფლად საუბრობთ...
— არა, საერთოდ არ მეშინია. სიკვდილი ერთადერთია — რაშიც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. რამდენი წელი დამრჩა? მე შეიძლება 90, 92 წლამდე ვიცოცხლო. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, – ეს იქ, მაღლა წყდება. მაგრამ, ერთი რამის თქმა ზუსტად შემიძლია: ჩემს ძაღლს მარტოს არ დავტოვებ. ეს ჩემი უკანასკნელი ძაღლია, ბელგიური ნაგაზი, რომელიც ბავშვივით მიყვარს. მას ლუბო ჰქვია. თუ ის ჩემზე ადრე მოკვდება, ძაღლს აღარ ვიყოლიებ. 50 ძაღლი მყავდა, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა მასთან ჩამომიყალიბდა. ის მაღიზიანებს, რადგან კიბეებზე ამოსვლა და ჩემთან ერთად ძილი არ უყვარს. მაგრამ, ყველაფერი წინა გვაქვს. მას თავისებური ხასიათი აქვს და ყველა არ უყვარს. ახლა 3 წლის არის, რაც ადამიანის ასაკის 21 წლის ტოლია. თუ ლუბოზე ადრე მოვკვდები, ვეტერენარს ვთხოვ, რომ ნემსი გაუკეთოს და ამ ქვეყნიდან ერთად წავალთ. ასე უკეთესია, ვიდრე იმის ცოდნა, რომ დაიტანჯება და ჩემს საფლავზე მოკვდება.
— ეს, პრაქტიკულად, შანს არ უტოვებს ქალს...
— ასეთი ქალი არ მიპოვია. არ ვამბობ, რომ კანდიდატები არ არიან, მაგრამ მათ შორის არ არის ისეთი, ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებდი. თუმცა, ბევრზე ვარ წამსვლელი, რომ უკანასკნელი სიყვარული შევიგრძნო. ალბათ, შემიძლია უარი ვთქვა იმაზე, რასაც ადრე ვამბობდი და მზად ვარ დავქორწინდე ქალზე, თუ ის დამთანხმდება და ჩემთან ბოლომდე დარჩება. მაშინ ამას აზრი ექნებოდა. ნატალისთან განქორწინებიდან 50 წლის შემდეგ, წრე შეიკვრებოდა.


image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageლეგენდა მიდის… ალენ დელონი: «ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო!»
გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ
«მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია

4
890
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
890
  
2018, 11 აპრილი, 18:56
დიდი მადლობა
2018, 11 აპრილი, 11:09
უმაგრესი სტატიაა, ალენ დელონი ჩემი კუმირია, ბიტლზივით უკვდავია
2018, 10 აპრილი, 19:05
მადლობა, გაიხარე
2018, 10 აპრილი, 18:10
ეს სტატია ალენ დელონის ფანებისთვის მისწრებაა. ასეთი დალაგებული, დეტალური ინფორმაცია არცერთ ქართულ საიტზე არ დევს! შეუდარბელი ხარ ლალი
0 1 4