საზოგადოება თბილისის მერიას „სითი პარკისთვის“ საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს 2018, 13 მარტი, 22:57 „სითი პარკი“ გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ თბილისის მერიისგან საკომპენსაციო თანხას ითხოვს და გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში გაასაჩივრებს. თბილისის მერია კი „სითი პარკთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა საინტერესო დეტალები განმარტეს. „10 აპრილიდან მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს. მოუწევს თუ არა მერიას სითი პარკისთვის პირგასამტეხლოს გადახდა? – არა, თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს. იქნება თუ არა პარკირება უფასო? – არა, პარკირების საშვის შეძენა თბილისელებს ისევ მოუწევთ და ფასი არ გაიზრდება. გაუქმდება თუ არა უკვე შეძენილი პარკირების საშვები? – არა, არ გაუქმდება. საშვები იმოქმედებს ვადის ამოწურვამდე. დავჯარიმდებით თუ არა არასწორი პარკირების შემთხვევაში? – დიახ, დავჯარიმდებით, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სანქცია 10 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. მოხდება თუ არა ავტომანქანების ევაკუირება არასწორი პარკირების შემთხვევაში? – დიახ, ევაკუირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანა აფერხებს მოძრაობას. რა სარგებელი მექნება მე, კონკრეტულ მოქალაქეს ამ ცვლილებით? – ჩემს ჯიბეზე ეს ცვლილება არ აისახება, თუმცა მე, როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელი, ჩემს მიერ გადახდილ თანხას მივმართავ თბილისის ბიუჯეტში და ეს თანხა მოხმარდება მუნიციპალური ტრანსპორტისა და საპარკინგე სისტემის განვითარებას, “ - წერს თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი. 93 1-ს მოსწონს
|