საზოგადოება "მუშის სიკვდილი, დედას რომ დაავიწყდა..."-ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი-"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი..." 2018, 10 თებერვალი, 17:23 თბილისში, 9 თებერვალს უბედურ შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი, მშენებარე ბინის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს: "მუშის სიკვდილი, დედას რომ დაავიწყდა - ზახარ, კაცო, რატო მიკვნესის გული ასე უცნაურად, ჰა? POLICE LINE DO NOT CROSS. ზის ყვითელ ლენტებში გახლართული ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ ღრიალებდა, მუხლებზე ხელებს იშენდა, თმას იგლეჯდა. ახლა კი ზის და ცალყბა ღიმილით, გაკვირვებული ეკითხება ზახარას, - კაცო, გული რატომ მიკვნესის, ასე უცნაურად, ჰა?.. ზახარა ქალის მეზობელია. ქალი მუშის დედა, ცოტა ხნის წინ რომ გადმოვარდა მეხუთე სართულიდან და მოკვდა. ზახარაც აქ მუშაობს. მშენებლობის დარაჯია. კუბოკრული პერანგის საყელო ნემსის წვერზე აქვს აცმული, მაგრამ ამ ნემსსა და ძაფს სასწაულების ჩადენა ხომ არ შეუძლია, არა? ზახარამ კი იცის, რატომ უკვნესის ქალს გული, იქ იყო ბიჭი რომ გადმოვარდა, მაგრამ ზახარას არ აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ უკვნესის ქალს გული. ზის ქალი სკამზე, ადგას თავზე თავზარდაცემული ზახარა და ვერ ხვდება, რა დაემართა მუშის დედას, ნახევარი საათის წინ თმას რომ იგლეჯდა და ახლა აღარც სახელი ახსოვს, აღარც გვარი, ვერც იმას ხვდება ეს ყვითელი ლენტი რატომ აქვს შემოხვეული და საერთოდ, სამსახურიდან ურეკავენ და გასაქცევია... - ზახარ, ტელეფონი მირეკავს, სამსახურიდან არიან, მიდი, უთხარი, ცოტა შეაგვიანდება, მარა აუცილებლად მოვაო. - ზახარ და აქ რატომ ვზივარ? - ზახარ, ჩემი სახლი აქეთ არის თუ იქით? - ზახარ, მოდი კაცო, მოიხედე, რას უნდა გავყვე სამსახურამდე?.. DO NOT CROSS ლურჯ პოლიეთილენში გახვეულ მუშას მტვრიანი ჯინსის ტოტები მოუჩანს. დედამისს კი, ოც ნაბიჯში რომ ზის, დაავიწყდა მისი სიკვდილი. აი ასე, ადგა და დაავიწყდა. ერთ წამში. და გადაწყვიტა, რომ სამსახურში აგვიანდება... არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი... მერე დავბრუნდით სამსახურში. კაი კადრები მოვიტანეთ. ოპერატორმა კარგად იმუშავა. ხმებსაც არაუშავს. მივჭერ-მოვჭერით, ტიტრები დავადეთ, რომ 9 თებერვალს, მშენებარე სახლის მეხუთე სართულიდან, გადმოვარდა 26 წლის მუშა და დაიღუპა. დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. სტატისტიკის მიხედვით, 2017-ში მშენებლობებზე 43 მუშა მოკვდა. 2018 - ში, ეს უკვე მეორეა. რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონი და რომ მის მიღებას პარლამენტი აჭიანურებს... ... აი, ესაა ჩემი საქმე. ხანდახან მოვყვე სიკვდილებზე მშრალი ციფრებით. და არაფერი ვთქვა დედაზე, შვილის სიკვდილი რომ დაავიწყდა. პ.ს ჟურნალისტებს ხომ გვჩვევია წინდაუკან სირბილი, გაიწი-გამატარე, ყაყანი... დღეს კი იდგა ყველა გაოგნებული, ჩუმად და თავზარდაცემული." 290 1-ს მოსწონს
|