საზოგადოება 7 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში მენინგიტით გარდაიცვალა 2018, 22 იანვარი, 16:37
7 წლის მარნეულელი ბიჭი „ავერსის“ კლინიკაში ხუთშაბათს, 18 იანვარს, ღამის საათებში შეიყვანეს. ინფექციური პროფილის განყოფილების არქონის გამო „ავერსის“ კლინიკამ პაციენტი „იაშვილის“ კლინიკაში დილის საათებშივე გადაამისამართა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით პაციენტს დაბალი სიცხე აღენიშნებოდა.
„მე დიაგნოზს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ პაციენტი ნამდვილად შემოიყვანეს 7 წლის ბავშვი. ჩვენ ვერ მოვემსახურებოდით ინფექციური პროფილის პაციენტს, რის გამოც გადავაგზავნეთ „იაშვილის“ კლინიკაში, სადაც როგორც ვიცი გარდაცვალებამდე დიაგნოზი ვერ დადგინდა და თუ რა დიაგნოზი დადგინდა ამას ვერ გეტყვით.“ – „ავერსის“ კლინიკის წარმომადგენელი. როგორც „იაშვილის“ კლინიკაში გვითხრეს, 7 წლის ბავშვის ზუსტი დიაგნოზი ჯერ კიდევ არ დადგენილა. მარნეულში, სხვადასხვა მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი „ციმბირის წყლულით“ გარდაიცვალა, რამაც რაიონში პანიკის საფუძველი შექმნა. სწორედ ამის გამო, 22 იანვარს, მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების წარმომადგენელმა, მარნეულის N8 საჯარო სკოლაში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი პირველ კლასში სწავლობდა, ჩაატარა შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან. ეპიდემიოლოგმა, მშობლებსა და მასწავლებლებს აცნობა თუ მათი ინფორმაციით რა დაავადებით გარდაიცვალა ბავშვი. ეპიდემიოლოგის თქმით ეს ინფექცია არა „ციმბირის წყლული“ არამედ „მენინგოკოქცემიაა“. „არანაირ „ციმბირულ წყლულზე“ არაა საუბარი. ეს სულ სხვა დაავადებაა და სხვა სიმპტომები გააჩნია. გარდაცვლილს დაუდგინეს მენინგიტის დიაგნოზი. ჩვენ დღეს სკოლის მოსწავლეებს შემოწმება ჩავუტარეთ, რის შემდეგაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მშობლებს პროფილაქტიკის მიზნით ვურჩიეთ, რომ ბავშვებს ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ჩაუტარონ“ – ეპიდემიოლოგი, ფოლად ჰასანოვი. ჰასანოვის თქმით, ბავშვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტროლზე ეყოლებათ აყვანილი. 54 შეფასება არ არის
|