x
image
მანჩო 777
ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები: ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე
1967 წლის 8 ივლისს ლონდონის ყველა თეატრში წუთიერი დუმილი გამეფდა, წუთიერად ჩაქრა რამპა და ყველამ თავი დახარა ვივიენ ლის ხსოვნის წინაშე.

...წმინდა მარტინის ტაძარში, ვივიენ ლის ცხედართან დამშვიდობებისას, ლოურენს ოლივიე მოშორებით, სვეტს ამოფარებული იდგა, მდუმარედ უსმენდა ჰენდელის მუსიკას, აწ უკვე უსულოდ დარჩენილ ვივიენთან მდუმარე მიზანსცენას თამაშობდა და ნელ-ნელ ეშვებოდა ფარდა უკანასკნელი დიდი სპექტაკლისა...



image



თეატრისა და კინოს ყველაზე ცნობილმა ბრიტანულმა წყვილმა ვივიენ ლიმ (Vivien Leigh) და ლოურენს ოლივიემ ( laurence olivier) დიდი გამოწვევა სტყორცნეს 30-იანი წლების პურიტანულ ინგლისს, როცა საჯაროდ სააშკარაოზე გამოიტანეს თავიანთი მხურვალე, ვნებიანი რომანი. სიტუაციის სირთულეს იწვევდა ის ფაქტი, რომ იმ დროისათვის ორივე მსახიობი დაქორწინებული იყო და მეუღლეები არცერთ მათგანს არ აძლევდნენ განქორწინების უფლებას. სწორედ ცოდვებში, ტყუილსა და საყოველთაო განკიცხვის ატმოსფეროში ცხოვრებამ უბიძგა ვივიენ ლის მიეცა გულახდილი ინტერვიულ გაზეთ " ტაიმსისათვის", რომელშიც პატიოსნად მოჰყვა თავისი დრამატული ცხოვრების ყველა წვრილმანი. საზოგადოება მოულოდნელად შემობრუნდა მაყურებლის საყვარელი წყვილისაკენ, რომლებიც თავიანთი სიყვარულის უფლების მოსაპოვებლად ამერიკაში მიემგზავრებოდნენ - სწორედ იქ უნდა გადაეღოთ ფილმი "ქარწაღებულნი", რომელშიც სკარლეტ ოჰარას როლი დიდი ბრძოლით მოიპოვა ვივიენმა.




image



ვივეინ ლი და ლოურენს ოლივიე მხოლოდ კინოვარსკვლავები კი არა, ინტელექტუალი მსახიობებიც იყვნენ. მათ "დიდი შემსრულებლების'' სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, რომელსაც ბრიტანეთში საკმაოდ იშვიათად აძლევდნენ ვინმეს. ორივენი ბრწყინავდნენ კინოსა და თეატრში და სწორედ სცენაზე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია.

ყველაფერი 1934 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც დამწყები მსახიობი ვივიენ ლი, ცნობილი როგორც ვივიან ჰოლმანი, იურისტის ცოლი, ერთი წლის ქალიშვილის დედა, სამეფო თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა, სადაც მთავარ როლს ლოურენს ოლივიე ასრულებდა.

მამაკაცურობით, მაცდური მზერითა და თამაშის შესანიშნავი ტექნიკით ლოურენსმა იწამსვე დაიპყრო ვივიენის გული. ის მიუბრუნდა მეგობარს და უთხრა: ''აი ასეთ მამაკაცს გავყვებოდი ცოლად!''. მას წამითაც კი არ გახსენებია თავისი ქმარი, იურისტი ჰერბერტ ლი ჰოლმანი, არც ის, რომ ოლივიე დაქორწინებული იყო და რომ მისი ცოლი ჯილ ესმონდი მალე ბავშვს გააჩენდა. ვივიენმა ყოველთვის იცოდა, რა სურდა და დარწმუნებული იყო, რომ სასურველს მიაღწევდა.

მალე ლიმ და ოლივიემ მონაწილეობა მიიღეს ისტორიულ ფილმში ''ცეცხლში გახვეული ინგლისი''. ქალი თამაშობდა ფრეილინს, მამაკაცი კი - მასზე შეყვარებულ ოფიცერს. ოლივიე გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ ერთობლივი სასიყვარულო სცენები ერთმანეთის ნახვის ხალისს მათ სამუდამოდ დაუკარგავდა. გადაღებების დაწყებამდე მან განაცხადა: ''ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ჩვენ ვიჩხუბებთ".



image



მაგრამ ის ცდებოდა... ვნება, რომელმაც ლისა და ოლივიეს შორის იფეთქა, არ განეკუთვნებოდა ''რომანს ერთი ფილმით''. ისინი იძულებული იყვნენ თავშეკავება შეენარჩუნებინათ, გადაღებების შემდეგ მსახიობები ოჯახური ცხოვრების დემონსტრირებას ახდენდნენ და გაზეთებისთვის თავიანთ მეორე ნახევრებთან პოზირებდნენ, მაგრამ სპექტაკლ ''ჰამლეტში'' ერთობლივი მუშაობის შემდეგ, სადაც ჰამლეტის როლს ოლივიე ასრულებდა, ოფელიას კი - ვივიენ ლი, მსახიობებმა გადაწყვიტეს, თავიანთ ოჯახებს აღარ დაბრუნებოდნენ.

თუმცა მათ დაქორწინება ვერ შეძლეს. ჯილ ესმონდმა ჰოლმანიც დაარწმუნა, განქორწინებაზე უარი ეთქვა. ოლივიე საშინლად იყო გაცეცხლებული: მას ეჩვენებოდა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო.

1938 წელს ოლივიე ჰოლივუდში გაემგზავრა ბედის საძებნელად. ვივიენმა შეიტყო, რომ მან გადაღებისას ფეხი იღრძო და მაშინვე გაქანდა საყვარელ ადამიანთან.



image



სწორედ იმ დროს დევიდ სელზნიკი "ქარწაღებულნის" გადასაღებად ემზადებოდა. ყველა როლი განაწილებული იყო, თუმცა მთავარი როლის-სკარლეტ ო, ჰარას როლის შემსრულებელი დევიდმა ვერა და ვერ იპოვა.

როლზე 1400 მსახიობი გასინჯეს, დახარჯეს ათობით ათასი დოლარი, მაგრამ ყველაფერი ამაოდ. შემდეგ კი მოხდა ის, რაზეც კინოს ყველა ისტორიკოსი წერდა: ერთხელ გადაღებების დროს სელზნიკთან მივიდა ახალგაზრდა ქალი და თავი ასე გააცნო: ''გამარჯობა, მე სკარლეტ ო’ჰარა ვარ''. მის ლურჯ თვალებში ცეცხლის ალი ელავდა და სელზნიკი მიხვდა, რომ მთავარი გმირი იპოვა.



image



ამ როლისთვის ვივიენ ლიმ ''ოსკარი'' მიიღო, მისი პოპულარობა კი წარმოუდგენლად გაიზარდა. ლოურენს ოლივიე მისი თამაშით აღტაცებული იყო, პრემიერის შემდეგ მან თქვა: ''არ მოველოდი, რომ ის ამას შეძლებდა''. მალე ორივე მსახიობმა განქორწინება მიიღო და 1940 წლის 31 აგვისტოს ქალაქ სანტა-ბარბარაში ვივიენ ლი და ლოურენს ოლივიე ცოლ-ქმარი ოფიციალურად გახდნენ.



image



თითქოს არაფერს აღარ უნდა შეეშალა ხელი მოსიყვარულე ცოლ-ქმრის იდილიისათვის, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ამას ფილმებში თამაშობდნენ ვივიენი და ლარი. როგორც ნობილია, ვივიენი საოცრად მებრძოლი, უზარმაზარი შინაგანი ენერგიის მატარებელი ქალი იყო, რომელიც სასურველი მიზნის მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობდა და ხშირ შემთხვევაში თავის ოცნებას ისრულებდა კიდეც. მისი ყველა ბიოგრაფი იხსენებს, რომ ვივიენმა ორჯერ დასდო საბედისწერო პირობა საკუთარი თავის წინაშე: პირველი მაშინ, როცა ყველასათვის უცნობმა, არაფრით გამორჩეულმა მსახიობმა სცენაზე პირველად დაინახა უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ლოურენს ოლივიე და ხმამაღლა განაცხადა: ''ეს მამაკაცი ჩემი გახდებაო''. მაშინ ეს ნათქვამი აბსოლუტური სიგიჟე იყო. მეორე: როცა ფილმზე "ქარწაღებულნი'' კასტინგი გამოცხადდა და ჰოლივუდის პირველი ლამაზმანები ოცნებობდნენ ეთამაშათ მასში მთავარი როლი, ვივიენმა თამამად განაცხადა: "ლარი არ ითამაშებს რეტ ბატლერს, მე კი აუცილებლად გავხდები სკარლეტ ო, ჰარა". ვიღაც უცნობი, ამერიკაში ახლად ჩამოსული ინგლისელი მსახობის ეს თამამი განაცხადი ბევრმა მაშინ თავხედობად მიიჩნია, თუმცა ფაქტია, რომ ვივიენმა ორივე შემთხვევაში შეისრულა მიზანი.



image



სამწუხაროდ, ვივიენის ძლიერი ხასიათი მის პრობლემად იქცა. ისევე, როგორც ბევრ წარმატებულ მსახიობს, მასაც ზედმეტად მოძრავი, გაუწონასწორებელი ფსიქიკა ჰქონდა. ქმრის მიერ მიცემული ნებისმიერი შენიშვნა კინოგადაღებების დროს ქალში მძიმე დეპრესიას იწვევდა, ხოლო როლზე მუშაობა - ნერვულ დაძაბულობას და უძილობას. მისი გენიალურობა ხშირად გადაიზრდებოდა უსასრულო კაპრიზებში და ნერვიულ გამოხტომებში, რომელიც ბუნებით მშვიდ ლოურენს ძალიან აღიზიანებდა. მდგომარეობას ართულებდა ის, რომ ვივიენი ბავშვობიდანვე სუსტი ფილტვებით გამოირჩეოდა და წამლები, რომლებსაც მას ექიმები აძლევდნენ, დამატებით იწვევდა ფსიქიკურ აშლილობას. ლოურენსი იძულებული იყო ის ფსიქიატრიულ კლინიკაში დაეწვინა, სადაც ავადმყოფებს სასტიკი მეთოდებით მკურნალობდნენ: ელექტროშოკს უტარებდნენ, შიშველი სხეულით გაყინულ ზეწრებში ახვევდნენ და ძლიერ დამამშვიდებლებს აძლევდნენ. ყოველივე ამან საბოლოოდ გაანადგურა მსახიობი ქალის ჯანმრთელობა.



image



ერთად გატარებული 17 წლის შემდეგ ლოურენსმა ვერ გაუძლო ქალის ისტერიის მორიგ შემოტევას და მიატოვა ის, მაგრამ მისი წასვლის მიზეზი მხოლოდ ვივიენის ავადმყოფობა არ იყო. ჭორაობდნენ, რომ მან ახალგაზრდა საყვარელი იპოვა, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა. ვივიენმა ძალიან მძიმედ გადაიტანა ქმართან განშორება, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ვერ შეძლო შეგუებოდა, რომ ლარი მის გვერდით აღარ იყო. ის მძიმედ გახდა ავად. მისი ბევრი თაყვანისმცემელი სახალხოდ კიცხავდა ოლივიეს და მას ლაჩარს და მოღალატეს უწოდებდა, რადგან ავადმყოფი ცოლი მიატოვა. ქმართან განშორებამ ვივიენის დეპრესია კიდევ უფრო გაამწვავა. ის ფილტვების ტუბერკულოზით დაავადდა და 1967 წელს მარტოდმარტო გარდაიცვალა ინგლისში, საკუთარ სახლში.



image



1967 წლის 8 ივლისს ლონდონის ყველა თეატრში წუთიერი დუმილი გამეფდა, წუთიერად ჩაქრა რამპა და ყველამ თავი დახარა ვივიენ ლის ხსოვნის წინაშე.

...წმინდა მარტინის ტაძარში, ვივიენ ლის ცხედართან დამშვიდობებისას, ლოურენს ოლივიე მოშორებით, სვეტს ამოფარებული იდგა, მდუმარედ უსმენდა ჰენდელის მუსიკას, აწ უკვე უსულოდ დარჩენილ ვივიენთან მდუმარე მიზანსცენას თამაშობდა და ნელ-ნელ ეშვებოდა ფარდა უკანასკნელი დიდი სპექტაკლისა...


ვივიენის სიკვდილიდან
22 წლის შემდეგ ვიღაც სტუმარმა შეაღო ოთახის კარი, სადაც 82 წლის ლოურენს ოლივიე მარტო იჯდა სავარძელში და უყურებდა ერთ ძველ ფილმს ვივიენ ლის მონაწილეობით.
"ეს იყო მსახიობი! - მოესმა სტუმარს ოლივიეს ხმა - ეს იყო ნამდვილი მსახიობი!"

0
322
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0