x
image
მანჩო 777
თეთრი კაბა, საქორწილო ტორტი და თაიგულის სროლა - საიდან იღებს სათავეს საქორწილო ტრადიციები?
ოჰ, ეს ქორწილი...ყველაზე ამაღელვებელი და სამახსოვრო დღე ადამიანის ცხოვრებაში. თოვლივით თეთრი კაბა, საქორწილო თაიგული, ულამაზესი ტორტი და ბევრი სტუმარი. უამრავი საქორწილო ტრადიცია არსებობს, მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ საიდან იღებს ეს წეს-ჩვეულებები სათავეს.


image


მოდით, ერთად გავერკვეთ საქორწილო ტრადიციების წარმომავლობაში.



1. ქორწილის გადახდა ივნისში



image

ივნისი- ყველაზე პოპულარული თვეა ქორწილის გადასახდელად. სტატისტიკის მიხედვით, ქორწილების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ ამ თვეზე მოდის. პირველ რიგში, ეს ლოგიკურია: ივნისი გარდამავალი თვეა გაზაფხულსა და ზაფხულს შორის, არც ძალიან ცხელა და არც ცივა, ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მაისში ქორწინება, გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, არ შეიძლება, ამიტომ წყვილები ივნისის მოსვლას ელოდებიან ქორწილის გადასახდელად. ერთი შეხედვით ყველაფერი ცხადია, მაგრამ თურმე საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა: ივნისში დაქორწინება ჯერ კიდევ ძველი რომიდან იღებს სათავეს, რადგან ამ თვეს სახელი რომაული ღმერთის იუნონას პატივსაცემად დაარქვეს, ეს ქალღმერთი კი ქორწინების მფარველად ითვლება.


2. საქორწილო ტორტი


image
აბა რაა ქორწილი საქორწილო ტორტის გარეშე? - ის ამ დღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტად ითვლება, თუმცა გასულ საუკუნემდე ეს სიამოვნება უცხო ხილი იყო და როგორც წესი, მის აუცილებლობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ძველად ახალდაქორწინებულთათვის აცხობდნენ ტკბილ ღვეზელს, რომელიც მხოლოდ ნეფე-დედოფალს უნდა შეეჭამა. რაც შეეხება საქორწილო ტორტებს, ეს დასავლეთიდან შემოსული და დამკვიდრებული ტრადიციაა და ის წყვილის ბედნიერ და უზრუნველ მომავალს ნიშნავს.


3. თეთრი საპატარძლო კაბა


image

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კრეატიულ პატარძალს არ სურს თეთრი ფერის საქორწილო კაბის ჩაცმა და ასე განსაჯეთ, ზოგი მათგანი საკუთარი ქორწილის დღეს შავ სამოსშიც კია გამოწყობილი, თეთრი კაბა ზოგადად ქორწილის სიმბოლოდ ითვლება, თუმცა ეს ყოველთვის ასე როდი იყო: მე-19 საუკუნის შუახანებამდე ქორწილის დღეს პატარძალი იცვამდა საუკეთესო კაბას თავისი გარდერობიდან, ფერს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 1840 წელს შედგა პრინც ალბერტის და დედოფალ ვიქტორიას ჯვრისწერა, რომელზეც საპატარძლო თეთრი სატინის კაბით გამოცხადდა. ამან იმდენად ძლიერ იმოქმედა საქორწილო მოდაზე, რომ დღემდე გოგონების 99% თეთრ კაბაში თხოვდება. ის, რომ თეთრი ფერი პატარძლის უბიწოების მაჩვენებელია, ერთგვარი ცრურწმენაა.



4. თაფლობის თვე


image

თაფლობის თვის წარმოშობის რამოდენიმე ვერსია არსებობს და ისინი ერთიმეორეზე უკეთესებია: ძველ დროში მიღებული იყო მამაკაცის მიერ ქალის მოტაცება. როგორც წესი, საქმრო ახალშერთულ ცოლს ერთი თვის განმავლობაში მალავდა უცხო ადგილას. ამ დროის განმავლობაში ქალი ფეხმძიმდებოდა და ქორწინებას ეს სიახლე სულ სხვა სტატუსს ანიჭებდა. სხვა ვერსიის მიხედვით, რომელმაც ჩვენამდე შორეული ვიკინგების კულტურიდან მოაღწია, ქორწილის შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ახალდაქორწინებულები რაც შეიძლება ხშირად უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული სექსით და უნდა ესვათ თაფლიანი სასმელი, რაც ჯანმრთელი ბავშვის ჩასახვას შეუწყობდა ხელს. სწორედ აქედან წამოვიდა ტერმინი "თაფლობის თვე''.


5. სიძის მიერ პატარძლის ნახვა ქორწილამდე ცუდი ნიშანია


image

ეს ტრადიცია წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო მიუღებელი და არაპოპულარული ხდება: გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, სასიძოს საპატარძლო საქორწინო კაბაში ჯვრისწერამდე არ უნდა ენახა. წარსულში, როცა ქორწინებები ძირითადად ოჯახის უფროსების მოლაპარაკებების შედეგად იგეგმებოდა, საპატარძლოს განგებ მალავდნენ იმის შიშით, რომ სასიძოს ის არ მოეწონებოდა და უარს იტყოდა მასთან დაქორწინებაზე (თქვენი არ ვიცი და პირადად მე ლუარსაბის და დარეჯანის ჯვრისწერა გამახსენდა ილიას "ლუარსაბ თათქარიძიდან"). ასე, რომ, სასიძოების უმეტესობა საკუთარ მომავალ მეუღლეს პირველად საკურთხევლის წინ ხედავდა.


6. საპატარძლოს ფატა


image

ფატა საქორწილო კულტურის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. როგორც წინა ცრურწმენა, ფატაც იგივე საქმეს ემახურება - დამალოს საპატარძლოს სახე იმ მომენტამდე, სანამ შეუღლებულები ერთგულების ფიცს წარმოთქვამენ. აღსანიშნავია, რომ ფატა ჯერ კიდევ ძველ რომში ეკეთათ პატარძლებს და ის ძალიან გრძელი უნდა ყოფილიყო. მისი დანიშნულება ერთობ უცნაური და სევდიანიც კია - ქალს ფატა უნდა შეენახა მთელი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ფატას სუდარის მოვალეობა უნდა შეესრულებინა.



7. თაიგულის სროლა


image

თანამედროვე ქორწილებში ძალიან მოდაშია ცერემონიის დასასრულს საქორწილო თაიგულის სროლა პატარძლისაგან. გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, ის, ვინც მოახერხებს და დაიჭერს ამ ნივთს, უახლოეს ხანებში დაქორწინდება. ეს პრაქტიკა ჩვენთან დასავლეთიდან გავრცელდა და საკმაოდ დიდ ხნის ისტორია აქვს. ძველ დროში ხშირად ხდებოდა ფარული ქორწინებები. იმისათვის, რომ მოწმეებს დაემტკიცებინათ, რომ ჯვრისწერა მართლაც შედგა, საჭირო იყო ნივთმტკიცება, რომელსაც ხშირ შეთხვევაში პატარძლის საცვალი, წვივსახვევი ან მისი ტუალეტის სხვა რომელიმე დეტალი წარმოადგენდა. მოგვიანებით ეს ნივთები თაიგულმა შეცვალა, რადგან ითვლებოდა, რომ ისიც აუცილებელი ატრიბუტი იყო ქორწილისა. გაუთხოვარი ქალები თვლიდნენ, რომ თუ პატარძლის კაბას შეეხებოდნენ, ისინიც მალე გათხოვდებოდნენ. შემდგომში ეს წესი უკვე თაიგულზე გავრცელდა.



8. საქმროს და საპატარძლოს მხარეები


image

ის, რომ საქორწინო ცერემონიის დროს სიძის ნათესავები და მეგობრები ერთ მხარეს არიან და პატარძლისა, მეორე მხარეს - სავსებით ლოგიკურია. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ, ამჯობინებენ ერთად ყოფნას, მაგრამ იმას, თუ რატომ დგას სიძე მარჯვენა მხარეს და პატარძალი-მარცხენა მხარეს, თავისი ახსნა აქვს და მის ფესვები ძველ დროში უნდა ვეძებოთ. მამაკაცს ყოველთვის ემუქრებოდა იმის საშიშროება, რომ ვინმე მისთვის საცოლის წართმევას მოინდომებდა, ამიტომ ცერემონის დროს მას თან ჰქონდა ხმალი თავის დასაცავად. ხმალი ყოველთვის მარჯვენა ხელში ეჭირათ. მარცხენა ხელში კი საქმროს საცოლის ხელი ეჭირა, რომ ის სხვასთან არ გაქცეულიყო. სწორედ აქედან ჩამოყალიბდა ტრადიცია: სიძე დგას მარჯვნივ, საპატარძლო - მარცხნივ.


9. სიძისა და პატარძლის მეჯვარეები (ხელისმომკიდეები)


image

თუ საპატარძლოს მეჯვარე ხართ, თქვენს მოვალეობებში შედის დაეხმაროთ მას საზეიმო ცერემონიისათვის მომზადებაში, თავის მოწესრიგებაში და კაბის შლეიფის დაჭერაში. ქორწილის მსვლელობის დროს კი მოგიწევთ მის მაგივრად წამოდგეთ ხოლმე ფეხზე სამადლობელის გადასახდელად. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სიძის ხელისმომკიდესაც, თუმცა შუა საუკუნეებში ეს თანამდებობა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული: მოწმეებს აცვამდნენ სიძისა და პატარძლის მსგავს სამოსს, რათა დაეცვათ ისინი ბოროტი სულების მიერ მოტაცებისაგან და ასევე იმ ადამიანისაგან, ვინც შეყვარებული იყო საპატარძლოზე და ყოველ ღონეს იხმარდა, რომ ჯვრისწერამდე აეწაპნა ის სასიძოსათვის. ისეც მომხდარა, რომ მომტაცებელს პატარძლის მაგივრად მისი ხელისმომკიდე შერჩენია ხელთ ერთნაირი ტანსაცმლის გამო.


10. პატარძლის ხელში აყვანა სახლის პარმაღზე


image

ამ ტრადიციას ორი ისტორია აქვს-ერთი ძალიან სასიმოვნო, ხოლო მეორე - ოდნავ საშიში. პირველი ისტორია ანტიკურ რომში იღებს სათავეს. ლეგენდის თანახმად, ძველ რომში მხოლოდ მამაკაცები ცხოვრობდნენ და მათ უხდებოდათ სხვა ტომებისაგან ქალების მოტაცება. ამის გამო რომაელებს ომიც კი მოუხდათ საბინიელებთან, რომლებსაც განსაკუთრებით ბევრი ქალი წაართვეს. მოტაცებული ქალები რომაელებს ხელში აჰყავდათ და ისე შეჰყავდათ თავიანთ სახლებში, რომ მათი წინააღმდეგობა დაეძლიათ. ამ ტრადიციის მეორე ისტორია დაკავშირებულია ვიკინგების ცრურწმენასთან. სკანდინავიელებს სწამდათ, რომ სახლის პარმაღის ქვეშ ბოროტი სულები ცხოვრობდნენ. საცოლის პარმაღზე ხელით გადაყვანა ქორწინების ერთგვარი შემოწმება იყო-თუ სიძე წაიფორხილებდა- წყვილის ოჯახური ცხოვრება პრობლემებით იქნებოდა სავსე, ხოლო თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა- მათ ბედნიერი მომავალი ელოდათ.



0
508
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0