x
image
მანჩო 777
ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები: ალენ დელონი და რომი შნაიდერი
"წლეულს შენ 70 წელი შეგისრულდებოდა. ძალიან მენატრები.
იმიტომ, რომ ჩვენ დავინიშნეთ 50 წლის წინ.
იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გავცურეთ ფილმში "აუზი" 40 წლის წინ.
იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
იმიტომ, რომ ჩვენ ბედნიერი ვიყავით ერთად და უბედური, როცა დევიდი გარდაიცვალა.
იმიტომ რომ ეს ვიყავით მე და შენ - სწორედ ამიტომ" - ამ სიტყვებით გაიხსენა რომი შნაიდერი ალენ დელონმა 2008 წელს ფრანგული ოსკარის - ''სეზარის ''დაჯილდოებაზე.



image



სიყვარულის ისტორია ორი კინოვარსკვლავისა ერთი შეხედვით გულწრფელი და ნამდვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალენ დელონისა და რომი შნაიდერის იდეალურმა რომანმა ვერ გაუძლო დიდების, აღვირახსნილობის, ამბიციების და ჭორების გამოცდას.


რომი შნაიდერის სამსახიობო მოღვაწეობის დასაწყისი უღრუბლო და ნათელი იყო და მხოლოდ ბედნიერებასა და წარმატებებს უწინასწარმეტყველებდა მას, მაგრამ იმ დროს წარმოდგენაც კი ძნელი იყო, თუ რა კოშმარად იქცეოდა მშვენიერი ქალის ცხოვრება მომავალში.




image



რომიმ და ალენმა ერთმანეთი 1958 წელს, ფილმ "კრისტინას" გადაღებებზე გაიცნეს. ამ დროისათის ავსტრიელი მსახიობი, ევროპული კინოს ვარსკვლავი და არისტოკრატი-მსახიობების ცნობილი დინასტიის მემკვიდრე უკვე იმდენად იყო ცნობილი და პოპულარული, რომ თავად შეეძლო სასურველი პარტნიორი აერჩია. სამწუხაროდ, მან არჩევანი იმ დროისთის სრულიად უცნობ ფრანგ მსახიობზე შეაჩერა.

საინტერესოა ერთი ფაქტი: როცა რომი შნაიდერმა უარი თქვა ფილმ "სისი: იმპერატორის მძიმე წლების" სერიების გაგრძელებაზე და "ქრისტინას" გადაღებებს დათანხმდა, ფილმის რეჟისორი პიერ-გასპარ იუტი დაჰპირდა რომის, რომ ლამაზ და ახალგაზრდა მეწყვილეს შეურჩევდა (საინტერესოა, რომ რომიმ ამ ფილმში ჰონორარი 75 მილიონი ფრანკი მიიღო, ალენმა კი მხოლოდ 300 ათასი). ფოტორეპორტიორთა ალყაში მოქცეული ალენ დელონი რომის პარიზის აეროპორტში ელოდა ყვავილებით ხელში მან წესიერად ისიც კი არ იცოდა, როგორ უნდა დაეჭირა ისინი ხელში. როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა, ალენი რომისკენ გაემართა. რომის დედისთვის უკითხავს: "ვინ არის ეს ყმაწვილი?" მან უპასუხა: "ალენ დელონი უნდა იყოს - შენი პარტნიორი".



კადრი ფილმიდან "კრისტინა"



ერთი ნახვით სიყვარული მათ შორის არ ყოფილა: კარგად აღზრდილი და ინტელიგენტური რომი კოლეგას ძალიან ახალგაზრდად, ცუდად ჩაცმულად, ვულგარულად და გამოუცდელად თვლიდა. ალენი კი რომის მიმზიდველად და ლამაზად სულაც არ მიიჩნევდა. რომანი ყველასათვის სრულიად მოულოდნელად აფეთქდა, რადგან საზოგადოება მათ ერთმანეთისათვის აბსოლუტურად შეუფერებლად მიიჩნევდა: მამაკაცი-ცინიკური და მკაცრი, გამოსული დაბალი წრის, გაუნათლებელი ოჯახიდან; ქალი-უზრუნველყოფილი ოჯახის მდიდარი მემკვიდრე, ინტელიგენტი, განათლებული გოგონა, ბურჟუაზიის ტიპიური წარმომადგენელი. სწორედ იმ ბურჟუაზიისა, რომელიც ალენ დელონს ასე საშინლად სძულდა. ვაჟი უარყოფდა ყოველგვარ მორალურ კანონებს და ცნება თავისუფლებას აღიქვამდა, როგორც სრულ უსულგულობას სხვა ადამიანების პრობლემების მიმართ. ქალი კი ცდილობდა ბიურგერის პრინციპების დაცვას და თავს ბევრი რამის უფლებას არ აძლევდა...

და ეს არისტოკრატული, ამაყი ქალი იმ დონეზე შეიპყრო ვნებამ, რომ მან მიატოვა ყველაფერი და საყვარელ მამაკაცთან ერთად პარიზში გადასახლდა.



image



მშობლები წინააღმდეგი იყვნენ მათი ნიშნობისა, რადგან მათთვის დელონი ერთი უსახლკარო, გაუნათლებელი კაცი იყო. ბობოქრობდა მთელი ავსტრია და გერმანია, ისინი დელონს უზურპატორს, ბავშვების გამტაცებელს უწოდებდნენ. დელონმა ხომ მათ დედოფალი მოსტაცა.

ფრანგმა ალენმა, რომელმაც სიტყვაც არ იცოდა გერმანულად, მოიტაცა რომი, რომელმაც ასევე ერთი სიტყვაც არ იცოდა ფრანგულად. მათ უსიტყვოდ უყვარდათ ერთმანეთი. ისინი ერთმანეთს შეჰყურებდნენ და იცინოდნენ. ალენი რომის თოჯინას ეძახდა, ალენს კი პეპე ერქვა. ისინი პარიზში ცხოვრობდნენ. 1959 წლის 22 მარტს მათ ჯვარი დაიწერეს. ალენ დელონმა რამდენიმე თვის შემდეგაც ვერ შეძლო გერმანულის სწავლა, რომიმ კი ისე კარგად ისწავლა ფრანგული, რომ ერთად თამაშობდნენ ლუკინო ვისკონტის სპექტაკლში, საფრანგეთის თეატრის სცენაზე. ვისკონტი ამბობდა, რომ ალენი და რომი ერთმანეთს ჰგავდნენ, ორივეს ერთნაირი V ჰქონდათ წარბებს შორის, ამიტომაც შიშსა და გაბრაზებას ერთნაირად გამოხატავდნენ. ვისკონტი ამას რემბრანდტის V-ს უწოდებდა, რადგან როგორც იგი ამბობდა, ამგვარი V მხატვრის ავტოპორტრეტებში აშკარად იყო გამოსახული. გერმანელი გოგონა, რომლის მეტსახელები "მის დამწუხრებული" და "რომინა" იყო, სულ მალე ფრანგ ქალად იქცა. ამაში წვლილი ალენ დელონს, ლუკინო ვისკონტისა და კოკო შანელს მიუძღვით. ალენ დელონი მოგვიანებით რომის ეუბნებოდა: "მე გაქციე შენ ფრანგ ქალად, ფრანგ კინოვარსკვლავად, დიახ, ეს ჩემი დამსახურებაა... და ეს ქვეყანაც, საფრანგეთი, რომელიც შენ ჩემ გამო შეიყვარე, შენი სამშობლო გახდა".

თუმცა წყვილის ურთიერთობაში თავიდანვე გაჩნდა ბზარი: რომის პრინციპები და ცხოვრების სტილი, ოცნება ოჯახსა და ბავშვებზე ალენს სასაცილოდ არ ყოფნიდა. ის ღიად უწოდებდა რომს მეშჩანს და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მასთან ურთიერთობით არანაირ ვალდებულებას და პირობებს არ იღებდა. ვნება მათ ერთმანეთისკენ ეწეოდათ, მაგრამ ჰარმონია, გაგება და პატივისცემა ამ ურთიერთობაში არასდროს არ ყოფილა.



image



საინფორმაციო საშუალებები აღმერთებდნენ ანგელოზ რომის და გამუდმებით კიცხავდნენ მისი პარტნიორის თავხედურ გამოხტომებს, თუმცა ამით კიდევ უფრო აღიზიანებდნენ და ლამის ცოცხლად მარხავდნენ მსახიობ ქალს. ყვითელი პრესა შნაიდერისა და დელონის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდა, წერდა მათი შეხვედრების შესახებ და დასცინოდა რომის გულუბრყვილობას, რომელიც ქმარს ყველა გამოხტომას, ღალატს და ფლირტს პატიობდა. დამცირებული რომი ყველაფერს ითმენდა იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდებოდა და ქარაფშუტა დელონი ბოლოს მაინც მისი ერთგული იქნებოდა. ის დიდი სიყვარული, რომელსაც ქალი განიცდიდა, თვალებს ახუჭვინებდა ალენის უმადურობასა და გულგრილობაზე. თუმცა ღალატი და უსულგულობა ხშირ შემთხევვაში ძალადობაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე, რაც სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.


ასე გრძელდებოდა თითქმის ხუთი წელი. ვნებიანი, მტკივნეული, არაერთფეროვანი და დამცირებებით სავსე ცხოვრება დელონს მობეზრდა. მისი კარიერა სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა. მსახიობი ზედიზედ ღებულობდა მნიშვნელოვან როლებს. გრძნობების ნამსხვერევებზე აგებული ურთიერთობა და გამუდმებული დაძაბულობა დაეხმარა წყვილს ეთამაშა და-ძმას შორის აკრძალული სიყვარულის ისტორია ლუკინო ვისკონტის თეატრალურ დადგმაში. ამ როლის წყალობით დელონი თეატრალურ წრეში მიიღეს, მას მნიშვნელოვანი როლები შესთავაზეს, ჰონორარმა იმატა. ალენის ცხოვრებაში გაჩნდა უამრავი თაყვანისმცემელი ქალი, რომლებიც აღმერთებდენ მსახიობს და მასთან თუნდაც ერთი ღამის გატარებაზე ოცნებობდნენ. მოკლედ, დელონის ცხოვრებაში დაიწყო ის dolce vita (ტკბილი ცხოვრება), რომელიც ყველა ლამაზ და წარმატებულ მსახიობს ხვდება წილად, მაგრამ მშვენიერი პატარა რომისათვის, რომელმაც მას გზა გაუკვალა დიდებისდა სახელისაკენ, ალენის ცხოვრებაში ადგილი არ აღმოჩნდა.



image



რომიმ, რომელიც ალენს დაეხმარა, ვარსკვლავად ქცეულიყო, საკუთარი სამსახიობო მეთოდი შეიმუშავა. სწორედ ამ დროს რომი ღრმა, სახასიათო, ძლიერ, დრამატული ტემპერამენტის მსახიობად ყალიბდება.

დელონი მას წერილით დაემშვიდობა. წერილში ეწერა: „ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ აეროპორტებში გადავაწყდებოდით ხოლმე“. ეს მისი სტილი იყო _ ცივი, ცინიკური, არანაირი პირადი. მალე ის მსახიობ ნატალი ბარტელემიზე დაქორწინდა.

რომი კვდებოდა საყვარელი მამაკაცის გარეშე. უარყოფილი ქალი საკუთარ თავს ებრძოდა. იმ წლების განმავლობაში, რომელიც შნაიდერმა ალენთან გაატარა, მან სავსებით დაკარგა საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა. 1966 წლის გაზაფხულზე რომი გათხოვდა, მისმა რჩეულმა, დრამატურგმა ჰარი მაიენმა ქალის გამო მიატოვა ცოლი, რომელთანაც 12 წელი ცხოვრობდა. რომი არ მალავდა, რომ ამ ქორწინებაში პატივისცემას და სიმყუდროვეს უფრო ეძებდა, ვიდრე სიყვარულს. ის საკუთარ დღიურში წერდა: ''ალენთან გატარებული წლები გიჟური, ველური იყო. ჰარისთან მე საბოლოოდ ვპოვე სიმშვიდე". მალე წყვილს ვაჟი, დევიდი შეეძინა, რამაც რომი სიცოცხლისკენ შემოაბრუნა.



image



შესაძლოა, მისი ცხოვრების გზა სულ სხვაგვარად წარმართულიყო, რომ არა საბედისწერო სატელეფონო ზარი, რომელიც რომის ბინაში 1968 წელს გაისმა. ეს იყო ალენ დელონი. მან დაარწმუნა რომი და პროდიუსერები, რომ ფილმ „აუზში“ თავისი პარტნიორის როლში მხოლოდ რომის ხედავდა და სხვა ქალთან არ ითამაშებდა. სკანდალებსა და წარუმატებელ პროექტებში გახვეულ დელონს, რომელმაც პირად ცხოვრებაში მარცხი განიცადა, სჭირდებოდა წარმატებული ხმაურიანი პროექტი, რათა თავისი მდგომარეობა გამოესწორებინა. რომი შნაიდერი მას სჭირდებოდა არამარტო როგორც ლამაზი და დიდებული მსახიობი, არამედ მათი ცოტა ხნის წინანდელი ურთიერთობა ალენისთვის საუკეთესო პიარ-ნაბიჯი იქნებოდა. რომის ერთგული ცოლისა და დედის სტატუსი კი ვითარებას პიკანტურობას მატებდა.

ფილმმა, როგორც იტყვიან, ეკრანები აააფეთქა. მან მყისვე ჰპოვა აღიარება. "აუზი" ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ იყიდა. გაზეთებში რომისა და ალენის ფოტოები იბეჭდებოდა, სადაც ისინი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ-ასეთი ლამაზი, ვნებიანი და პიკანტური ის არსდროს არ ყოფილა. ალენ დელონმა თავისას მიაღწია და რომის ცხოვრებიდან ისევ გაქრა.



კადრი ფილმიდან "აუზი"




ჰარი მაიენმა ცოლის პატიება ვერ შეძლო. მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. ჰარიმ სამუშაო მიატოვა და სმა დაიწყო. რომი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ისიც ალკოჰოლს მიეძალა.

რომის ცხოვრებაში საშინელი ეპოქა დაიწყო. განქორწინება, ახალი ქორწინება, ყოფილი ქმრის თვითმკვლელობა. ის თავის თავში ჩაიკეტა და უარი თქვა უამრავ შემოთავაზებაზე, მათ შორის იყო ფილმები „ქალი და მამაკაცი“ და „უკანასკნელი ტანგო პარიზში“. ამის ნაცვლად რომი მიფრინავს მექსიკაში, სადაც დელონთან ერთად მონაწილეობს მესამეხარისხოვან სურათში. ყველაზე შოკისმომგვრელი კი მისი თამამი ფოტოები იყო, რომლებიც ჟურნალ Playboy-ში დაიბეჭდა.

მაგრამ ეს უსიამოვნებების მხოლოდ დასაწყისი იყო. ყველაზე დიდი ტრაგედია მსახიობის ცხოვრებაში მეორე ქმართან განქორწინების შემდეგ, 1981 წელს მოხდა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა მისი 14 წლის ვაჟი- რომის ერთადერთი იმედი, რაც მის ცხოვრებას აზრს ჯერ კიდევ აძლევდა. ჭკუიდან შეშლილი რომი მხოლოდ დელონთან ურთიერთობდა. ის ბევრს სვამდა და ყველას თვალწინ ნელ-ნელა იფერფლებოდა.

რომი შნაიდერი 1982 წლის 30 მაისს გარდაიცვალა. ყველამ იცოდა დიდებული მსახიობის ცხოვრების ტრაგედიის შესახებ და არავის შეეძლო დაჯერება, რომ მას 44 წლის ასაკში გული გაუჩერდა. გაზეთები აჭრელებულინ იყო სათაურებით: „რომი შნაიდერმა თავი მოიკლა“. მოგვიანებით ოფიციალურად განაცხადეს, რომ რომის გულმა, უბრალოდ, ამდენ სტრესს ვეღარ გაუძლო. საყვარელი მსახიობის გარდაცვალებას მთელი ევროპა გლოვობდა. ალენ დელონი კი საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ჟურნალ „პარი მატჩში“ სამსიტყვიანი, საეჭვო განცხადება გაგზავნა: „მშვიდობით, ჩემო თოჯინა“.

„დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემ ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“, _ რომი ამ რეპლიკას ფილმ „კრისტინადან“ მთელი ცხოვრების განმავლობაში იმეორებდა. მას დელონი სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა.



image



p.s. ამბობენ, რომ მსოფლიოს ულამაზესმა მამაკაცმა საყვარელი ქალის საფლავთან უზარმაზარი თაიგული მიიტანა, ისეთივე თეთრი ვარდებით, პირველად აეროპორტში შეხვედრისას რომ მიართვა. როცა სასაფლაოდან ყველა წავიდა, ალენმა ჯიბიდან ბარათი ამოიღო და რომის საფლავზე დადო. ბარათში ეწერა: "შენთვის, მხოლოდ შენთვის რამდენიმე გერმანული სიტყვა ვისწავლე: მე შენ მიყვარხარ, საყვარელო". იყო კი გულწრფელი ეს სიტყვები? - ვინ იცის...

2
1082
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1082
  
2018, 18 იანვარი, 23:13
ულამაზესი წყვილი იყო მართლაც. სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა მათი სიყვარულის ამბავი.
მეც მიყვარხარ, სხვისი შრომის დამფასებელო
2018, 18 იანვარი, 14:43
მანჩო , ლქვ იუ ძალიან მიყვარს რომი , ეს წყვილი ხომ მართლა ლეგენდაა
0 1 2