საზოგადოება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემია და დანამატი აღარ გაიცემა 2018, 4 იანვარი, 20:28
2018 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს (პრემია) გაცემა აიკრძალა.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო აღარ გაიცემა: საქართველოს პრეზიდენტზე, პარლამენტის წევრებზე, პრემიერ-მინისტრზე, მინისტრებზე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების თავმჯდომარეებზე, სახელმწიფო რწმუნებულებზე - გუბერნატორებზე, მუნიციპალიტეტების მერებზე, ასევე საკრებულოების ყველა თანამდებობის პირზე – საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეზე, კომისიის თავმჯდომარეზე, ფრაქციის თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე.
გარდა ამისა, 2018 – 2020 წლების განმავლობაში, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის აკრძალული იქნება ხელფასის ოდენობის გაზრდა. გარდამავალ პერიოდში, 2021 წლის 1 იანვრამდე, სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემა შესაძლებელი იქნება მინისტრის მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრების მოადგილეებზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეებზე. ამ თანამდებობის პირებისათვის დანამატის და ფულადი ჯილდო გაიცემა კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 112 2-ს მოსწონს
|