x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
250-მა აფხაზმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, 1000-მა კი უფასოდ იმკურნალა
image


ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ აფხაზების რაოდენობა, რომლებიც უფასოდ მკურნალობისთვის ენგურს გამოღმა ჩამოდიან. 2017 წელს სამედიცინო მომსახურებისათვის ადმინისტრაციული საზღვარი 1 800-მდე აფხაზმა გადმოკვეთა, მათგან უფასოდ მკურნალობა-ოპერაცია ჩაუტარდა 968-ს; 2016 წელს აფხაზეთიდან უფასო ბენეფიციართა რაოდენობა იყო – 1 409. ამას გარდა, 250-მდე მათგანმა საქართველოს პასპორტი აიღო ცე ჰეპატიტისა და შიდსის პროგრამაში ჩასართავად. ამის შესახებ “რეზონანსს” აფხაზეთის მთავრობაში უთხრეს.


ცნობისათვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს რეფერალური პროგრამა, რომელიც უფასოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის და ყველას, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს, ნებისმიერ ქართულ კლინიკაში 15 000 ლარის ფარგლებში უფასო მკურნალობა-ოპერაციის მიღება შეუძლია.


აფხაზებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების სტატისტიკა ასეთია:


2014 წელს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 450 ბენეფიციარს; 2015 წელს – 550-ს; 2016 წელს ეს რაოდენობა გასამმაგებულია – 1 409 ბენეფიციარს ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება; 2017 წელს კი 968 ბენეფიციარს. თუმცა 2017 წელს მომართვა იყო ორჯერ მეტი – 1800-მდე, რომელთაგან ნაწილს დაუფინანსდა მკურნალობა-ოპერაცია, ნაწილს – არა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ამბობს, რომ აფხაზეთიდან ძალიან დიდი იყო ისეთი ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებსაც მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით სურდათ ამა თუ იმ სამედიცინო კვლევის ჩატარება და ამიტომ გადაწყდა, რომ ეს მიდგომა შეცვლილიყო.


“ძალიან მაღალი იყო ეს ციფრი, უკვე ისეთი ადამიანები გვაკითხავდნენ, რომლებსაც უბრალოდ, პროფილაქტიკური მიზნით უნდოდათ კვლევების ჩატარება და იკვლევდნენ ყველაფერს მაშინ, როდესაც ჩვენ იმავე მომსახურების გაწევა არ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულიც იყო, ამიტომაც კომისიაში შევჯერდით იმაზე, რომ დაფინანსდებოდა მხოლოდ შემთხვევები, რომლებიც რეალურად საჭიროებდნენ სამედიცინო მომსახურებას და არა უბრალოდ კვლევები. ამან გაამართლა. ამის გამო სახელმწიფო უფასო პროგრამით მოსარგებლეების რაოდენობა შემცირებულია 1000-მდე, მაგრამ ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად უფრო მეტი ჩამოვიდა. 1800-მდე ბენეფიციარმა მოგვმართა, რომლებიც უფასო პროგრამაში არ არიან ჩართულები, ინფორმაციის მისაღებად, სად მიიღონ ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება, რომელ კლინიკაში ვის მიმართონ და ა.შ. და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდნენ, ” – ამბობს ბაკარაძე და აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად, მაგალითად, ცხვირის პლასტიკის გასაკეთებლად ჩამოდიან აფხაზეთიდან.

“ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ალბათ ახსნა-განმარტებაც არ სჭირდება, რომ ასეთებს ვერ დავაფინანსებთ, ” – ამბობს ბაკარაძე.


მისი თქმით, ეს ახალი რეგულაცია ძალაში 2017 წლის 1-ლი იანვრიდანაა შესული, რომლის შესაბამისადაც, გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან აღარ ხდება, სახელმწიფო მხოლოდ გადაუდებელ მომსახურებას აფინანსებს, მათ შორის გეგმურ სტაციონარსაც, ონკოლოგიურ პაციენტებსა და ბავშვებს.


ასევე, აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან 250-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა ცე ჰეპატიტისა და შიდსის სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად. საგულისხმოა, რომ სეპარატისტული ხელისუფლება შეშფოთებას არ მალავს აფხაზების ქართულ კლინიკებში სიარულის გამო. განცხადებებით გამოდიან, რომ მოსახლეობა საქართველოში გარბის კბილის ამოსაღებადაც კი, რის აღსაკვეთადაც დე ფაქტო ხელისუფლებამ მარტში აქტიური ბრძოლა დააანონსა.


დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა განაცხადა, რომ აფხაზებისთვის რუსეთში უფასოდ მკურნალობაზე სამედიცინო პოლისები დარიგდება და ამით სულ მალე აფხაზების ქართულ კლინიკებში მკურნალობას “სამუდამოდ დახურავს”.


ქეთევან ბაკარაძის თქმით, გამორიცხულია, აფხაზებმა ქართულ კლინიკებზე უარი თქვან და მიუხედავად იმისა, რომ “აქტიური ბრძოლა გამოაცხადეს”, სტატისტიკა არა თუ შემცირებულია, არამედ – გაზრდილი.


“როდესაც ეს ინფორმაცია დაანონსდა, ითქვა, რომ ყველა “აფხაზეთის მოქალაქეს” უნდა დაურიგდეს ჯანდაცვის პოლისი და მათ ე.წ. სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა რუსულ კლინიკაში მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ დაკონკრეტებული არ იყო, რომ იგულისხმება კრასნოდარის ოლქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები და არა, ვთქვათ, მოსკოვისა და პეტერბურგის წამყვანი კლინიკები. კრასნოდარის სამედიცინო მომსახურებას კი ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან იქ მიღებული მომსახურების შემდეგ ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდის და ჩვენს მედიკოსებს უწევთ შეცდომების გამოსწორება. იქ სამედიცინო მომსახურების ძალიან დაბალი დონეა, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. თავად პაციენტებიც ჰყვებიან, ” – ამბობს ბაკარაძე.


მისი თქმით, აფხაზეთში, ასევე, პროპაგანდაა, რომ საქართველოში ჩასულ აფხაზებს ამცირებენ და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას კატეგორიულად სთხოვენ. „თუ ბენეფიციარები პირველად მოდიან, სასოწარკვეთილები გვეუბნებიან, რომ შვილი ჰყავთ ძალიან მძიმედ და იძულებულები არიან, რომ საქართველოს მოქალაქეობაც კი მიიღონ მკურნალობის საფასურად. ჩვენ ვუხსნით, რომ ამ პროგრამაში ჩასართავად საქართველოს მოქალაქეობის მიღება საჭირო არ არის და ეს ძალიან უკვირთ. გვპასუხობენ, რომ მათ აფხაზეთში ასე უთხრეს. სოხუმში ძალიან ძლიერი საინფორმაციო პროპაგანდაა, რომ აქეთ არ წამოვიდნენ, მაგრამ ეს მაინც არ მუშაობს, ” – ამბობს ბაკარაძე.


იგი აღნიშნავს იმასაც, რომ როდესაც სამკურნალოდ პირველად ჩამოდიან, მტრული განწყობა მაინც აქვთ, უმეტესად მამაკაცებს, მაგრამ მეორე-მესამე შეხვედრაზე უკვე კეთილგანწყობილები ხდებიან.

1
255
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
255
  
2018, 3 იანვარი, 21:39
მაგათი ველური... ქართველები არ უნდოდათ და სამკურნალოდ კი მორბიან, დახმარებას ითხოვენ და კიდევ მტრული განწყობით.
კარგი უქნია ჯანდაცვის სამინისტროს,რო მარტო გადაუდებელ შემთხვევებს დააფინანსებს.
0 1 1