საზოგადოება რომელი ქართული ტელეარხების რეიტინგი იზრდება და რომლის მცირდება - რეიტინგების ანალიზი 2017, 19 დეკემბერი, 13:08 ![]() საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის, კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყდრნობით წარმოგიდგენთ 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტოპ 10 ქართული არხის აუდიტორიის ცვლილების დინამიკას. გრაფიკზე #1 მოცემულია 5 ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული არხის საშუალოდღიური რეიტინგის დინამიკა 2017 წლის განმავლობაში, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, თვეების მიხედვით. როგორც გრაფიკზე ჩანს ორი ყველაზე დიდი არხის აუდიტორია მკვეთრად აღემატება ხუთეულში მოხვედრილი დანარჩენი სამი არხის აუდიტორიას. აღნიშნული ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია არ შეცვლილა და იმედის და რუსთავი 2-ის აუდიტორია საერთო სატელევიზიო აუდიტორიის ნახევარს აღემატება ანუ საერთო ტელეყურების 50%-ზე მეტი სტაბილურად ამ ორ ქართულ არხზე მოდის. გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ ეს ორი არხი მძაფრ კონკურენციაშია, სეზონური ტელეყურების ტენდენციები ორივე არხის აუდიტორიას ახასიათებს, მაგრამ სეზონური ფაქტორების მიუხედავად წლის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე სურათი საკმაოდ შეცვლილია. წლის დასაწყისში, კერძოდ იანვარში, რუსთავი2-ის საშუალოდღიური რეიტინგი 6, 37% იყო, იმედის კი 5, 44%, ნოემბერში იმედის რეიტინგი უფრო მაღალია-5, 69%, ხოლო რუსთავი 2-ის-5, 11%. იმედი ქართულ არხებს შორის ყველაზე მაღალრეიტინგული არხის პოზიციას აპრილიდან ინარჩუნებს. რუსთავი 2-ის იანვრის თვის რეიტინგმა ნოემბრის რეიტინგთან შედარებით 20%-ით მოიკლო, იმედის რეიტინგი იგივე პერიოდში 5%-ით გაიზარდა. სტაბილური და მცირედით მზარდი აუდიტორია ჰყავდა მთელი წელი ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ს, ეს არხი სტაბილურად ქართული ყველაზე რეიტინგული არხების სამეულშია მთელი წლის განმავლობაში. კომედი არხის აუდიტორია სეზონური ტელეყურების ტენდენციას იმეორებს, ნოემბრის საშუალოდღიური რეიტინგი 0, 77% მარტის რეიტინგზე 0, 76% ოდნავ მაღალია, არხს საკმაოდ სტაბილური აუდიტორია ჰყავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სატელევიზიო რეიტინგზე სეზონური ფაქტორებზე მეტად პროგრამირების კონკრეტული მიმართულებების გააქტიურება უფრო დიდ გავლენას ახდენს, რაც ჩანს კიდეც გრაფიკზე. მნიშვნელოვანი სპორტული გადაცემების ექსკლუზიური ტრანსლირების პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის აუდიტორია, მიუხედავად სატელევიზიო სეზონისა მკვეთრად იმატებს, დანარჩენ პერიოდში კი არხის რეიტინგი მეტ-ნაკლებ სტაბილურობას ინარჩუნებს. ![]() საგულისხმოა, რომ ტელეკომპანია იბერია გაზომვების სისტემაში 2017 წლის იანვრიდანვე არ ყოფილა ჩართული და სრული პერიოდის შედეგების წარმოდგენა გრაფიკზე სხვა არხების ანალოგიურად ვერ მოხერხდა, თუმცა იბერია ტვ-ს აპრილის საშუალოდღიურ რეიტინგთან 0, 11%-თან შედარებით მისი რეიტინგი ნოემბერში მკვეთრად გაზრდილია და 0, 29% შეადგინა. იბერია ტვ-ს რეიტინგმა მკვეთრი მატება დაიწყო 2017 წლის მაისიდან და ზაფხულში ტელეყურების სეზონური შემცირების მიუხედავად იბერია ტვ-ს მცირე არხებს შორის აუდიტორიის ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა. მაყურებელთა ტელეყურების პრეფერენციები წლის განმავლობაში საკმაოდ შეცვლილია, ცვლილებები დიდ არხებსაც შეეხო, თუმცა გაცილებით დიდია ცვლილებები შედარებით პატარა აუდიტორიის მქონე არხებს შორის. 306 1-ს მოსწონს
|