x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სექსი 5 ლარად - „ელიკო მამიდას ბორდელი“ კახეთში - რეპორტაჟი (+18)
image

დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროს შესასვლელში, მეგობრობის ქუჩაზე, ტერტერაშვილების ოჯახში თითქმის თხუთმეტი წლის განმავლობაში არაოფიციალური ბორდელი ფუნქციონირებდა, რომელსაც იმთავითვე ელიკო ტერტერაშვილი ხელმძღვანელობდა. საროსკიპო მთელი კახეთის მასშტაბით იყო განთქმული და მათი მომსახურებით მთელი რეგიონის ახალგაზრდობა სარგებლობდა. საგულისხმოა, რომ ე.წ. „მამაშას“ წლების მანძილზე მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსებთან, რის გამოც მათი პასუხისმგებლობის საკითხი არასოდეს დასმულა.


დედოფლისწყაროს საროსკიპოში გოგონები ახმეტიდან, თელავიდან, გურჯაანიდან და თბილისიდან ჩამოჰყავდათ... ინტიმური მომსახურებისთვის კლიენტები გასამრჯელოს „ელიკო მამიდასთან“ იხდიდნენ, 2007 წელს კი გაირკვა, რომ ქალბატონი ელენე მეძავებს საკუთარი ოფლით მონაგრებულ გროშებსაც არ უნაწილებდა და უფასოდ ამუშავებდა.


რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ხსენებულ დაწესებულებაში გოგონების ერთ საათიანი მომსახურება სულ რაღაც ხუთი ლარი ღირდა. როგორც დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, თუ ერთგულ კლიენტებს ეს მიზერული თანხაც არ გააჩნდათ, ქალბატონი ელიკო მათ „ნისიად“ უმასპინძლებდა, ან უკიდურეს შემთხვევებში სხვადასხვა მარცვლეულ პროდუქტების სანაცვლოდ გაისტუმრებდა. სწორედ ამ და სხვა პრივილეგიების გამო, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ მხრივ კახეთში არცთუ კონკურენტუნარიანი გარემო გახლდათ, „ელიკო მამიდას ბორდელი“ კლიენტის სიმცირეს არასოდეს განიცდიდა და სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აქაურ ახალგაზრდებს ხშირად რიგში დგომაც უწევდათ.



ვიდრე „ელიკო მამიდას“ უკანონო საქმიანობით სოდ-ი დაინტერესდებოდა, მის საროსკიპოს რიგითი კლიენტის ამპლუაში ვეწვიე. მართალია თავად ხელმძღვანელი არ დაგვიხვდა, თუმცა კლიენტის დაკმაყოფილება მისმა მარჯვენა ხელმა, ნათია საბაშვილმა უზრუნველყო. ნათიამ დასაწყისშივე მთხოვა დაუყოვნებლივ შიგნით შევსულიყავი, რათა უცხო თვალის ყურადღება არ მიმეპყრო და დამატებითი პრობლემები მათთვის თავიდან ამეცილებინა. იმ მომენტში არც სხვა კლიენტი იყო და გოგონებიც თავისუფლები იყვნენ. ოფიციალური ტარიფის (5 ლარი) გადახდის შემდეგ, სამი გოგონა გამოიყვანა და არჩევანის გაკეთება მთხოვა.


ახლა მათი გარეგნობაზეც შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. პირველი ქალბატონი სავარაუდოდ 45 წელს გადაცილებული უნდა იყოს, სილამაზეზე ხომ საუბარი ზედმეტია, თმები ყვითლად შეუღებია, ვერ იტყვი რომ უხდება, ამიტომ ის დავიწუნე... მეორე 23 წლის შორენა გახლდათ. არც ისე მაღალი, ვერ იტყვი, რომ ისიც კარგია, თუმცა, მესამე შემოთავაზებულ ვარიანტსაც სჯობია, ამიტომ შორენას ვირჩევ...


ნათია ერთ პატარა ოთახში შეგვიძღვა და სულ მალე მარტო დაგვტოვა. რუსული ტიპის პატარა ბინაა, ორი პაწია ოთახით, ძველისძველი რემონტით და მორყეული საწოლით... საკმაოდ დაბინძურებული თეთრეულია და გული არც მიმდის იმ საწოლში ჩავუწვე. ისეთი გარემოა, კაცს ყველაფრის სურვილი დაგეკარგება... ასეთი თეთრეულის გამო გოგონამ მორცხვად მომიბოდიშა, „ალბათ, გამოცვლა დაავიწყდათო“... საწოლის ფეხთან მიყრილი ნახმარი პრეზერვატივებიც შევნიშნე...


– სახელი ხომ უნდა ვიცოდე? _ ვკითხე
– შორენა ვარ, 23 წლის...
– წესით აქაური არ უნდა იყო და ხომ ვერ მეტყვი საიდან ჩამოხვედი?
– სახლის მისამართიც ხომ არ დაგიტოვო?
– არა, მისამართს არ გეკითხები, უბრალოდ მაინტერესებს, აქ რატომ ხარ?
– აქ ვმუშაობ, თან...
– ოჯახში რა თქვი, სად მივდივარო?
– მშობლებს ჰგონიათ დედოფლისწყაროში დასასვენებლად ვარ. ქმარს გავცილდი და...
– დღეში რამდენ კაცთან გიწევს დაწოლა?
– დღეში სამ-ოთხ კაცს ვისტუმრებ, ზოგჯერ სხვა გოგონებს ირჩევენ... (ვატყობ, მალე მომახლის, პროკურორი ხომ არ ხარო და კითხვებით აღარ გადავღალე).


საგულისხმოა, რომ გოგონა კლიენტის სურვილებს თითქმის არ თანხმდებოდა და მხოლოდ იმ პოზიციაში რჩებოდა, როგორშიც თავად მოისურვებდა, ამით უკმაყოფილებას სხვა კლიენტებიც ღიად გამოხატავდნენ.


ამასწინათ, ერთ-ერთ ინტერნეტ ჩეთში შემოსული ახალგაზრდა ბიჭი ზედმეტსახელით „კახელი“, სექსუალურ პარტნიორს ეძებდა და ჩათელებს გაცნობისკენ მოუწოდებდა. დამაინტერესა, იქნებოდა თუ არა საქმის კურსში და სიტყვა დედოფლისწყაროში არსებულ „ელიკო მამიდას ბორდელზე“ ჩამოვუგდე, მისმა პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალგაზრდა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროდან აღმოჩნდა და ისიც გაგვიმხილა, რომ მთელი მისი სამეგობრო სექსუალურ მოთხოვნილებებს სწორედ ამ დაწესებულებაში იკმაყოფილებს, რის გამოც დედოფლისწყაროში ჩასვლა ხშირად უხდებათ. იგი იქვე დასძენს, სხვა ალტერნატივა არ არისო და იმასაც გვიმხელს, რომ დედოფლისწყაროში არსებულ არაოფიციალურ საროსკიპოში ახალგაზრდა ბიჭები მთელი კახეთიდან ჩადიან.

------ ----- -------

როგორც 2007 წელს დაწყებული გამოძიებისას გაირკვა, ქალბატონი ელიკო არასრულწლოვან გოგონებსაც აიძულებდა სხეულით ევაჭრათ. 18 წლის ნათია სრულწლოვანი ხსენებულ საროსკიპოში გახდა. ამ უკანასკნელს იმდენად მძიმე პირობებში ყოფნა უხდებოდა, მისი დახმარება კიდევ ერთმა ქალბატონმა გადაწყვიტა და საროსკიპოდან გაპარვა გამთენიისას, ოჯახის წევრების დათრობის შემდეგ მოახერხეს და თბილისში სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში იჩივლეს.


ბორდელში სპეცოპერაცია სწორედ 2007 წელს, გვიან ღამით ჩატარდა. სოდ-მა სულ სამი პირი დააკავა, ელიკო ტერტერაშვილი, მისი თანაშემწე ნათია საბაშვილი და ტაქსის მძღოლი ამირან ნადირაშვილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტაქსის მძღოლს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გოგონები სხვადასხვა რაიონიდან დედოფლისწყაროში ჩაჰყავდა და ტერტერაშვილების ოჯახში ტოვებდა.


ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან გვენცაძე განმარტავს, რომ გამოპარულმა გოგონებმა აქტიურად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და დეტალური ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ადვილად მოხერხდა დამნაშავეობრივი ჯგუფის დაკავება, რომელთაც დაკავებამდე რამდენიმე დღის მანძილზე აკვირდებოდნენ.


გოგონები აცხადებენ, რომ ელო ტერტერაშვილი გოგონებს მკაცრად ექცეოდა და სახლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც გამოძიებამ მას ტრეფიკინგშიც დასდო ბრალი. გამოძიების ცნობით, ხშირი იყო შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლი ორსულდებოდა და ახალშობილთან ერთად საროსკიპოში მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება.


„ისევე როგორც მთელმა კახეთმა, მეც ვიცოდი მათი საქმიანობის შესახებ. ელიკოს საროსკიპოში ერთხელ ვარ ნამყოფი. ჩვეულებრივად, ხუთი ლარი გადავიხადე და უპრობლემოდ შევედი. მსმენია, რომ ხშირად იყო სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შემთხვევები, რადგან ისინი არანაირ ჰიგიენურ მოთხოვნებს არ იცავდნენ“, ... - აცხადებს სოფელ წითელწყაროს მკვიდრი ლექსო მაჭარაშვილი.


„ტერტერაშვილი აქტიურად იყო გარიგებული რაიონულ პოლიციასთან, რადგან ათობით წლის მანძილზე მათთვის პრობლემა არავის შეუქმნია. საროსკიპოში ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური ვითარებებიც, რომელთა გასანეიტრალებლად ქალბატონი ელიკო უმალ „დაძმობილებულ“ პოლიციელებს იხმობდა... მათი მეშვეობით პოლიციას არც დამნაშავეთა ჯგუფებზე გასვლა უძნელდებოდა.“ _ აცხადებენ დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები.


ადგილობრივების აღშფოთებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ ხსენებულ ბორდელში არც 12 – 13 წლის კლიენტების მომსახურებაზე ამბობდნენ უარს. უკმაყოფილებას განსაკუთრებით ტერტერაშვილის მეზობლები გამოსთქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ კონფლიქტური ვითარებებისა და უცხო მამაკაცთა ხშირი და უდროო ვიზიტების გამო წუხდებოდნენ.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი გოგონა ჭლექით იყო დაავადებული, რის გამოც შესაძლოა, ამ დაავადებით კახეთში არაერთი მამაკაცი დაავადებულიყო. ამ ფაქტს იმხანად ა/ო „საზოგადოებრივი განვითარებისა და გამჭვირვალობის ცენტრშიც“ ადასტურებდნენ.


ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ დედოფლისწყაროს შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებას სამჯერ ვეწვიე, თუმცა პოლიციის უფროსი დიმა ბოჭორიძე შვებულებაში დაგვხვდა, ადგილზე არც მოადგილეები იმყოფებოდნენ. ოფიციალურ პირთაგან კი მხოლოდ გამომძიებელი ალექსანდრე ღვედაშვილი მოვიხელთეთ. ღვედაშვილმა რაიონში დაფიქსირებულ ტრეფიკინგთან დაკავშირებით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდება და ვერაფერს გვეტყოდა...


მოგვიანებით პოლიციის უფროსის პირად ტელეფონზე დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა სამი დღის მანძილზე მისი ნომერი მიუწვდომელი იყო. ჩვენ მის მოადგილეს გორგი თეთრაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ისიც გამუდმებით „გასული იყო მომსახურეობის ზონიდან“...


მოგვიანებით ბოჭორიძის მოადგილესთან ტრისტან ქურხულიშვილთან დაკავშირება მოვახერხე:
– გამარჯობა ბატონო ტრისტან. ახლახან, დედოფლისწყაროში არაოფიციალური ბორდელის ფუნქციონირებისთვის და ტრეფიკინგის ბრალდებით რამდენიმე ქალბატონი დააკავეს...
– იცით, მაგის შესახებ სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით... ეგ ოპერაცია ჩვენგან დამოუკიდებლად სოდ-მა ჩაატარა და მე არაფერი ვიცი...
– თქვენთვის ამ საროსკიპოს არსებობა ცნობილი არ იყო?
– (ყოყმანობს) ...ალბათ, არ იყო ცნობილი...
– ბატონო ტრისტან, შეგახსენებთ, რომ ხსენებული საროსკიპოს შესახებ არათუ რაიონში, მთელი კახეთის მასშტაბითაა ცნობილი, დაუჯერებელია ადგილობრივ პოლიციას მათი არსებობის შესახებ არაფერი სცოდნოდა?
– ნამდვილად არაფერი იყო ცნობილი.
– თითქმის თხუთმეტი წელია ისინი ასეთ საქმიანობას ეწევიან და მით უფრო, რომ თქვენც დედოფლისწყაროს მკვიდრი ხართ, საეჭვოა არაფერი გცოდნოდათ...
– .... (დუმილი)
– ადგილობრივები აცხადებენ, რომ პოლიცია ტერტერაშვილებთან გარიგებული იყო და ეჭვობენ, რომ შესაძლოა პოლიცია წილშიც იჯდა, რადგან კონფლიქტური ვითარების დროს ყოველთვის პოლიციის თანამშრომლები ანეიტრალებდნენ სიტუაციას, გოგონები კი სხეულით ვაჭრობას უპრობლემოდ აგრძელებენ...
– გითხარით არაფერი ვიცი... მოსახლეობა რას ლაპარაკობს, მე არ მაინტერესებს...
– პოლიციის დუმილი მოსახლეობის ეჭვებს საფუძვლიანს ხდის...
– რას ჩამაცივდით?... (ხმამაღლა საუბრობს) ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი... და არც ის ვიცი ვის ველაპარაკები... (ტელეფონი გაგვითიშა).

მასალა მომზადებულია 2007 წლის აგვისტოში.

5
2964
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2964
  
2017, 12 დეკემბერი, 16:12
ბონუსად გონორეაც მოყვება. :დ
2017, 12 დეკემბერი, 14:23
კარგია და ახლაც დროული
2017, 12 დეკემბერი, 14:05
მადლობა ნინო... ათი წლის წინ მოვამზადე. ახლა შევეცადე დამეხვეწა, მაგრამ არ დაჭირდა, ისე კარგად დამიწერია
2017, 12 დეკემბერი, 13:59
კარგი ნამუშევარია ,ილია, ჟურნალისტური თვალსაზრისით. იმედია, ისინი წაიკიტხავენ, ვინც გამუდმებით ცდილობს პროსტიტუციის ფაქტები იმპორტირებულად გაასაღოს
2017, 12 დეკემბერი, 6:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5