სასარგებლო პროდუქტები როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ჩურჩხელა და რითი განსხვავდება "ჯანჯუხა" 2017, 6 დეკემბერი, 9:50 ჩურჩხელა ქართველებისთვის ყოველთვის შემოდგომასთან და რთველთან ასოცირდება. თუმცა განსაკუთრებულ აქტუალობას მაინც ახალი წლის სუფრაზე იძენს. სხვა ტკბილეულისგან განსხვავებით ეს ნამდვილი ქართული ნუგბარი გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული). "გამოუტანე, ქალო, ბოვშებს ჯანჯუხა, შენახული გექნება, ვიცი" - ასე მაშინ მიმართავდა ხოლმე ბაბუაჩემი ბებიაჩემს, როცა თვითონ მოენატრებოდა ჩურჩხელა - იცოდა, "ბოვშებისთვის" გამოტანილ ჯანჯუხას თვითონაც გამოკრავდა ხელს... სანამ პატარა ვიყავი, სულ მაინტერესებდა, რატომ ეძახდა ბაბუა ჩურჩხელას "ჯანჯუხას", მერე კი ყველაფერს ნათელი მოეფინა. ბაბუა ხომ იმერელი იყო და ბებიაც ნამდვილ იმერულ, "კაკილებივით" ასხმულ ჯანჯუხებს აკეთებდა... საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ჩურჩხელას თავისებური რეცეპტი აქვს, მაგრამ ძირითადი განსხვავება მაინც აღმოსავლურ ჩურჩხელასა და დასავლურ ჯანჯუხას შორის არის. ეს განსხვავება კი ძალიან მარტივია: - ჩურჩხელა თათარასგან და ნიგვზისგან კეთდება, ჯანჯუხა - ფელამუშისგან და თხილისგან. - ახლა, თათარასა და ფელამუშს შორის განსხვავებასაც თუ იკითხავთ, ამაზეც მოგახსენებთ: თათარა პურის ფქვილისგან კეთდება, ფელამუში – სიმინდის ფქვილისგან. - აღმოსავლური ჩურჩხელა, როგორც წესი კენტად კეთდება, ანუ ძაფზე ერთი ჩურჩხელაა ასხმული; დასავლური ჯანჯუხა კი წყვილად ისხმება და შემდეგ ხის ჯოხზე გადაიკიდება. მიუხედავად ამისა, დღეს თათარისგან დამზადებულ თხილის ჩურჩხელებსაც შევხვდებით, რომ აღარაფერი ვთქვათ გოგრის გულის, ჩირის, მზესუმზირის და კიდევ უამრავი შიგთავსის ჩურჩხელებზე. ახლა კი, რადგანაც ამდენი ვისაუბრე, ბარემ თათარასა და ფელამუშის რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, ან უბრალოდ გაგახსენებთ. ინგრედიენტები: 1 ლ. ბადაგი (ანუ 1/3-ზე დადუღებული ყურძნის წვენი); 1 ს.კ. შაქარი; 200-250 გ. სიმინდის ფქვილი და 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი (ფელამუშისთვის); 200-250 გ. ხორბლის ფქვილი (თათარასთვის); მომზადება: 500 მლ. ბადაგი დავდგათ ქურაზე გასაცხელებლად. მანამდე ნარჩენილ 500 მლ-ში გავხსნათ ფქვილი. ჩავასხათ გაცხელებულ ბადაგში და მოვადუღოთ. როცა ადუღდება, დავუწიოთ ცეცხლს. როცა ფელამუში (თუ თათარა) ბუშტუკებს გაიკეთებს და კარგად შესქელდება, დავაყაროთ შაქარი. ამის შემდეგ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. გადმოვიღოთ ფორმებზე ან თეფშებზე. თათარა (ფელამუში) მზად არის! თუ ჩურჩხელას ამოვლება გვინდა, წინასწარ ასხმულ ნიგოზს (თხილს ან სხვა შიგთავსს) ცხელ თათარაში, ქვაბშივე ვავლებთ. დასავლურ ჯანჯუხას 2 -ჯერ მაინც ჭირდება ამოვლება, რადგან ფელამუში, როგორც წესი, თათარასთან შედარებით თხელი გამოდის. ამოვლებულ ჩურჩხელებს ჰაერზე ვაშრობთ 10-15 დღის მანძილზე, შემდეგ კი ტილოს ჩანთაში ან მარლაში გახვეულებს ვინახავთ. დღეს ბაზარზე თუ მაღაზიებში ჩურჩხელას უამრავი არჩევანია, თუმცა, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ფალსიფიცირებულია, ანუ ბადაგი, რომლის საფუძველზეც თათარაა დამზადებული, არის არა ყურძნის წვენი, არამედ შაქრისგან მომზადებული, არომატიზირებული სითხე. ამგვარი თათარა, ნატურალურისგან განსხვავებით, არც ისეთი გემრიელია და არც სასარგებლო. ფალსიფიცირებული და ნატურალური ჩურჩხელის გარჩევა საკმაოდ ძნელია. ნატურალური ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ჩურჩხელას წვერი (ანუ თათარა/ფელამუში) ადვილად ტყდება, ფალსიფიცირებულს კი - არა. ნატურალური ჩურჩხელა გამოშრობის შემდეგ ძალიან რბილი არ რჩება. ნატურალური ჩურჩხელა დროთა განმავლობაში თეთრი ნადებით იფარება, რაც გლუკოზის გამოყოფის შედეგია და რომელიც გაცილებით ჰაეროვანია, ვიდრე ფქვილი, რომლითაც ხშირად ხელოვნურად ფარავენ ფალსიფიცირებულ ჩურჩხელებს. ბევრს ჰგონია, რომ გამაგრებული ჩურჩხელა აუცილებლად ფალსიფიცირებულია. ეს დიდი შეცდომაა! ჩურჩხელას სიმაგრე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად იყო ბადაგი დადუღებული. როგორც წესი, კარგი ჩურჩხელის მისაღებად ბადაგი დუღილის დროს უნდა განახევრდეს. ამ შემთხვევაში ჩურჩხელა ნაკლებად გამაგრდება. თუმცა, როგორც წესი, გასაყიდად გამიზნული ჩურჩხელებისთვის ბადაგი განახევრებისთვის ენანებათ ხოლმე და დუღილს აკლებენ, რის გამოც, დროთა განმავლობაში ჩურჩხელა ხმება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ჩურჩხელა ფალსიფიცირებულია! მართალია, ბაზარზე და მაღაზიებში ჩურჩხელას მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ სახლში ამოვლებული სულ სხვაა! არ დაიზაროთ და მოამზადეთ სახლში ეს ჯანსაღი ნუგბარი, განსაკუთრებით ბავშვები თუ გყავთ ოჯახში. ბოლოს და ბოლოს, ჩურჩხელა ხომ მხოლოდ ტკბილეული არაა, ის ჩვენი ტრადიციების, ცივილიზაციის, სულის ნაწილია... ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით! 2. ლობიო - სამკურნალო თვისებები, რომლებზეც ბევრი რამ არ გსმენიათ! 3. 5 შეცდომა, რომელსაც "ოლივიეს" მომზადებისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ! 4. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან (+ვიდეოგაკვეთილი) 5. რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის! 6. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი შოკოლადი უხარისხოსგან - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 7. ულამაზესი 3D ნაძვის ხეები ორცხობილასგან - (რეცეპტები და ინსტრუქციები) 3851 7-ს მოსწონს
|