x
image
გემი დალანდი
როგორ ამოვიცნოთ აგრესორი
image

მათ ალბათ ყველგან შეხვედრიხართ:სამსახურში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საყიდლებზე და საკუთარ სახლშიც კი. თუ პარტნიორად ასეთი ადამიანი გყავთ, სიფრთხილე გმართებთ.თქვენ შენელებული მოქმედების ნაღმთან გაქვთ საქმე, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოქმედდება და ვინ იქნება მსხვერპლი თქვენი აზრით?რათქმაუნდა თქვენ.აგრესორმა შესანიშნავად იცის როგორ გამოძვრეს შექმნილი სიტუაციიდან და ამას ისე მოხერხებულად გააკეთებს, თქვენვე დაგაჯერებთ კონფლიქტის მაპროვოცირებელი და სულისჩამდგმელი რომ სწორედ თქვენ ხართ.ეს მისი ერთერთი თვისებაა-წყლიდან მშრალი ამოვიდეს.

ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ადამიანები კარგად ახერხებენ შენიღბვას, მაგრამ ყოველთვის დგება ის მომენტი, როცა, ასე ვთქვათ “თავს ყიდიან". მათი რეალური სახე სწორედ ამ დროს შეგვიძლია დავინახოთ.აგრესორი შეიძლება ვულკანს შევადაროთ, რომლის ფერდობებზეც მწვანე ბალახი ხასხასებს და ყვავილები იშლებიან, მაგრამ ნუ მოტყუვდებით, ვულკანის წიაღში ხომ ჯოჯოხეთური ცეცხლი ტრიალებს, რომელიც კაცმა არ იცის როდის ამოხეთქავს და ირგვლივ ყველაფერს წალეკავს და გაანადგურებს.

დაგვეთანხმებით, ასეთი უფროსის თუ პარტნიორის ყოლა-ნამდვილად არაა ბედის საჩუქარი.მით უფრო, ძნელია, სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობ, მასში აგრესორი დაინახო. ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები მაინც გასცემენ საკუთარ თავს, მაგრამ როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება, გამოთქმა “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"-უბრალოდ დაივიწყეთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სჯობს ყველაფერი ადრევე გაარკვიოთ, და არა გვიან, ან არასდროს.


რათქმაუნდა, აფეთქების მომენტი ყველა ადამიანს აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მათ აგრესორობა დავწამოთ.განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი, თავისი არსით, ნამდვილად სერიოზულია, მაშინ, როცა აგრესორს შესანიშნავად ეხერხება ბუზის სპილოდ ქცევა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანის გამო ნამდვილ სკანდალს მოაწყობს და რისხვას დაგატეხთ თავზე.


ამ სტატიაში აგრესიის წარმოშობის და აგრესორად ჩამოყალიბების მიზეზებზე არ შევჩერდებით.უბრალოდ, გვინდა შემოგთავაზოთ იმ ნიშან-თვისებათა ჩამონათვალი, რაც ამ ადამიანებისთვის საერთოა და რომელთა დახმარებითაც ადვილად შეძლებთ განსაზღვროთ, არის თუ არა თქვენი ახალი ნაცნობი პოტენციური აგრესორი.


ის თვლის, რომ სრულყოფილია

აგრესორი თავის თავს სხვებზე აღმატებულად თვლის, როგორც მორალის მხრივ, ისე გამოცდილებით, ცოდნით, ინტელექტით. შეეცდება კიდეც, თავისი უპირატესობა გაგრძნობინოთ. მისი მტკიცებით, არასდროს არაფერი შეშლია, პირიქით, ეს მის წინაშე ეშლებათ სხვებს.თუ შეცდომა მაინც დაუშვა, დამნაშავე სხვაა და არა ის.


უყვარს ტყუილები

მის მიერ მოყოლილი ისტორიების უმეტესობა გამოგონილი ან გაზვიადებულია, თან ყველა მათგანში სუპერგმირის როლი აქვს მორგებული. მისთვის აუცილებელია სხვებზე ფოკუსირება და ყურადღების გამახვილება მათ ნაკლზე, რომ თავისი უპირატესობის შეგრძნებით დატკბეს.ის თითქოს სხვების არასრულყოფილებით იკვებება.


უყვარს სხვების განსჯა
მიაჩნია, რომ სიმართლე სხვა ადამიანებზე მხოლოდ მისთვისაა გაცხადებული და უფლება აქვს მათი მსაჯული იყოს. ზოჯერ კი, ეს თვითგამოცხადებული მოსამართლე თვლის, რომ შეუძლია დასჯის მეთოდებს მიმართოს.


მოქმედებს ჯუნგლის კანონით

ის ყოველთვის შემტევ პოზიციაზეა და მოქმედებს პრინციპით-საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. თუ იგრძნო, რომ მის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, მაშინვე თავდასხმაზე გადადის და ბრჭყალებს აჩენს.


მისი სიტყვები წინააღმდეგობაშია მის საქციელთან

აგრესორი მჭევრმეტყველებით გამოირჩევა და შეუძლია მაღალ მატერიებსა და იდეალებზე დაუსრულებელი ლაპარაკით მსმენელს თავბრუ დაახვიოს. მისი ქცევები კი სრულად განსხვავდება იმისგან, რაზეც ასე გატაცებით უყვარს ლაპარაკი.


უყვარს აქტიურობა

შინაგანი სიცარიელის შესავსებად გამუდმებით აქტიურობს, როგორც სამსახურში, ისე თავისუფალ დროს. ვერ იტანს სიწყნარეს და აღიზიანებს, როცა სხვებს დასვენების რეჟიმში ხედავს.


ეზიზღება სისუსტე

მას სურს ძლიერი ჩანდეს.ვერ იტანს გრძნობების გამოხატვას.უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეშინია სუსტად არ ჩათვალონ.მისთვის ეს სირცხვილთან ასოცირდება.


სურს სხვები გააკონტროლოს

მისი სურვილია გარშემომყოფებზე კონტროლი მოიპოვოს.განსაკუთრებით მათზე, ვისთან ერთადაც ცხოვრობს და მუშაობს. ოჯახში ერთპიროვნულ მმართველობას არჩევს, სამსახურში კი დასაყრდენს, მარჯვენა ხელს ეძებს. ძალაუფლების მოპოვებას ხშირად მკაცრი მმართველის ნიღბის მორგებით და შიშის დათესვით ცდილობს.


ითხოვს ყურადღებას

აგრესორი ძალიანაა დამოკიდებული გარშემომყოფების მხრიდან მის მიმართ გამოჩენილ ყურადღებაზე და გამუდმებით ცდილობს მის მოპოვებას, თუნდაც ნეგატიური მოქმედებით.უსაფუძვლო კამათს და შენიშვნებსაც არ ერიდება.


ემოციურად არამდგრადია

მისი რეაქციები ზოგჯერ პატარა ბავშვისას მოგაგონებთ.ეგოისტია, მომთხოვნი და არად დაგიდევთ სხვების აზრს. მისი საქციელი იმპულსურია, არ უფიქრდება შედეგებს.წვრილმანიც კი, შესაძლოა მისი გააფთრების მიზეზი გახდეს.


მოკლებულია ემპათიას

არ შეუძლია სხვების თანაგრძნობა.არ განიცდის, რომ სხვებს აწყენინა და შეურაცხყოფა მიაყენა.შეიძლება გამოგლანძღოთ, მერე კი ისე გამოგელაპარაკოთ თითქოს არაფერი მომხდარა.შეიძლება გისაყვედუროთ კიდეც, რომ ბოღმიანი ადამიანი ხართ და ბრაზს იდებთ გულში.


დაგვეთანხმებით, ცალკე აღებული ეს თვისებები ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ ერთ ადამიანს რამდენიმე ზემოთჩამოთვლილი თვისება გააჩნია, მაშინ ნამდვილად გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა.თავიდანვე დაიჭირეთ დისტანცია აგრესორთან, დაანახეთ თქვენი ძალა, აგრძნობინეთ, რომ მისი არ გეშინიათ და არ მისცემთ თქვენით მანიპულირების საშუალებას.


0
28
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0