საზოგადოება "რუსთაველზე მოკლული გოგონას მკვლელი გიორგი (გიბო) ჯაფარიძე თავისუფალია!"-რას წერს ავარიებზე და დაუსჯელ მკვლელებზე ცოტნე გამსახურდია 2017, 27 იანვარი, 11:22 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია 24 იანვარს, ღამით რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოავარიას ეხმიანება. ამ საშინელი ავარიის შედეგაგ, რომლის დროსაც სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, ტაქსიში მჯდომი ქუთაისელი გოგონა სოფო ბერიძე გარდაიცვალა. "გუშინწინ რუსთაველზე მოკლული გოგონას მკვლელი გიორგი (გიბო) ჯაფარიძე თავისუფალია! მისი ML, მერსედესის მარკის ჯიპი, რომელსაც იგი სავარაუდოდ მთვრალი მართავდა, გადავიდა საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლზე და შეეჯახა თავის გზაზე მიმავალ ტაქსის მანქანას, რომელშიც იჯდა სოფო... ამავე მერსედესში იჯდნენ გიორგი ჯაფარიძის ძმა და სიძე, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ხსენებული ძმები ქართული ოცნების მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები არიან, მისი სახელით მოქმედებენ, "ალაგებენ სიტუაციებს" მესტიაში კრიმინალური მეთოდებით და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად. და უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, ოცნების ხმებსა და მხარდაჭერას რაიონში! იქ მათ სახელს არაერთი სისხლიანი და ძალადობრივი აქტი უკავშირდება. სწორედ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და სოზარ სუბარის დიდის მეცადინეობითა და მცდელობით მკვლელი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს! ამჟამად ისინი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ცდილობენ მოლაპარაკებას... რა აზრი აქვს ლაპარაკს, ცხოვრებას, თუნდაც კანონის გამკაცრებას იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს?! ფაქტობრივად რეანიმირებულ შევარდნაძის ეპოქაში ვართ: კანონის, სასამართლოს, სამართლის, თანასწორობის ელემენტარული განცდის გარეშე დარჩენილი... სადაც მხოლოდ ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებულნი მიიჩნევიან ადამიანებად! "საოცნებო საქართველო"..."-წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში. "ამ ავარიებზე და დაუსჯელ მკვლელებზე, ქვეყნის, ხალხის ძარცვაზე და ყვლეფაზე, კორუფციულ გარიგებებზე, უზომო პრემია-დანამატებზე, ხელისუფლებისა და ეკლესიის თავაშვებულობაზე და განუკითხაობაზე - მუდამ ეს სიტყვები მახსენდება, არ ამომდის თავიდან: "ზ. გამსახურდია: პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას. საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია." ქართველმა ხალხმა ზუსტად ისეთი ქვეყანა შექმნა, როგორიც უნდოდა და როგორიც იცოდა! და მასში ამ სიტყვების მთქმელის ადგილი არ იყო! ალბათ ამიტომაც არ იძიებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობას უკვე მესამე ხელისუფლება... და ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება ლოგიკური დასასრული - გადაშენება! უბრალოდ ძნელია ყურება, როცა სინდისი შეგრჩენია და ამ ყველაფრის ნაწილი ხარ..." 576 4-ს მოსწონს
|